საქმე №ას-1418-2024
26 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ნი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ბ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ–ნის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხეს დაევალოს მის მიერ ქ. თბილისში, ......... (ს.კ. .......) უკანონოდ აშენებული კედლისა და მასზე დამაგრებული კარის დემონტაჟი და მოპასუხის უძრავ ქონებასა (ს.კ. ......) და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს.კ. .......) შორის არსებული შესასვლელი დაბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობაში.
2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.02.2023წ. მონაცემებით, მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ………, ფართი: 35,2 კვ.მ (ს.კ. ……..). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: პრივატიზაციის ხელშეკრულება, გაფორმებული 1994 წლის 26 აგვისტოს;
6.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.12.2022წ. მონაცემებით, მოპასუხის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ………., ფართი: 26,00 კვ.მ (ს.კ. …..). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 29.01.2021 წელი;
6.3. მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული ბინები მდებარეობს ქ. თბილისში, ….., მე-7 სართულზე, ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის არის საერთო სარგებლობის ფართი, რომელიც წარმოადგენს სადარბაზოს ნაწილს;
6.4. მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან არ ეშლება ხელი საკუთრების უფლებით სარგებლობაში, ვინაიდან არ დადგინდა, რომ მოპასუხემ განახორციელა ქ. თბილისში, …….. მდებარე N20 ბინის შესასვლელში კედლის აშენება და აღნიშნული ბინის შესასვლელში არსებული კარის გადაწევა საერთო სარგებლობის ფართში.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 და 172-ე მუხლებიდან გამომდინარეობს.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი დავობდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აღიარებული შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან მიუხედავად მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობისა, სასამართლომ არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განიხილა.
9. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის ზემოაღნიშნული პრეტენზია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს 2023 წლის 25 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე განუმარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მისგან მტკიცებულებათა მიღება არ მოხდებოდა და სასამართლო მხოლოდ მის სამართლებრივ მოსაზრებებს მოისმენდა სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით (იხ. 25.10.2023წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:59:50 წუთიდან).
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულება, რაც მოპასუხის მხრიდან მისი საკუთრების უფლების ხელშეშლის ფაქტს დაადასტურებდა; ამასთან, აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის წარუდგენლობა მიეჩნია საპატიოდ და მისი წარდგენისთვის მიეცა გონივრული ვადა.
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნული პრეტენზია და განმარტა, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა მისი საკუთრებით სარგებლობაში მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის ფაქტის დადასტურება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ წარადგინა ფოტოსურათები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული გენ. გეგმა და შპს „ხ–ს“ მიერ მომზადებული - ქ. თბილისში, ……… მე-7 სართულის გეგმის ფრაგმენტი (იხ. ს.ფ. 104-126), რომლებიც, მისი მოსაზრებით, საკმარის მტკიცებულებებს წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის ფაქტის დასადასტურებლად, სადარბაზოს შესასვლელი კარის დემონტაჟისა და პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული არ გაიზიარა.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ შეძლო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა საქმის მომზადების სტადიაზე, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას რატომ არ მოითხოვა ვადა ექსპერტის დასკვნის წარსადგენად. ამდენად, აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს 23.09.2024წ. საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 235-245).
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „ხ–ს“ დირექტორის მიერ მომზადებული წერილი ზოგადი ხასიათისაა, ამ წერილის შინაარსიდან არ ირკვევა ხელმომწერი პირის კვალიფიკაცია და სპეციალობა, ასევე, თუ რა დოკუმენტებს ეყრდნობა მის მიერ მომზადებული ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ აღნიშნული წერილი ექსპერტის დასკვნად ვერ შეფასდებოდა. აგრეთვე, საქმეში წარდგენილი ტექნიკური აღრიცხვის არქივის დოკუმენტების ასლებიდან და ფოტოსურათებიდან კონკრეტულად არ ირკვევა ქონების პირვანდელი მდგომარეობაც, მით უფრო, მოპასუხის მხრიდან თვითნებურად სადარბაზოს შესასვლელის შეცვლის ფაქტი. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, თუ როგორ უნდა მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, საქმეში წარდგენილი არ არის კარის გადატანის სქემა.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ითხოვს ხელშეშლის აღკვეთას, ასევე, მის დავალდებულებას, აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, მოახდინოს სადარბაზოს შესასვლელი კარის დემონტაჟი და აღადგინოს შესასვლელის პირვანდელი მდგომარეობა, თუმცა სარჩელითა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, როგორ უნდა მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და მოპასუხისათვის ასეთი ქმედების განხორციელების დავალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.
15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
22. მოცემულ შემთხვევაში კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ განსახილველი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასამართლოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162.1 მუხლის შესაბამისად, თავისი ინიციატივით უნდა დაენიშნა საქმეზე საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, ვინაიდან აღნიშნულის გარეშე მოცემულ დავაზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელი იყო.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
24. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებელი მხარის ვალდებულება წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი, განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერთოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს აქტიური როლი, ამ თვალსაზრისით, გამონაკლის შემთხვევაშია დასაშვები, მაგალითად, როდესაც მხარე თავად ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულების მოპოვებას და დასაბუთებულ შუამდგომლობას წარუდგენს საქმის განმხილველ შემადგენლობას (სსსკ-ის 103.2 მუხლი), ასევე, საოჯახო საქმეთა განხილვისას დაშვებული ინკვიზიცია (სსსკ-ის 354.1 მუხლი) და სხვა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ამ დანაწესებით სარგებლობისას არ უნდა იქნას დარღვეული მხარეთა თანასწორობის სამართლიანი ბალანსი (სსსკ-ის მე-5 მუხლი) (იხ. სუსგ საქმე Nას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).
25. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი ექსპერტის დასკვნას პროცესის მიზნებისათვის დასაშვებ მტკიცებულებათა ნუსხას მიაკუთვნებს, თუმცა, როგორც წესი, მისი მოპოვება და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დადასტურება მხარის ვალდებულებაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი განსაზღვრავს ექსპერტიზის დანიშვნის წესსა და პირობებს. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარსადგენად. ამასთან, კანონმდებლობა სასამართლოსაც ანიჭებს ექსპერტიზის დანიშვნის უფლებას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი და მსგავსი საპროცესო მოქმედება იმავე კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 173-ე მუხლის მოთხოვნათა განუხრელად დაცვის გზით უნდა შესრულდეს.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. დასახელებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, სასამართლო მხოლოდ განსაკუთრებულ და საგამონაკლისო შემთხვევებშია უფლებამოსილი დანიშნოს ექსპერტიზა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქმეზე იურიდიული შედეგი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის არსებობის შემთხვევაშია იდენტიფიცირებადი. ცხადია, აქ მოიაზრება ობიექტური საჭიროება და არა - პროცესის რომელიმე მხარის (მოსარჩელე, მოპასუხე, მე-3 პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) მხარდაჭერა მათთვის განკუთვნილ მტკიცებით საქმიანობაში. ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა უშუალოდ გამომდინარეობს დავის მომწესრიგებელი მატერიალურსამართლებრივი დანაწესებიდან, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერტიზის დანიშვნა განპირობებულია საქმის პროცედურული ასპექტებით (იხ. სუსგ საქმე Nას-719-2021, 04 ნოემბერი, 2021 წელი). ამასთან, მითითებული სამართლებრივი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნა წარმოადგენს სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას და მისი გამოყენების მიზეზები სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სათანადოდ უნდა დაასაბუთოს (იხ. სუსგ საქმე Nას-1197-1139-2014, 02 მარტი, 2015 წელი; Nას-820-786-2016, 15 მაისი, 2017 წელი).
27. წინამდებარე საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს - მოპასუხეს დაევალოს მის მიერ ქ. თბილისში, ...... უკანონოდ აშენებული კედლისა და მასზე დამაგრებული კარის დემონტაჟი და მოპასუხის უძრავ ქონებასა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას შორის არსებული შესასვლელი დაბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობაში. მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის ფაქტის დასადასტურებლად საქმეში წარადგინა რიგი მტკიცებულებები (რომლებიც სადავო გარემოების დასადასტურებლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასაკმარისად მიიჩნიეს), თუმცა მას შეეძლო საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე დამატებით წარედგინა სადავო გარემოების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, რაც მას არ განუხორციელებია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებული კასატორის პრეტენზია ცდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებით რეგლამენტირებულ შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს, ვინაიდან სახეზე არ არის იმავე კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ექსპერტიზის დანიშვნის წინაპირობები; სახეზე არაა იმგვარი შემთხვევა, როდესაც შეჯიბრებითობის პრინციპის სრული რეალიზაციის პირობებში შეუძლებელია გადაწყვეტილების გამოტანა. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ექსპერტიზის დანიშვნა წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა მის ვალდებულებას, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მისი არგამოყენება მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება საპროცესო დარღვევად იქნეს მიჩნეულ (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-498-2019, 17 იანვარი, 2020 წელი). კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
31. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ბ–ს (პ.ნ. ......) დაუბრუნდეს ნანა მურადაშვილის (პ.ნ. ........) მიერ 2024 წლის 27 დეკემბერს №52011262 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე