Facebook Twitter

ას-1488-2024

24 იანვარი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ხ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფო, სს „ვ–ი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ხ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს „ე.ჰ–ბის“ მიმართ და მოითხოვა სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის 2019 წლის 28 დეკემბრის N TIH-19-1228-01/ო ბრძანების ბათილად ცნობა მ.ხ–ძის ნაწილში. სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მ.ხ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 10 იანვრის N TIH-20-01-10-01/გ ბრძანების ბათილად ცნობა. სს „ე.ჰ–ბი“ - მ.ი.ს.ბ. ცენტრალურ საავადმყოფოში კლინიკური ონკოლოგის პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 3125 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით 2020 წლის 14 მარტიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ხ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საჩივარი მ.ხ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გასაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით მ.ხ–ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

4.1. 2024 წლის 16 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენელმა მოითხოვა განსახილველ საქმეში სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფოს უფლებამონაცვლედ სს „ვ–ის“ ცნობა.

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლის შუამდგომლობა განსახილველ საქმეში სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფოს უფლებამონაცვლედ სს „ვ–ი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფოს ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საქმეზე №2ბ/1937-24 სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ვ–ი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფო.

4.2.1 პალატის მითითებით, 2023 წლის 10 ივლისის სს „ე.ჰ–ბის“ აქციონერის, სს „ს.ჯ.ჯ–ის“ გადაწყვეტილებით შეიცვალა სს „ე.ჰ–ბის“ ს/ნ ...... საზოგადოების საფირმო სახელწოდება და განისაზღვრა შემდეგნაირად: სს „ვ–ი“, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომერი ....... დარჩა უცვლელი. სს „ვ–ის“ (ს/ნ .....) 2023 წლის 20 ნოემბრის რეორგანიზაციის შესახებ აქციონერთა რიგგარეშე კრების ოქმის თანახმად, არსებულმა საწარმომ ს/ნ ........ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა სს „ს.კ–ბი“, რომელსაც შეუნარჩუნდა საზოგადოების არსებული საიდენტიფიკაციო კოდი ........, ხოლო გამოყოფილმა საწარმომ მიიღო ძველი საფირმო სახელწოდება სს „ვ–ი“ (ს/ნ ....). აღნიშნული გადაწყვეტილებით სს „ვ–ი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფო წარმოადგენს გამოყოფილი საწარმოს, სს „ვ–ის“ ბიზნეს ერთეულს.

4.2.2. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან რეორგანიზაციის შემდგომ მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფო დაექვემდებარა სს „ვ–ს“, კომპანიის რეორგანიზაცია წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე უფლებამონაცვლეობის საფუძველს. შესაბამისად განსახილველ საქმეში სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფოს უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა ყოფილიყო სს „ვ–ი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფო.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.ხ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

5.1. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სარჩელში მოპასუხე მხარედ მითითებულია სს „ე.ჰ–ბი“, რომელიც საკუთრების უფლებით ფლობს ათობით საავადმყოფოს და არა კონკრეტულად სს „ე.ჰ–ბში“ შემავალი მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფო, რომელსაც საიდენტიფიკაციო კოდიც კი არ გააჩნია და წარმოადგენს შენობა-ნაგებობას, რომლის მესაკუთრესაც სარჩელის აღძვრის დროისათვის წარმოადგენდა სს „ე.ჰ–ბი“.

5.2. მოსარჩელე მოითხოვდა სამუშაოზე აღდგენას მთლიანად სს „ე.ჰ–ბის“ ფარგლებში, ანუ ამ ჰოლდინგის მართვაში არსებულ ნებისმიერ საავადმყოფოში და მოთხოვნა მაინცდამაინც კონკრეტულ საავადმყოფოში სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ ყოფილა წარდგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სს „ვ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობით ილახება მ.ხ–ძის უფლებები, რადგან მისი სამუშაოზე აღდგენის არეალი შემცირდა იმის გამო, რომ გამოყოფილ საწარმოს გააჩნია იმაზე ნაკლები საავადმყოფო, ვიდრე ეს გამოყოფამდე იყო. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხის მითითებაზე, სადაც მოპასუხე აცხადებს, რომ მ.ხ–ძეს შესთავაზა სს „ე.ჰ–ბის“ ქსელში შემავალ სხვა სტრუქტურაში დასაქმება. აღნიშნული კი მ.ხ–ძის მოსაზრებით იმას მოწმობს, რომ მისი სამუშაოზე აღდგენა სს „ე.ჰ–ბის“ ნებისმიერ ბიზნეს ერთეულში შეიძლებოდა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენის კანონიერების საკითხი, კერძოდ, არსებობდა თუ არა სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძველი.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა - ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.).

12. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სამეწარმეო საზოგადოების შერწყმასა და სამეწარმეო საზოგადოების გაყოფას. აღნიშნული მუხლის 3-ე ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც უნდა დაიყოს, შეუძლია თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილები კანონის ძალით სრულად გადასცეს: ა) დაყოფის შედეგად ახლად დაფუძნებულ ორ ან ორზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (დაყოფა დაფუძნებით); ბ) უკვე არსებულ ორ ან ორზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (დაყოფა შეძენით). ამავე მუხლის 4-ე ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოებას, რომლისგანაც გამოიყოფა სამეწარმეო საზოგადოება, შეუძლია თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილი/ნაწილები გადასცეს: ა) გამოყოფის შედეგად ახლად დაფუძნებულ ერთ ან ერთზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (გამოყოფა დაფუძნებით); ბ) უკვე არსებულ ერთ ან ერთზე მეტ სამეწარმეო საზოგადოებას (გამოყოფა შეძენით).

14. მოცემულ შემთვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 10 ივლისის სს „ე.ჰ–ბის“ აქციონერის, სს „ს.ჯ.ჯ–ის“ გადაწყვეტილებით შეიცვალა სს „ე.ჰ–ბის“ ს/ნ ........ საზოგადოების საფირმო სახელწოდება და განისაზღვრა შემდეგნაირად: სს „ვ–ი“, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომერი ....... დარჩა უცვლელი. სს „ვ–ის“ (ს/ნ .......) 2023 წლის 20 ნოემბრის რეორგანიზაციის შესახებ აქციონერთა რიგგარეშე კრების ოქმის თანახმად, არსებულმა საწარმომ ს/ნ .... შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა სს „ს.კ–ბი“, რომელსაც შეუნარჩუნდა საზოგადოების არსებული საიდენტიფიკაციო კოდი ......., ხოლო გამოყოფილმა საწარმომ მიიღო ძველი საფირმო სახელწოდება სს „ვ–ი“ (ს/ნ .........). აღნიშნული გადაწყვეტილებით სს „ვ–ი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფო წარმოადგენს გამოყოფილი საწარმოს, სს „ვ–ის“ ბიზნეს ერთეულს. საქმეში წარმოდგენილი სს „ვ–ის“ გაყოფის გეგმითა და მისი დანართით დასტურდება, რომ „გამოყოფილ საწარმოს“ რეორგანიზაციის დასრულების შედეგად საკუთრებაში გადაეცა წინამდებარე დოკუმენტში განსაზღვრული „გამოყოფილი საწარმოსთვის გადაცემული ბიზნესი“ სრულად და ასევე, დანართ N3-ში მითითებული აქტივები და ვალდებულებები. შესაბამისად, „გამოყოფილი საწარმო“ წარმოადგენს „საზოგადოების“ უფლებამონაცვლეს აღნიშნულ საქმიანობასთან/აქტივებთან/ვალდებულებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ უფლება-მოვალეობაში, გარიგებასა და თუ სამართალურთიერთობაში, სამართალწარმოებასა თუ დავაში, რომელიც დადებულია/წარმოშობილია ან/და დაიდება/წარმოიშვება „გაყოფის თარიღამდე“ ან მის შემდეგ. გაყოფის გეგმის დანართით დასტურდება, რომ გამოყოფილი საწარმოს სს „ვ–ის“ დამოუკიდებლად მოქმედი ბიზნეს ერთეულია სს „ვ–ი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფო.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით (სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე) და მართებულად მიიჩნია სს „ვ–ი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფო სს „ე.ჰ–ბი“ - მ. ი.ს.ბ. ცენტრალური საავადმყოფოს უფლებამონაცვლედ.

16. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია შეეხება იმას, რომ სს „ვ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობით ილახება მ.ხ–ძის უფლებები, რადგან მისი სამუშაოზე აღდგენის არეალი შემცირდა იმის გამო, რომ გამოყოფილ საწარმოს გააჩნია იმაზე ნაკლები საავადმყოფო, ვიდრე ეს გამოყოფამდე იყო. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, რამეთუ, წინააღმდეგობაში მოდის მოსარჩელისვე სასარჩელო მოთხოვნასთან, რადგან განსახილველი დავის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნა მიმართული იყო სწორედ სს „ე.ჰ–ბი“ - მ.ი.ს.ბ. ცენტრალურ საავადმყოფოში კლინიკური ონკოლოგის პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენისაკენ და არა სს „ე.ჰ–ბში“ შემავალ სხვა დაწესებულებაში სამუშაოზე აღდგენისაკენ.

17. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც მ.ხ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ხ–ძის შუამდგომლობა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. მ.ხ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე