საქმე №ას-80-2025 25 მარტი, 2025 წელი
. ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - სს „ს.კ.ა–ი“, სს „ა.დ–ვა“
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - შპს „ი.უ.თ.ჯ.“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.11.2022წ. გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (შემდეგში - ფონდი ან მოსარჩელე) სარჩელი სს ,,ა.დ–ვის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.1.დაეკისრა სს „ა.დ–ვას" გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება ფონდის სასარგებლოდ (APB/20092838 საავანსოს გადახდის საბანკო გარანტია);
1.2.დაეკისრა სს „ა.დ–ვას" გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 180 683.99 (ასოთხმოციათას ექვსასოთხმოცდასამი) ლარის ოდენობით ანაზღაურება ფონდის სასარგებლოდ (APB/20-092837 საავანსო გადახდის საბანკო გარანტია);
1.3.დაეკისრა სს „ა.დ–ვას" გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 1 850 000 (ერთი მილიონ რვაასორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება ფონდის სასარგებლოდ (APB/19-092030 საავანსოს გადახდის საბანკო გარანტია);
1.4.დაეკისრა სს „ა.დ–ვას" გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 309 927 (სამასცხრაათას ცხრაას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით ანაზღაურება ფონდის სასარგებლოდ (CPB/19-004716 ხელშეკრულების შესრულების გარანტია);
1.5.დაეკისრა სს „ა.დ–ვას" გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 249 775 (ორასორმოცდაცხრაათას შვიდას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება ფონდის სასარგებლოდ (ხელშეკრულების შესრულების გარანტია CPB/20-005438);
1.6.დაეკისრა სს „ა.დ–ვას" ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 25 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.7.დაეკისრა სს „ა.დ–ვას" ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 180683.99 (ასოთხმოციათას ექვსასოთხმოცდასამი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 25 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.8.სს „ა.დ–ვას" დაეკისრა ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 1 850 000 (ერთი მილიონ რვაასორმოცდაათი ათასი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 14 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.9.სს „ა.დ–ვას" დაეკისრა ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 309 927 (სამასცხრაათას ცხრაას ოცდაშვიდი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 14 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.10. სს „ა.დ–ვას" დაეკისრა ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 249 775 (ორასორმოცდაცხრაათას შვიდას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 14 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა სს „ა.დ–ვის“ მიერ. სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე სს „ა.დ–ვის“ წარმომადგენელმა - თ.ბ–ძემ განმარტა, რომ აპელანტმა - სს „ა.დ–ვამ“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სს ,,ს.კ.ა–ს“. აღნიშნულის შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა განხორციელებული ცვლილების წინამდებარე საქმეში ასახვა მოითხოვა და განცხადებას დაურთო ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ., ტ.10, ს.ფ. 70, 75-70).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განჩინებით, სს „ა.დ–ვის“ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. სამოქალაქო დავაში №2ბ/121-23 სს „ა.დ–ვის“ (ს.კ: ......) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ს.კ.ა–ი“ (ს.კ:........), რაც ფონდმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით ფონდის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სს „ა.დ–ვის" უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე განცხადების ხელახლა განსახილველად.
5. სს „ა.დ–ვის" განცხადების ხელახლა განსახილველად დანიშნულ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე, ფონდის წარმომადგენელმა მ.ხ–ძემ, განსახილველ საქმეში სს „ა.დ–ვის“ უფლებამონაცვლედ სს ,,ს.კ.ა–თან“ (ს/კ:N........) ერთად, სს „ა.დ–ვის“ (ს/ნ:........) უფლებამონაცვლედ ცნობა მოითხოვა (იხ., ტ.10. ს.ფ. 160).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით: აპელანტის სს ,,ა.დ–ვა"-სა და მოწინააღმდეგე მხარის სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა: სამოქალაქო საქმეში №2ბ/121-23, სს ,,ა.დ–ვის“ (ს/ნ .....) უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნეს სს ,,ს.კ.ა–ი“ (ს/ნ ....) და სს ,,ა.დ–ვა“ (ს/ნ ......).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. მხარეებმა სხდომაზე განმარტეს, რომ სს „ა.დ–ვას“ (ს/კ: N.......) დღეის მდგომარეობით წარმოადგენს როგორც სს „ა.დ–ვა“ (ს/ნ: ......), ასევე, სს ,,ს.კ.ა–ი“ (ს/ნ: ....);
7.2. მხარეთა განმარტების მიხედვით საბანკო გარანტია და მისგან წარმოშობილი ქონებრივი უფლება-ვალდებულებები გადაეცა სს ,,ს.კ.ა–ს“, რომელსაც დარჩა თავდაპირველი სს „ა.დ–ვის“ საიდენტიფიკაციო კოდი N......, ხოლო სადაზღვევო პაკეტი და მისგან წარმოშობილი ქონებრივი უფლება-მოვალეობები გადაეცა სს „ა.დ–ვას“. სს ,,ა–ის“ შემთხვევაში, საინდენტიფიკაციო კოდი არის იგივე, ხოლო სს „ა.დ–ვის“ შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო კოდი არის სხვა;
7.3. საბანკო გარანტია გაიცა ერთი იურიდიული პირის - სს „ა.დ–ვის" (ს/ნ: .......) მიერ;
7.4. სს „ა.დ–ვისგან" (ს/ნ: .......) წარმოიშვა ორი სამართლებრივი სუბიექტი: სს ,,ს.კ.ა–ი“ (ს/ნ: ........) და სს ,,ა.დ–ვა“ (ს/ნ: .......);
7.5. საბანკო გარანტია და მისგან წარმოშობილი ქონებრივი უფლება-ვალდებულებები გადაეცა სს ,,ს.კ.ა–ს“, რომელსაც დარჩა თავდაპირველი საიდენტიფიკაციო კოდი: N........., ხოლო სადაზღვევო პაკეტი და მისგან წარმოშობილი ქონებრივი უფლება-მოვალეობები გადაეცა სს „ა.დ–ვას“ (ს/ნ: .......).
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს სს ,,ა.დ–ვამ“ და სს ,,ს.კ.ა–მა“.
9. სს „ს.კ.ა–ი“, ზემოაღნიშნულ განჩინებას იმ ნაწილში ასაჩივრებს, რომლითაც ამ უკანასკნელთან ერთად, წინამდებარე საქმეში, უფლებამონაცვლედ სს „ა.დ–ვაც“ იქნა ცნობილი. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, ცალმხრივადაა, გაზიარებული ფონდის ინტერესი, რომლის მოსაზრებითაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ფონდის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდის ერთადერთ გზად წინამდებარე საქმეში სს „ა.დ–ვის“ ჩაბმაა მიჩნეული. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სს „ა.დ–ვას“ რაიმე პასუხიმგებლობა ფონდის წინაშე არ გააჩნია; მეტიც, სს „ა.დ–ვა“ არ გასცემს საბანკო გარანტიებს და ვერც საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულებას ვერ დაფარავს. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ კომპანიის რეორგანიზაცია არ მომხდარა, არამედ კომპანიამ სახელი შეიცვლა. ამდენად, სს „ა.დ–ვის“ მოცემულ საქმეში ჩართვა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რომელი ვალდებულებაც არ ეკისრება, გამოიწვევს ზიანს და კომპანიის უფლების უკანონო შეზღუდვას. ამ უკანასკნელმა შეიძინა კონკრეტული უფლება-ვალდებულებები, ხოლო ისეთ აქტივზე პასუხისმგებლობა და მისგან გამომდინარე ვადებულებებზე, რომელიც არც ნასყიდობის საგანია და მოპასუხე მხარის საკუთრებაშია. აგრეთვე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს შიშს მასზე, რომ მოპასუხე კომპანიას არ ექნება საკმარისი ფულადი თანხა აანაზღაუროს დაკისრებულ თანხა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს უფლებამონაცვლედ მასთან ერთად სს „ა.დ–ვის“ ჩაბმის ნაწილში, რადგან მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სახელწოდების შეცვლას და არა კომპანიის რეორგანიზაციას (იხ., დეტალურად კერძო საჩივარი).
10. სს „ა.დ–ვა“ წარმოდგენილ კერძო საჩივარში ითხოვს, რომ გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც წინამდებარე საქმეში მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სს „ა.დ–ვა“ და მოითხოვს, რომ წინამდებარე საქმეში მოხდეს მხოლოდ კომპანიის საფირომო სახელწოდების ცვლილება, კერძოდ, მოპასუხედ განისაზღვროს სს „ს.კ.ა–ი“ იგივე საიდენტიფიკაციო კოდით. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ კომპანია სს „ა.დ–ვა“ სამეწარმეო რეესტრში 03.12.2023წ. დარეგისტრირდა. იგი დამოუკიდებელი იურიდიული პირია და რაიმე გადაკვეთა მოცემულ საქმეში მოპასუხედ (აპელანტი) მითითებულ კომპანიასთან არ გააჩნია. აღნიშნული დასტურდება სამეწარმეო რეესტრიდანაც, სადაც არ ფიქსირდება კომპანიათა შერწყმა, გამოყოფა ან სხვ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ძველმა კომპანიამ (მოპასუხე) სს „ს.კ.ა–ი“ დაარეგისტრირა კომპანია სს „არდი ჰოლდინგი“, რომელმაც, მოგვიანებით, შეიცვალა საფირმო სახელწოდება და დღეს წარმოადგენს სს „ა.დ–ვას“ საიდენტიფიკაციო კოდით: 405662242, რომლის 100%-იანი წილი გაასხვისა სს ს.ჯ.ჯ–ზე. სს „ს.კ.ა–ს“ და სს ს.ჯ.ჯ–ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა სს „ს.კ.ა–ისაგან“ სადაზღვევო პორტფელის ნაწილის შესყიდვას. ამავე მემორანდუმში განიმარტა, რომ სადაზღვევო პორტფელი გულისხმობს დაზღვევის ყველა სახეობას, რომელთა რეალიზაციასაც ახდენდა კომპანია მიმდინარე მდგომარეობით, გარდა ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის (საბანკო გარანტიები) და სავალდებულო დაზღვევის სახეობისა. შესაბამისად, არ გასხვისებულა ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის (საბანკო გარანტია) და სავალდებულო დაზღვევის სახეობები. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ კომპანიის რეორგანიზაციას ადგილი არ ჰქონია და ასეთი ცვლილება არ დადასტურდება სამეწარმეო რეესტრში. განხორციელებული ტრანზაქციით არ შემცირებულა ძველი კომპანიის აქტივები, პირიქით მოხდა მათი კონვერტაცია ფულადი ფორმით, რომელიც განთავსდა სს „ს.კ.ა–ის“ საბანკო ანგარიშებზე. ამასთან, რამდენადაც საბანკო გარანტიები ნასყიდობის საგანი არ ყოფილა, ახლადდაფუძნებული კომპანია სს „ა.დ–ვა“, წინამდებარე დავაში, ვერ იქნება განხილული უფლებამონაცვლედ. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს სს „ს.კ.ა–თან“ ერთად, უფლებამონაცვლედ სს „ა.დ–ვის“ ჩაბმის ნაწილში, რადგან მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სახელწოდების შეცვლას და არა კომპანიის რეორგანიზაციას (დეტალურად იხ., კერძო საჩივარი).
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები ნაწილობრივ დასაბუთებულია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, კერძო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე, სს „ა.დ–ვის“ წარმომადგენლის - თ.ბ–ძისა და ფონდის წარმომადგენლის - მ.ხ–ძის შუამდგომლობების ხელახლა განსახილველად, უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
14. განსახილველი კერძო საჩივრების ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებისა და უფლებამონაცვლეობის საფუძვლების შემოწმება.
15. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის სხდომაზე სს „ა.დ–ვის“ წარმომადგენელმა - თ.ბ–ძემ განმარტა, რომ აპელანტმა - სს „ა.დ–ვამ“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სს ,,ს.კ.ა–ს“. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა განხორციელებული ცვლილების წინამდებარე საქმეში ასახვა მოითხოვა და განცხადებას დაურთო ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.10, ს.ფ. 70, 75, 76-70).
16. ამასთანავე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის/ფონდის წარმომადგენელმა - მ.ხ–ძემ, განსახილველ საქმეში სს „ა.დ–ვის“ უფლებამონაცვლედ სს ,,ს.კ.ა–თან“ (ს/კ:N.....) ერთად, სს „ა.დ–ვის“ (ს/ნ:......) უფლებამონაცვლედ ცნობა მოითხოვა.
17. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი გარემოება მასზე, რომ „განხორციელდა სს „ა.დ–ვის“ (ს/ნ: .........) რეორგანიზაცია, რადგან საბანკო გარანტია გაიცა ერთი იურიდიული პირის მიერ, რის შედეგადაც მისგან წარმოიშვა ორი სამართლებრივი სუბიექტი: სს ,,ს.კ.ა–ი“ (ს/ნ: ......) და სს ,,ა.დ–ვა“ (ს/ნ .....), რადგან საბანკო გარანტია და მისგან წარმოშობილი ქონებრივი უფლება - ვალდებულებები გადაეცა სს ,,ს.კ.ა–ს“, ასევე მასვე დარჩა თავდაპირველ სს „ა.დ–ვის“ ს/კ: N......., ხოლო სადაზღვევო პაკეტი და მისგან წარმოშობილი ქონებრივი უფლება-მოვალეობები დარჩა სს. „ა.დ–ვის“, ამიტომ სამოქალაქო საქმეში №2ბ/121-23, სს ,,ა.დ–ვის“ (ს/ნ: .......) უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნას სს ,,ს.კ.ა–ი“ (ს/ნ: ....... და სს ,,ა.დ–ვა“ (ს/ნ: ......)“, დაუსაბუთებელია.
18. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა, ესაა მხარეებისა ანდა მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა პროცესის მსვლელობისას. როგორც წესი, ეს ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა ხდება პირთა შეცვლა ვალდებულებაში, როცა სამართლის ახალი სუბიექტი სრულად ან ნაწილობრივ კისრულობს თავისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს.
19. აღსანიშნავია, რომ სასამართლოში საქმის აღძვრის შემდეგ, შეიძლება დადგეს უფლებამონაცვლეობის საკითხი და ეს ხდება მაშინ, როდესაც მხარის (წინამორბედის) საპროცესო უფლებები და მოვალეობები გადადის სხვა პირზე, რომელიც მანამდე საქმეში არ მონაწილეობდა და რომელიც ხდება ამ მხარის (წინამორბედის) უფლებამონაცვლე სამოქალაქო საქმეში (იხ., ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2015წ. 167).
20. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველი შეიძლება იყოს შემდეგი იურიდიული ფაქტები: იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაკისრება და სხვა.
21. მეწარმეთა შესახებ საქართევლოს კანონის 59-ე მუხლი განსაზღვრავს სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის ფორმებს და ადგენს შემდეგ წესს: დასაშვებია, სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაცია განხორციელდეს შემდეგი ფორმებით: ა) სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნა; ბ) სამეწარმეო საზოგადოებების შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება); გ) სამეწარმეო საზოგადოების გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა). ამასთან, ნორმით გათვალისწინებულ ყველა ცვლილებას სამეწარმეო საზოგადოებაში თავისი წინაპირობები და საკანონმდებლო წესები აქვს, რომლებიც რეგლამენტირებულია მეწარმეთა შესახებ საქართევლოს კანონის მე-60 და მომდევნო მუხლებში.
22. შესაბამისად, ზემოჩამოთვლილი ცვლილებების სამეწარმეო საზოგადოებაში განხორციელების შესახებ დასკვნის გაკეთება მხოლოდ ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების კვლევისა და დადგენის შემთხვევაშია შესაძლებელი, რასაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
23. სააპელაციო საჩივრის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არც აპელანტის წარმომადგენელს მიუთითებია საწარმოში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა მხოლოდ იმაზე, რომ მის მარწმუნებელ კომპანიაში განხორციელებული შიდაორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე საწარმომ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ამ ცვლილებების წინამდებარე საქმეში გათვალისწინება და ასახვა მოითხოვა (ტ.10, ს.ფ.75-80).
24. იურიდიულად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოპასუხე კომპანიაში რეორგანიზაციის გამო სამოქალაქო საქმეზე №2ბ/121-23, სს ,,ა.დ–ვის“ (ს/ნ: .......) უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნას სს ,,ს.კ.ა–ი“ (ს/ნ: ........) და სს ,,ა.დ–ვა“ (ს/ნ: .......)“.
25. კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სწორედ ამ დასაბუთებას მიემართება, კერძოდ, მომჩივანები მიიჩნევენ, რომ წინამდებარე საქმეში უნდა განხორციელდეს მხოლოდ კომპანიის საფირმო სახელწოდების ცვლილება, კერძოდ, მოპასუხედ უნდა მიეთითოს ძველ საიდენტიფიკაციო კოდზე რეგისტრირებული თუმცა ახალი სახელწოდების მქონე სს „ს.კ.ა–ი“.
26. თავიანთი პრეტენზიის დასასაბუთებლად კერძო საჩივრის ავტორებს წარმოდგენილი აქვთ ვრცელი პოზიცია, რომლის ძირითად მოტივს ის გარემოება წარმოადგენს, რომ სს „ს.კ.ა–მა“ 03.12.2023წ. დაარეგისტრირა ახალი სუბიექტი - სს „ა.დ–ვა“ (თავდაპირველად იყო სს „ა.ჰ.“ საფირმო სახელწოდების შეცვლის შედეგად გახდა სს „ა.დ–ვა“) ახალი საიდენტიფიკაციო კოდით N......, რომლის 100%-იანი წილი გაასხვისა სს ს.ჯ.ჯ–ზე. სს ს.ჯ.ჯ–ს და სს „ს.კ.ა–ს“ შორის 12.01.2024წ. გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებდა სს „ს.კ.ა–ისაგან“ სადაზღვევო პორტფელის ნაწილის შესყიდვას. მემორანდუმის დანართი N1-ში დეტალურადაა განმარტებული, რომ სადაზღვევო პორტფელი გულისხმობს დაზღვევის ყველა სახეობას, რომელთა რეალიზაციასაც ახდენს კომპანია მიმდინარე მდგომარეობით, გარდა ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის (საბანკო გარანტიები) და სავალდებულო დაზღვევის სახეობისა. ამდენად, მომჩივანები მიიჩნევენ, რომ გარიგება შეეხება და კავშირშია მხოლოდ აღნიშნული პორტფელის ფარგლებში არსებულ სადაზღვევო პროდუქტებთან და არ მოიცავს საბანკო გარანტიებს.
27. საკასაციო პალატა, ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, შესაბამისად, განსახილველი საპროცესო საკითხის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი მომჩივანების მიერ მითითებული სს ს.ჯ.ჯ–ს და სს „ს.კ.ა–ს“ შორის 12.01.2024წ. გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საგნის კვლევა არ წარმოადგენს.
28. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს იმასაც, რომ ვინაიდან ძველ საიდენტიფიკაციო კოდზე რეგისტრირებულმა მოპასუხე საწარმომ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ამჟამად, იწოდება სს ,,ს.კ.ა–ად“, ცხადია, უნდა აისახოს წინამდებარე სამოქალაქო საქმეში №2ბ/121-23.
29. ამრიგად, შუამდგომლობების ხელახლა განხილვისას, ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ უნდა გამოიკვლიოს საკითხი იმის თაობაზე, ახლადრეგისტრირებული საწარმო - სს ,,ა.დ–ვა“ (ს/ნ: .....)“ წარმოადგენს თუ არა განსახილველ დავაში მოპასუხე მხარეს.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სსსკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. სს „ა.დ–ვის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე