Facebook Twitter

7 მარტი, 2024 წელი,

საქმე №ას-195-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ა.თ–ა“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება (სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2019 წლის 12 თებერვალს, სსიპ თვითმმართველ ერთეულ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, შემკვეთი) და შპს ,,ა.თ–ას“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე, საწარმო) შორის ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის პირველი ხელშეკრულება ან პირველი ხელშეკრულება) დაიდო.

1.1. ნარდობის პირველი ხელშეკრულების საგანი ელექტრონული ტენდერის პირობებით გზების მობეტონების სამუშაოს შესრულება იყო. ხელშეკრულების ღირებულება 164 321.53 ლარით განისაზღვრა. სამუშაო მენარდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ კალენდარულ დღეში უნდა დაეწყო და 2019 წლის 7 მაისის ჩათვლით უნდა დაესრულებინა, ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

1.2. ნარდობის პირველი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 13 ივნისის ჩათვლით განისაზღვრა.

1.3. 2019 წლის 15 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 2019 წლის 20 ივნისის პერიოდისთვის დასრულდა. კომისიამ დასრულებული გზის მობეტონების სამუშაოები ჩაიბარა, რომლის ღირებულება 159 535.39 ლარს შეადგენდა, იგი ჯეროვნად იყო შესრულებული და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

1.4. პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს გეგმა -გრაფიკის 59 დღით დარღვევის თაობაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 სექტემბრის წერილით მოსარჩელე საწარმოს დირექტორს ეცნობა და საწარმო 9 695.26 ლარით დაჯარიმდა. მითითებული დღეების ოდენობა საწარმოს წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა ჯარიმის ოდენობას არ დაეთანხმა.

1.5. პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის მენარდემ 149 879.13 ლარი მიიღო.

2. 2019 წლის 12 თებერვალს, სსიპ თვითმმართველ ერთეულ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და მოსარჩელეს შორის მომდევნო ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის მეორე ხელშეკრულება ან მეორე ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლის საგანსაც ელექტრონული ტენდერის პირობებით გზის მშენებლობის სამუშაოს შესრულება წარმოადგენდა.

2.1. ნარდობის მეორე ხელშეკრულების ღირებულება 105 993.30 ლარს შეადგენდა. მეორე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მენარდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში უნდა დაეწყო და 2019 წლის 7 მაისის ჩათვლით უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულებაზე თანდართული სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკის მიხედვით. მეორე ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

2.2. ნარდობის მეორე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დაუსრულებელია, შესრულებულია - 81 107.53 ლარის სამუშაო, შეუსრულებელია - 24 885.77 ლარის სამუშაო, მხარეებს ეს ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ.

2.3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნარდობის მეორე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის 1 699 დღით დარღვევისათვის მოსარჩელე 132 586.12 ლარით დაჯარიმდა.

3. 2019 წლის 14 თებერვალს, სსიპ თვითმმართველ ერთეულ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და მოსარჩელეს შორის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის მესამე ხელშეკრულება ან მესამე ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანიც ელექტრონული ტენდერის პირობებით გზების მობეტონების სამუშაოს შესრულება იყო. ხელშეკრულების ღირებულება 184 228.11 ლარს შეადგენდა.

3.1. მენარდე ვალდებული იყო, მესამე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ამავე ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში დაეწყო და 2019 წლის 9 მაისის ჩათვლით შეესრულებინა, ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

3.2. ნარდობის მესამე ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა. ხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დაუსრულებელია, შესრულებულია - 90 222.20 ლარის სამუშაოები, შესასრულებელია - 94 005.91 ლარის სამუშაო, რომლის შესრულებისთვის მოსარჩელემ 28 664.07 ლარი მიიღო. მხარეებს ხელშეკრულება არ შეუწყვეტიათ.

3.3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მესამე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის 194 დღით დარღვევისათვის მოსარჩელე 35 740.23 ლარით დაჯარიმდა.

4. 2019 წლის 19 თებერვალს, სსიპ თვითმმართველ ერთეულ ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და მენარდეს შორის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის მეოთხე ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლის საგანს ელექტრონული ტენდერის გზების მობეტონების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა წარმოადგენდა. ამ ხელშეკრულების ღირებულება 61 779.38 ლარს შეადგენდა.

4.1. ნარდობის მეოთხე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მენარდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში უნდა დაეწყო და 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

4.2. მეოთხე ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით განისაზღვრა. 2019 წლის 25 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 2019 წლის 25 ივნისის მდგომარეობით დასრულდა. კომისიამ დასრულებული გზის მობეტონების სამუშაოები ჩაიბარა, რომლის ღირებულება 59 979.98 ლარს შეადგენდა, სამუშაოები ჯეროვნად იყო შესრულებული და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. დასახელებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისთვის მოსარჩელემ 57 694.14 ლარი მიიღო.

4.3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ნარდობის მეოთხე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის 37 დღით დარღვევისათვის მოსარჩელე 2 285.84 ლარით დაჯარიმდა. დღეების ოდენობა საწარმოს წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა ჯარიმის ოდენობას არ დაეთანხმა.

5. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების მე-12 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად, მენარდის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ამ უკანასკნელს დაეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით.

6. შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდისა და პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით შემკვეთის წინააღმდეგ მენარდემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც მიუთითა, რომ ნარდობის საზღაური შემკვეთმა თითქმის 50%-იანი დანაკლისით ჩაურიცხა, ამასთან, მის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 420-ე მუხლსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეს თანხა 0.01%-მდე უნდა შემცირებულიყო და ნარდობის ოთხივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა ზემოაღნიშნული წესით უნდა განსაზღვრულიყო.

7. მოგვიანებით, 180 307.45 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოსარჩელისათვის დაკისრების მოთხოვნით შემკვეთმა სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა.

8. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით:

8.1. სარჩელი და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

8.2. ნარდობის პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს, 8 689.76 ლარის გადახდა დაეკისრა;

8.3. მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 965.50 ლარი;

8.4. ნარდობის მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს, 35 325 ლარის (შესრულებული სამუშაოსთვის ნარჩენი ანაზღაურება) გადახდა დაეკისრა;

8.5. მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 3 925 ლარი;

8.6. ნარდობის მესამე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს, 55 400 ლარის (შესრულებული სამუშაოსთვის ნარჩენი ანაზღაურება) გადახდა დაეკისრა;

8.7. მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლოს - 6 158 ლარის ანაზღაურება;

8.8. ნარდობის მეოთხე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს, 1 841.99 ლარის გადახდა დაეკისრა;

8.9. მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 443.85 ლარი.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფისა და, მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

11.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა, ნარდობის ხელშეკრულებებზე თანდართული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გონივრულობა.

11.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას (სსკ-ის 417-418-ე მუხლები). ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული მუხლი ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს.

პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. მთლიანობაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არ არსებობდა შემკვეთის სასარგებლოდ მენარდისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს გაზრდის საფუძველი.

11.3. რაც შეეხებოდა ნარდობის მეორე და მესამე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას, სააპელაციო სასამართლომ შემდეგზე მიუთითა:

მეორე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 105 993.30 ლარს შეადგენდა, საიდანაც 81 107.53 ლარის სამუშაო შესრულდა, ხოლო 24 885.77 ლარის სამუშაო შეუსრულებელია, ამასთან, მხარეებს ხსენებული ხელშეკრულებები არ შეუწყვეტიათ. ისეთ ვითარებაში, როდესაც არ დგინდება ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო ზიანის წარმოშობის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.1%-ზე გაანგარიშებით 132 586.12 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მენარდის გაუმართლებელ გამდიდრებას გამოიწვევდა, რაც სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არამართლზომიერია. ანალოგიურად, გაუმართლებელი იყო ნარდობის მესამე ხელშეკრულებიდან გამომდინარე გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის პირგასამტეხლოს სახით 35 740.23 ლარის დაკისრება, მაშინ როდესაც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 184 228.11 ლარს შეადგენდა და საიდანაც 90 222.20 ლარის სამუშაო შესრულდა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, მოსარჩელისათვის, მის სასარგებლოდ, 180 307.45 ლარის დაკისრების მოთხოვნით (დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).

- კასატორს მიაჩნია, რომ, ვინაიდან პირგასამტეხლოს მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა, ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს (სსკ-ის 417-418-ე მუხლები).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით, საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა კასატორის მიერ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს კანონიერებას იხილავს, რაც მენარდის მხრიდან ვალდებულების სათანადოდ შესრულების საკითხის სწორად დადგენასთანაა დაკავშირებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხთა წრე შემდეგია:

1). მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, რა ღირებულების სამუშაო შეასრულა მენარდემ, შესრულებული სამუშაოს ღირებულების რა ნაწილი აუნაზღაურა მას შემკვეთმა და, რა ღირებულების სამუშაო დარჩა შეუსრულებელი;

2). ვალდებულების დარღვევის ხასიათის, შედეგების, შესასრულებელი და შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობისა და პირგასამტეხლოსთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, კონკრეტულად რა ოდენობის პირგასამტეხლო ჩაითვლება მოცემულ შემთხვევაში სამართლიანად და გონივრულად.

15. განსახილველი საკითხის გაანალიზების მიზნით ყურადღება უნდა მივაქციოთ კანონის შემდეგ ნორმებს:

ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (სსკ-ის 629.1 მუხლი).

ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 316.2 მუხლი).

პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას (სსკ-ის 417-418-ე მუხლები).

სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (სსკ-ის 420-ე მუხლი).

ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა (სსკ-ის 442.1 მუხლი).

16. ამავდროულად, საყურადღებოა, პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც:

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ №ას-176-157-2014).

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27.01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222-209-2015, 6.05.2015).

ამრიგად, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის სათანადო კვალიფიკაციის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს.

საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი თუ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშდება.

პირგასამტეხლოს თაობაზე სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ასეთი წესით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრება ვერ შეასრულებს თავის ნორმატიულ დანიშნულებას. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ გაზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას, მეორე მხრივ კი, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში დააკისრებს პასუხისმგებლობას (შდრ. იხ. სუსგ.: Nას-603-2021, 14.12.2021; Nას-1258-2019, 30.03.2021; Nას-581-2019, 31.07.2019; №ას-931-896-2016, 31.01.2017).

17. კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

- ნარდობის პირველი ხელშეკრულების საფუძველზე მენარდემ (მოსარჩელე) 159 535.39 ლარის ღირებულების სამუშაო 59 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა, რაშიც 149 879.13 ლარის საზღაური მიიღო.

- ნარდობის მეორე ხელშეკრულების საფუძველზე 1 699 დღის ვადაგადაცილებით მენარდის მიერ 81 107.53 ლარის ღირებულების სამუშაოა შესრულებული, საიდანაც მას 41 857.86 ლარი აქვს ანაზღაურებული.

- ნარდობის მესამე ხელშეკრულების საფუძველზე მენარდემ 194 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა 90 222.20 ლარის ღირებულების სამუშაო, რისთვისაც მას 28 664.07 ლარის საზღაური მიეცა.

- ნარდობის მეოთხე ხელშეკრულების საფუძველზე 37 დღის ვადაგადაცილებით მენარდის მიერ 59 979.98 ლარის ღირებულების სამუშაოა შესრულებული, საიდანაც მას 57 694.14 ლარი აქვს ანაზღაურებული.

ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულადაა მიჩნეული, ხოლო, მათი უარმყოფელი სათანადო არგუმენტაცია კასატორს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სსსკ-ის 407.1 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) საფუძველზე ეს გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

18. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე:

ნარდობის პირველი ხელშეკრულების საფუძველზე მენარდისათვის ასანაზღაურებელი დანაკლისი თანხა 9 656.26 ლარს შეადგენს (159 535.39 - 149 879.13 = 9 656.26-ს);

ნარდობის მეორე ხელშეკრულების საფუძველზე მენარდეს მიუღებელი აქვს 39 249.67 ლარი (81 107.53 - 41 857.86 = 39 249.67-ს);

ნარდობის მესამე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი ნარდობის საზღაურია 61 558.13 ლარი (90 222.20 - 28 664.07 ლარი = 61 558.13-ს);

ნარდობის მეოთხე ხელშეკრულების საფუძველზე მენარდემ 2 285.84 ლარით ნაკლები თანხა მიიღო (59 979.98 - 57 694.14 = 2 285.84-ს).

ამასთან, შესრულებული და შეუსრულებელი სამუშაოების ვადაგადაცილებული პერიოდის, ასევე ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის (და არა ხელშეკრულების სრული ღირებულების) მოცულობის გათვალისწინებით პირგასამტეხლო ვალდებულების დამრღვევ პირს შემდეგნაირად უნდა განესაზღვროს:

ვინაიდან ნარდობის პირველი ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოს ღირებულება 159 535.39 ლარია, 59 დღის ვადაგადაცილების გამო, თითოეულ დღეზე მენარდეს ამ თანხის 0.1% უნდა დაეკისროს, რაც მთლიანობაში 9 412.27 ლარს შეადგენს.

იგივე გაანგარიშებით, ნარდობის მეორე ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობა იქნება 42 280.93 ლარი (24 885.77 ლარის 0.1%, ვადაგადაცილებულ 1 699 დღეზე), მესამე ხელშეკრულების საფუძველზე - 18 237.14 ლარი (94 005.91 ლარის 0.1%, ვადაგადაცილებულ 194 დღეზე), ხოლო, მეოთხე ხელშეკრულების საფუძველზე - 2 285.83 ლარი (61 779.38 ლარის 0.1%, ვადაგადაცილებულ 37 დღეზე).

19. სსკ-ის 442-ე მუხლის შესაბამისად ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად, კასატორის მიერ მისაღები პირგასამტეხლო (ჯამურად - 72 216.17 ლარი) ამ უკანასკნელის მიერ მოპასუხისთვის (მენარდე) აუნაზღაურებელ ნარდობის საზღაურთან (მთლიანობაში - 112 749.9 ლარი) უნდა გაიქვითოს, რის შედეგადაც კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 40 533.73 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

სსსკ-ის 53.1 მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, კერძოდ, სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციული თანხის გადახდა, რაც სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს ,,ა.თ–ის“ სარჩელი და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა.თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 40 533.73 ლარის გადახდა;

5. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა.თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 1211,38 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები : მირანდა ერემაძე

ლევან მიქაბერიძე