საქმე №ას-1397-2024
19 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–სი “ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „გ–“-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „შემსყიდველი“, „მერია“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით უკანონოდ დაკავებული თანხის - 32 856,93 ლარის გადახდა, ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6,57 ლარის ოდენობით, 2021 წლის 25 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დაკავებული პირგასამტეხლოს - 23 289,98 ლარის ანაზღაურება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მხარეთა შორის 2019 წლის 08 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/304 ხელშეკრულება ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის და ევროპის ქუჩის შუა ზოლში არსებული გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოების მიწოდების შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 3 194 940,04 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 08 აგვისტოდან 2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით თავდაპირველად სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 110 კალენდარული დღით (ექსპერტიზის ვადის ჩათვლით);
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 02 წელი (გარდა დენდროლოგიურისა);
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით;
ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან უნდა დაკავებულიყო 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა მოხდებოდა შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდგომ;
ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 4.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა;
ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამასთან, შესრულებული სამუშაოების (ან მისი ნაწილის) დასრულების თარიღად ჩაითვლება ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის თარიღი;
ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებიდან 7.2 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშსწორებამდე მიმწოდებლის მიერ არ იქნა წარდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაუქვითოს მიმწოდებელს, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხება დარჩენილი თანხა;
ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, გამოიყენება საჯარიმო სანქციები;
ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა სამუშაოების დაწყების ვადის და მიწოდების საბოლოო ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით;
ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, ინსპექტირებისას სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის არაჯეროვანი შესრულების დაფიქსირების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით;
ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით;
ხელშეკრულების 9.8 პუნქტის თანახმად, საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას ამ ხელშეკრულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში;
ხელშეკრულების 9.9 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჩასარიცხი თანხის 0,02%-ის ოდენობით;
ხელშეკრულების 11.1 პუნქტის მიხედვით, ფორსმაჟორი განმარტებულია, როგორც სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება;
ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას;
ხელშეკრულების 11.3 პუნქტის თანახმად, ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორსმაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან;
ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით;
ხელშეკრულების 17.3 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ;
პრინციპალის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს „თ.ბ–მა“ 2019 წლის 07 აგვისტოს გასცა საბანკო გარანტია 160 000 ლარზე. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
6.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოსარჩელის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების პარალელურად, იგივე ტერიტორიაზე შპს „თ.ჯ–ი“ აწარმოებდა ძველი განათების ბოძების დემონტაჟის, ახლით ჩანაცვლების და განათების სისტემების დაკაბელების სამუშაოს. ვინაიდან, აღნიშნული მიზეზით მოსარჩელე ვერ აწარმოებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც გაიზარდა სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2020 წლის 31 მარტის (ექსპერტიზის ვადის ჩათვლით) ჩათვლით; ამასთან, ხელშეკრულების 7.2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ანგარიშსწორება მოხდება 2019-2020 წლების (მათ შორის 2019 წელს - 171 828,97 ლარი, ხოლო 2020 წელს 3 023 111,07 ლარი) ქ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში; შეთანხმების მე-5 მუხლით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 01 ივნისის ჩათვლით.
6.3. შპს „თ.ჯ–ის“ მიერ შესასრულებელი სამუშაოების გამო, მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 3.1 პუნქტში და სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2020 წლის 01 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი (ექსპერტიზის ვადის ჩათვლით); შეთანხმების მე-4 მუხლით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
6.4. შპს „თ.ჯ–ის“ მიერ სამუშაოების შესრულების გამო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა მორიგი შეთანხმებით. შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულების 3.1 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი (ექსპერტიზის ვადის ჩათვლით); ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
6.5. შპს „თ.ჯ–ის“ მიერ ინფრასტრუქტურული სამუშაოს შესრულების გამო, სამუშაოების შესრულების ვადის შესახებ მხარეთა საბოლოო შეთანხმებით კვლავ გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა და განისაზღვრა 2020 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი (ექსპერტიზის ვადის ჩათვლით); ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით. შეთანხმებები ასევე ითვალისწინებდა ვადაგაზრდილი საბანკო გარანტიების წარდგენას.
6.6. მხარეებმა დამატებითი შეთანხმებით ცვლილება შეიტანეს ასევე სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, რაც დაკავშირებული იყო საპროექტო ტერიტორიაზე გასაშლელი მარმარილოს ქვების ზომებისა და ფორმების შეცვლასთან. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება დარჩა უცვლელი, თუმცა შეთანხმდა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.
6.7. მოსარჩელემ 2020 წლის 24 ნოემბერს (საბოლოო ვადის ამოწურვამდე) კვლავ მიმართა მოპასუხეს ვადის გაგრძელების მოთხოვნით. წერილში მითითებული იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის მარმარილოს დეკორატიული ქვა შემოჰქონდათ ირანის რესპუბლიკიდან, წერილის წარდგენის დროისთვის კი აზერბაიჯანიდან ტვირთის შემოტანა შეჩერებული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ფერხდებოდა მასალის შემოტანა და სამუშაოს შესრულება, რის გამოც ითხოვეს სამუშაოს შესულების ვადის 31 დეკემბრამდე განსაზღვრა;
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მიმართვასთან ერთად წარუდგინეს მარმარილოს ქვების იმპორტიორი კომპანიის წერილი, რომლითაც კომპანია აზერბაიჯანის საზღვარზე სარკინიგზო დერეფნის დაკეტვას იტყობინებოდა;
მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ წერილის პასუხად მას გაეგზავნა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 29.12.2020წ. წერილი მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 14.12.2020წ. წერილთან ერთად (სამსახურებრივი მიმოწერა). 14 დეკემბრის წერილში შესყიდვების საქალაქო სამსახური აღნიშნავდა, რომ პანდემია მთელ მსოფლიოში მოქმედებდა 2020 წლის მარტიდან და აღნიშნული დამაბრკოლებელი გარემოება სამუშაოს შესრულების ვადის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე იყო მიმწოდებლისთვის ცნობილი. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებდა სამუშაოებისთვის საჭირო მასალის აზერბაიჯანის სარკინიგზო დერეფნით შემოტანის აუცილებლობას, შესაბამისად, მიმწოდებელს შეეძლო უზრუნველეყო აუცილებელი მასალის ტრანსპორტირება.
6.8. საბოლოოდ, მხარეთა შორის ვერ შედგა შეთანხმება სამუშაოების შესრულების ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივების თაობაზე.
6.9. მოსარჩელემ საბოლოოდ შეთანხმებულ ვადაში - 2020 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) სამუშაოები ვერ დაასრულა.
6.10. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 17.02.2021წ. წერილით მოსარჩელეს ეცნობა შემდეგი: მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2021 წლის თებერვლის წერილიდან ირკვევა, რომ თქვენ მიერ დაირღვა მერიასთან 2019 წლის 08 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, 2020 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2020 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი (ექსპერტიზის ვადის ჩათვლით). საექსპერტო დასკვნა წარდგენილ იქნა 2021 წლის 18 იანვარს, შესაბამისად, დაფიქსირდა 53 კალენდარული დღის ვადაგადაცილება. მოსარჩელის მიერ ასევე დაირღვა სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარდგენის ვადები;
წერილის ადრესატს ეცნობა, რომ საჯარიმო თანხა, ჯამში 32 856,93 ლარი გადაერიცხა წერილში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე;
მოსარჩელეს 2021 წლის 01 აპრილის წერილით დამატებით ეცნობა, რომ მის მიერ დარღვეული იყო სამუშაოების შესრულების საბოლოოდ შეთანხმებული ვადა, ასევე, სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარდგენის ვადები.
6.11. მოსარჩელე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს დარიცხვას და საჯარიმო თანხა არ გადაუხდია;
მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხის შესაბამის სამსახურებს და აღნიშნა, რომ მერიამ არ გაიზიარა ისეთი ობიექტური გარემოებები, როგორიც არის ომი და მის შედეგად გამოწვეული საზღვრის კვეთის პრობლემები, პანდემია და განახლებული მიწოდების ვადის დაწყებისას სრულად მოდიფიცირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის (ქვის ფრაქციის ცვლილება) წამოყენების ფაქტი, რომლისთვისაც მიმწოდებელი შეთანხმების გაფორმებამდე ვერ მოემზადებოდა. საბოლოო ჯამში, მიიღეს მდგომარეობა, როდესაც შემსყიდველმა მის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიის მიერ სამუშაოთა წარმოების გამო, 5-ჯერ მიიღო მიწოდების ვადის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება და არ გაითვალისწინა კომპანიის უპირატესად საფუძვლიანი მოთხოვნა. მეტიც, ასეთი მდგომარეობა მიღებულია იმგვარ სამართლებრივ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა შემსყიდველისა და მიმწოდებლის ინიციატივებს საერთო სტანდარტს უკავშირებს;
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციისთვის სიახლე არ უნდა ყოფილიყო, რომ მოსარჩელე არ ეთანხმებოდა დაკისრებულ პირგასამტეხლოს. მოსარჩელე ასევე არ ეთანხმებოდა მოპასუხის მიერ ფაქტობრივად განხორციელებულ გაქვითვას, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, არ შეესაბამება როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 კარის მე-3 თავის მოთხოვნებს, ისე, ხელშეკრულების 7.3 პუნქტის შინაარსს. მოსარჩელის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ გაქვითვის მეთოდი გამოყენებული იყო კანონის უხეში დარღვევით, მას, როგორც მიმწოდებელს, წარმოეშობოდა თანხის დაყოვნებით გამოწვეულ ზიანზე მოთხოვნის უფლება. ხელშეკრულების 9.9 პუნქტის საფუძველზე, ასევე, დაყოვნებულ 32 856,93 ლარზე პირგასამტეხლოს დარიცხვის მოთხოვნა;
წერილში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ დაყოვნებული თანხის ნაწილის - 31 096,73 ლარის კომპანიის სასარგებლოდ გადახდის შემთხვევაში (რაც შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე ნაკლებია) მოსარჩელე უარს იტყოდა მისთვის მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაზე.
6.12. პირგასამტეხლოსთან და მისი დარიცხვისგან წარმოშობილ ზიანთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა.
7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობა და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება.
8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების საპატიო მიზეზის არსებობა. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ითხოვდა არამართლზომიერად ყოფილიყო მიჩნეული მერიის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების ვადის 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელებაზე უარის თქმა, რის საფუძვლადაც მიუთითებდა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პანდემია, საომარი მოქმედებები აზერბაიჯანში და შპს „თ.ჯ–ის“ მიერ სამუშაოების წარმოებით გამოწვეული შეფერხება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მითითებები და აპელანტის არგუმენტების საპასუხოდ დამატებით აღნიშნა შემდეგი: მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის განვითარების დინამიკა მოწმობს, რომ პერიოდულად ხდებოდა დასახელებული ფაქტორებისათვის ანგარიშის გაწევა, რაც ხელშეკრულების შესრულების ვადის 5-ჯერ გაგრძელებაში გამოიხატა. რაც შეეხება ხელშეკრულების შესრულების ვადის 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელებაზე შემსყიდველი ორგანიზაციის უარს, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ აპელანტმა 2020 წლის 31 დეკემბრამდე სამუშაოთა დასრულების ვადის გაგრძელება ითხოვა რამდენიმე წერილის მეშვეობით, რომლებიც აქცენტს სხვადასხვა გარემოებებზე აკეთებდა, კერძოდ: 2020 წლის 26 აგვისტოს წერილში მხარე მიუთითებდა, რომ შპს „თ.ჯ–ის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების მცირე დროით ადრე („ახლახან“) დასრულების გამო, ვადები 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაწეულიყო; 2020 წლის 26 ოქტომბრის და 24 ნოემბრის წერილში აღნიშნავდა, რომ: ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის მარმარილოს დეკორატიული ქვა შემოჰქონდათ სარკინიგზო ტრანსპორტით, ირანის რესპუბლიკიდან, წერილის წარდგენის დროისთვის კი აზერბაიჯანიდან ტვირთის შემოტანა შეჩერებული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ფერხდებოდა მასალის შემოტანა და სამუშაოს შესრულება; 2021 წლის 09 მარტის წერილში კი მოსარჩელემ ვადაგადაცილება დამატებით დაუკავშირა პანდემიას და იმ გარემოებას, რომ განახლებული მიწოდების ვადის დაწყებისას მოსარჩელეს წაუყენეს სრულიად მოდიფიცირებული სახელშეკრულებო მოთხოვნა.
9. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, საქმეში წარდგენილი ზედნადებებით დასტურდება, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში მოსარჩელეს შეძენილი აქვს მარმარილოს დეკორატიული ქვა ფრაქციით 20 + მმ, ხოლო ივლისის ბოლოდან მოსარჩელე ყიდულობდა საბოლოოდ შეთანხმებული მახასიათებლების დეკორატიულ ქვას საქართველოში რეგისტრირებული საწარმო „რ.ს–ისგან“. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნასყიდობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები არაქართულ ენაზეა წარდგენილი, თუმცა, ამის მიუხედავად, სასამართლოსთვის ნათელი იყო, რომ უცხო ენაზე წარდგენილ დოკუმენტებში (რაც შპს „რ.ს–ის“ მიერ ტვირთის უცხოეთიდან შემოტანას ადასტურებდა) ტვირთის მახასიათებლებს შორის თეთრი მარმარილო დასახელებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, მოსარჩელეს მკაფიოდ არ ჩამოუყალიბებია კონკრეტული ხელშემშლელი მიზეზები, ხოლო, მეორე მხრივ, მან სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ უკვე შეძენილი ჰქონდა თავდაპირველად შეთანხმებული მახასიათებლების ქვა და ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შედეგად მას მოუწია განსხვავებული მახასიათებლების ქვის შეძენა ან სხვა ფორმით მიადგა რაიმე ზიანი. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ დასახელებულმა ფაქტორებმა ზეგავლენა მოახდინა კონკრეტულად 2020 წლის 26 ნოემბრიდან 2021 წლის 18 იანვრამდე პერიოდში მოსარჩელის მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე, აღნიშნული, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გამორიცხავდა ვადაგადაცილების საპატიო მიჩნევის შესაძლებლობას.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით აპელანტის პრეტენზია ძირითადად იმ არგუმენტს ემყარება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა პირგასამტეხლოს ოდენობის საკითხი. აპელანტი მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და სადავოდ ხდის მის ოდენობას/გამოანგარიშების წესს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და აღნიშნა, რომ სადავო არ არის მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ფაქტი - დადგენილია, რომ მოსარჩელემ მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების გარკვეული ნაწილი საერთო ჯამში 53 დღის დაგვიანებით შეასრულა. დადგენილია ასევე, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პირგასამტეხლო (0,02%-ის ოდენობით) დაანგარიშებულია ვალდებულების მთლიანი ღირებულებიდან და არა დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე.
11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით და განმარტა, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე Nას-905-2021, 12.01.2022წ; Nას-971-2019, 28.10.2019წ.; Nას-581-2019, 31.07.2019წ.; Nას-164-160-2016, 28.07.2016წ.). თუმცა, აღნიშნული მსჯელობა არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც კრედიტორს ერთიანი შესრულების მიმართ დაცვის ღირსი განსაკუთრებული ინტერესი აქვს, რა დროსაც ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, თავისი არსით, ვალდებულების სრულად შეუსრულებლობას უთანაბრდება. აღნიშნული ინტერესი კრედიტორის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაანგარიშება არა ვადაგადაცილებული ვალდებულების ღირებულებიდან, არამედ ვალდებულების მთლიანი ღირებულებიდან მოხდა, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0,02%-ის ოდენობით, თუმცა ვალდებულების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ვადის დარღვევით შესრულდა და რომლის ვადაგადაცილებით შესრულების ფაქტიც მხარეთა შორის სადავო არ არის.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი: აკრედიტირებული ექსპერტის მიერ დადასტურებული შესრულებული სამუშაოების 24.12.2020წ. N8 მიღება-ჩაბარების აქტის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 68) თანახმად, მოსარჩელემ ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და ევროპის ქუჩის შუა ზოლში არსებული გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოების მეშვიდე ეტაპზე წარმოებული სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 307 437,49 ლარი დღგ-ს ჩათვლით;
აკრედიტირებული ექსპერტის მიერ დადასტურებული შესრულებული სამუშაოების 29.12.2020წ. N9 მიღება-ჩაბარების აქტის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 71) თანახმად, მოსარჩელემ ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და ევროპის ქუჩის შუა ზოლში არსებული გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოების მეშვიდე ეტაპზე წარმოებული სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 149 330,58 ლარი დღგ-ს ჩათვლით;
აკრედიტირებული ექსპერტის მიერ დადასტურებული შესრულებული სამუშაოების 10.02.2020წ. N10 საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 74) თანახმად, მოსარჩელემ ჩააბარა, ხოლო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიიღო ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და ევროპის ქუჩის შუა ზოლში არსებული გამწვანებული ტერიტორიის აღდგენა-მოწყობის სამუშაოების მეათე ეტაპზე წარმოებული სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 335 621,32 ლარი დღგ-ს ჩათვლით;
N10 საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის თანახმად, 08.09.2019წ. გაფორმებული N03.01/30/304 ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2 933 653,70 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამდენად, ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2 933 653,70 ლარი, ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება კი წარმოადგენს 792 389,39 (307 437,49 + 149 330,58 + 335 621,32) ლარს. შესაბამისად, ვადაგადაცილებით შესრულებულ ვალდებულებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0,02% პირგასამტეხლოს დაანგარიშებით დღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 158,5 ლარს, რაც, ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მხედველობაში მიღებით (792 389,39 ლარის 0,02% * 53 დღეზე), 8 400,5 ლარს, ხოლო 3-ჯერ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში გეგმა-გრაფიკის წარუდგენლობასთან დაკავშირებით ჯამში 1 166,94775 ლარს შეადგენს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 43,46,52,55,59,62,166,237). 8 400,5 + 1 166,94775 = 9 566, 94775 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დაკავებული თანხის ოდენობა შეადგენს 32 856,93 ლარს.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მერიისათვის 23 289,98 ლარის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (32 856,93 - 9 566, 94775= 23 289,98).
14. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის განგრძობადი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის აღნიშნული მოთხოვნა ეფუძნება ხელშეკრულების 9.9 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების საპატიო მიზეზის არსებობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ მერიის მიერ გამოყენებული თანხის დაკავების უფლებამოსილება მოკლებულია მართლზომიერ საფუძვლებს, შესაბამისად, არ სრულდება ხელშეკრულების 9.9 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, რაც აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
16. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
16.1. მოსარჩელემ თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე მიიღო სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და ხელშეკრულების დადებისას მისთვის ცნობილი იყო როგორც ხელშეკრულების პირობების, ისე იმ შედეგების თაობაზე, რომლებიც ხელშეკრულების დარღვევას მოჰყვებოდა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არაერთი შეთანხმებით, შეტანილ იქნა ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში და რამდენჯერმე გაიზარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა;
16.2. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, იმავე კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, სასამართლოს მინიჭებული აქვს პირგასამტეხლოს შემცირების უფლება და ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. თუმცა, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ცნებას სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს და არც იმას აკონკრეტებს, თუ რასთან უნდა იყოს პირგასამტეხლო შეუსაბამო, მოვალის ქონებრივ მდგომარეობასთან, მიყენებულ ზიანთან თუ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობასთან, ამიტომ სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს განმარტებული თუ რასთან არის პირგასამტეხლო შეუსაბამო და სასამართლომ უნდა დაასაბუთოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობა. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება;
16.3. გარდა ამისა, პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა.შ., ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში ცხადია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სამეწარმეო ურთიერთობაში გამოცდილ სუბიექტს, რომელიც სრულად აცნობიერებდა თუ რა სამართლებრივი შედეგები შესაძლოა მოჰყოლოდა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასა და გეგმა-გრაფიკის წარუდგენლობას;
16.4. გაუგებარია, რატომ დაუკავშირა სასამართლომ კალენდარული გეგმა-გრაფიკის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, აგრეთვე, ხელშეკრულების შეთანხმების 5 კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველთან წარუდგენლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვადის დარღვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულებას და რაზე დაყრდნობით განახორციელა 1760,20 ლარის 1 166,94775 ლარამდე შემცირება;
16.5. მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ის გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან და არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, მითუმეტეს, რომ სატენდერო ხელშეკრულების უკან დგას უდიდესი საჯარო ინტერესი და სატენდერო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაში შესრულებას.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
25. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; Nას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი; Nას-56-2023, 28 სექტემბერი, 2023 წელი).
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).
27. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).
28. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან განხორციელდა, ზემოაღნიშნული დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, მისი შემცირება და ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან გამოთვლა მართლზომიერია. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე