Facebook Twitter

ბს-1064-1015(კ-06) 14 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. კ-ის, ზ. ბ-ის, ა. ხ-ას, ი. დ-ისა და ლ. ც-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 31 იანვარს ზ. კ-მა, პ. თ-მა, ი. დ-მა, ლ. ც-მ, ზ. ბ-მა და ა. ხ-მ სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს შრომის ანაზღაურება.

მოსარჩელეები სარჩელს აფუძნებდნენ შემდეგ გარემოებაზე: ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობებზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2004 წლის 14 ივლისის ¹53-კ ბრძანებით გათავისუფლდნენ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაშინ როცა, ფაქტობრივად, განხორციელდა სამინისტროს რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია. 2004 წლის 11 მაისს ,,2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით დამტკიცდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი და 2004 წლისათვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის პერსონალის შრომის ანაზღაურების დანახარჯები განისაზღვრა 523,6 ათასი ლარით. მათი მოსაზრებით, მიუხედავად ამ სახით ბიუჯეტის მიღებისა, მოსარჩელეების მუშაობის პერიოდში სამინისტროს გაზრდილი შრომის ანაზღაურება მოსარჩელეებისათვის არ მიუცია, სამინისტრომ გაზრდილი თანხების გაცემა დაიწყო 2004 წლის აგვისტოდან, რომელიც დეკემბრის ჩათვლით გაიცა პრემიებისა და დახმარებების სახით, რაც, მათივე მოსაზრებით, სამინისტრომ არასწორად განახორციელა.

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, ვინაიდან ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ კანონი შრომის ანაზღაურების გაზრდილი თანხებით ძალაში შევიდა 2004 წლის 25 მაისს და იგი გაანგარიშებული იყო 189 პერსონალზე, მთელი 2004 წლის განმავლობაში და არა 2004 წლის ბოლო ხუთი თვისათვის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 37-ე და შრომის კანონთა კოდექსის 82-ე მუხლების თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობა ვალდებული იყო 2004 წლის 11 მაისს დამტკიცებული ბიუჯეტის საფუძველზე მოსარჩელეებისათვის დაერიცხა და მიეცა შრომის ანაზღაურების გაზრდილი, კუთვნილი თანხები, თითოეულზე შემდეგი ოდენობით: 1. ზ. კ-ისათვის - 760 ლარი; 2. პ. თ-ისათვის - 760 ლარი; 3. ი. დ-ისათვის - 760 ლარი; 4. ლ. ც-სათვის - 926 ლარი; 5. ზ. ბ-ისათვის - 760 ლარი; 6. ა. ხ-სათვის - 760 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს - ზ. კ-ს, პ. თ-ს, ი. დ-ს, ლ. ც-ს, ზ. ბ-ს და ა. ხ-ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ზ. კ-მა, პ. თ-მა, ი. დ-მა, ლ. ც-მ, ზ. ბ-მა, ა. ხ-მ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო პალატის 2006 წლის 28 ივლისის საოქმო განჩინებით, პ. თ-ის გარდაცვალების გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტისა და 92-ე მუხლის თანახმად, ამ უკანასკნელის მიმართ საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად და სააპელაციო წარმოება შეჩერდა უფლებამონაცვლის დადგენამდე.

სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას აპელანტებმა დააზუსტეს სარჩელი და მოითხოვეს 2004 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 14 ივლისამდე პერიოდში 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროს ცენტრალური აპარატის პერსონალისათვის დამტკიცებული, შრომის ანაზღაურების გაზრდილ თანხებსა და მათზე 2003 წლის სატარიფო განაკვეთით ასანაზღაურებელ თანხებს შორის არსებული სხვაობის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ზ. კ-ის, ი. დ-ის, ლ. ც-ს, ზ. ბ-ისა და ა. ხ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტები - ზ. კ-ი, ი. დ-ი, ლ. ც-ა, ზ. ბ-ი და ა. ხ-ა მუშაობდნენ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე: ზ. კ-ი - საფინანსო პოლიტიკის სამმართველოს მთავარ ....ად, ი. დ-ი – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ ...ად, ლ. ც-ა - კადრების განყოფილების ...ად, ზ. ბ-ი - იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ ...ად, ა. ხ-ა - აგრარული რეფორმების სამმართველოს მთავარ ....ად.

,,საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" 2004 წლის 11 თებერვლის საქართველოს კანონით განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ლიკვიდაცია და მის ნაცვლად შეიქმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 მარტის ¹81 ბრძანებულებით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც დაევალა სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2004 წლის 14 ივლისის ¹53-კ ბრძანებით, სალიკვიდაციო პერიოდის დასრულებისას, აპელანტები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 25 მაისს, განისაზღვრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. ამავე კანონით სოფლის მეურნეობის სამინისტროს 189 მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილ იქნა 523,6 ათასი ლარი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ მათ, საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, უნდა ანაზღაურებოდათ სამინისტროს ცენტრალური აპარატის პერსონალისათვის დამტკიცებული, შრომის ანაზღაურების გაზრდილ თანხებსა და მათზე 2003 წლის სატარიფო განაკვეთით ასანაზღაურებელ თანხებს შორის არსებული სხვაობა 2004 წლის 1 იანვრიდან 14 ივლისამდე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებს შრომითი ურთიერთობა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის საფუძველზე (ლიკვიდაციის გამო), შეუწყდათ, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მოხელეებს და შესაბამისად მათზე, ვერ გავრცელდებოდა ის ნორმები, რომელიც ,,საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით, განსაზღვრული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ განხორციელდა არა სამინისტროს ლიკვიდაცია, არამედ – რეორგანიზაცია და მიუთითა, რომ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტით ცალსახად განისაზღვრა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ლიკვიდაცია და არა მისი რეორგანიზაცია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 29 ივლისის ¹04-02-11-15/2/8/47 წერილით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნება დაერთო ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გამოეყენებინა სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, თუ არ იქნებოდა დაშვებული ახალი დავალიანებების დაგროვება, ანუ აღნიშნულით, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განისაზღვრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკებზე პრემიების, დანამატებისა და დახმარებების გაცემის შესაძლებლობა.

დასახელებული მოტივებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ზ. კ-მა, ზ. ბ-მა, ა. ხ-მ, ი. დ-მა და ლ. ც-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორები აღნიშნავდნენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, კერძოდ, პალატის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები. ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე, მთლიანად გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად მოხდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ლიკვიდაცია და მის მაგივრად შექმნილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ არის მისი უფლებამონაცვლე, რითაც, კასტორების აზრით, პალატამ არასწორად განმარტა კანონი, რადგანაც აღნიშნული კანონის მოცემულ მუხლში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო საერთოდ არ არის ნახსენები. ხოლო მათი მოთხოვნა - გამოთხოვილი ყოფილიყო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სალიკვიდაციო დოკუმენტები, რითაც დადასტურდებოდა ლიკვიდაციის არსებობა-არარსებობა, სასამართლოს მიერ საერთოდ იქნა უგულებელყოფილი.

კასატორები მიუთითებდნენ, რომ 2004 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონი ძალაში შევიდა 2004 წლის 25 მაისს, ისინი კი გაათავისუფლეს 2004 წლის 14 ივლისს, ანუ ამ კანონის მოქმედების პერიოდში, რომლითაც დამტკიცდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ც/აპარატის პერსონალის (189 ერთეულზე) შრომის ანაზღაურების მთელი წლის თანხები 523.6 ათასი ლარი, რაც 2003 წელთან შედარებით 387.8 ათასი ლარით, ანუ 386%-ით მეტი იყო. შესაბამისად, მათი ხელფასები 386%-ით უნდა გაზრდილიყო 2004 წლის 1 იანვრიდან.

კასატორების მითითებით, სამოტივაციო ნაწილის მე-9 აბზაცში გაკეთებული დასკვნები არ ეფუძნება ფაქტობრივად არსებულ დოკუმენტაციას. სასამართლომ აღრევა მოახდინა 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დებულებებს შორის.

კასატორები აღნიშნავდნენ, რომ 2004 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად: “2004 წლის განმავლობაში და არა 2004 წლის აგვისტოდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს ხარჯების ეკონომიკური კვალიფიკაციის შესაბამისი მუხლით შრომის ანაზღაურების ხარჯებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში".

ასევე, კასატორების მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2004 წლის 29 ივლისის ¹04-08-11-15/2/8/47 წერილით თანხმობა მისცა სამინისტროს ხელმძღვანელობას “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს 2004 წლის კანონის მე-16 და მე-9 მუხლების საფუძველზე, დაეფარა 2003 წელს წარმოქმნილი დავალიანება 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული სახსრებით, იმ პირობით, რომ არ იქნებოდა დაშვებული აღნიშნული მუხლის მიხედვით ახალი დავალიანებების დაგროვება 2004 წლის ბოლოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევდნენ, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლების მოთხოვნები, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, “საბიუჯეტო სისტემებისა და საბუჯეტო უფლებამოსილების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები, შრომის კანონმდებლობითა და საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული მათი უფლებები შრომის ანაზღაურების თაობაზე და მოითხოვდნენ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ზ. კ-ის, ზ. ბ-ის, ა. ხ-ას, ი. დ-ისა და ლ. ც-ას საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ზ. კ-ის, ზ. ბ-ის, ა. ხ-ას, ი. დ-ისა და ლ. ც-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზ. კ-ის, ზ. ბ-ის, ა. ხ-ას, ი. დ-ისა და ლ. ც-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ზ. კ-ის, ზ. ბ-ის, ა. ხ-ას, ი. დ-ისა და ლ. ც-ას საკასაციო საჩივარს განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.