Facebook Twitter

საქმე №ას-1546-2024

26 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ი–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.ი–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დამზღვევი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მზღვეველი“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება - 9 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 757.71 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. №EG/AUTO/RETAIL/19-V4 „ავტოტრანსპორტის და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობების“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) შესაბამისად, 2021 წლის 22 თებერვალს მზღვეველის მიერ დამზღვევის სახელზე გაიცა №100068320 ავტოტრანსპორტის სადაზღვევო პოლისი;

6.2. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 22.02.2021 წლის 24:00 საათიდან - 22.02.2022 წლის 24:00 საათამდე. სადაზღვევო პრემიის ოდენობა კი - 380 აშშ დოლარით;

6.3. ხელშეკრულების მე-2 სექციის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დაზღვეულ რისკებსა და სადაზღვევო შემთხვევის დაფარვის საკითხს. აღნიშნული პუნქტის 2.1. ქვეპუნქტის თანახმად, დაფარვას ექვემდებარება „მატერიალური ზარალი, რომელიც მოჰყვა ავტოტრანსპორტის დაკარგვას, დაზიანებას ან მთლიან განადგურებას, რომელიც გამოწვეულია პოლისში მითითებული დაზღვეული რისკებით. პოლისში მითითებული რისკების ჩამონათვალი არ შეიძლება იყოს უფრო ფართო, ვიდრე მოცემულია 2.2. პუნქტში.“ ხოლო ამავე პუნქტის 2.2. ქვეპუნქტის თანახმად, „თუ შესაბამისი სადაზღვევო პოლისით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, წინამდებარე პირობების საფუძველზე, დაზღვეული რისკებია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; ქურდობა/ძარცვა/ყაჩაღობა; ხანძარი/აფეთქება; ვანდალიზმი, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; საგნების ვარდნა; წინა და უკანა საქარე მინების, ასევე, გვერდითი მინების ან სხვა მსხვრევადი ნაწილების (მაშუქი (ფარი), დამატებითი მაშუქი და სხვა) ასხლეტილი ქვით ან კენჭით დაზიანება; სტიქიური უბედურებები მიწისძვრის და სეტყვის ჩათვლით; ავტოტრანსპორტის გარე აქსესუარების დაკარგვა ვანდალიზმის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის ან მათი მცდელობის შედეგად“;

6.4. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, ავტოტრანსპორტის სრული დაზიანების (განადგურების) შემთხვევაში: დამზღვევი მიიღებს სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას, მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო თანხისა, უკვე გაცემული ანაზღაურებ(ებ)ის, დარჩენილ სადაზღვევო პერიოდზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიისა (მათ შორის გამოუმუშავებელი) და ფრანშიზის გამოკლებით; ან მზღვეველი საკუთარი შეხედულებისამებრ, დამზღვევის სასარგებლოდ შეიძენს ანალოგიური მარკის, მოდელისა და სხვა მახასიათებლების ავტოტრანსპორტს სადაზღვევო თანხის ფარგლებში, უკვე გაცემული ანაზღაურებ(ებ)ის, დარჩენილ სადაზღვევო პერიოდზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიისა (მათ შორის გამოუმუშავებელი) და ფრანშიზის გამოკლებით;

6.5. ხელშეკრულების 3.8. პუნქტის თანახმად, სრული ზარალის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისას საკუთრების უფლება დაზიანებულ ავტოტრანსპორტზე, ხოლო ნაწილობრივი დაზიანებისას/ ზარალისას ავტოტრანსპორტის ცალკეულ ნაწილებზე, გადაეცემა მზღვეველს. შესაბამისად, დამზღვევი ვალდებულია ხელი მოაწეროს ყველა იმ დოკუმენტს და შეასრულოს ყველა მოქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და აუცილებელია აღნიშნული მიზნისათვის. ამასთან, თუკი ავტოტრანსპორტი არ წარმოადგენს დამზღვევის საკუთრებას, დამზღვევი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია უზრუნველყოს წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული მოქმედებების უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელება. ხსენებული უფლების რეალიზაცია მზღვეველის მიერ შეიძლება განხორციელდეს ავტოტრანსპორტზე/ მის ცალკეულ ნაწილებზე საკუთრების უფლების მზღვეველზე გადასვლით ან დამზღვევის მიერ ავტოტრანსპორტის/ მისი ცალკეული ნაწილების რეალიზაციის შემთხვევაში, ფულადი ფორმით, თანხის მიღების გზით. ამასთან, ავტოტრანსპორტის/ მისი ცალკეული ნაწილის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს დამზღვევი წინასწარ ათანხმებს მზღვეველთან;

6.6. ხელშეკრულების მე-2 სექციის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს გამონაკლისებს, რომელთა შორისაც, 5.2. ქვეპუნქტის მიხედვით არის „მექანიზმებისა და ელექტრომოწყობილებების გაფუჭებით, მწყობრიდან გამოსვლით, გატეხვით გამოწვეული ხარჯები“;

6.7. ხელშეკრულების მე-5 სექციის მე-7 პუნქტის 7.2. ქვეპუნქტის თანახმად, „ავტომობილის ძარის დაზღვევისას დამზღვევი, ასევე, ვალდებულია: მიიღოს ყველა შესაძლებელი და მიზანშეწონილი ზომა ავტოტრანსპორტის გადარჩენის, შემდგომი დანაკარგის ან ზიანის თავიდან ასაცილებლად და/ან შესამცირებლად;

6.8. ხელშეკრულების მე-5 სექციის მე-9 პუნქტის 9.2. ქვეპუნქტის თანახმად, „მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა შემდეგ შემთხვევებს: დამზღვევმა არ შეასრულა მასზე ამ სადაზღვევო პირობებით დაკისრებული ვალდებულებები“ ;

6.9. 2021 წლის 7 მარტს დამზღვევის საკუთრებაში რიცხულ დაზღვეულ ავტომობილს („LEXUS RX4OOH“, სახელმწიფო ნომრით ......) (შემდგომში - „დაზღვეული ავტომობილი“) ქ. ქუთაისში, ......., ღამის საათებში გაუჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც იგი განადგურდა;

6.10. დამზღვევის საკუთრებაში რიცხულ დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი ჰქონდა 2020 წლის 20 აგვისტოს;

6.11. მზღვეველმა უარი განუცხადა დამზღვევს დაზღვეული ავტომობილის ხანძრის შედეგად განადგურების გამო დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე;

6.12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 მაისის სახანძრო - ტექნიკური ექსპერტიზის №5003029021 დასკვნით კითხვაზე - „რამ გამოიწვია ავტომანქანაში ხანძარი და სად წარმოიშვა ხანძრის კერა“, ექსპერტის პასუხი/ დასკვნა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: (1) შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, ჩატარებული გამოკვლევების შედეგების ანალიზის და ავტომობილის ძარის იატაკის წინა ნაწილში ხანძრის კერის ზონის ადგილმდებარეობის გათვალისწინების საფუძველზე დადგინდა, რომ „LEXUS RX400” მარკის სახ. №........ მსუბუქ ავტომობილში, ხანძრის წარმოქმნის ტექნიკური მიზეზია გამონაბოლქვი აირის კატალიზატორის გადახურება და თერმული ზემოქმედების შედეგად, მის ირგვლივ არსებული წვადი მასალების აალება. (2) შემთხვევის ადგილის გამოკვლევით, ხანძრის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით და ხანძრის ინტენსიური თერმული ზემოქმედების ლოკალური ნიშნების (კვლევის) გაანალიზების შედეგებიდან გამომდინარე, ხანძრის გაჩენის კერა ანუ არაკონტროლირებადი წვის პირველადი წარმოშობის ადგილი დაფიქსირდა ავტომობილის ძარის იატაკის წინა ნაწილში, გამონაბოლქვი აირის კატალიზატორის განთავსების ზონაში. (3) ხანძრის გაჩენა ავტომობილში ცეცხლის განზრახ წაკიდებით, ელექტროტექნიკური და აალების მცირეკალორიული ცეცხლის წყაროს მიზეზების გამო მოცემულ შემთხვევაში, გამორიცხულია;

6.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 19 მარტის დასკვნაში კითხვაზე/ მოთხოვნაზე - დადგენილიყო ხანძრის გაჩენის კერა და მისი გამომწვევი მიზეზი, ექსპერტმა უპასუხა, რომ „2021 წლის 7 მარტს ქ. ქუთაისში ......., გ.ი–ძის კუთვნილი ა/მ LEXUS RX400H, სახ. ნომრით ....... ხანძრის ფაქტზე: ავტომობილზე გამოხატული თანაბარი თერმული დატვირთვა, რის გამოც გამქრალია დემარკირების კონტურები, ცეცხლის გავრცელების საორიენტაციო ნიშნები, გეომეტრიული კონტურები, აძნელებს ხანძრის კერის და მისი გამომწვევი მიზეზის დადგენას“;

6.14. შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ის“ ტექნიკური ექსპერტიზის №09/08 დასკვნით (ექსპერტიზა დაიწყო 28.07.2023 წელს და დამთავრდა - 18.09.2023 წელს) ექსპერტიზის წინაშე დაისვა კითხვა: რამდენად იყო შესაძლებელი დაზღვეულ ავტომობილს ცეცხლი გასჩენოდა კატალიზატორის გადახურების შედეგად. ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული კვლევით დადგინდა: დაზღვეული ავტომობილის კატალიზატორის გადახურების შედეგად ცეცხლის გაჩენა შეუძლებელი იყო.

7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომლის თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 მაისის დასკვნის საფუძველზე, ვინაიდან ხანძარი დაზღვეულ ავტომობილს გაუჩნდა მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის (კატალიზატორის გადახურების) გამო, სადაზღვევო ხელშეკრულების მე-2 სექციის მე-5 პუნქტის 5.2. ქვეპუნქტის ჩანაწერის საფუძველზე, აღნიშნული გამორიცხავს შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის შესაძლებლობას, რაც თვის მხრივ, გამორიცხავს მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულების არსებობას.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დაზღვეული ავტომობილი დაიწვა მისი მექანიზმის - კატალიზატორის, მწყობრიდან გამოსვლის გამო, არ დასტურდება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით, გამოირიცხება ის გარემოება, რომ დაზღვეული ავტომობილი დაიწვა კატალიზატორის გადახურების შედეგად.

9. სააპელაციო სასამართლომ ხანძრის წარმოქმნისა და ცეცხლის კერის წარმოშობის დადგენის კუთხით, არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 მაისის დასკვნა, რამდენადაც ეს უკანასკნელი შედგენილია შემთხვევის დეტალური აღწერის/ გარემოებების ინდივიდუალური გამოკვლევის/ შესწავლისა და კონკრეტული ავტომანქანის სპეციფიკის/ მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე. კვლევის ჩატარებისას ექსპერტის მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა ის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომ დაზღვეული ავტომობილი იყო ჰიბრიდული, ასევე არ ყოფილა გათვალისწინებული მეტეოროლოგიური პირობები, როდესაც მოხდა ეს შემთხვევა და ის ფაქტი, რომ დაზღვეულ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა გაჩერებულ მდგომარეობაში, კერძოდ, დაპარკინგებიდან რამდენიმე საათის (დაახლოებით 5-6 საათის) შემდეგ.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ზემოაღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ის“ დასკვნაზე, რომელიც სააპელაციო პალატის შეხედულებით, კომპლექსურია, გარემოებების განვითარების ჯაჭვს აღწერს და შესაბამისად, ასკვნის, რომ ავტომობილის კატალიზატორის გადახურების შედეგად ცეცხლის გაჩენა შეუძლებელი იყო.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტმა მოიძია იდენტური ა/მ LEXUS RX4OOH მოდელის მანქანა სახელმწიფო ნომრით ...... და მოკვლეულ იქნა კატალიზატორების განლაგების ადგილები. მეორე კატალიზატორი განლაგებულია ა/მ იატაკიდან დაშორებით და გააჩნია სითბური გამოსხივების ალუმინის ამრეკლი, ხოლო ანტიკოროზიული დაფარვა დატანილია კატალიზატორის განლაგებიდან უსაფრთხო მანძილზე, რაც გამორიცხავს აღნიშნული დაფარვის ფენის აალებას. აგრეთვე აღნიშნული კატალიზატორი მდებარეობს პირველი კატალიზატორის შემდგომ და დაბალი ხარისხის საწვავის პირობებში, დაუმწვარი საწვავის კატალიზაციის პროცესი ვითარდება პირველ კატალიზატორში და ტემპერატურის მატება განვითარდებოდა პირველ კატალიზატორში (აღნიშნული გამოიწვევდა კატალიზატორის გაბიდვნას), ხოლო მეორე კატალიზატორში დაიწვებოდა ნარჩენი მავნე აირების კომპონენტები, რომლებიც არ ხასიათდება მაღალი ტემპერატურის გამოყოფით. გ.ი–ძის სიტყვიერი განმარტებით, 2021 წლის 6 მარტს ა/მ LEXUS RX4OOH სახელმწიფო ნომრით ....... მოძრაობდა ქალაქის რეჟიმში (ქ. ქუთაისი), ჯამში 12-15 კმ. 5-6 შუქნიშნის გავლით. ვინაიდან ავტომობილი ჰიბრიდულია და ბენზინის ძრავი ირთვება 50-60 კმ/სთ სწორ გზაზე სიჩქარის განვითარების შემდგომ, შესაბამისად, კატალიზატორებზე თერმული დატვირთვა შემცირებულია, მოძრაობის დროს მეორე კატალიზატორი ნიავდება, მითუმეტეს, რომ 2021 წლის 6 მარტს იყო წვიმიანი, გრილი ამინდი (იხ. მეტეოროლოგიური ცნობა). 20:15-საათზე პარკირებული მანქანა აალდა 6 საათის გავლის შემდგომ 02:25 სთ-ზე. აღნიშნული დროის პერიოდში გარემო ტემპერატურა დავარდა საშუალოდ 160 C - დან 9,70 C -მდე, უბერავდა მაღალი ტენიანობის ცვალებადი სიჩქარის ქარი. ავტომანქანის ტექნიკური კოლაფსის მოხდენის შემთხვევაშიც კი (კატალიზატორის გადახურება) არსებული ამინდის პირობებში, კატალიზატორი გაგრილდებოდა 0,5 საათში. ხოლო კატალიზატორის ირგვლივ არსებული წვადი მასალების აალება შეუძლებელი იქნებოდა.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დაზღვეულ ავტომობილის კატალიზატორის გადახურების შედეგად ცეცხლის გაჩენა შეუძლებელი იყო, სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ აქვს, რამდენადაც სახეზე არ არის ხელშეკრულების მე-2 სექციის მე-5 პუნქტის 5.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო მოცემულობა.

13. სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზღვეულ ავტომობილს გავლილი ჰქონდა ტექინსპექტირება 2020 წლის 20 აგვისტოს, შესაბამისად, მისი მესაკუთრე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულებისაგან განთავისუფლებული იყო მომდევნო 1 წლის განმავლობაში (2021 წლის 20 აგვისტომდე). სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშით დადასტურებულია, რომ დაზღვეული ავტომობილი გამართული იყო და ის ასეთად მიიჩნეოდა მინიმუმ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, არ არსებობს დამზღვევის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი და იმგვარი დასკვნის გამოტანის წინაპირობა, რომ მას შეეძლო აღნიშნული ზიანის თავიდან აცილება და საამისოდ არაფერი მოიმოქმედა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ იმ ფაქტობრივი გარემოების დაუდასტურებლობის გამო, რომელსაც ამყარებს სარჩელის უარყოფის შესახებ თავის პოზიციას, არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

14. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იმგვარ სპეციფიკურ ხელშეკრულებაში, როგორიც სადაზღვევო ხელშეკრულებაა, სადაც ხელშეკრულების საგანს გარკვეული რისკის დაზღვევა წარმოადგენს, აუცილებელია საგამონაკლისო პირობები გარკვევით, ამომწურავად და სტრუქტურირებულად იყოს აღწერილი.

15. სააპელაციო პალატის მითითებით, თუკი მოცემულ შემთხვევაში მზღვეველი მიზნად ისახავდა კონკრეტული მიზეზებით ხანძრის, მათ შორის, მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლით გამოწვეული ხანძრის შედეგად დაზღვეული ობიექტის განადგურებით დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გამორიცხვას, მისი ნება ცალსახად უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული ხელშეკრულებაში, კერძოდ, ან დაზღვეულ რისკებში უნდა იყოს დაკონკრეტებული რა მიზეზით გამოწვეული ხანძარი ექვემდებარება ანაზღაურებას, ან საგამონაკლისო ნორმებში - რა მიზეზით გამოწვეული ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანი არ ექვემდებარება ანაზღაურებას. სხვა შემთხვევაში, იმ პირობების მიხედვით, რაც წინამდებარე დავის მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში არის გაწერილი, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზისა (რა თქმა უნდა, თუ სხვა საგამონაკლისო ნორმის გამოყენების საფუძველი არ არსებობს). საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანით კი ადგილი ექნება სადავო საგამონაკლისო ნორმის ფართო განმარტებას, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ სხვაგვარად მივიღებთ ისეთ რეალობას, რომელშიც დამზღვევი გასწევს არც თუ ისე უმნიშვნელო ოდენობის ხარჯს იმ მომსახურებისთვის, რომლის მიღების პერსპექტივაც, ხელშეკრულების პირობების ამგვარი ფორმულირებით, სადაზღვევო კომპანიას შეფარვით აქვს თავიდანვე გამორიცხული.

16. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმად, თუკი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-2 სექციის მე-5 პუნქტის 5.2. ქვეპუნქტის ჩანაწერი ასე კონკრეტულად არ განიმარტება, მისი შინაარსი იმდენად ფართო იქნება, რომ საერთოდ აზრი დაეკარგება ასეთი სადაზღვევო ხელშეკრულების დადებას. სატრანსპორტო საშუალება მესაკუთრეს (ან მფლობელს) სწორედაც რომ საექსპლუატაციოდ სჭირდებოდა. სატრანსპორტო საშუალება არ არის დეკორატიული დანიშნულების ნივთი, რომლის ფუნქციაც კონკრეტულ ადგილზე მისი განთავსებით შემოიფარგლება. იგი გადაადგილების საშუალებაა, მისი ექსპლუატაცია კი აქტიური და თითქმის ყოველდღიური პროცესია. თავის მხრივ, სატრანსპორტო საშუალება თავად არის მექანიზმებისა და ელექტრომოწყობილობების ერთობლიობა, რომელთა მოქმედების შედეგადაც ხდება მისი გამოყენება და გადაადგილება შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ იგი პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, სატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული (იხ. სუსგ №ას-494-463- 2010; №ას-1657-1554-2012, 10 ოქტომბერი, 2013 წელი). ეს კი განპირობებულია მათ შორის იმითაც, რომ მისი გამართულობა, უსაფრთხო მოხმარება მარტოოდენ ადამიანის ქმედებაზე (მართვაზე, მოვლაზე) დამოკიდებული არ არის და გარდა ცვეთისა, ხშირად იჩენს თავს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომლის თავიდან აცილებაც მის მესაკუთრეს/ მფლობელს არ შეუძლია. თანაც, სატრანსპორტო საშუალების ჩვეულებრივ რეჟიმში მოვლა-პატრონობაც კი საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხარჯებისთვის მისი მესაკუთრე/ მფლობელი წინასწარ არის მეტ-ნაკლებად შემზადებული, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დაუყოვნებლივ აღმოფხვრა კი კიდევ უფრო მეტი ტვირთია თითოეული მათგანისთვის. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რატომაც აქვთ სატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე პირებს მისი დაზღვევის ინტერესი და სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის სურვილი. მაშინ კი, თუ სადაზღვევო კომპანია სრულიად გამორიცხავს იმ შედეგებს, რაც მექანიზმის/ელექტრომოწყობილობის დაზიანების, მწყობრიდან გამოსვლის, გატეხვის შედეგად დადგა, შეუძლებელია დამზღვევს რაიმე ღირებული ინტერესი შერჩეს ასეთი ურთიერთობის მიმართ, რადგან ავტომობილის მოხმარება მუდმივად არის დაკავშირებული მექანიზმის/ ელექტრომოწყობილობების აქტიურ მუშაობასთან, შესაბამისად, მათ ხშირ პრობლემებთან. ამდენად, თუკი მზღვეველი ამ პრობლემას ასევე რომელიმე რისკის რეალიზებას უკავშირებს და ხანძრის რისკით კი აზღვევს, ვთქვათ, მხოლოდ გარეგანი ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი ხანძრით გამოწვეულ ზიანს, ეს დამზღვევისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რათა თავად განსაზღვროს სურს თუ არა ასეთი სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობა.

17. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა კეთილსინდისიერების პრინციპზე და დაასკვნა, რომ მზღვეველს ერთმნიშვნელოვნად წარმოშობილი აქვს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება.

18. მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების სათანადო წესით რეალიზება. შესაბამისად, 2021 წლის 7 მარტის ხანძარი, რომლის შედეგადაც დაზღვეული ავტომობილი სრულად განადგურდა, წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას, რომლის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებაც ეკისრება მზღვეველს. ამასთან, პროცედურა არ შეიცავს დაზღვევის ხელშეკრულების მე-2 სექციის მე-5 პუნქტის 5.2 ჩანაწერით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული/დაკისრებული ზიანის ოდენობა სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია. სადავო საკითხს სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, წარმოადგენდა „ხანძრის“ სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაცია, რაც სააპელაციო პალატის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ იქნა შეფასებული.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითა პრეტენზიებს:

20.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის თაობაზე დაუსაბუთებელია, რამდენადაც იგივე პოლისში, გარდა „ხანძარი/აფეთქება“ რისკისა, ჩამოთვლილია სხვა დაფარული რისკებიც, მაგ: საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, ვანდალიზმი, ქურდობა/ძარცვა/ყაჩაღობა და სხვა. თუკი სასამართლოს მიერ შემოთავაზებულ ლოგიკას მივყვებით, ამ რისკებთან მიმართებაშიც, მზღვეველსა და დამზღვევს შორის პოლისის საფუძველზე გაფორმებულ, დაზღვევის ხელშეკრულებაში მითითებული მთელი რიგი პირობები (მათ შორის გამონაკლისები, სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად საჭირო, დამზღვევის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები) ფორმალურ ხასიათს იძენს და ვიღებთ ისეთ რეალობას, როდესაც სადაზღვევო ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს მხოლოდ და მხოლოდ სადაზღვევო პოლისში მითითებული, დაფარული რისკების ხდომილების საფუძველზე, ე.ი შეუზღუდავი შემთხვევების/ რისკების დადგომით, ისე, რომ არ მოხდეს გარემოებების დადგენა და მისი მისადაგება სახელშეკრულებო პირობებთან;

20.2. გადაწყვეტილების მიმართ არამხოლოდ კომპანიას, როგორც მზღვეველს აქვს მაღალი ინტერესი, არამედ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მოლოდინშია მისი უცხოელი აქციონერი და გადამზღვეველი კომპანიები, რომლებისთვისაც ცნობილია შემთხვევის დეტალები, მათ შორის, სასამართლოს განმარტება, რომ „ხანძარი“ როგორც რისკი დაზღვეულად მიიჩნია ყოველგვარი სხვა დათქმების/ პირობების და საგამონაკლისო პუნქტების გარეშე. დაზღვევის ხელშეკრულების (პოლისის) პირობების განმარტება წარმოადგენს სრულიად სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან პირობას, რაც სასამართლოს მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღწევა და რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის დარღვეული. სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა მხარეთა ნების განმარტების აუცილებლობა, თუმცა ამ პროცესში სრულად იქნა იგნორირებული არამხოლოდ მოპასუხის პოზიცია ან/და სახელშეკრულებო ნორმები, არამედ როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ სადაზღვევო ინდუსტრიაში დამკვიდრებული, წესი, რომლის თანახმადაც, პოლისში მიეთითება სადაზღვევო ხელშეკრულების მხოლოდ სავალდებულო პარამეტრები (სამოქალაქო კოდექსი 802-ე მუხლი), ხოლო მისი შემავსებელი ნაწილი (გამონაკლისები, ანაზღაურების პროცედურა, მხარეთა უფლება-მოვალეობები და სხვა) - დაზღვევის შესაბამის ხელშეკრულებაში/პირობებში;

20.3. მხარეთა შორის სადაზღვევო ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა დოკუმენტი გაფორმებულია წერილობით და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. ამასთან, სადაზღვევო ურთიერთობა/ ხელშეკრულება წარმოადგენს იმგვარ გარიგებას, რომელიც იშვიათი გამონაკლისების გარდა, ადგენს ისეთ შემთხვევებს, რომლებიც შემუშავდა და სადაზღვევო ბრუნვაში დაინერგა როგორც საზღვარგარეთის, ისე საქართველოში სადაზღვევო პრაქტიკის შესწავლა-ანალიზის შედეგად, როდესაც მზღვეველი უპირობოდ არ არის პასუხისმგებელი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე. ასეთი დადგენილი წესებია დაზღვევის ყველა სახეობაში გამოყენებული გამონაკლისი შემთხვევები, დამზღვევის/დაზღვეული/მოსარგებლის მონაწილეობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაში და მის გამომწვევ მიზეზებში, ფრანშიზის ინსტიტუტი, მოსარგებლის, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრა, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა დაზიანებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნაწილებზე საკუთრების უფლების მზღვეველზე გადასვლის პირობით და სხვა;

20.4. მიღებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული საკმარისად, იგი არის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არასრულყოფილად გამოკვლევის, ასევე, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების პირობების უგულებელყოფის, არასწორად განმარტების შედეგი. განსახილველ საქმეზე, წარდგენილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ცალსახაა, რომ ზიანი გამოიწვია ავტომობილის ტექნიკურმა გაუმართაობამ, ასევე ცალსახაა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს ხელშეკრულებით/ პოლისით განსაზღვრულ რისკს, რამდენადაც „ხანძარი“ როგორც რისკი სახეზე არ არის, თუ იგი გამოწვეულია გამონაკლისებში მითითებული რომელიმე გარემოებიდან. მაშინ როდესაც ხსენებული დასკვნა კატეგორიული დასკვნის ფორმატში ადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზს, გაუგებარია თუ რას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, როდესაც განაცხადა, რომ ფაქტობრივი გარემოება, რომ ავტომობილი დაიწვა ტექნიკური მექანიზმის - კატალიზატორის მწყობრიდან გამოსვლის გამო, არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით;

20.5. ნებისმიერი სადაზღვევო რისკის დადგომისას/რეალიზების დროს, მნიშვნელოვანია ეს რისკი შეფასდეს მხარეთა შორის შეთანხმებული სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის გამომრიცხველ საგამონაკლისო დათქმებთან ერთობლიობაში. გამონაკლისი ვერ იქნება ვერც ხანძრის, როგორც ერთ-ერთი სადაზღვევო რისკის შეფასება, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია შეფასდეს და დადგინდეს, თუ რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი და თუ ამგვარი მიზეზი გამოწვეულია ანაზღაურების გამომრიცხავი საგამონაკლისო დათქმებით, იგი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და მზღვეველი განთავისუფლდეს ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან. განსახილველ საქმეში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 სექციის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა შორისაც 5.2 ქვეპუნქტის მიხედვით არის მექანიზმების და ელექტრომოწყობილობების გაფუჭებით, მწყობრიდან გამოსვლით, გატეხვით გამოწვეული ხარჯები, შესაბამისად, ვინაიდან საექსპერტო დასკვნით ცალსახად განსაზღვრულია, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყო სწორედ მანქანის მექანიზმის (კატალიზატორის) გაუმართაობა, ამ საგამონაკლისო შემთხვევის რეალიზებით დამდგარი ზიანი არ უნდა დაექვემდებაროს ანაზღაურებას მზღვეველის მიერ;

20.6. სააპელაციო სასამართლომ პრაქტიკულად უაპელაციოდ გაიზიარა ცენტრ „ვ–ის“ დასკვნა, მაშინ როდესაც აღნიშნულ დასკვნასთან მიმართებით არსებობდა არაერთი კითხვა: მაგალითად, საინტერესო და საყურადღებო გარემოებაა ის, რომ ექსპერტებს არ მოუხდენიათ დაზიანებულ ავტომანქანაზე მუშაობა, მათ არც უნახავთ დაზიანებული ავტომობილი და დაეყრდნენ მხოლოდ დოკუმენტურ მასალებს და თავად დამკვეთის სიტყვიერ განმარტებებს, მაშინ როდესაც სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების ექსპერტებმა იმუშავეს უშუალოდ საკვლევ ობიექტზე, განახორციელეს ვიზუალური დაკვირვება, იკვლიეს ასევე სადენები, რაც ამოღებული იყო ავტომანქანის წინა ნაწილიდან ხანძრის გაჩენის კერიდან). საინტერესოა ისიც, რომ ავტომანქანის გადაადგილების დეტალებთან დაკავშირებით ვ–ის ექსპერტები ეყრდნობოდნენ მათი დამკვეთის სიტყვიერ განმარტებებს და გადაადგილების დეტალებს დაუკავშირეს განმარტება მასზედ, რომ კატალიზატორზე შემცირებული იქნებოდა თერმული დატვირთვა, თუმცა მანქანის გადაადგილების თაობაზე ინფორმაციის უტყუარობა სხვა არაფრით არ არის დადგენილი გარდა თავად დაინტერესებული პირის მოსარჩელის განმარტებებისა. საინტერესოა ისიც, რომ ვ–ის მიერ მომზადებულ დოკუმენტს არ უსაუბრია ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე, იგი თავისი შინაარსით უფრო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიტიკას ახდენდა, შესაბამისად მას არ დაუდგენია ხანძრის გამომწვევი რაიმე განსხვავებული მიზეზი და არც დაუდგენლობის შეუძლებლობაზე უთქვამს რაიმე, აქედან გამომდინარე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საქმეში არსებული ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელმაც დაადგინა ხანძრის გამომწვევი უშუალო მიზეზი კატეგორიული დასკვნის გაცემის გზით.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

26. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სახეზე არის თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას.

27. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, არასწორად განმარტეს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები და უსაფუძვლოდ მიიჩნიეს საგამონაკლისო მიზეზით გამოწვეული ავტომობილის დაზიანება სადაზღვევო შემთხვევად.

28. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით (799-858) კანონმდებელი დამზღვევსა და მზღვეველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-ე-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი 2012 წელი).

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (იხ. სუსგ-ები: №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016 წელი).

31. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (იხ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ. 85).

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი). შესაბამისად, მნიშვნელოვანია თავად სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებების შინაარსი (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).

33. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი 2017 წელი).

34. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ საქმე №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი).

35. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით დაზღვეული რისკებია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; ქურდობა/ძარცვა/ყაჩაღობა; ხანძარი/აფეთქება; ვანდალიზმი, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; საგნების ვარდნა; წინა და უკანა საქარე მინების, ასევე, გვერდითი მინების ან სხვა მსხვრევადი ნაწილების (მაშუქი (ფარი), დამატებითი მაშუქი და სხვა) ასხლეტილი ქვით ან კენჭით დაზიანება; სტიქიური უბედურებები მიწისძვრის და სეტყვის ჩათვლით; ავტოტრანსპორტის გარე აქსესუარების დაკარგვა ვანდალიზმის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის ან მათი მცდელობის შედეგად. ამავე ხელშეკრულების მე-2 სექციის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს გამონაკლისებს, რომელთა შორისაც, 5.2. ქვეპუნქტის მიხედვით არის „მექანიზმებისა და ელექტრომოწყობილებების გაფუჭებით, მწყობრიდან გამოსვლით, გატეხვით გამოწვეული ხარჯები“.

36. წინამდებარე დავის ფარგლებში, მზღვეველი ზიანის ანაზღაურებაზე უარს სწორედ საგამონაკლისო შემთხვევაზე მითითებით ამბობს.

37. საკასაციო საჩივრის ავტორის ძრითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლოში წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 მაისის სახანძრო - ტექნიკური ექსპერტიზის №5003029021 დასკვნით დადგინდა, რომ ხანძრის წარმოქმნის ტექნიკური მიზეზია გამონაბოლქვი აირის კატალიზატორის გადახურება და თერმული ზემოქმედების შედეგად, მის ირგვლივ არსებული წვადი მასალების აალება. რასაც მზღვეველი თავის მხრივ, ხელშეკრულების მე-2 სექციის მე-5 პუნქტი 5.2. ქვეპუნქტის მიხედვით საგამონაკლისო შემთხვევაში აქცევს.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე მოსამართლის შინაგანი რწმენა. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და უკავშირდებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102. 3 მუხლი)(იხ. სუსგ საქმე Nას-438-2024, 22 ივლისი, 2024)

39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას კვლევაში. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (იხ. დამატებით: ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122. რედ: ზ.ძლიერიშვილი, ნ.კვანტალიანი).

40. განსახილველ საქმეში, როგორც მოსარჩელეს, ასევე, მოპასუხეს წარმოდგენილი აქვთ ექსპერტიზის დასკვნები, კერძოდ, კასატორის მიერ მითითებულ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 მაისის სახანძრო - ტექნიკური ექსპერტიზის №5003029021 დასკვნის საპირისპიროდ, შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ–ის“ ტექნიკური ექსპერტიზის №09/08 დასკვნით დაზღვეული ავტომობილის კატალიზატორის გადახურების შედეგად ცეცხლის გაჩენა შეუძლებელი იყო. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 19 მარტის დასკვნაში კითხვაზე/ მოთხოვნაზე - დადგენილიყო ხანძრის გაჩენის კერა და მისი გამომწვევი მიზეზი, ექსპერტმა უპასუხა, რომ „2021 წლის 7 მარტს ქ. ქუთაისში ......., გ.ი–ძის კუთვნილი ა/მ LEXUS RX400H, სახ. ნომრით ........ ხანძრის ფაქტზე: ავტომობილზე გამოხატული თანაბარი თერმული დატვირთვა, რის გამოც გამქრალია დემარკირების კონტურები, ცეცხლის გავრცელების საორიენტაციო ნიშნები, გეომეტრიული კონტურები, აძნელებს ხანძრის კერის და მისი გამომწვევი მიზეზის დადგენას.

41. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დგინდება ხანძრის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანი არ არის გამოწვეული მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საგამონაკლისო შემთხვევით. ამასთან, კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

43. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე Nას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

44. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 18 დეკემბერს №6583502 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 231.19 ლარის 70% – 861. 83 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე