საქმე №ას-336-2025 21 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ვ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ს.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ.ვ–ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა გ.ვ–ძე.
მოპასუხემ და მესამე პირმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ ვინდიკაციური სარჩელი მ.ვ–ძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ.ვ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეს
თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ქ. თბილისში, ......... მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით N....... მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან N....... უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან N....... უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და გ.ვ–ძეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მ.ვ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის გ.ვ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და გ.ვ–ძეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით მ. ვ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს. კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები ანუ ის პირები, რომელთაც უფლება აქვთ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით (იხ. სუსგ საქმე №ას-507-2023 , 4 მაისი, 2023 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა გ.ვ–ძე (იხ. ს.ფ 211-212), შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით იგი მოკლებულია საკასაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი გ.გ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი