Facebook Twitter

№ას-47-2024

14 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო. გ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ.გ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ო.გ..-ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, შპს „ო.გ..-ის“ დირექტორის 2022 წლის 27 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა და შპს „ო.გ-ში“ გათავისუფლებამდე დაკავებულ სპეციალისტის პოზიციაზე აღდგენა; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2022 წლის 27 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1123 ლარის ოდენობით; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპანიის ინტერესებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება - 2020 ლარისა და 418 ლარის, სულ 2438 ლარის ოდენობით (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-21).

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და ამასთან, ხანდაზმული.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 07 ივნისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა ვ.კ–ისათვის ფულადი თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპასუხისგან გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ.გ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ივნისის საოქმო განჩინება (ვ.კ–ისათვის ფულადი თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპასუხისგან გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ) და 2023 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ვ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საოქმო განჩინება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5.1. ვ.გ–ი დასაქმებული იყო შპს „ო.გ..-ში“ 2015 წლის 09 დეკემბრიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელეს მოპასუხესთან ეკავა სპეციალისტის პოზიცია. მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა დარიცხულ 921.41 ლარს (2022 წლის ხელფასის სახით მოპასუხისაგან მიღებული დარიცხული შემოსავალი 5528.46 ლარი გაყოფილი 6 თვეზე).

5.2. შრომითი ხელშეკრულების 3.1.1-3.1.3 პუნქტების თანახმად, დასაქმებულს ევალებოდა შეესრულებინა დავალებული სამუშაო მისი თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულ ფარგლებში, დაეცვა ორგანიზაციაში არსებული შინაგანაწესი და ხელშეკრულებაზე თანდართული თანამდებობრივი ინსტრუქცია, ამავდროულად დაეცვა კონფიდენციალურობა ყველა იმ ინფორმაციის და მოქმედებების შესახებ, რომელსაც გაეცნობოდა, მოისმენდა და შეასრულებდა დამსაქმებლის საქმიანობასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების 5.6 პუნქტით შეთანხმდა, რომ ხელშეკრულებაზე თანდართული კომპანიის შინაგანაწესი და დასაქმებულის თანამდებობრივი ინსტრუქცია ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

5.3. შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, კომპანიაში დასაქმებულის სამუშაო დრო განისაზღვრებოდა ექვსდღიანი სამუშაო კვირით და შეადგენდა 40 სამუშაო საათს კვირაში. სამუშაო დღის ხანგრძლივობა არ ყოფილა რეგლამენტირებული და შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე განისაზღვრებოდა კომპანიის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, მაგრამ არ აღემატებოდა 24 საათს და შემდეგი სამუშაო დღე დაიწყებოდა წინა სამუშაო დღის დამთავრებიდან არანაკლებ 12 საათის გასვლის შემდეგ. ამასთანავე გამოიყენებოდა სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესი.

5.4. ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულის ძირითადი სამუშაო ადგილი განისაზღვრებოდა შესასრულებელი სამუშაოს ადგილმდებარეობის მიხედვით.

5.5. ხელშეკრულების 6.3. პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად, დასაქმებულის მიერ შინაგანაწესით და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოვალეობების უხეში დარღვევის შემთხვევა, ან დასაქმებულის მიერ შინაგანაწესით და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოვალეობების დარღვევის შემთხვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

5.6. შპს „ო.გ..-ის“ შრომის შინაგანაწესის 5.1. პუნქტის თანახმად, კომპანიაში სამუშაო დრო განისაზღვრება ექვსდღიანი სამუშაო კვირით, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

5.7. შინაგანაწესის 5.2. პუნქტის შესაბამისად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ არის რეგლამენტირებული და შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, განისაზღვრება კომპანიის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს და შემდეგი სამუშაო დღე უნდა დაიწყოს წინა სამუშაო დღის დამთავრებიდან არანაკლებ 12 საათის გასვლის შემდეგ, ამასთანავე გამოიყენება სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესი.

5.8. შინაგანაწესის 5.3. პუნქტის მიხედვით, კომპანიაში სამუშაოზე დაგვიანება და სამუშაო დროის სხვა სახის გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება თუ კომპანიის გენერალური დირექტორი დააკმაყოფილებს დასაქმებულის ზეპირ ან წერილობით თხოვნას დაგვიანების ან გაცდენის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე.

5.9. შინაგანაწესის 5.5. პუნქტის თანახმად, დირექტორს უფლება აქვს, სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის ცალკეულ დასაქმებულს დაუწესოს სამუშაო დროის ინდივიდუალური გრაფიკი.

5.10. შინაგანაწესის 25-ე პუნქტის შესაბამისად, კომპანიაში დასაქმებული პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველია შემდეგი დისციპლინური დარღვევები: შრომის დისციპლინის დარღვევა, მათ შორის შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად ჩაითვლება: დასაქმებულის მიერ, მასთან გაფორმებული კონფიდენციალურობაზე, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე შეთანხმების პირობების დარღვევა.

5.11. შინაგანაწესის 26.1. პუნქტის თანახმად, ძირითადი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია (სახდელებია): შენიშვნა, სასტიკი საყვედური, დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა, დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება. დამატებითი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია (სახდელებია): ყოველთვიური შრომის ანაზღაურების არაუმეტეს 10% დაქვითვა.

5.12. შინაგანაწესის 26.2. პუნქტის თანახმად, ერთი დისციპლინური დარღვევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი ძირითადი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (სახდელი).

5.13. შრომის შინაგანაწესის გაცნობის შესახებ დოკუმენტზე ფიქსირდება მოსარჩელე ვ.გ–ის ხელმოწერა.

5.14. შპს „ო.გ..-ის“ ინსპექტირების სპეციალისტის თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, ინსპექტირების სპეციალისტი განეკუთვნება პერსონალის კატეგორიას, რომელიც ინიშნება თანამდებობაზე, ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობაში, საინსპექტირებო ობიექტზე ინსპექტირების დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად. ინსპექტირების სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს შპს-ს დირექტორი, ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელის და ტექნიკური მენეჯერის წარდგინებით. პირს, რომელიც ინიშნება ინსპექტირების სპეციალისტის თანამდებობაზე, უნდა ჰქონდეს გავლილი ინსპექტირების ორგანოს შიდა ტრეინინგი და გამოცდილი ინსპექტორის ზედამხედველობის ქვეშ სასტაჟირებო სამუშაო არანაკლებ 6 თვისა.

5.15. ინსპექტორების სპეციალისტი ასრულებს ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებებსა და მითითებებს. თანამდებობრივი მოვალეობებია:

- ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელის, ტექნიკური მენეჯერისა და ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის დავალების საფუძველზე ახორციელებს ინსპექტირების დამხმარე სამუშაოებს;

- ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აღრიცხვას;

- დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებით აკვირდება, მენარდის მიერ, ობიექტზე დასაქმებულ პერსონალზე შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციების და ნორმების დაცვას;

- ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებით ახდენს ფოტოფიქსაციას;

- ინსპექტორების ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებით აკონტროლებს შემსრულებელი სამშენებლო ორგანიზაციის მიერ მითითებაში განსაზღვრული შეუსაბამობის ხარისხიანად და წინასწარ განსაზღვრულ ვადებში შესრულებას;

5.16. თანამდებობრივი ინსტრუქციის გაცნობის შესახებ დოკუმენტზეც ფიქსირდება მოსარჩელე ვ.გ–ის ხელმოწერა.

5.17. შპს „ო.გ..-ის“ დირექტორის 2022 წლის 14 ივნისის ბრძანებით 2022 წლის 15 ივნისიდან მოსარჩელეს დაევალა ფარული აქტების ანალიტიკა და აღრიცხვა ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების (მათ შორის ფორმა N2), ტექნიკური მენეჯერის მამუკა გოცაძის მიერ მითითებულ მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული ბრძანებით მოსარჩელე 2022 წლის 14 ივნისიდან გათავისუფლდა მანამდე მხარეთა ზეპირი შეთანხმებით მოსარჩელისათვის საწარმოს ავტოპარკის გამართული საქმიანობისათვის დაკისრებული ზედამხედევლობის ვალდებულებისაგან, რისთვისაც მასზე გაცემული იყო მინდობილობა და დაევალა შრომის ხელშეკრულებით შეთანხმებული ძირითადი სამუშაოს შესრულება. აღნიშნულის აღსრულების მიზნით მოსარჩელემ 2022 წლის 22 ივნისიდან სრულად გადააბარა სხვა თანამშრომელს ავტოპარკის გამართული საქმიანობისათვის მისთვის გადაცემული მატერიალური ფასეულობები.

5.18. შპს „ო.გ..-ის“ დირექტორის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანებით 2022 წლის 22 ივნისს და 2022 წლის 23 ივნისს შესვენების შემდეგ ვ.გ–ი არ გამოცხადდა სამსახურში, ამის შესახებ წინასწარ არ შეატყობინა ადმინისტრაციას, რითაც უხეშად დაარღვია კომპანიის შინაგანაწესი. ამ დარღვევის გამო მან მიიღო სიტყვიერი გაფრთხილება.

5.19. 7.24. მიუხედავად სიტყვიერი გაფრთხილებისა 2022 წლის 24 ივნისს ვ.გ–ი კვლავ არ გამოცხადდა სამსახურში, ამის შესახებ წინასწარ არ შეატყობინა ადმინისტრაციას, რის გამოც მას გამოეცხადა სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით.

5.20. მოსარჩელეს საქმის განსახილველად მომზადების პერიოდში მოპასუხის მხრიდან ჩაბარდა როგორც 2022 წლის 14 ივნისის, ასევე, 2022 წლის 24 ივნისის ბრძანებები, თუმცა მას ეს ბრძანებები სასარჩელო მოთხოვნის დაყენების გზით სადავოდ არ გაუხდია. [გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის აღნიშნული ბრძანებები მოსარჩელის მხრიდან გასაჩივრებული არ არის და პრეზუმციიდან გამომდინარე იგულისხმება, რომ მართლზომიერია.

5.21. შპს „ო.გ..-ის“ დირექტორის 2022 წლის 27 ივნისის ბრძანებით ვ.გ–ი გათავისუფლდა დაკავებული სპეციალისტის თანამდებობიდან და შეწყდა მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება 2022 წლის 28 ივნისიდან.

5.22. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დირექტორის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანებით გამოცხადებული სასტიკი საყვედურისა უკანასკნელი გაფრთხილებით, სპეციალისტმა ვ.გ–მა 2022 წლის 27 ივნისს დატოვა თავისი სამუშაო ადგილი 16:00 საათზე, ისე რომ არ შეატყობინა ადმინისტრაციას და აღარ დაბრუნებულა სამუშაო ადგილზე, რითაც უხეშად დაარღვია კომპანიის შინაგანაწესი.

5.23. მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოს სხდომაზე გაკაეთებული ახსნა - განმარტებით სამუშაოს დატოვების მიზეზი იყო ის, რომ 2022 წლის 27 ივნისს იგი სხვა თანამშრომელს - ზაზა გაჩეჩილაძეს, რომელიც ახალი მიღებული იყო სამუშაოზე ავტოპარკის გამართული ზედამხედველობისათვის, ეხმარებოდა სამუშაოს შესრულებაში.

5.24. 2020 წლის 31 დეკემბერს შპს „ო.გ..-ის“ დირექტორმა ვ.გ–ის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა უფლება წარმოედგინა მოპასუხე კომპანიის კუთვნილი ავტომანქანების შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ქმედება: გადაეხადა თანხა, მიეღო მომსახურება, მოეწერა ხელი ყველა საჭირო დოკუმენტებს და ემოქმედა შპს „ო.გ..-ის“ სახელით. მინდობილობა გაცემული იყო 2021 წლის 01 იანვრიდან და ძალაში იყო 2 წლის განმავლობაში.

5.25. 2022 წლის 29 მარტით დათარიღებული ელ-065658897 სასაქონლო ზედნადები, სადაც გამყიდველად მითითებულია უჩა ზუმბაძე, მყიდველად შპს „ო.გ..“, სასაქონლო ზედნადების ღირებულებად მითითებულია 2020 ლარი. სასაქონლო ზედნადების ცხრილში და დანართში ასახულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილები. მოპასუხის კომერციული დირექტორის 2023 წლის 29 აგვისტოს წერილით აღნიშნული ზედნადები მოპასუხის მხრიდან დადასტურებული არ არის და შემოსავალების სამსახურის ელექტრონულ ვებ. გვერდზე აღრიცხულია, როგორც უარყოფილი ზედნადები, ზედნადებში მითითებული სათადარიგო ნაწილები არ მიუღიათ საწყობში და არც ბუღალტრულ პროგრმაში წარმოებულ ანგარიშგებაშია ხარჯად აღიარებული/გატარებული. საგადასახადო თავალსაზრისით მოგება არ აქვთ შემცირებული ზედნადებში მითითებული თანხით.

5.26. მოსარჩელემ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი პირველად სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 27 ივლისს, თუმცა სასამართლოს 2022 წლის 01 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე. აღნიშნული განჩინება მოსარჩელის მხრიდან გასაჩივრებული არ ყოფილა. მოსარჩელემ მეორედ სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2022 წლის 07 დეკემბერს, თუმცა სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით კვლავ უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე. განსახილველი სარჩელით მოსარჩელემ სასამართლოს მომართა 2023 წლის 20 იანვარს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:

5.27. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ მოქმედი შრომის კოდექსი, რომელიც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროსაც მოქმედებდა, შეიცავს სპეციალურ დათქმას ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, რაც მანამდე მოქმედი შრომის კოდექსით გათვალისწინებული არ იყო და რასაც ეყრდნობა მოსარჩელე მხარის მიერ მოხმობილი სასამართლო პრაქტიკა. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელემ პირველი სარჩელი სასამართლოში აღძრა 2022 წლის 27 ივლისს, ანუ პირველი სარჩელის აღძვრა განხორციელდა ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადის დაცვით, რომლის მიღებაზეც მოსარჩელეს 2022 წლის 01 აგვისტოს განჩინებით ეთქვა უარი. მოსარჩელემ მეორე სარჩელით სასამართლოს მომართა 2022 წლის 07 დეკემბერს, 4 თვის გასვლის შემდეგ, რის გამოც მოქმედი შრომის კოდექსის რეგულაციებიდან გამომდინარე, სარჩელი ხანდაზმულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მეორე სარჩელი აღძრულ იქნა 6 თვიან ვადაში, ხანდაზმულობის ვადა პირველი სარჩელის შეტანიდან შეწყვეტილად უნდა მიჩნეულიყო.

5.28. ვინაიდან სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად, სასამართლომ მიუთითა, რომ აღარ იმსჯელებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერების საკითხზე და მისგან გამომდინარე თანმდევ შედეგებზე.

5.29. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ, სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად, როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად. პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადები დადასტურებული არ იყო მოპასუხის მხრიდან კანონით დადგენილი წესით, მასში მითითებული საქონელი მოპასუხეს არ მიუღია და შემოსავალში არ მიუთითებია, ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ავტომობილის ნაწილების მოპასუხის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟების შესახებ ფაქტობრივი გარემოება. პალატის მოსაზრებით, სახეზე არ იყო თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები, ვინაიდან, არ დასტურდებოდა შრომითი ურთიერთობის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ასევე არ დასტურდებოდა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება, დავალების ხელეშეკრულების არსებობა ან მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება.

5.30. გასაჩივრებულ საოქმო განჩინებასთან მიმართებით, პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული მტკიცებულება ვერ დაადასტურებდა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, მისი საქმეზე დართვა ვერ მოახდენდა გავლენას საქმეზე დამდგარ შედეგზე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 მარტის განჩინებით, ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილის მეორე წინადადება, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ, დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. კასატორის მოსაზრებით, დასაქმებულის მიერ სარჩელის 30 დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევა ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციულია და თანასწორობის პრინციპს არ შეესაბამება. დასაქმებული დამსაქმებელთან შედარებით არათანასწორ პირობებში იმყოფება და გასაჩივრების ვადის 30 დღემდე შეზღუდვა ისევ დამსაქმებლის ინტერესების დაცვას ემსახურება.

8.2. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ამ კუთხით სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება მსგავს საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას. კასატორი მიუთითებს შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებაზე და მიიჩნევს, რომ სასამრთლოს მტკიცების ტვირთი უნდა შეებრუნებინა და დასაქმებულის მხრიდან გაღებული ხარჯების სამსახურებრივ საჭიროებასთან მიზანშეუწონლობა დამსაქმებელს უნდა დაედასტურებინა. მოსარჩელე საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 31 დეკემბრის მინდობილობის შესაბამისად, ახორციელებდა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანების შეკეთებას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ქმედებას.

8.3. კასატორის პრეტენზია შეეხება ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, გასაჩივრებული საოქმო განჩინების უცვლელად დატოვებასთან მიმარტებით. ვ.გ–ი მიიჩნევს, რომ არსებობდა მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ, მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

14. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, გამომდინარეობს შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან და მოპასუხის მხრიდან ამ მოთხოვნებზე წარმოდგენილი იყო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი ხანდაზმულობაზე მითითებით, პალატა შეაფასებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების წარმოშობის და მისი განხორციელების სამართლებრივ ფარგლებს, ვინაიდან, მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითება, ამ უკანასკნელის, საპროცესო თავდაცვის იმდენად არსებითი სახეა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში, მითითებული სასარჩელო მოთხოვნები წარმატებული ვერ იქნება.

15. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე“.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს, დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს მიერ, დასაქმებულის მიერ აღძრული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს, იმავე სარჩელით განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

17. ამრიგად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილია სპეციალური - 30-დღიანი ვადა, რაც ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის №ას-11-11-2018 გადაწყვეტილება და 2019 წლის 13 დეკემბრის №ას-1418-2018 განჩინება). შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილია დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის სპეციალური წესი - თუ მხარე სარჩელის წარდგენით სადავოდ გახდის გათავისუფლების კანონიერებას, მაგრამ სასამართლო მას უარს ეტყვის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ან სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული, დასაქმებულს შეუძლია, განმეორებით წარადგინოს სარჩელი სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

18. საკასაციო სასამართლო, აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსით ხანდაზმულობის სპეციალური, ნაკლები ხანგრძლივობის ვადების გათვალისწინება, პირველ ყოვლისა, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, რათა შრომითი დავები სწრაფად წარიმართოს და დასრულდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის გამოსაყენებულ ძირითად ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსი, რომელიც შეიცავს სპეციალური დანაწესს, დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასთან მიმართებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს შრომითსამართლებრივი მოთხოვნების ხანდაზმულობის საკითხზე სშკ-ის შესაბამისად და მართებულად უთხრეს უარი მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო ვადების გამოყენებაზე. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ მოსარჩელემ პირველი სარჩელი სასამართლოში აღძრა 2022 წლის 27 ივლისს, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული 30 დღიანი ვადის დაცვით, რომლის მიღებაზეც მოსარჩელეს სასამართლოს 2022 წლის 01 აგვისტოს განჩინებით უარი ეთქვა. მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მას სშკ-ის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან გამომდინარე, სარჩელი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა წარედგინა, თუმცა, მეორე სარჩელით სასამართლოს მომართა 2022 წლის 07 დეკემბერს, 4 თვის გასვლის შემდეგ, რაც საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სპეციალური დათქმის (სშკ 48-ე მუხლის მე-6 ნაწილი) შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებს ხანდაზმულს ხდის (მსგავს საკითხზე შედარებისთვის, იხ.: სუსგ.: ას-211-2023, 27.06.2023წ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულად მიჩნევის პირობებში, მსჯელობა სადავო ბრძანების მართლზომიერების საკითხსა და მის თანმდევ შედეგებზე საფუძველს მოკლებულია.

19. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის 2438 ლარის დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატა ამ მოთხოვნის ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და პირველ რიგში კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანი ამ მოთხოვნასთან მიმართებით, იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

20. კასატორი მიუთითებს შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მტკიცების ტვირთი უნდა შეებრუნებინა და დასაქმებულის მხრიდან გაღებული ხარჯების სამსახურებრივ საჭიროებასთან მიზანშეუწონლობა დამსაქმებელს უნდა დაედასტურებინა. აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურება განპირობებულია იმით, რომ დამსაქმებელი წარმოადგენს საწარმოს, რომელსაც გააჩნია საწარმოს დოკუმენტაცია და მას როგორც დამსაქმებელს, ეკისრება ორგანიზაციაში დასაქმებული პირის გათავისუფლების საფუძვლის მართლზომიერების მტკიცების და შესაბამისად, ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენის ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა, რომლის საფუძვლიანობის დადასტურების მიზნითაც მიუთითებს კასატორი შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებაზე, შეეხება არა ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნას, არამედ, მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას და ამ დავის საგნის ფარგლებში მტკიცების ტვირთის შებრუნება და მსგავს საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე მითითება არარელევანტურია.

21. კასატორი მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების მიზნით აპელირებს მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 31 დეკემბრის მინდობილობის შესაბამისად ახორციელებდა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანების შეკეთებას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ქმედებას. საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ მითითებული მინდობილობის არსებობა, მოსარჩელის მიერ ხარჯების გაწევის ფაქტს ვერ დაადასტურებს, საქმეში წარმოდგენილი ელექტრონულად ატვირთული სასაქონლო ზედნადებები კი არ არის დადასტურებული მოპასუხის მხრიდან კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ზედნადებში მითითებული საქონელი მოპასუხე მხარემ მიიღო ან ბუღალტრულად აღრიცხა, ასევე მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა აღნიშნული ნაწილების მოპასუხის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, ხოლო მოპასუხე მხარემ უარყო მოსარჩელისათვის მისი სახრებით ავტონაწილების ან სურსათის შეძენის დავალება. პალატა ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე იმაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა შორის გაფორმებული შრომით ხელშეკრულება, შინაგანაწესი ან სამსახურეობრივი ინსტრუქცია მოსარჩელეს არ ავალებდა საკუთარი სახსრებით კომპანიის სასარგებლოდ რაიმეს შეძენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ (კასატორმა) ვერ დაადასტურა თანხის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკამაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოების (მის მიერ დამსაქმებლის სასარგებლოდ რაიმე სახის ხარჯის გაწევის ფაქტი) არსებობა, რის გამოც მოთხოვნა უსაფუძვლოა და მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

22. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულება, რის გამოთხოვაზეც შუამდგომლობდა ვ.გ–ი, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად ვერ განიხილება და ვერ შეცვლის საქმეზე დამდგარ შედეგს.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, საიდანაც, სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის გათვალისწინებით, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 120 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ვ.გ–ს (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან (150 ლარი, საგადახდო დავალება N1707299198, გადახდის თარიღი 07.02.2024; 150 ლარი, საგადახდო დავალება N1709551994, გადახდის თარიღი 04.03.2024) - 120 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე