Facebook Twitter

საქმე №ას-1525-2024 14 თებერვალი, 2025 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში: მოსარჩელე, დეპარტამენტი, შემსყიდველი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი სს „ნ.ვ.დ–ვის“ (შემდეგში: მოპასუხე, სადაზღვევო კომპანია ან მიმწოდებელი) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დეპარტამენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, 2020 წლის 30 დეკემბერს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება; ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი: მიმწოდებლის (მოპასუხის) მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით;

3.2. ქ. თბილისში, .......-ის მიმდებარედ, 2021 წლის 4 მარტს, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ერთმანეთს შეეჯახა მოსარჩელე დეპარტამენტის დაზღვეული ავტომობილი „SKODA OCTAVIA”, სახ. ნომერი ....... და ავტომობილი „TOYOTA PRIUS”, სახ. ნომერი ...... „SKODA OCTAVIA”-ს მძღოლი - ვ.ხ–ა მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა 250 ლარით;

3.3. ქ. სენაკში ........ ქუჩის 189-ე კილომეტრზე, 2021 წლის 6 ივლისს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „HYNDAI”- ის მარკის ავტომობილი სახ. ნომერი ....... და მოქალაქის „OPEL“-ის მარკის ავტომობილი სახ. ნომერი ....... „HYNDAI”- ის მარკის ავტომობილის მძღოლი, ი.ა–ი დაჯარიმდა 250 ლარით;

3.4. სადაზღვევო კომპანიამ 2021 წლის 15 მარტსა და 2021 წლის 3 აგვისტოს უარი განაცხადა ორივე სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, რის მიზეზადაც ორივე შემთხვევაში მითითებულია მძღოლების უხეში გაუფრთხილებლობა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველს ზიანის ანაზღაურებისგან ათავისუფლებს;

3.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2021 წლის 28 ივნისის სასაქონლო ექსპერტიზის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ, 2013 წელს დამზადებულ, მსუბუქ ავტომობილ „SKODA OCTAVIA”-ზე, სახ. ნომერი ......., მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ 3 444 ლარს შეადგენს. დაზიანებული ავტომობილის აღსადგენად მოსარჩელის მიერ 2 679.08 ლარი გადახდილია;

3.6. ექსპერტიზის ბიუროს 2021 წლის 22 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ, 2020 წელს დამზადებულ, მსუბუქ ავტომობილს „HYNDAI”-ის მარკის ავტომობილზე სახ. ნომერი ......, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ 37 000 ლარს შეადგენს. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობისა და მათი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისთვის მატერიალური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები.

5. სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამდენად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით. ამასთან, სსკ-ის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ვინაიდან სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას, კერძოდ, ბრალის (განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სსკ-ის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს (იხ. სუსგ Nას-1319-1257-2014, 30.10.2015 წ.).

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება და მისი დანართები არ შეიცავს დებულებას, პირდაპირ მითითებას დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ, დაზღვევის ხელშეკრულების 17.1. პუნქტით კი მხარეები შეთანხმებული არიან ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობების საქართველოს კანონმდებლობით დარეგულირების თაობაზე.

8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ დაზღვევის ხელშეკრულების დანართი N1 (დაზღვევის პირობები), პირველი მუხლის "ა" პუნქტში მითითებული სადაზღვევო რისკი - „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა“ მოიცავს დამზღვევის როგორც მარტივი, ისე უხეში გაუფრთხილებლობით და მით უფრო განზრახ გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებულ ზიანს და მიუთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების დანართი N1 (დაზღვევის პირობები) პირველი მუხლის "ა" პუნქტი და მე-2 მუხლის "ვ" პუნქტი, რომლის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევად არ ითვლება და გამონაკლისად მიიჩნევა "შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას (გარდა პირველი ნაწილის, პირველი მუხლის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), არ შეიძლება ერთობლიობაში განიმარტოს და შეფასდეს იმგვარად, რომ ამ დანაწესებით მხარეებმა ხელშეკრულების დანართი N1-ში მითითებული სადაზღვევო რისკი („საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება)“) იმგვარად დააკონკრეტეს, რომ დაზღვევის არეალიდან მხოლოდ დამზღვევის განზრახი მოქმედებები გამორიცხეს და განსაზღვრეს, რომ ნებისმიერი შემთხვევა იქნებოდა დაზღვეული, გარდა განზრახი მოქმედებით გამოწვეული ზიანისა.

9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია და მიუთითა, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობების იმგვარი განმარტება, რასაც აპელანტი სასამართლოს სთავაზობს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესსა და პირობებს. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრალის მიუხედავად მზღვეველის პასუხისმგებლობის არსებობაზე შეთანხმების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაზღვევის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირდაპირ (ცალსახა და არაორაზროვან) დათქმას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს და მაშასადამე, მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების N 1 დანართში არსებულ ჩანაწერში - „არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით მოხდება ავარია“, მოიაზრება მხოლოდ მარტივი და არა უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა.

10. ანალოგიური განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ საქმეში Nას-1147-1067-2017, სადაც დადგენილია, რომ სადაზღვევო ხელშეკრულება ფარავდა დამზღვევის ბრალით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, თუმცა ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული არ იყო, თუ რა სახის ბრალეული ქმედება წარმოუშობდა მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში დამზღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სახელშეკრულებო საფუძველს მარტივი გაუფრთხილებლობა წარმოადგენს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა და დასკვნა იმის თაობაზე რომ წინამდებარე საქმეში მოპასუხეს არ გააჩნია ვალდებულება აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევები, რომელიც გამოწვეულ იქნა უფლებამოსილი მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით - მართებულია და სრულ შესაბამისობაშია მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან.

12. განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, ორივე შემთხვევაში, უფლებამოსილი მძღოლების განზრახ ბრალეული ქმედებით არ ყოფილა გამოწვეული. სადავოა ის გარემოება, 2021 წლის 4 მარტს ქ. თბილისში, ...... ქუჩა N1-ის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა და 2021 წლის 6 ივლისს ქ. სენაკში ....... ქუჩის 189-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლების (ვ.ხ–ას და ი.ა–ის) უხეში თუ მარტივი გაუფრთხილებლობით და შესაბამისად, სადავო ფაქტის დადგენის ნაწილში რამდენად კანონიერია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის ფაქტი მზღვეველმა უნდა ამტკიცოს. მხოლოდ ამ გზით მიაღწევს იგი სადაზღვევო ანაზღაურებისაგან გათავისუფლებას. ამასთანავე, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება და მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების შეფასებით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.

14. „ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ, იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაურთხილებლობად. ამასთან, მოძრაობის წესებს შორის ერთ-ერთი უმნიშნვნელოვანესია დადგენილი სიჩქარის ფარგლებში დაწესებულ ზოლებში მოძრაობა, რისი დარღვევაც უპირატესად იწვევს მძიმე შედეგს. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლს ევალება განსაკუთრებული გულისხმიერებითა და ზედმიწევნით დაიცვას აღნიშნული წესები“ (იხ. სუსგ Nას-654-2019, 26.06.2020 წ.).

15. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: „სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“ (იხ. სუსგ-ები: N ას-745-713- 2014; Nას-654-2019, 26.06.2020წ).

16. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონტექსტში ასევე არაერთხელ განმარტა „უხეში გაუფრთხილებლობის“ დეფინიცია. მაგალითად, საქმეში Nას-1479-2019, 21.01.2020წ, სადაც სადაზღვევო კომპანია მიუთითებდა მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, როგორც ზარალის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე, დადგინდა, რომ მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა მარტივ გაუფრთხილებლობაში და არა განზრახვასა თუ უხეშ გაუფრთხილებლობაში. ამგვარი დასკვნა დაეფუძნა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტებს: დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლეოდა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით, მძღოლი მოძრაობდა მის სავალ ზოლში. არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა.

17. სხვა საქმეში (Nას-943-901-2013, 17.02.2014 წ.), რომლითაც დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, სადავო იყო სწორედ სამინისტროს უფლებამოსილი მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულ საქმეში საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილზე მოქმედი საგზაო ნიშნების უგულებელყოფისა და სიჩქარის გადაჭარბების ფაქტის არსებობის გამო სახეზე იყო უხეში გაუფრთხილებლობა, რის გამოც, მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას არ ეკისრებოდა თანხის ანაზღაურების ვალდებულება.

18. მსგავსი განმარტება გააკეთა საკასაციო სასამართლომ საქმეებში Nას-943-901-2013, Nას-1319-1257-2014 და უხეშ გაუფრთხილებლობად შეაფასა უფლებამოსილი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების (მანევრირების წესებისა და საგზაო ნიშნების უგულებელყოფა) დარღვევა, „ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს“ (იხ. სუსგ Nას-943-901-2013); „ავტოავარია გამოიწვია მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ - „ავტოსაგზაო შემთხვევა განაპირობა მძღოლის მიერ მანევრირების წესების უგულებელყოფამ, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მას შეეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ამასთან, წარმოდგენილი ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ავტომობილი „შკოდა ოქტავია“ სახელმწიფო ნომრით .... შეჯახებამდე მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით“ (იხ. სუსგ Nას-1319-1257-2014).

19. ამდენად, ზემოთ მითითებული ნორმის განმარტებებიდან გამომდინარე, ნათლადაა გამიჯნული, თუ რა შემთხვევებში შეიძლება სამართალდამრღვევი მძღოლის ქმედება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად და რა შემთხვევებში მარტივ გაუფრთხილებლობად.

20. როგორც წინამდებარე საქმის მასალებით დგინდება, 2021 წლის 4 მარტს ქ. თბილისში, ........ ქუჩა N1-ის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაზღვეული ავტომობილი „SKODA OCTAVIA”, სახ. ნომერი ........., რომელსაც მართავდა ვ.ხ–ა; საქმეში წარმოდგენილი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის პატაკით დასტურდება, რომ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს "მოძრაობა პირდაპირ", შევიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, რა დროსაც შეეჯახა თავის სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომანქანა ტოიოტას; პატაკში აღნიშნული არ არის, რომ მძღოლი ან ავტომობილის ეკიპაჟი ასრულებდა დავალებას (იხ. ტ. 1, გვ. 45-46). მძღოლი ვ.ხ–ა მიჩნეულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში ბრალეულ მძღოლად და დაჯარიმდა ასკ-ის 125-ე მუხლის 6 (2 პრიმა) პუნქტის საფუძველზე. მართალია, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ დაზღვეული ავტომანქანა მიდიოდა გლდანი-მუხიანის კვეთაზე მდებარე „ლიდერ კრედიტის“ ობიექტიდან მიღებულ განგაშზე, თუმცა საყურადღებოა, რომ შეტყობინება შედგენილია მოსარჩელე ორგანიზაციის თანამშრომლის ახსნა-განმარტების საფუძველზე, რაც პრაქტიკულად მხარის ზეპირი განმარტების ტოლფასი მტკიცებულებაა; სხვა რაიმე მტკიცებულება კი (მაგალითად ცენტრში შესული შეტყობინება, ცენტრის ოპერატორის წერილობითი აქტი, სატელეფონო აუდიო ჩანაწერი) აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი არ არის; საქმეში ასევე არ მოიპოვება ცნობები კონკრეტული შემთხვევის დადგომამდე უფლებამოსილი მძღოლების მიერ გადაუდებელი საჭიროებისა თუ სპეციალური ოპერატიული ავტომობილებისათვის გათვალისწინებული სიგნალ მაშუქის თუ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შესახებ.

21. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე დეპარტამენტის უფლებამოსილი მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის "მოძრაობა პირდაპირ" უგულებელყოფა და საპირისპირო ზოლში გადასვლა, რასაც შედეგად მოჰყვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ მოიპოვება მძღოლის სამსახურებრივი აუცილებლობის ფარგლებში მოქმედების მტკიცებულება, უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობად ფასდება, რაც სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების თანახმად, მზღვეველს ათავისუფლებს ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

22. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, რომელიც 2021 წლის 6 ივლისს დადგა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა: ქ. სენაკში ......... ქუჩის 189-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „HYNDAI”- ის მარკის ავტომობილი; შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის პატაკის თანახმად, ავტომანქანის მძღოლმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უმცროსმა ინსპექტორმა ი.ა–მა ვერ მოახერხა ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილება, დაარღვია მანევრირების წესი, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი და შეეჯახა „ოპელის“ მარკის ავტომანქანას (იხ. ტ. 1, ს/ფ 49). ი.ა–ი მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე. ფაქტის შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ ი.ა–ი იმყოფებოდა მივლინებაში, ხოლო თავად ი.ა–ის ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იგი მივლინებიდან დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.

23. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეციალური საჭიროების შესახებ ფაქტის დაუდასტურებლად, ი.ა–ის ქმედება (მანევრირების წესის დარღვევა, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა), თავისი შინაარსითა და შედეგებით, სწორედ მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს და სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისაგან ათავისუფლებს.

24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

24.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დეპარტამენტმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

24.2. კასატორის განმარტებით, დეპარტამენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულება უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარი შედეგის ანაზღაურების ვალდებულებასაც მოიაზრებს, რაც გასაჩირებული განჩინებით არასწორად განიმარტა;

24.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის მიხედვით, ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის გამო მიყენებული ზიანი იმის მიუხედავად, მძღოლმა დაარღვია თუ არა მოძრაობის წესები. მოცემულ საქმეზე ასევე, სახეზეა ხდომილება, რომლის მიხედვით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაცვის პოლიციის უფლებამოსილი მძღოლი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, ვინაიდან დაცვის პოლიციას დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად კანონმდებლობით ენიჭება სპეციალური უფლებამოსილებები. სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი დაწესებულების თანამშრომლები სამსახურებრივი ავტომანქანებით მოძრაობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის თანახმად სარგებლობენ გარკვეული პრიორიტეტებით. ასეთი სატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი არიან ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური სიგნალებით, ციმციმებით. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის თანახმად, დაზღვეული ავტომანქანის, როგორც სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების, მძღოლს ანიჭებს უფლებას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაერღვია მოძრაობის წესები, ესარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული პრიორიტეტით, ვინაიდან ასრულებდნენ სამსახურეობრვ მოვალეობას კერძოდ, ერთ შემთვევაში - ავტომანქანა გასული იყო განგაშზე, ხოლო მეორე შემთხვევაში იმყოფებოდა მივლინებაში.

24.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

24.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განჩინებით მოსარჩელე დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა გაანალიზების, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი მოტივაციის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:

25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

26. სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

28. მოსარჩელის მოთხოვნაა სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები, რაც მართებულად განსაზღვრა სააპელაციო სასამართლომ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში მოცემულ ორივე სადაზღვევო შემთხვევაში მართებულად დადგინდა დაზღვეული ავტომობილების მძღოლების მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობით მოძრაობის წესების დარღვევა, რომელთა გამოც სადაზღვევო შემთხვევები დადგა.

29. სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მზღვეველის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს დაუპირისპირდა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევისა და, მაშასადამე, სსკ-ის 829-ე მუხლის საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ.

30. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.

31. სსკ-ის 829-ე მუხლიდან გამომდინარე, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამასთანავე, შესაძლებელია, რომ თავად ხელშეკრულება შეიცავდეს საგამონაკლისო დათქმებს, ასეთ დროს, „ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს“ (იხ. სუსგ №ას-1147-1067-2017, 29.12.2017 წ.).

32. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება და მისი დანართები არ შეიცავდა დებულებას ან/და პირდაპირ მითითებას დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ, დაზღვევის ხელშეკრულების 17.1. პუნქტით კი მხარეები შეთანხმებული იყვნენ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობების საქართველოს კანონმდებლობით დარეგულირების თაობაზე.

33. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ დაზღვევის ხელშეკრულების დანართი N1 (დაზღვევის პირობები) პირველი მუხლის "ა" პუნქტი და მე-2 მუხლის "ვ" პუნქტი, რომლის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევად არ ითვლება და გამონაკლისად მიიჩნევა "შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას (გარდა პირველი ნაწილის, პირველი მუხლის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), არ შეიძლება ერთობლიობაში განიმარტოს და შეფასდეს იმგვარად, რომ ამ დანაწესებით მხარეებმა ხელშეკრულების დანართი N1-ში მითითებული სადაზღვევო რისკი („საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება)“) იმგვარად დააკონკრეტეს, რომ დაზღვევის არეალიდან მხოლოდ დამზღვევის განზრახი მოქმედებები გამორიცხეს და განსაზღვრეს, რომ ნებისმიერი შემთხვევა იქნებოდა დაზღვეული, გარდა განზრახი მოქმედებით გამოწვეული ზიანისა. მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების N 1 დანართში არსებულ ჩანაწერში - „არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით მოხდება ავარია“, მოიაზრება მხოლოდ მარტივი და არა უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა.

34. კასატორის პრეტენზიის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მძღოლების ბრალეულობა, კერძოდ, სახეზე იყო უხეში თუ მარტივი გაუფრთხილებლობა. ამასთან, შესაფასებელია მოქმედებდნენ თუ არა დაზღვეული ავტომობილების მძღოლები მათთვის კანონით მინიჭებული პრიორიტეტის ფარგლებში.

35. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მოიხმობს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2021 წლის 4 მარტს ქ. თბილისში, ....... ქუჩა N1-ის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაზღვეული ავტომობილი „SKODA OCTAVIA”, სახ. ნომერი ......., რომელსაც მართავდა ვ.ხ–ა. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის პატაკით დასტურდება, რომ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს "მოძრაობა პირდაპირ", შევიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, რა დროსაც შეეჯახა თავის სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომანქანა ტოიოტას; პატაკში აღნიშნული არ არის, რომ მძღოლი ან ავტომობილის ეკიპაჟი ასრულებდა დავალებას (იხ. ტ. 1, გვ. 45-46). მძღოლი ვ.ხ–ა მიჩნეულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში ბრალეულ მძღოლად და დაჯარიმდა ასკ-ის 125-ე მუხლის 6 (2 პრიმა) პუნქტის საფუძველზე.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ვ.ხ–ას მიერ სამსახურებრივი დავალების შესრულებაზე ყოფნის ფაქტი, მძღოლის მიერ საპირისპირო სამოძრაო ზოლში შესვლა უთუოდ უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიცირდება და მის ანაზღაურებაზე სადაზღვევო კომპანიის მიერ უარის თქმის შესაძლებლობას სსკ-ის 829-ე მუხლი ითვალისწინებს. რაც შეეხება მოსარჩელე დეპარტამენტის თანამშრომლის ზეპირ განმარტებას, რომ ვ.ხ–ა სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მიემართებოდა, სამოქალაქო სამართალში დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესაბამისად ფაქტის დასადასტურებლად არ გამოდგება, რადგან მის საპირისპიროდ არაერთი წერილობითი მტკიცებულებაა საქმეში განთავსებული.

37. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების წესი და დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-1339-1377-2014, 24.06.2015წ.; №ას-984-2020, 19.04.2022).

38. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მეორე სადაზღვევო შემთხვევაზე და, იმის გათვალისწინებით, რომ სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელოას, რომელიც წინამდებარე განჩინების 33-ე პუნქტშია ასახული, საკასაციო სასამართლოს არაერთ განმარტებას მოიხმობს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. სენაკში მშვიდობის ქუჩის 189-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „HYNDAI”- ის მარკის ავტომობილი; შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის პატაკის თანახმად, ავტომანქანის მძღოლმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უმცროს ინსპექტორმა, ი.ა–მა ვერ მოახერხა ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილება, დაარღვია მანევრირების წესი, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი და შეეჯახა „ოპელის“ მარკის ავტომანქანას (იხ. ტ. 1, ს/ფ 49). ი.ა–ი მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე.

39. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით.

40. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ №ას-1306-1226-2015, 1.7.2016 წ.).

41. ერთ-ერთ საქმეში (N ას-625-2019, 09.12.2021 წ.) საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მძღოლის ბრალეულმა ქმედებამ - უხეშმა გაუფრთხილებლობამ, რაც გამოიხატა ავტომანქანის სიჩქარის არასწორ შერჩევასა და მანევრირების წესების დარღვევაში, 2.5 წამის განმავლობაში ავტომობილის უყურადღებოდ დატოვებაში, რა დროსაც იგი გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში და შეეჯახა გზის საპირისპირო ზოლის მიმდებარე მიწის საფარზე გაჩერებულ ავტომანქანას. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, რომ საგზაო მოძრაობის წესების ასეთი დარღვევა შეიძლება შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად. მოცემულ შემთხვევაში დამრღვევის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, რაც სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.

42. საქმეში N ას-180-180-2018, 04.05.2018 წ. აღნიშნულია, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობამ გამოიწვია, ავტომობილი მოსრიალდა გზის სველ მონაკვეთზე, რის გამოც იგი გახდა უმართავი, გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლში და ამობრუნდა. არც ერთი ეს გარემოება, მათ შორის, მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვაც, კასატორის მიერ შედავებული არ იყო. ამდენად, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისა და საქმეზე დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე შეფასდა საგზაო ინციდენტი, თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გათვალისწინებით, რამდენად წარმოუშობდა მზღვეველს სსკ-ის 829-ე მუხლით გარანტირებულ იმ უფლებას, რომ მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება, ხოლო თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

43. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონტექსტში, „უხეში გაუფრთხილებლობის“ დეფინიცია, მაგ. საქმეში №ას-1479-2019, 21.01.2020წ., სადაც სადაზღვევო კომპანია მიუთითებდა მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე, როგორც ზარალის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე, დადგინდა, რომ მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა სწორედ მარტივ გაუფრთხილებლობაში და არა განზრახვასა თუ უხეშ გაუფრთხილებლობაში. ამგვარი დასკვნა დაეფუძნა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტებს: (ა) დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; (ბ) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას; (გ) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; (დ) მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; (ე) შემთხვევა მოხდა ღამით, უამინდობისას; (ვ) ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლევა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით, მძღოლი მოძრაობდა მის სავალ ზოლში. არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ან/და მისი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა.

44. ერთ-ერთ საქმეში სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მზღვეველის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს დაუპირისპირდა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევისა და, მაშასადამე, სსკ-ის 829-ე მუხლის საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის შესახებ. საბოლოოდ, მზღვეველისათვის დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება განაპირობა სსკ-ის 829-ე მუხლის სწორმა, სისტემურმა, ლოგიკურმა და თანმიმდევრულმა განმარტებამ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, პასუხისმგებლობის ფარგლები (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. დასახელებულ საქმეში, მხარეებს ხელშეკრულებით არ ჰქონდათ დაზუსტებული ეს ფარგლები, მათ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ი 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით მიღებული ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შეად. სუსგ-ას №ას-1306-1226-2015, 01.07.2016 წ.). სხვა საქმეში დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტზე მოსარჩელის (დამზღვევის) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში იყო მისაღები, რომ მოსარჩელე მოძრაობდა სწორ, 6.5მ. სიგანის ცალმხრივი მიმართულების მქონე უდეფექტო გზაზე, მშრალ ამინდში, ყოველგვარი წინაღობისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რა დროსაც სამანქანე გზის გვერდით არსებულ ტროტუარზე ხეს შეეჯახა (შეად.სუსგ-ას №ას-1217-1146-2012, 22.10.2012 წ.). ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს (შეად.: სუსგ-ას №ას-943-901-2013, 17.02.2014 წ.).

45. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, „განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია, მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად”. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21.01.2020 წ., პ.53).

46. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (ექსპერტიზის დასკვნა, საპატრულო პოლიციის პატაკი, მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხვა) ერთობლიობაში შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დარღვეულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, მანევრირების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების პირობები, შემჯახებელი ავტომობილის მძღოლს არ უნდა გადაეკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, უნდა ემოძრავა კანონით განსაზღვრულ სამოძრაო ზოლში, ორივე მძღოლს უნდა გაეთვალისწინებინა უსაფრთხო მანევრირების მოთხოვნები, ავტომობილის მართვისას მათ გამოიჩინეს უყურადღებობა, გულგრილობა, მეტისმეტი დაუდევრობა. მითითებული წესების დაცვა შესაძლებლობას მისცემდათ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა თავიდან აერიდებინათ.

47. მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. საქმეზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით ცხადია, რომ შემთხვევის მონაწილე მძღოლი-ი.ა–ი აცნობიერებდა მის მიერ განხორციელებული მანევრის კანონსაწინააღმდეგობას, აუცილებელი წინდახედულობის ნორმების სრული უგულებელყოფით და თვითიმედოვნებით გასწია გაუმართლებელი რისკი, უსაფუძვლოდ იმედოვნებდა რა ზიანის თავიდან არიდებასა და უშვებდა საფრთხეს, უხეშად დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხმვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“ და ამავე კანონის დანართის, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის (ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა აკრძალულია) მოთხოვნები, უმიზეზოდ გადაკვეთა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, რამაც გამოიწვია ორი სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, რაც, თავისი შინაარსითა და შედეგებით, სწორედ მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს და, სსკ-ის 829-ე მუხლის გათვალისწინებით, ათავისუფლებს მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისაგან (იხ. სუსგ N ას-566-566-2018).

48. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლმა - ი.ა–მა დაიწყო მის წინ თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომობილისათვის („Man“-ს) გასწრება. გასწრების მიზნით, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში ისე, რომ ვერ ხედავდა, მოდიოდა თუ არა ავტომობილი საპირისპირო ზოლიდან, სადაც შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს („Volkswagen“-ს და „Opel“-ს). საგულისხმოა, რომ ხსენებულ მონაკვეთში საავტომობილო გზა დაყოფილია ორ სამოძრაო ზოლად და ზოლებს შორის გავლებულია შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზი. შეჯახების შემდეგ, დაზღვეული ავტომობილი მართვადაკარგული შეეჯახა თანმხვედრ მოძრავ სატვირთო ავტომობილს, მარცხენა გვერდითა ნაწილში. დაზარალებულები გადაიყვანეს საავადმყოფოში. მძღოლის ქმედება არ შეესაბამებოდა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის დაცვის შემთხვევაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა (სშსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 17.06.2022 წლის №701/ა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა; 04.06.2022წ. ექსპერტის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ოქმის დანართი სქემა; დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები; თავად მძღოლის გამოკითხვის ოქმი). ამდენად, დაზღვეული ავტომანქანის მძღოლმა წინდახედულობის ნორმების აბსოლუტური უგულებელყოფით გაასწრო მის წინ მიმავალ ავტომანქანას ისე, რომ არამარტო გადაკვეთა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ღერძულა ხაზი, არამედ უკიდურესად სახიფათო მონაკვეთში, როცა ვერ ხედავდა ავტოსატრანსპორტო მოძრაობის საპირისპირო ზოლს (რადგან გზა მარცხნივ უხვევდა) და, შესაბამისად, იქიდან მომავალ მანქანებს, საკუთარ და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე და, საბოლოოდ, შეეჯახა სამ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. ამდენად, მძღოლის მითითებულ ქმედებას საკასაციო სასამართლო უხეშ გაუფრთხილებლობად აფასებს (შეად.სუსგ-ას N ას-691-2024, 26.07.2024 წ.).

49. მოსარჩელე/კასატორი მხარე არ ეთანხმება მისი მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევის უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებას იმ საფუძვლით, რომ, მართალია, მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, თუმცა გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა და ფხიზელი იყო, რის გამოც მისი ქმედება მარტივ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასებულიყო. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ამ მტკიცებას და მიუთითებს, დადგენილია, რომ მძღოლმა გადაკვეთა ღერძულა ხაზი, მით უფრო ისეთ მონაკვეთში, სადაც, მძღოლისვე განმარტებით, გზა უხვევდა მარცხნივ და საპირისპირო სამოძრაო ზოლში ვერ ხედავდა, მოდიოდა თუ არა ავტომობილი, წინდახედულობის ნორმის მარტივ დარღვევად ვერ შეფასდება (იხ. სუსგ Nას-691-2024, 26.07.2024 წ.).

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოძრაობის წესის ამგვარი უგულებელყოფა და, მოძრაობის სახიფათო მონაკვეთზე შემხვედრ ავტომობილებთან შეჯახება, დადგენილი წესრიგის დარღვევაა უხეში დაუდევრობის მაღალი სტანდარტით. წინდახედულების ობიექტური მასშტაბით შეფასებისას, აღნიშნული მიიჩნევა სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების დარღვევად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ერთობლიობა ქმნის მძღოლის მოქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საფუძველს, დამზღვევის მხრიდან გამოვლინდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის მძიმე დარღვევა და მართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე (შეად. სუსგ-ას N ას-691-2024, 26.07.2024 წ.).

51. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, რაც მრავალადაა მოხმობილი განჩინებაში, მართებულია გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი კვალიფიკაცია და დასკვნა დეპარტამენტის სარჩელის უარყოფის თაობაზე მოპასუხის მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის გათვალისწინებით, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის საფუძვლით, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების, როგორც კანონიერი და დასაბუთებული მართლმსაჯულების აქტის, უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 410-ე, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

თ. ძიმისტარაშვილი