საქმე №ას-220-2025 18 მარტი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ღ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2025 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „თ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა მ.ღ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა დავალიანების - 195.46 ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.12.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ მასზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს და იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 365-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს) განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2025 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
9. სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2. მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ-ებები: №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1305-2019, 21.11.2019წ; №ას-1582-2019, 28.02.2020წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (სუსგ-ებები: №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას-533-533-2018, 22.06.2018წ.).
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 195.46 ლარის ანაზღაურება, ამდენად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, რაც სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
12. კერძო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს საქმეში მესამე პირების ჩაბმას. სსსკ-ის 420-ე და 407-ე მუხლებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინებაზე წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე არ არსებობს მესამე პირების ჩართვის საფუძველი, რაც შუამდგომლობის უარყოფის წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ღ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2025 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია