საქმე №ას-1389-2024 5 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ლ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ა–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ბ.ა–ვის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გ.ლ–ძესა (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) და მ.ა–ვას (შემდგომში - „მამკვიდრებელი“ ან „მოსარჩელის ბებია“) შორის 2020 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება; მოსარჩელე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე, ცნობილ იქნა გარდაცვლილი მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისში, .............კორპუსი 2, სადარბაზო 6, სართული 8, ბინა N122-ის (ს/კ N..........), ½ წილის მესაკუთრედ.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2020 წლის 18 აგვისტოს მოსარჩელის ბებიასა (სარჩენს) და მოპასუხეს (მარჩენალს) შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მარჩენალმა იკისრა ვალდებულება ჯეროვნად ერჩინა და მზრუნველობა გაეწია სარჩენისთვის, მთელი სიცოცხლის მანძილზე, გაეწია მატერიალური დახმარება (საკვები, წამლები, მკურნალობა), ხოლო სარჩენმა საკუთრებაში გადასცა მარჩენალს თავისი კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე თბილისში, ......., ბინა N122, ½ წილი). მარჩენალი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ;
2.2. სარჩენი გარდაიცვალა 2021 წლის 5 იანვარს;
2.3. მოსარჩელე არის გარდაცვლილის შვილიშვილი;
2.4. 2021 წლის 15 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სარჩენის სამკვიდრო ქონების მისაღებად.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 979.1, 1306.1, 1328.2, 1336.1 მუხლებით, 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსსკ-ის 180-ე მუხლით და მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის სსკ-ის 55-ე მუხლით [ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე] გათვალისწინებული წინაპირობები. კერძოდ, მითითებული მუხლი ადგენს მკაფიო კრიტერიუმს – განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებში ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებას. „ამ დროს მნიშვნელოვანია არა გარიგების შინაარსი, არამედ გარიგების დადების სახე. გარიგების დადების საფუძველია არა ინდივიდის ნამდვილი ნება, არამედ ხელშეკრულების მხარის მიერ „გარემოებათა ბოროტად გამოყენება“ (იხ. დ.კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009 წ., გვ. 354).
4. სააპელაციო პალატის მითითებით, მამკვიდრებელს სადავო ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება არ გამოუვლენია. მოპასუხემ ამ გარიგების დადებას მიაღწია გარემოებათა ბოროტად გამოყენებით. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე და მოსარჩელის ბებია მეზობლები იყვნენ. სწორედ ამ სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხემ შეძლო მოსარჩელის ბებიასთან დაახლოება და მისი ნდობის მოპოვება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ბებია იყო 83 წლის მოხუცი, რომელიც ძალიან განიცდიდა შვილის (მოსარჩელის მამის) გარდაცვალებას და თავის ბინაში მარტო დარჩენის ეშინოდა, ამიტომ დღისით ახლომდებარე ბაზარში ვაჭრობდა, ხოლო ღამის გასათევად ხშირად სტუმრობდა მეზობლებსა და ნათესავებს (იხ. მოწმეების - ვ.ე–სა (05.03.2024 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:24:01 წუთიდან) და ე.წ–ის (05.03.2024 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:42:23 წუთიდან) ჩვენებები). მოსარჩელის ბებიის ზემოხსენებული მდგომარეობით ისარგებლა მოპასუხემ და მასთან გააფორმა სადავო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ის გარემოება, რომ მოსარჩელის ბებიას სადავო გარიგების დადების ნამდვილი ნება არ გამოუვლენია, დასტურდება ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ, მათი განმარტებით, მოპასუხემ ბაზარში მდებარე თავის სასტუმროში (ტუალეტის მოლარედ) დაასაქმა მოსარჩელის ბებია (ეს ფაქტი დასტურდება, ასევე, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს გამომძიებლის მიერ 2022 წლის 9 აპრილს შედგენილი რეაგირების N1005112 ოქმით), რომელიც გამომუშავებულ თანხას უხდიდა მოპასუხეს ღამის გათევისა (ქირისა) და საჭმლის სანაცვლოდ, ხოლო, როცა ნაკლებს გამოიმუშავებდა, სხვაობას თავისი პენსიით ფარავდა (ხელშეკრულების დადების წინა დღეს მოსარჩელის ბებიის მიერ 1250 ლარის ოდენობით საპენსიო სესხის აღების ფაქტი დასტურდება ამონაწერით სს „ლ.ბ–ის“ საპენსიო ანგარიშიდან. იხ. ტომი I, ს.ფ. 211). მოწმე ვ.ე–ის ჩვენებით, მოსარჩელის ბებიას ეშინოდა, რომ მოპასუხე ქონებას წაართმევდა, კერძოდ, ამ მოწმის განმარტებით, აწ გარდაცვლილი აცხადებდა, რომ, თუ ქირისა და კვების ფულს არ გადაიხდიდა, მოპასუხე მას ქონებას წაართმევდა. ზემოხსენებული გარემოებები, პალატის მოსაზრებით, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის ბებია თავად ზრუნავდა საკუთარ თავზე, კერძოდ, მოპასუხის სასტუმროში მისვლამდეც დასაქმებული იყო და სასტუმროშიც თავად გამოიმუშავებდა საჭირო თანხას. შესაბამისად, დამაჯერებლობას არის მოკლებული მოპასუხის განმარტება, რომ ის ზრუნავდა მოსარჩელის ბებიაზე, ამ უკანასკნელმა კი, ზრუნვის სანაცვლოდ, საკუთარი ბინა საკუთრებაში გადასცა. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, აწ გარდაცვლილი მოწმესთან არ ისაუბრებდა მოპასუხის მხრიდან ბინის წართმევის საშიშროებაზე. სადავო გარიგების დადების მიზნით მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქცევა და ზემოხსენებულ გარემოებათა ბოროტად გამოყენება იმითაც დასტურდება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ აწ გარდაცვლილს ჰყავდა მემკვიდრე, რომელსაც მოპასუხე იცნობდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არც სადავო ხელშეკრულების დადებამდე და არც მას შემდეგ არცერთხელ არ უცნობებია მემკვიდრისათვის მამკვიდრებლის ნებისა და მასთან გარიგების დადების თაობაზე.
5. სააპელაციო სასამართლო ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებების შეჯერების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მოწმეები, რომლებიც აწ გარდაცვლილთან ახლოს ცხოვრობდნენ და, შესაბამისად, უფრო ხშირი, აქტიური კონტაქტი ჰქონდათ მასთან და მისი ოჯახის წევრებთან, ასახელებენ ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება და, ამასთან, შინაარსობრივად თანმიმდევრულად ასახავენ ისეთ მოვლენებს, რომლებიც გამორიცხავს სადავო გარიგების დადებისას მოსარჩელის ბებიის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენას. პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებს ვერ აბათილებს მოწმეების - ი.ჩ–ისა და ა.ე–ის ჩვენებები, რადგან ერთ-ერთი ამ მოწმეთაგან სადავო გარიგების დამმოწმებელი ნოტარიუსი და, შესაბამისად, საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, ხოლო მეორე მოწმე, მისივე განმარტებით, მოპასუხის კარგი ნაცნობია. გარდა ამისა, მათი ჩვენებები შინაარსობრივადაც ვერ აქარწყლებს იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზეც სხვა ორი მოწმე უთითებს და რომლებიც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან დგინდება, რომ სადავო გარიგების დადებისას სარჩენს ამ გარიგების დადების ნამდვილი ნება არ გამოუვლენია და, ამასთან, შესრულებულია სსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ბათილია. სადავო გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგი კი ის არის, რომ ამ გარიგების საფუძველზე მოპასუხისათვის გადაცემული ქონება უნდა დაუბრუნდეს სარჩენს ანუ სადავო ქონება უნდა შევიდეს მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში. ამასთან, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელემ (მამკვიდრებლის პირველი რიგის ერთადერთმა მემკვიდრემ) კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, ითვლება, რომ მან მიიღო სამკვიდრო სამკვიდროს გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1424-ე და 1451-ე მუხლები). მოცემულ შემთხვევაში სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, .........., სართული 8, ბინა N122-ის (ს/კ N.........), ½ წილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე, როგორც აწ გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრე, ცნობილი უნდა ყოფილიყო ზემოხსენებული ქონების მესაკუთრედ.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
8.1. სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება და ასევე, მოპასუხემ რატომ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სასამართლომ მითითებულ მტკიცებულებებს ცალმხრივი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეფასება მისცა და სრულყოფილად არ გამოიკვლია ისინი. საერთოდ არ არის შეფასებული 2022 წლის 13 აპრილის შსს-ს გამომძიებლის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმი;
8.2. სასამართლომ ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგება ბათილად სცნო მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდნენ;
8.3. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია შსს-ის გამომძიებლის 2022 წლის 13 აპრილის რეაგირების ოქმში თავად მოსარჩელის განცხადებას, რომ „წყევლა-კრულვით“ დავშორდით ერთმანეთსო ანუ შვილიშვილს ბებია სახლიდან ჰყავდა გამოგდებული, არ უშვებდა შინ, ამყოფებდა ქუჩაში და მხოლოდ მოპასუხის მიერ გამოჩენილი გულისხმიერების შედეგად მიიღო მოხუცმა თავშესაფარი, საკვები, წამლები და ოჯახური სითბო;
8.4. მოპასუხისთვის ცნობილი იყო, რომ სარჩენს ჰყავდა შვილიშვილი, მაგრამ ისიც ცნობილი იყო, რომ ის სახლში არ უშვებდა მოხუცს, რასაც ფაქტიურად არც უარყოფს მოსარჩელე პოლიციასთან გასაუბრებისას;
8.5. სარჩენს სიცოცხლეში არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია მარჩენალის მიმართ, ხოლო სასამართლომ ორი მოწმის ჩვენების საფუძველზე ბათილად სცნო ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება და ამის მთავარი მოტივი იყო სასტუმროში სარჩენის სავარაუდო დასაქმება. როდის არის სამსახურში დასაქმება უფლების დარღვევა და არასათანადო მოპყრობა? მოხუცის სასტუმროში მუშაობა სარჩენის უფლებების დარღვევას არ წარმოდგენს;
8.6. ამასთან, საყურადღებოა, რამ აიძულა შვილმკვდარი მოხუცი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება გაეფორმებინა? ვინაიდან მოსარჩელეს ჰყავდა გამოგდებული მოხუცი სახლიდან, სარჩენმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმება მოპასუხესთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ დადებდა მას;
8.7. სარჩენი ცხოვრობდა მოპასუხის სასტუმროში, უზრუნველყოფილი იყო სრულად, ხელშეკრულების დადებისას გამოხატა ნამდვილი ნება. როდესაც შეეყარა კოვიდის ვირუსი, მკურნალობის დროს იმყოფებოდა მოპასუხის ყურადღების ქვეშ, დაკრძალვის, სასახლის ხარჯები გაიღო სრულად მოპასუხემ. შვილიშვილი არ უშვებდა საცხოვრებელ ბინაში. მოხუცი - სარჩენი იძულებული იყო ღამე გაეთენებინა ნათესავებთან, ხოლო მოსარჩელის მტკიცება, რომ შვილის გარდაცვალების შემდგომ არ უნდოდა სახლში ყოფნა, არასწორია და მოკლებულია საღ აზრს. სარჩენი ცხოვრებას აგრძელებდა ფაქტიურად კორპუსის წინ მდებარე სასტუმროში, სადაც იღებდა ღირსეულ დახმარებას და მხარდაჭერას;
8.8. სასამართლომ არ გაითვალისწინა ოფიციალური პირის - ნოტარიუსის ჩვენება, რომელსაც მთელი რიგი სამართლებრივი შედეგები მოჰყვა, ხელშეკრულების დადება, დამოწმება, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და მხოლოდ მოწმის - ვ.ე–ის ადვოკატის მიერ წინასწარ დაბეჭდილი ჩვენების შესაბამისად გააბათილა ხელშეკრულება. ასევე, თუ ბებიას ეშინოდა, მოპასუხეს მისთვის ბინა არ წაერთმია, რას აკეთებდა ამ დროს მისი შვილიშვილი, რატომ არ გააუქმებინა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება?
8.9. მამკვიდრებლის ე.წ. „დასაქმება“ არ დასტურდება რაიმე სახის არსებითი მტკიცებულებით. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ვ.ე–ის წინასწარ დაბეჭდილ ლიტერატურულ ქართულ ენაზე არსებულ ჩვენებას. მოწმე არ არის ქართველი და მას არ შეუძლია გამართული ლიტერატურული ქართულით წერა. იგი არის მეზობელი (მგონი მოსარჩელის ნათესავიც) და მას წინასწარ დაბეჭდილი სახით მიუტანეს მისი „ჩვენება“, სთხოვეს დახმარება, რაც მან შეასრულა კიდეც, თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი მის არასანდოობაზე მეტყველებს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველზე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის კანონიერება.
15. პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით) [სსკ-ის 941-ე მუხლი].
16. საკასაციო პალატის განმარტებით, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ქონების გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებს (ამ ხელშეკრულებებს მიეკუთვნება აგრეთვე ნასყიდობა, ჩუქება, სესხი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) და ამით განსხვავდება სამუშაოს შესრულების (ნარდობა), მომსახურების გაწევის (დავალება, შუამავლობა და სხვ.) და სადამფუძნებლო ხელშეკრულებებისაგან (ერთობლივი საქმიანობის - ამხანაგობის ხელშეკრულება). სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ხდება განსაზღვრული ქონების გადაცემა საკუთრებაში. ამით იგი განსხვავდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებისაგან (იჯარა, ქირავნობა და სხვ.). სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებით, ძირითადად იგი იდება იმ შემთხვევებში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო, ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებას და საჭიროებს მოვლას. იგი დებს ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც ამ მოვლისა და დახმარების სანაცვლოდ გადასცემს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას (სარჩენის საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ნივთები). სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არის ვადიანი, მაგრამ ვადა, როგორც წესი, კალენდარული თარიღით კი არ განისაზღვრება, არამედ სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით. თუმცა ხელშეკრულებით შეიძლება სხვა რამეც იყოს გათვალისწინებული ანუ მარჩენალი და სარჩენი შეთანხმდნენ კონკრეტულად განსაზღვრულ დროზე, რომლის განმავლობაშიც მარჩენალი კისრულობს სარჩენისათვის სარჩოს გადახდას. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი სასყიდლიანი ხასიათია, რადგან მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით. ამით სამისდღეშიო რჩენა განსხვავდება ჩუქების ხელშეკრულებისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-178-167-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).
17. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ურთიერთობათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა სუბიექტურ განწყობას სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. ერთ შემთხვევაში, ეს არის სარჩენის სურვილი, მის საკუთრებაში არსებული ქონება (ამ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი) განკარგოს იმდაგვარად, რომ უზრუნველყოს თავისთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა; იყოს უზრუნველყოფილი ცხოვრების სათანადო პირობებით, ჯანსაღი და აუცილებელი კვების პროდუქტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისათვის სავალდებულო მედიკამენტებით, სათანადო ადამიანური ყურადღებით და სხვა. ერთი სიტყვით, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადებას, უმეტესწილად, სწორედ სარჩენი პირის მოლოდინი განაპირობებს, რომ მარჩენალად არჩეული პირისათვის გარკვეული ქონებრივი შეღავათის მინიჭების შედეგად, იგი სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული ცხოვრების პირობებით. ფაქტობრივად, ეს მიზანი განაპირობებს სარჩენის მიერ ქონების განკარგვას ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში. თავის მხრივ, ამგვარი სახელშეკრულებო ბოჭვა მარჩენალისათვისაც წარმოშობს პოზიტიურ სამართლებრივ შედეგს. იმ ვალდებულებების პარალელურად, რომელთა შესრულებასაც იგი კისრულობს სარჩენის წინაშე მისი რჩენის ვალდებულების თავისთავზე აღებით, მარჩენალი, საბოლოო ჯამში, ურთიერთობის ნორმალური განვითარების პირობებში, მის მიერ გაწეული ხარჯის თუ სხვა ადამიანური რესურსის გაღების საკომპენსაციოდ, სარჩენის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვებს სრულ უფლებას, შეუზღუდავ საკუთრების უფლებას სარჩენის ქონებაზე. საგულისხმოა, რომ მატერიალური კეთილდღეობის გარდა, სამისდღეშიო რჩენა ადამიანურ ღირებულებებსაც უკავშირდება, როგორიცაა კონტრაჰენტებს შორის ნდობა, პატივისცემა, მადლიერების განცდა, ურთიერთობის სურვილი, კეთილგანწყობა და სხვა. ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის ნორმალური განვითარება მეტწილად დამოკიდებულია კონტრაჰენტის პიროვნების სწორ შერჩევაზე, მასთან არსებულ სულიერ კავშირზე. ამიტომაც რისკი, რომელიც თან ახლავს სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობებს, ერთდროულად ორ ასპექტში ვლინდება: ვალდებულების არაჯეროვანი ან საერთოდ შეუსრულებლობა და ადამიანური შეუთავსებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1205-1125-2017, 24 ნოემბერი, 2017 წელი).
18. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი იურიდიული თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ის აღჭურვილია ალეატორული ნიშან-თვისებებით. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში უცნობ მოვლენას წარმოადგენს ვადის ამოწურვა, ვალდებულების შესრულების შეწყვეტა ერთ-ერთი მხარის მიერ. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ატარებს ალეატორულ ხასიათს, რამდენადაც მისი შედეგი მხოლოდ ხელშეკრულების დასრულებისას ხდება ცნობილი, რომლის შემდეგაც შესაძლოა დადგინდეს, რომ ხელშეკრულება ერთი მხარისათვის სარგებლის, ხოლო მეორისათვის - ზარალის მომტანი აღმოჩნდა (იხ. ბესიკი ტეტელოშვილი, „სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება - წარმოშობის საფუძვლები და მხარეთა უფლება - მოვალეობანი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიმართება მისი მოწესრიგების თანამედროვე ტენდენციებთან)“, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი, თბილისი, 2021, გვ. 56-58). პრობლემურ საკითხს წარმოადგენს გადაჭარბებული სახსრების რისკი, ანუ რისკი იმისა, რომ მარჩენალისათვის გადაცემული ქონება ვერ დაფარავს გაღებულ ხარჯებს ან პირიქით, გადაცემული ქონება ბევრად მეტი აღმოჩნდება გადახდილ სარჩოსთან შედარებით (Spigel, Die vertaglich begründete Leibrente – Untersuchung zum deutschen im Verglaich zum französischen und österreichischen Recht, Passau,Univ., Diss.,2014, S. 264.; Schneider, Kalkulation von Lifetime bzw.Reverse Mortgages – Eine kritische Analyse am Beispil des Us-amerikanischen Home Equity Conversion Mortgage (HECM) – Modells, Wiesbaden, 2009, S.119-121, მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის ელექტრონულ კომენტარში, https://gccc.tsu.ge/, ზურაბ ძლიერიშვილი, გვ. 15, ველი 44, ბოლო დამუშავება: 2 ივლისი, 2022).
19. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით, რაც არ ხასიათდება გადასაცემი ქონების ეკვივალენტურობით. სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვანად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას (რაც აიხსნება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზე შეთანხმდნენ) (იხ. სუსგ საქმე №ას-1009-1268-04, 24 მარტი, 2005წ).
20. დადგენილია, რომ 2020 წლის 18 აგვისტოს მოსარჩელის ბებიასა (სარჩენს) და მოპასუხეს (მარჩენალს) შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მარჩენალმა იკისრა ვალდებულება ჯეროვნად ერჩინა და მზრუნველობა გაეწია სარჩენისთვის, მთელი სიცოცხლის მანძილზე, გაეწია მატერიალური დახმარება (საკვები, წამლები, მკურნალობა), ხოლო სარჩენმა საკუთრებაში გადასცა მარჩენალს თავისი კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე თბილისში, ........., სადარბაზო 6, სართული 8, ბინა N122, ½ წილი). მარჩენალი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ. სარჩენი გარდაიცვალა 2021 წლის 5 იანვარს. მოსარჩელე არის გარდაცვლილის შვილიშვილი. 2021 წლის 15 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სარჩენის სამკვიდრო ქონების მისაღებად (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი).
21. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ბათილად ცნო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. კასატორი მიიჩნევს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება მამკვიდრებლის ნამდვილ ნებას შეესაბამებოდა და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.
22. სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
23. იურიდიული დოქტრინის თანახად, 55-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა არის გარიგების მხარეებს შორის განსაკუთრებული ნდობის არსებობა. თუ კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიხატებოდეს განსაკუთრებული ნდობა, კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია (იხ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, გვ. 325). განსაკუთრებულ ნდობაზე დამყარებულად შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთობანი მშობლებსა და შვილებს შორის, ექიმსა და პაციენტს შორის, ადვოკატსა და კლიენტს შორის, საკუთრების მიმნდობსა და მინდობილ მესაკუთრეს შორის, სულიერ მოძღვარსა და ნებისმიერ პირს შორის და ა.შ.; ამ ურთიერთობათა ამომწურავი ჩამოთვლა შეუძლებელია. იმისათვის, რომ გაირკვეს, აქვს თუ არა მას ადგილი, საჭიროა გაირკვეს ყველა გარემოება (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2002, გვ. 185).
24. დადგენილია, რომ მოპასუხე და მოსარჩელის ბებია მეზობლები იყვნენ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ ამ სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხემ შეძლო მოსარჩელის ბებიასთან დაახლოება და მისი ნდობის მოპოვება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამეზობლო ურთიერთობა თავისთავად ვერ იქნება შეფასებული განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობად, უფრო კონკრეტულ გარემოებებზე კი სააპელაციო სასამართლო არ უთითებს, რის გამოც ამ ნაწილში გადაწყვეტილება საკმარისად დასაბუთებული არ არის.
25. სსკ-ის 55-ე მუხლით დადგენილია ასევე მეორე წინაპირობა – განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებში ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენება. „ამ დროს მნიშვნელოვანია არა გარიგების შინაარსი, არამედ გარიგების დადების სახე. გარიგების დადების საფუძველი არის არა ინდივიდის ნამდვილი ნება, არამედ ხელშეკრულების მხარის მიერ „გარემოებათა ბოროტად გამოყენება“ (იხ. კერესელიძე, უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, გარემოებათა ბოროტად გამოყენება, გვ. 354) (იხ. სუსგ საქმე №ას-1741-2019, 28 ივლისი, 2020 წელი).
26. სააპელაციო სასამართლო უთითებს შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელის ბებია იყო 83 წლის მოხუცი, რომელიც ძალიან განიცდიდა შვილის (მოსარჩელის მამის) გარდაცვალებას და თავის ბინაში მარტო დარჩენის ეშინოდა, ამიტომ დღისით ახლომდებარე ბაზარში ვაჭრობდა, ხოლო ღამის გასათევად ხშირად სტუმრობდა მეზობლებსა და ნათესავებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის ბებიის ზემოხსენებული მდგომარეობით ისარგებლა მოპასუხემ და მასთან გააფორმა სადავო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
27. საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოების დადგენისას საერთოდ არ შეაფასა 2022 წლის 13 აპრილის რეაგირების ოქმი.
28. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს გამომძიებლის მიერ 2022 წლის 13 აპრილს შედგენილ რეაგირების ოქმში №1005017, რომელიც საქმეშია განთავსებული, თავად მოსარჩელე განმარტავს შემდეგს: 2018 წელს გ.ა–ვის გარდაცვალების შემდგომ მ.ა–ვამ გამოთქვა სურვილი, რომ მას უნდოდა ჩაეთვალა, მისი შვილი არ იყო გარდაცვლილი, რომ გ.ა–ვი წავიდა საზღვარგარეთ, ბინაში ცხოვრება მის გარეშე გაუჭირდებოდა და იგი გადავიდოდა საცხოვრებლად მის ნათესავთან წყნეთთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში, რომლის მისამართი ბ.ა–ვასათვის დღემდე უცნობია. წელიწადნახევარი მ.ა–ამ დაჰყო მისი განმარტებით ნათესავთან, პერიოდულად 3 თვეში ერთხელ ჩამოდიოდა კორპუსის ეზოში და ნახულობდა მეზობლებს და საცხოვრებელ ბინაში ამოსვლისას კითხულობდა ბ.ა–ვას მდგომარეობას. შეკითხვაზე ბ.ა–ვს თავად თუ უნახავს ნათესავთან მისვლით მ.ა–ვა - განმარტავს, რომ მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი ჰქონდათ მათ იმ შემთხვევაში, თუ თავად მ.ა–ვა დაუკავშირდებოდა ბ. ა–ს. თუ სად იმყოფებოდა მ.ა–ვა წლების განმავლობაში, ბ. ა–მა განმარტა, რომ, როგორც მისთვის ბებიასგან იყო ცნობილი, მისი ბაბუის - რაჩიკ ა–ის ნათესავები, რომლებიც ცხოვრობდნენ წყნეთის ერთ-ერთ სოფელში მისი სურვილით წავიდა და დაჰყო გარკვეული პერიოდი, თუმცა პერიოდსაც ვერ ასახელებს. დაახლოებით იქნებოდა 2019 წლის ოქტომბრის თვე, როდესაც მ.ა–ვა მივიდა მასთან საცხოვრებელ ბინაში და სთხოვა 10 000 აშშ დოლარი ე.წ. დასამარხი თანხა, რაზედაც უარი განუცხადა ბ.ა–ვმა, თუმცა შესთავაზა რამოდენიმე ვარიანტი, თუ ბებია გაყვებოდა მას სანოტარო ბიუროში, სადაც დადებდა პირობას, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში იგი პირადად აიღებდა მისი დაკრძალვის ხარჯებს თავის თავზე, დამატებით იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ აღნიშნულ ბინაში ცხოვრება იყო მისთვის პრობლემა, ერთობლივად გაესხვისებინათ ბინა, რადგან იყვნენ თანამესაკუთრეები და გადასულიყვნენ სხვა ბინაში ერთად საცხოვრებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მ.ა–ვას ბ.ა–ვსა და დედის - მ. ა–ასთან ერთად თანაცხოვრება არ სურდა, მაინც ერთობლივად გაეყიდათ საცხოვრებელი ბინა, საიდანაც დარჩენილი თანხით უგირავებდა ცალკე ბინას და იცხოვრებდნენ ცალკე, თუმცა მისი ყურადღების ქვეშ, მათთან ახლოს. არცერთი შეთავაზება მისთვის არ იყო მისაღები. მ.ა–ვამ მოთხოვა ერთიანი თანხა 10 000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში. სანოტარო ბიუროში წასვლაზე განუცხადა კატეგორიული უარი და კვლავ განაგრძო ცხოვრება მათგან დამოუკიდებლად. ბ.ა–ვის შეკითხვაზე მ.ა–ვას მისი ნათესავები ხომ არ აიძულებდნენ თანხის მოთხოვნას, ბებიამ უპასუხა, რომ მას არანაირი სახის თანხას არ სთხოვდნენ. თუმცა განმარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი 1000 ლარი ესაჭიროებოდა სასწრაფოდ ვალების გასასტუმრებლად, ვინაიდან შეიძინა წამლები, რაზეც დააკლდა თანხა და ისესხა ფული, თუ ვისგან ისესხა, არ დაუსახელებია, აცხადებდა, რომ უნდა დაებრუნებინა ვალი სავარაუდოდ ნათესავებისთვის. ბ.ა–ვს იმ პერიოდში არ ჰქონდა თანხა და დახმარება ბებიასთვის არ გაუწევია. თუმცა გარკვეულ პერიოდში შეხვედრისას მან გადასცა ბებიას სხვადასხვა დროს - 100 ლარი, 250 ლარი და 500 ლარი ოდენობით თანხა, საერთო ჯამში - 850 ლარის სახით მისი საჭიროებებისთვის. აღნიშნულ პერიოდში მას ასევე ჰქონდა პენსია, რასაც განკარგავდა თავად. მ.ა–ვამ მიმართა პოლიციას განცხადებით, თანხების მოთხოვნის შესახებ. მ.ა–ვა სულ რამოდენიმეჯერ იყო მისული მასთან ბინაში კვლავ „დასამარხი თანხის“ მოთხოვნებით. უარის შემთხვევაში იგი ბ.ა–ვს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან ბ.ა–ვი უხსნიდა, რომ მამის ჯანმრთელობისა და ასევე საფლავის გაკეთებისთვის აღებული ბანკის ვალების გამო იგი ვერ აკმაყოფილებდა მ.ა–ვას სურვილებს, რასაც ვერ აგებინებდა, რომ თუ რაიმე საკითხის დათმობაზე არ წავიდოდა მ.ა–ვა, თანხას ვერსაიდან ვერ მოაწვდიდა მას. ამიტომ „წყევლა-კრულვით“ დაშორდნენ ერთმანეთს 2020 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში მ.ა–ვა და ბ.ა–ვი. 2021 წლის 5 იანვარს ბ. ა–ის საკონტაქტო ნომერზე ... დაუკავშირდა გ.ლ–ძე - გ.ლ–ძის შვილი, რომელმაც შეატყობინა, რომ ბებია - მ.ა–ვა გარდაიცვალა კორონოვირუსით, იგი ეძებდა ბაბუის - რა. ა–ის საფლავს კუკიის სასაფლაოზე და ვერ აგნებდა, რაშიც სთხოვა დახმარებოდა. დაახლოებით 18:30 საათზე ბ.ა–ვმა აჩვენა საფლავი...გ.ლ–ძეს და მის მამას გ.ლ–ძეს არ უთქვამთ, რომ მ.ა–ვა ცხოვრობდა მათთან სასტუმროში, მხოლოდ გარდაცვალების შემდგომ აგრარულ ბაზარში მომუშავე პირებისგან გახდა ბ.ა–ასთვის ცნობილი, რომ მ.ა–ვა ღამეს ათევდა სასტუმროში და თან მუშაობდა მოვაჭრეთათვის განკუთვნილ საპირფარეშოს შესასვლელში და იღებდა საპირფარეშოსთვის განკუთვნილ გადასახად თანხას (იხ. ტ. 1. ს.ფ. 200-202).
29. მოსარჩელის ზემოაღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის სარჩელში მითითებულ გარემოებასთან: 84 წლის მოხუცს მისი მეუღლის და შვილის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც ის სახლში ღამეს იშვიათად ათენებდა, ამიტომ მოსარჩელე იძულებული იყო ყოველთვიურად მისთვის ქირის თანხა გადაეხადა და ამ გზით ეზრუნა მოხუცის ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაზე ისე, რომ მოხუცი ზედმეტად არ გაეღიზიანებინა. მ.ა–ვა ყოველი თვის ბოლოს მიდიოდა ოჯახში შვილიშვილთან და მისგან მიჰქონდა ქირის თანხა 200 ლარი, ოჯახიც მშვიდად იყო, რადგან იცოდა მისი ბებია იმყოფებოდა სასტუმროში. მოპასუხე კი ამ დროს დუმდა და არაფერს ამბობდა ფარული გარიგების შესახებ. მოსარჩელე ვერ წარმოიდგენდა, რომ იმ სასტუმროში, სადაც მოხუცს არანაირი პირობები არ ჰქონდა და იხდიდა ქირის თანხას ღამის გათენების სანაცვლოდ, მოპასუხე მის ქონებას ფორმალური მომსახურების სანაცვლოდ წაართმევდა ოჯახის გაუფრთხილებლად (იხ. ტ. 1. ს.ფ. 38).
30. საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2020 წლის 26 ივლისს შედგენილი რეაგირების ოქმი, რომლის თანახმად, რეაგირების ადგილია (მისამართი): ქ. თბილისი, გლდანის მ/რ 1, კორ. 2-ის მიმდებარედ; ფაქტობრივი გარემოებები (არსი): გამოგვიძახა მოქ: მ.ა–ვიმ, დაბ: 1936წ, რომელმაც გაგვიცხადა, რომ მის შვილიშვილ ბ.ა–ვისთან, დაბ: 1992წ, ბინასთან დაკავშირებით ჰქონდა დავა. ჩვენ ავუხსენით, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართოს სასამართლოს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 141-143).
31. საქმეშია განთავსებული ასევე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს გამომძიებლის 2022 წლის 9 აპრილს შედგენილი რეაგირების ოქმი №1005112, რომელშიც მოპასუხე განმარტავს შემდეგს: დაახლოებით 19-20 წელია, რაც იცნობდა მ.ა–ვას, რომელიც სისტემატიურად შვილის გარდაცვალებამდეც კორპუსის წინ სადარბაზოსთან დღემდე გარე მოვაჭრეების თავშესაფარი, რაც ე.წ. ქოლგის ქვეშ ატარებდა მთელ დღეს, ხან ქირით გლდანის 1 მ/რ 1 კორპუსის პირველ სართულზე კერძო სადღეღამისო ბინაში, როდესაც ჰქონდა თანხა 5 ლარის საფასურად ათევდა ღამეს. იმ შემთხვევაში, თუ თანხა არ ჰქონდა, პერიოდულად მიდიოდა თბილისთან ახლოს გარეუბანში მის ნათესავებთან, რომელთა მისამართი ან ვინაობა მისთვის უცნობია... შემდგომ მ.ა–ვა აგრძელებდა ჩვეულებისამებრ ქუჩაში ცხოვრებას, თუმცა მისი მდგომარეობა ვიზუალურად უარესდებოდა, ამავდროულად ჰქონდა ადგილი საპატრულო პოლიციის გამოძახებას მ.ა–ვას მხრიდან, რასაც თავად შეესწრო და მისთვის გახდა ცნობილი, რომ შვილიშვილს - ბ.ა–ვასა და მ.ა–ვას შორის მიმდინარეობდა ბინის საკითხზე დავა, რადგან ბელა უქმნიდა პირობებს, რომ ბინაში მარგუშა არ შესულიყო, სთხოვდა მისი წილი გადაეფორმებინა, რის შემდეგაც გადასცემდა მოთხოვნილ თანხას, რაშიც მარგუშას ეპარებოდა ეჭვი, რომ ბელა მას თანხას აღარ მისცემდა და სულ ჩხუბობდნენ აღნიშნულზე. ხშირად გ. ლომთაძეს მიჰქონდა მ.ა–ას თხოვნით პატარა ზომის „თურქული“ წარმოების გაზის ბალონი, სადაც იგი ამზადებდა ღია ცის ქვეშ სადილს და მთელ დღეს აღნიშნულ ადგილზე ატარებდა წელიწადის ყველა დროს. ბოლო ხანს დაახლოებით 2019 წელს მ.ა–ვამ პირად საუბარში გ.ლ–ძეს სთხოვა გვერდში დასდგომოდა, რაც გამოიხატებოდა მისი მხრიდან სხვა სახის დახმარებებში, მაგალითად, როდესაც იგი...ყოველდღიურ სასტუმროს გადასახადს 555-7 ლარსაც ვეღარ იხდიდა ღამის გასათევად, რაშიც პირადად დახმარებია გ.ლ–ძე, მას ერიდებოდა ნათესავებთან წასვლა ღამის გასათევად, რადგან ხშირად ტაქსის საფასურსაც ვერ იხდიდა, შესთავაზა მასთან ბინაში ღამის გათენება, როგორც ყოფილმა მეზობელმა და ნაცნობმა, თუმცა სისტემატიურად იგი ვერ დაუთმობდა მის საცხოვრებელ ბინას, რადგან ჰყავს შვილი და შვილიშვილი, მის საცხოვრებელ ბინის გვერდით ოთახში აწარმოებს ოჯახურ სასტუმროს, სადაც მ.ა–ვას დართო ნება თანხის უქონლობის შემთხვევაში ღამე გაეთენებინა. 2020 წელს მ.ა–ვა შეწუხებული მივიდა მასთან და სთხოვა, რომ იგი გ. ლომთაძის ვალიდან ვერასოდეს ვერ ამოვიდოდა, ვინაიდან მ.ა–ას შვილიშვილი დღემდე არ მოსულა გონს, მას სურვილი ჰქონდა მისი წილი გადაეფორმებინა მისთვის...აღნიშნული ხელშეკრულების შედგენის დღიდან მ.ა–ამ დაიწყო მათთან ერთად თანაცხოვრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის 1 მ/რ, კარტოგრაფიის შენობაში მდებარე ლია დათუკიშვილის სახელზე რეგისტრირებული „მინი“ სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში პირველ სართულზე, რადგან მისთვის უფრო მოსახერხებელი იყო, უჭირდა გადაადგილება და სისტემატიურად უყვარდა ჰაერზე გასეირნება ახლომახლო მიდამოში, ხშირად ურთიერთობდა მეზობლებთან და აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებთან... გ.ლომთაძემ მისი მხრიდან აგრარულ ბაზარში არსებულ „საპირფარეშოს“ სასტუმროში შესვლა-გასვლას და თანხის მიღებაზე კონტროლი დაავალა მხოლოდ იმის გამო, რომ მას ჰქონოდა საქმე და ყოფილიყო უფრო მობილიზებული, რადგან მისი მხრიდან ჩაეთვალა, რომ მუშაობდა და გამოიმუშავებდა გარკვეულ თანხას. გ.ლომთაძის კუთვნილ ბინაში მ.ა–ა ხელშეკრულების დადებამდე ცხოვრობდა 4 თვის მანძილზე და მას შემდგომ ... (იხ. ტ. 1.ს.ფ. 197-199).
32. სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. თითოეული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებზე საუბარი. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი მოიცავს თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას დამოუკიდებლად.
34. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. კანონი არ ახარისხებს მტკიცებულებათა სახეებს სანდოობის ხარისხის მიხედვით. მტკიცებულების ყველა სახე თანაბარი რანგისაა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით. თუმცა, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა ედოს მტკიცებულებათა ობიექტური და სრული განხილვა. შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად თავად წყვეტს, თუ რომელი მტკიცებულებაა სარწმუნო და რომელ მათგანს უნდა დაეყრდნოს იგი. მტკიცებულების შეფასების მთავარი კრიტერიუმი ობიექტურობაა. მტკიცებულება ობიექტურად უნდა ასახავდეს ამა თუ იმ მოვლენას, ან/და ადასტურებდეს ამა თუ იმ ფაქტის არსებობას. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ობიექტურად, ყოველი გონიერი ადამიანი ერთსა და იმავე დასკვნამდე უნდა მიდიოდეს. მტკიცებულების შეფასების მიზნებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა მის სანდოობას (სარწმუნოობას) ენიჭება. მტკიცებულების სანდოობა განაპირობებს მოსამართლის დარწმუნების ალბათობის ხარისხს. რაც უფრო სანდოა მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა, მით უფრო მაღალია აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების ლეგიტიმაციაც (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 544-545).
35. საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა, რომ სწორედ ოჯახში არსებული უთანხმოება იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც მამკვიდრებელი იძულებული გახდა გარეთ ეძებნა თავშესაფარი. 2022 წლის 13 აპრილს შედგენილი რეაგირების ოქმიდან ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ შვილიშვილისთვის უცნობი იყო, თუ სად ათევდა ღამეს საკუთარი ბებია - 80 წელს გადაცილებული მოხუცი 2020 წლის აგვისტოს თვიდან 2021 წლის იანვრამდე.
36. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ძირითადად იდება სწორედ იმ შემთხვევებში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო ანდა ესაჭიროება მოვლა, დახმარება, სათანადო ადამიანური ყურადღება და ა.შ.; იგი დებს ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც ამ მოვლისა და დახმარების სანაცვლოდ გადასცემს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას. შესაბამისად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების თავისებურებიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს ისეთი გარემოებები, რაც აიძულებს სარჩენს გააფორმოს აღნიშნული ტიპის ხელშეკრულება. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მსგავს ცხოვრებისეულ სიტუაციაში მამკვიდრებელს დაედო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
37. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ბებიას სადავო გარიგების დადების ნამდვილი ნება არ გამოუვლენია, რის დასადასტურებლადაც პალატა უთითებს შემდეგ გარემოებებს: მოპასუხემ ბაზარში მდებარე თავის სასტუმროში (ტუალეტის მოლარედ) დაასაქმა მოსარჩელის ბებია, რომელიც გამომუშავებულ თანხას უხდიდა მოპასუხეს ღამის გათევისა (ქირისა) და საჭმლის სანაცვლოდ, ხოლო, როცა ნაკლებს გამოიმუშავებდა, სხვაობას თავისი პენსიით ფარავდა; მოსარჩელის ბებიას ეშინოდა, რომ მოპასუხე ქონებას წაართმევდა, კერძოდ, აწ გარდაცვლილი აცხადებდა, რომ, თუ ქირისა და კვების ფულს არ გადაიხდიდა, მოპასუხე მას ქონებას წაართმევდა. ზემოხსენებული გარემოებები, პალატის მოსაზრებით, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის ბებია თავად ზრუნავდა საკუთარ თავზე, კერძოდ, მოპასუხის სასტუმროში მისვლამდეც დასაქმებული იყო და სასტუმროშიც თავად გამოიმუშავებდა საჭირო თანხას. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ის ზრუნავდა მოსარჩელის ბებიაზე. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, გარიგების დადების მიზნით მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქცევა და ზემოხსენებულ გარემოებათა ბოროტად გამოყენება იმითაც დასტურდება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ აწ გარდაცვლილს ჰყავდა მემკვიდრე, რომელსაც მოპასუხე იცნობდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არც სადავო ხელშეკრულების დადებამდე და არც მას შემდეგ არცერთხელ არ უცნობებია მემკვიდრისათვის მამკვიდრებლის ნებისა და მასთან გარიგების დადების თაობაზე.
38. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-620-592-2016, 6 მარტი, 2017 წელი).
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარიგების ბათილობა სახეზეა, თუ თავად გარიგება არის დადებული გავლენის/გარემოებათა ბოროტად გამოყენებით ანუ, რომ არა გავლენის/გარემოებათა ბოროტად გამოყენება, გარიგება არ დაიდებოდა. სააპელაციო სასამართლო კი უთითებს გარიგების დადების შემდგომ მოქმედებებზე, რაც სსკ-ის 55-ე მუხლის რეგულირების ფარგლებს გარეთ გადის. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 55-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები შესრულებული არ არის და არ არსებობს სადავო გარიგების ბათილობის საფუძველი.
40. ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებები, მათი დამტკიცებულად მიჩნევის შემთხვევაში, ადასტურებს არა იმას, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება დადებულია გავლენის/გარემოებათა ბოროტად გამოყენებით, არამედ იმას, რომ მოპასუხე არღვევდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც წარმოადგენს არა ხელშეკრულების ბათილად ცნობის, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს.
41. სსკ-ის 949.1 მუხლის თანახმად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.
42. ამდენად, კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, დადგენილი საფუძვლების არსებობისას ცალმხრივად განაცხადონ უარი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში კი წარმოდგენილია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი, მათ შორის, მარჩენალის მიერ ნაკისრი რჩენის ვალდებულების დარღვევის საფუძვლით, თუმცა, უდავოა, რომ სარჩენს არ მიუმართავს სასამართლოსათვის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, რაც ამ საფუძვლით სარჩელის უარსაყოფად სრულიად საკმარისია. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო მაინც გაამახვილებს ყურადღებას იმ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ის გარემოება, რომ მარჩენალი არ ზრუნავდა მოსარჩელის ბებიაზე - სარჩენზე.
43. სააპელაციო პალატის მიერ სადავო გარემოება დადგენილია საქმეზე დაკითხული ორი მოწმის ჩვენებისა და სს „ლ.ბ–ის“ საპენსიო ანგარიშიდან ამონაწერის საფუძველზე.
44. სსსკ-ის 140.1. მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. საკასაციო პალატის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვის არის დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-1698-1592-2012, 2 ივნისი, 2014 წელი).
45. განსახილველ შემთხვევაში მოწმეები მოსარჩელის მეზობლები არიან და მხოლოდ მათ ჩვენებებზე დაყრდნობით სადავო გარემოების დადგენა საკასაციო პალატას საკმარისად არ მიაჩნია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა რაიმე სათანადო და რელევანტური მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად არ არსებობს. მართალია, სს „ლ.ბ–ის“ საპენსიო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება ხელშეკრულების დადების წინა დღეს მოსარჩელის ბებიის მიერ 1250 ლარის ოდენობით საპენსიო სესხის აღების ფაქტი, თუმცა, აღნიშნული ფაქტი არ ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელის ბებია გამომუშავებულ თანხას უხდიდა მოპასუხეს ღამის გათევისა (ქირისა) და საჭმლის სანაცვლოდ და ნაკლები თანხის გამომუშავებისას სხვაობას თავისი პენსიით ფარავდა, რაზეც მიუთითებს სააპელაციო სასამართლო.
46. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო, სარწმუნო და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიერ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი.
47. ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 55-ე მუხლი [სსსკ-ის 393.2 მუხლი: სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი (მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი (მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები), რაც ამ განმარტებების მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობით გამოიხატება] და ამასთან, სსსკ-ის 105-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვის წესის დარღვევით დაადგინა სადავო გარემოებები.
48. სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ასევე იმსჯელებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ, სადავო გარიგების ბათილობის სხვა საფუძვლებზეც.
49. მოსარჩელე სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნამდვილობას სადავოდ ხდის მოტყუების საფუძვლით [სსკ-ის 81-ე მუხლი: თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად].
50. საკასაციო პალატის განმარტებით, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი; სუსგ საქმე №ას-620-592-2016, 6 მარტი, 2017 წელი). ამასთან, მხარემ, რომელიც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა, არსებითობა და მიზეზობრივი კავშირი მოტყუებასა და ნების გამოვლენას შორის (იხ. სუსგ საქმე №ას-1324-2024 , 13 დეკემბერი, 2024 წელი).
51. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არც კი მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც სადავო გარიგების მოტყუებით დადებულად მიჩნევის პრეზუმფციას შექმნიდა და არც რაიმე სათანადო მტკიცებულება წარუდგენია, რაც გარიგების მოტყუებით დადებულად მიჩნევის კუთხით იქნებოდა შესასწავლი. ამასთან, მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი გახდა. მოსარჩელე კი მოტყუების კონტექსტში აპელირებს იმაზე, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული რჩენის მოვალეობა, რაც ბათილობის წინაპირობას არ წარმოადგენს.
52. მოსარჩელე სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნამდვილობას სადავოდ ხდის ასევე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის ბებიას - სარჩენს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ნოტარიუსი ვალდებული იყო ხელშეკრულების დამოწმებისას მოეთხოვა მოპასუხისგან ფსიქოლოგიური დასკვნა.
53. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად, იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის და სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა. ნოტარიუსი ვალდებულია, საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს სანოტარო აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა წერილობითი განმარტება. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებანი. ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია დარწმუნდეს სანოტარო აქტის მონაწილის ქმედუნარიანობაში და თავისი რწმენის შესახებ მიუთითოს დამადასტურებელ წარწერაში. ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება თუ ეჭვი ეპარება მასში მონაწილე პირის ქმედუნარიანობაში.
54. დადგენილია, რომ 2020 წლის 18 აგვისტოს მოსარჩელის ბებიასა (სარჩენს) და მოპასუხეს (მარჩენალს) შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომლიდანაც ირკვევა, რომ ნოტარიუსმა შეამოწმა მხარეთა ქმედუნარიანობა და უფლებაუნარიანობა და დარწმუნდა, რომ მათ ქმედუნარიანობასა და უფლებაუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნდა. დარწმუნდა მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობაში. ამასთან, ნოტარიუსმა მხარეებს განუმარტა გარიგების შინაარსი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 57-61).
55. ამდენად, სადავო გარიგების დამოწმებისას ნოტარიუსი მოქმედებდა ინსტრუქციის შესაბამისად, მან შეამოწმა სარჩენის ქმედუნარიანობა და დარწმუნდა მის ქმედუნარიანობაში, ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნდა. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას სარჩენს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და არ შეეძლო რეალური ვითარების სწორად აღქმა [სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები: ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი].
56. საკასაციო პალატა იმსჯელებს ასევე მოსარჩელის მიერ მითითებულ, სადავო გარიგების ბათილობის იმ საფუძველზე, რომლის თანახმად, სადავო უძრავი ქონების ½ წილის გაფორმება მოხდა თანამესაკუთრის (თავად მოსარჩელის) თანხმობისა და თანასაკუთრებიდან წილების გამიჯვნის შესახებ ნახაზის წარდგენის გარეშე.
57. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 173.1 [საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე] და 959-ე [თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად] მუხლებზე და განმარტავს, რომ, ვინაიდან სარჩენმა განკარგა საზიარო საგანზე მხოლოდ საკუთარი უფლება, მას თანამესაკუთრის თანხმობა აღნიშნულზე არ სჭირდებოდა. საკასაციო პალატის განმარტებით, საზიარო საგნის მთლიანად განკარგვისათვის საჭიროა ყველა მოწილის თანხმობა, ხოლო წილის განკარგვისას სხვა მოწილეთა თანხმობა საჭირო არაა. საზიარო საგნის მთლიანად განკარგვისას, ყველა მოწილის თანხმობის დაწესება მიზნად ისახავს საზიარო საგნის თანამესაკუთრეთა ინტერესების დაცვას, ვინაიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე მოწილის მიერ საზიარო საგნის მთლიანად განკარგვა იწვევს იმ მოწილეთა წილების განკარგვასაც, რომელთაც ამის თანხმობა არ მიუციათ (იხ. სუსგ საქმე №ას-148-138-2015, 27 ნოემბერი, 2015 წელი).
58. სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
59. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].
60. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
61. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ წარმოდგენილია კვალიფიციური შედავება გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ხოლო მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სადავო გარიგების ბათილობის წინაპირობების არსებობა, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.
62. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
63. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
64. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
65. სსსკ-ის 53.1. მუხლის პირველი წინადადების საფუძველზე [იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან], მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1500 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
66. სსსკ-ის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ბ.ა–ვის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გ.ლ–ძეს (პ/ნ: 13001016710) აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თბილისი, მასივი გლდანი, მ/რ I, კორპუსი 2, სადარბაზო 6, სართული 8, ბინა №122, ფართი: 69.38 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.11.12.014.006.01.122 - მისი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ.ა–ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ბ.ა–ვს გ.ლ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ბელა ა–ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გ.ლ–ძეს (პ/ნ: 13001016710) აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თბილისი, მასივი გლდანი, მ/რ I, კორპუსი 2, სადარბაზო 6, სართული 8, ბინა №122, ფართი: 69.38 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.11.12.014.006.01.122 - მისი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა.ძაბუნიძე