ბს-1063-1026(2კ-08) 15 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. თ.-ისა და ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, ასევე ნ. მ.-ის, ლ. ც.-ის, კ. ი.-ისა და ლ. გ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 14 ივლისს ნ. მ.-მა, ლ. ც.-მ, დ. შ.-მა, ლ. გ.-მ, დ. ვ.-მა და მ. კ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და შპს “კ.-ს” მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, შპს “კ.-ზე” გაცემული 1674/98 სარეგისტრაციო ნომრის ბათილად ცნობა მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართის _ 310 კვ.მ-ის შესახებ, მდებარე ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹10/58-ში განლაგებულ ლიტ “ბ-სა” და ლიტ “დ-ში”, ასევე _ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹10/58-ში არსებულ 594 კვ.მ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე შპს “კ.-სთვის”, თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე, ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოების წარმოების აკრძალვა.
2004 წლის 18 თებერვალს ნ. ბ.-მ და ლ. თ.-მა, როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებმა, სარჩელი აღძრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების _ შპს “კ.-ს”, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურისა და ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის ჩანაწერში შპს “თ.-ის” ინდივიდუალური საკუთრების უფლების გაუქმება 310 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹10-ში და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისთვის შესწორების შეტანის დავალება ქ. თბილისში, მ. წ.-ის ქ. ¹58/10-ში მდებარე 594 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს “თ.-ის” სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე; ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 26 თებერვლის ¹3.20.8 გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 7 თებერვლის ¹24 ბრძანებისა და ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 2002 წლის 5 აპრილის ¹78 მშენებლობის დაწყების ნებართვის ბათილად ცნობა და მათი მოქმედების შეჩერება; წარმოებული სამშენებლო სამუშაოების მოშლისა და ფართის პირვანდელ მდგომარეობაში თავისი სახსრებით მოყვანის შპს “კ.-სთვის” დავალება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების _ ლ. ც.-ის, ნ. მ.-ის, დ. შ.-ის, ლ. გ.-ს, დ. ვ.-ის, მ. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნა, ასევე მესამე პირების (მოსარჩელეების) _ ნ. ბ.-ისა და ლ. თ.-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მიწის მართვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, შპს “კ.-ზე” გაცემული 1674/98 სარეგისტრაციო ნომერი მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართის _ 310 კვ.მ-ის შესახებ, მდებარე ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹10/58-ში განლაგებულ ლიტ “ბ-სა” და ლიტ “დ-ში”; მოპასუხე შპს “კ.-ს” აეკრძალა ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოების წარმოება ...-ის ქ. ¹10/58-ში განლაგებულ 594 კვ.მ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე; გაუქმდა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის ჩანაწერში შპს “თ.-ის” ინდივიდუალური საკუთრების უფლება 310 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹10-ში; ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრს დაევალა შესწორების შეტანა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის ჩანაწერში _ შპს “თ.-ის” სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ იქნა ქ. თბილისში, მ. წ.-ის ქ. ¹58/10-ში მდებარე 594 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 26 თებერვლის ¹3.20.8 გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000 წლის 7 თებერვლის ¹24 ბრძანება და ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის 2002 წლის 5 აპრილის ¹78 მშენებლობის დაწყების ნებართვა; შპს “კ.-ს” დაევალა წარმოებული სამშენებლო სამუშაოების მოშლა და ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა თავისი სახსრებით.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “კ.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “კ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა _ ნ. მ.-ის, დ. ვ.-ის, დ. შ.-ის, ლ. გ.-ს, მ. კ.-ისა და ლ. ც.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მესამე პირების _ ნ. ბ.-ისა და ლ. თ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. თ.-მა და ნ. ბ.-მ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება, ასევე _ შპს “კ.-ს” სააპელაციო საჩივრის მიღების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, აგრეთვე, ნ. მ.-მა, ლ. ც.-მ, კ. ი.-მ და ლ. გ.-მ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. თ.-ისა და ნ. ბ.-ის, ასევე ნ. მ.-ის, ლ. ც.-ის, კ. ი.-ისა და ლ. გ.-ს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. თ.-ისა და ნ. ბ.-ის, ასევე ნ. მ.-ის, ლ. ც.-ის, კ. ი.-ისა და ლ. გ.-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ლ. თ.-სა და ნ. ბ.-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი. ამასთან, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით გადახდილი აქვთ, აგრეთვე, კასატორებს _ ნ. მ.-ს, ლ. ც.-ს, კ. ი.-სა და ლ. გ.-ს, რომელთაც ასევე უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. თ.-ისა და ნ. ბ.-ის, ასევე ნ. მ.-ის, ლ. ც.-ის, კ. ი.-ისა და ლ. გ.-ს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. ლ. თ.-სა და ნ. ბ.-ს დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. ნ. მ.-ს, ლ. ც.-ს, კ. ი.-სა და ლ. გ.-ს დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.