საქმე №ას-1566-2024
26 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ე.ტ–ი, ა.კ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რ.ჩ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ტ–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) და ა.კ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........6, ს.კ. ........., (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება/ნივთი“) გამოთხოვა და აღნიშნული ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და დადგინდა მისი მესაკუთრისათვის (მოსარჩელისათვის) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
4. მოპასუხეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. მოპასუხეებმა ასევე მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე იმავე სასამართლოს 03.10.2024წ. საოქმო განჩინების გაუქმება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საოქმო განჩინება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სადავო უძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელეს; მოპასუხეები სადავო ნივთს ფლობენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტები ვალდებულნი იყვნენ დაებრუნებინათ მესაკუთრისათვის კუთვნილი ნივთი.
8. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.1 და 248-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ სადავო ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული ნივთი სწორედ მას ეკუთვნის. აპელანტები სადავო ნივთზე საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერსა და მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებიან. მეტიც, მათ იმ ფაქტებზეც კი არ მიუთითებიათ, რომლებიც დავის საგანზე მოსარჩელის უფლებებს გამორიცხავდა. ეს კი ნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები ნამდვილია და მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, მართალია, აპელანტებმა განმარტეს, რომ მოსარჩელემ სადავო ნივთზე უფლება არამართლზომიერად მოიპოვა, თუმცა მათ სასამართლოსთვის ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. ასეც რომ ყოფილიყო, როგორც აღინიშნა, აპელანტებს მოწინააღმდეგე მხარის მიმართ სარჩელი არ აღუძრავთ, ამ ვითარებაში კი სააპელაციო პალატა მათ პოზიციას ვერ შეაფასებდა.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მართლზომიერი მფლობელია ის, ვინც ნივთს სამართლებრივად ნამდვილი საფუძვლით ფლობს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონება 2023 წლის 17 აგვისტოს იძულებით აუქციონზე შეიძინა (იხ. ს.ფ. 18-19), თუმცა აუქციონამდე იგი აპელანტებს ეკუთვნოდათ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე. შესაბამისად, აპელანტებმა სადავო ნივთზე უფლებები დაკარგეს. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. დადგენილია, რომ სადავო ნივთის ამჟამინდელმა მესაკუთრემ, მოსარჩელემ აპელანტებს პრეტენზია წაუყენა და მისი დაბრუნება მოსთხოვა, შესაბამისად, აპელანტებს სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივად ნამდვილი საფუძველი არ გააჩნიათ.
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძვლები.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ საქმეში მოსარჩელემ მოპასუხეებისაგან სადავო უძრავი ქონების დაბრუნება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ამ სარჩელის განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს სამი გარემოება: ა) ეკუთვნის თუ არა სადავო ნივთი მოსარჩელეს; ბ) ფლობს თუ არა მას მოპასუხე და გ) აქვს თუ არა მოპასუხეს ნივთის ფლობის უფლება. თავის მხრივ, აპელანტებს, მათი თქმით, აღძრული აქვთ სარჩელი სხვა პირის - ლ.ა–ძის მიმართ 123 300 ლარის დაკისრების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტების მიერ აღძრული სარჩელი განსახილველ საქმესთან კავშირში არ არის და ამ საქმეზე ვერ დადგინდება იმგვარი გარემოებები, რომლებიც განსახილველი საქმის შედეგზე გავლენას მოახდენს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე „სხვა საქმეში“ საერთოდ არ მონაწილეობს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 266-ე მუხლის მიხედვით, მისთვის ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული ძალა ვერ ექნება.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორებმა ასევე მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს 03.10.2024წ. საოქმო განჩინების გაუქმება.
14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
14.1. მართალია, ამჟამად მოსარჩელე ქონების მესაკუთრეა, თუმცა მის მიერ ბინის საკუთრებაში რეგისტრაცია მოხდა სამართლებრივი მანიპულაციითა და კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ. კერძოდ, მოსარჩელე თავად წარმოადგენს პირველ მოპასუხესთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეს. მოსარჩელემ იცოდა, რომ პირველი მოპასუხე სესხის დარჩენილ ნაწილს ფორსმაჟორული შემთხვევის (ქონებას დამოუკიდებელი მიზეზით ედო ყადაღა) გამო ვერ იხდიდა და არიცხავდა უზომოდ დიდ პირგასამტეხლოს, რათა მისთვის ხელშეკრულების კეთილსინდისიერად შესრულების შესაძლებლობა მოესპო. ამის შემდგომ, როდესაც ქონებას ყადაღა მოეხსნა, მოსარჩელემ ისე, რომ არც კი მიუცია პირველი მოპასუხისათვის ბინის გასაყიდად და მისთვის სესხის ძირითადი ნაწილის დასაბრუნებლად დრო, ბინა აუქციონზე გაიტანა და თავადვე იყიდა. მოსარჩელეს რეალურად არ აინტერესებდა პირველი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, მისი ინტერესი თავიდანვე ბინის დასაკუთრება იყო. ფორმალურად ხელშეკრულება 19 წლის ლ.ა–ძესთან გაფორმდა, თუმცა რეალურად ამ ხელშეკრულებაზე პასუხისმგებელ პირს თავად მოსარჩელე წარმოადგენდა. ამგვარი მანიპულაციით კი, აუქციონზე გამსხვისებელიც და ქონების შემძენიც თავად გახდა და მასვე დარჩა ქონებაც და გადახდილი თანხაც. შესაბამისად, მოსარჩელე საკუთრების შეძენის მომენტისათვის იყო არაკეთილსინდისიერი შემძენი და მას მოპასუხეთა მიმართ არ ჰქონდა ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის უფლება;
14.2. პირველმა მოპასუხემ 2024 წლის 28 მაისს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ლ.ა–ძისათვის 123 300 ლარის გადახდის დაკისრება. აღნიშნული სარჩელი 2024 წლის 06 ივნისს (საქმე N2/12801-24) წარმოებაში იქნა მიღებული. ლ.ა–ძე, რომელმაც აუქციონზე გაიტანა სადავო უძრავი ქონება, ფორმალურად წარმოადგენდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეს. უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემდგომ მან იმაზე მეტი თანხა მიიღო, ვიდრე სამართლებრივად ეკუთვნოდა;
14.3. ამდენად, სასამართლოს წარმოებაშია სხვა საქმე, სადაც წინამდებარე საქმის ერთ-ერთი მოპასუხე ითხოვს ლ.ა–ძისათვის თანხის დაკისრებას იმ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან და აუქციონიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე გახდა სადავო უძრავი ქონების შემძენი და საიდანაც ითხოვს მოპასუხეთა გამოსახლებას. მართალია, სხვა საქმეში მოპასუხე ლ.ა–ძეა და არა მოსარჩელე, თუმცა შესაძლებელია მოპასუხეთა წრის გაფართოება და საქმის მსვლელობისას მოპასუხედ ასევე მოსარჩელის ჩართვა, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ხელმომწერი ფორმალურად ლ.ა–ძე იყო, რეალურად, მხარეებს წარმოადგენდნენ ამ სფეროში გაცილებით გამოცდილი ზ.ჩ–ძე და მოსარჩელე. ისინი ხელშეკრულების დადების მომენტიდან ორგანიზებას უწევდნენ პირველი მოპასუხის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულებას, იბარებდნენ თანხებს და ამ პროცესში ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით სწორედ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია მსესხებელთან. ამასთან, აუქციონზე უძრავი ქონების შეძენისას მოსარჩელემ ნასყიდობის თანხა თავისივე ანგარიშზე გადარიცხა;
14.4. როდესაც პირველი მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდება, მოთხოვნის აღსრულება სწორედ სადავო უძრავი ქონებიდან უნდა მოხდეს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, უპირველესად განხილულ იქნეს თანხის დაკისრების თაობაზე პირველი მოპასუხის სარჩელი, ხოლო ამ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდეს გამოსახლების საქმის განხილვა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ.
21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხეთა მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის მართლზომიერება.
22. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ აღძრულია სარჩელი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება მოსარჩელის საკუთრების უფლების მართლზომიერებასთან დაკავშირებული საკითხები.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს.
24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
25. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
26. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 20), რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხეები/კასატორები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს მათი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა.
27. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
29. საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.10.2024წ. საოქმო განჩინებით მოპასუხეთა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო იმგვარი გარემოებები, რის გამოც კანონმდებელი მიზანშეწონილად მიიჩნევს სხვა საქმის გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეჩერებას. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია აღნიშნული საოქმო განჩინება და განმარტა, რომ პირველი მოპასუხის მიერ აღძრული სარჩელი კავშირში არ არის წინამდებარე დავასთან და ამ საქმეზე ვერ დადგინდება იმგვარი გარემოებები, რაც განსახილველი საქმის შედეგზე გავლენას მოახდენს (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი).
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით [სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით] გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება. კერძოდ, გამომდინარეობს თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებულ სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოებასა და წინამდებარე დავას შორის არ იკვეთება იმგვარი კავშირი, რაც გავლენას იქონიებს ამ უკანასკნელი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე. ხოლო, ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება შესაძლოა წარმოადგენდეს სხვა დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებას, არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობას.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
33. ამდენად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.ტ–ისა და ა.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ე.ტ–სა (პ.ნ. ........) და ა.კ–ს (პ.ნ. .......) დაუბრუნდეთ ც.კ–ვას ........) მიერ 2024 წლის 30 დეკემბერს №334 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე