Facebook Twitter

საქმე №ა-2438-შ-62-2024 18 მარტი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ს.კ.კ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ი.“

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 28.07.2021 წლის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №53/2021)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 28.07.2021 წლის გადაწყვეტილებით (საარბიტრაჟო საქმე №53/2021) (შემდეგში "საარბიტრაჟო გადაწყვეტილება") შპს „მ.ი–ს“ (შემდეგში - „საარბიტრაჟო მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) შპს „ს.კ.კ–ის“ (შემდეგში - „საარბიტრაჟო მოსარჩელე“, „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ დაეკისრა 105 600 აშშ დოლარი, როგორც მიუწოდებელი საქონლისთვის წინასწარ გადახდილი თანხა, ასევე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ხარჯი 5094.40 აშშ დოლარი, ჯამურად - 110 694.40 აშშ დოლარი.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, საარბიტრაჟო მოპასუხე იყო ინფორმირებული საარბიტრაჟო განხილვის შესახებ, თუმცა არ გამოცხადებულა საარბიტრაჟო სხდომაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

5. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა წერილობითი პოზიცია. იგი უარყოფს სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ფაქტს და 24.03.2021 წელს არბიტრაჟის 12.03.2021 წლის გზავნილის ჩაბარების ფაქტის საწინააღმდეგოდ ასახელებს გარემოებას მასზე, რომ ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება არ ერთვის საქმეს, ხოლო უკრაინული ფოსტის ვებგვერდზე ასეთი ინფორმაცია არ იძებნება. რაც შეეხება სხდომის შესახებ უწყებას, მოწინააღმდეგე მხარე განმარტავს, რომ როგორც გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, უწყება ფოსტის მეშვეობით ვერ ჩაბარდა ადრესატს, რის შემდეგაც გაიგზავნა საარბიტრაჟო მოპასუხის ელექტრონულ ფოსტაზე. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოხსენიებული ელექტრონული ფოსტა - t@gmail.com, არ არის მითითებული მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ამდენად, გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიჩნია არბიტრაჟმა აღნიშნული ელექტრონული ფოსტა მხარეთა მიერ შეთანხმებულ ოფიციალურ ელექტრონულ მისამართად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობის, თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სსსკ-ის 35612 მუხლის პირველი ნაწილით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 35620 მუხლის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

8. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

9. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდეგში "ნიუ იორკის კონვენცია"), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

10. ნიუ იორკის კონვენციის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.19,20).

11. ნიუ იორკის კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შუამდგომლობის წარდგენის წესს, კერძოდ, მხარემ, რომელიც ითხოვს ცნობასა და აღსრულებას, აღნიშნული მოთხოვნით მიმართვისას, უნდა წარადგინოს: (ა) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; (ბ) მეორე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების (საარბიტრაჟო შეთანხმების) დედანი ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი. წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

12. ასევე, სსსკ-ის 35621 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:

მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი. საკითხის ანალოგიური რეგლამენტაციაა გათვალისწინებული არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში.

13. სსსკ-ის 35623 მუხლის შესაბამისად, სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარს განაცხადებს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

14. ნიუ-იორკის კონვენციის დებულებებიდან, კერძოდ, მისი მე-5 მუხლიდან, გამომდინარეობს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები (დაწვრილებით იხ.: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.74,75). აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

15. ამდენად, როგორც ნიუ იორკის კონვენცია, ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებად ასახელებს შემთხვევას, როდესაც მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები.

16. საარბიტრაჟო განხილვის მხარეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიეცეს პროცესში მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება გამორიცხულია... შეტყობინების მოვალეობა შესრულებულად უნდა ჩაითვალოს, თუ მხარემ და არბიტრაჟმა ყველა საჭირო ზომა მიიღო იმისთვის, რომ მეორე მხარისთვის მიეცა საარბიტრაჟო განხილვაში როგორც ზეპირად, ასევე წერილობით მონაწილეობის პრაქტიკული შესაძლებლობა (გ. ცერცვაძე, „საერთაშორისო არბიტრაჟი“, თბილისი, 2008 წელი, გვ. 529, 530).

17. შემთხვევებში, როდესაც საარბიტრაჟო პროცესი მოპასუხის დაუსწრებლად გაიმართება, შეტყობინების დამადასტურებელ მტკიცებულებებს ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს. მოსარჩელემ და საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა შეატყობინონ მოპასუხეს საარბიტრაჟო წარმოების დაწყებისა და ტრიბუნალის დანიშვნის შესახებ. მოსარჩელემ და საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა იქონიონ მათ მიერ შეტყობინების ყოველგვარი მცდელობის დამადასტურებელი დამოუკიდებელი მტკიცებულებები. თუკი ისინი ვერ წარმოადგენენ ამგვარ მტკიცებულებებს, არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლოა ეჭვის ქვეშ დადგეს („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.122,123).

18. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, საარბიტრაჟო მოპასუხეს 12.03.2021 წლის გზავნილით 24.03.2021 წელს ჩაჰბარდა სარჩელი და თანდართული მასალები 49 ფურცლად, ასევე არბიტრაჟის რეგლამენტი და არბიტრების სარეკომენდაციო სია თანმხლებ წერილთან ერთად, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს განესაზღვრა გზავნილის ჩაბარებიდან 30 დღიანი ვადა, რათა მას არბიტრაჟისთვის ეცნობებინა მოსარჩელესთან შეთანხმებული არბიტრის ვინაობა და წარედგინა წერილობითი პასუხი საარბიტრაჟო სარჩელზე. განემარტა, რომ არბიტრთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, არბიტრაჟის რეგლამენტის შესაბამისად, არბიტრი დაინიშნებოდა არბიტრაჟის პრეზიდენტის დადგენილებით.

19. მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ფაქტს და განმარტავს, რომ ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება არ ერთვის საქმეს, ხოლო უკრაინული ფოსტის ვებგვერდზე ასეთი ინფორმაცია არ იძებნება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ მტკიცებულებად ვერ შეფასდება საარბიტრაჟო მოპასუხის პოზიციის გაბათილების მიზნით შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი 13.04.2021 წლით დათარიღებული არბიტრაჟში კორესპონდენციის შესვლის შეტყობინების ასლი, რომელიც არ შეიცავს ინფორმაციას გზავნილის საარბიტრაჟო მოპასუხისათვის ჩაბარების, ჩამბარებელი პირის ვინაობის და ჩაბარების თარიღის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 116).

20. ისეთ პირობებში, როცა: ვერ დგინდება საარბიტრაჟო მოპასუხისათვის საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება; საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადასტურებულია საარბიტრაჟო სარჩელის ზეპირი განხილვის თაობაზე ფოსტით გაგზავნილი უწყების საარბიტრაჟო მოპასუხისათვის ჩაუბარებლობა, - საკასაციო პალატა აღარ მსჯელობს საარბიტრაჟო სხდომის თაობაზე მოპასუხის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი უწყების არბიტრაჟის რეგლამენტის თანახმად ჩაბარებულად მიჩნევა/არმიჩნევის საკითხზე. უწყების ჩაბარების ვარაუდის წინაპირობაა ის, რომ საარბიტრაჟო მოპასუხე ინფორმირებული იყოს საარბიტრაჟო განხილვის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ დადასტურდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ნიუ იორკის კონვენციის 5 (1) (ბ) მუხლისა და არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45.1 “ა.ბ.” მუხლის შესაბამისად არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა ნიუ იორკის კონვენციის მე-5 მუხლით, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731-ე მუხლით, სსსკ-ის 35623, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.კ.კ–ის“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 28.07.2021 წლის გადაწყვეტილების (საარბიტრაჟო საქმე №53/2021) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია