Facebook Twitter

საქმე №ას-1002-2024

26 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.პ.ს–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ.პ.ს–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.მ–იას (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „აპელანტი“) მიმართ და მოითხოვა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ……., ბინა N9ბ, ფართი 152,33 კვ.მ, ს.კ. ........ (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება“), მესაკუთრედ ცნობა.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონებიდან 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

4. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: თ.ბ–ას, როგორც „გამყიდველს“ და მოპასუხეს, როგორც „მყიდველს“, რომელიც წარმოდგენილი იყო მ.მ–ას მიერ (N211227369 მინდობილობის თანახმად), შორის გაფორმდა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 228 495 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდიდა იმაზე მითითებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადასაწყვეტად დამფუძნებელი ნორმები არასწორად შეარჩია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ ფარგლებში შეამოწმა.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას მასსა და მოპასუხეს შორის დავალების ხელშეკრულების არსებობაზე აფუძნებდა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მან მოპასუხეს გადასცა თანხა მისი სახელით უძრავი ნივთის შესაძენად. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავი ქონების შესაძენად მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულება არ დადებულა.

9. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 201.4, 372-ე, 373.1 მუხლები და განმარტა, რომ სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობას, მართალია, არ მოჰყვება პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის იდენტური შედეგები - სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობა ვერ გახდება სააპელაციო პალატის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, თუმცა სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობა გულისხმობს, რომ მხარე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მაშასადამე, თუკი მხარე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, თუნდაც, საბოლოოდ დავა მის სასარგებლოდ იყოს გადაწყვეტილი, მას აქვს შესაძლებლობა, ასეთი ფაქტობრივი გარემოება სადავოდ გახადოს სააპელაციო შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარდგენილია სააპელაციო შესაგებელი, თუმცა შედავებული არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავალების ხელშეკრულების არარსებობის ფაქტის დადგენა, მით უფრო, რომ აღნიშნულ გარემოებაზე სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულების არარსებობის ფაქტი, როგორც მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეუდავებელი გარემოება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება ვერ მოხდებოდა დავალების ხელშეკრულების ნორმების საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელეს არ დაუსახელებია სხვა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შესაძლებელს გახდიდა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თვალსაზრისით, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის დადგენას. ამასთან, არ არსებობდა მოსარჩელის უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის სხვა (არასახელშეკრულებო) სამართლებრივი საფუძველი.

11. მოსარჩელის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მან გადასცა მოპასუხეს ნასყიდობის საფასური, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოების შესწავლას და დადგენას განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის - ნივთის მესაკუთრედ ცნობისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თანხის გადაცემა შესაძლებელია გახდეს სხვა დავის საგანი, რაც სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს, ხოლო თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველი ვერ გახდება.

12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.1, მე-4, 178.1 მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად არ მიუთითებია მხარეთა შორის არარეგისტრირებული კავშირის არსებობაზეც კი. სარჩელში ასახული ფაქტობრივი გარემოებები სრულად მიემართებოდა და სასარჩელო მოთხოვნა სრულად ეფუძნებოდა დავალების ხელშეკრულების არსებობას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც შეზღუდული იყო მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, პროცესუალურად არ იყო უფლებამოსილი, მეუღლეთა თანასაკუთრებაზე ემსჯელა.

13. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მაინც არ ქმნიდა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე დავის გადაწყვეტის შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული კოდექსის 1158.1 და 1151-ე მუხლებით და განმარტა, რომ მეუღლეთა ქონებრივი უფლებების გათვალისწინებით, ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ მოთხოვნის წარმატებას განაპირობებს იმ გარემოების დადგენა, რომ მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, რომლის დროსაც არის ქონება შეძენილი (იხ. სუსგ საქმე Nას-382-2023, 15.06.2023წ.; Nას-423-2021, 22.11.2022წ.; Nას-418-2020, 17.11.2022წ.; Nას-328-2021, 21.07.2022წ.; Nას-1376-1296-2017, 09.03.2018წ.). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენისას მხარეები არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. შესაბამისად, მათ შორის არ წარმოშობილა მეუღლეთა ქონებრივი უფლებები და მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის ადრესატს არ წარმოადგენს.

14. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

15. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

15.1. ის გარემოება, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, არ უნდა გახდეს კასატორის უფლების დარღვევის და მისთვის ზიანის მიყენების საფუძველი. მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი და აღნიშნული გარემოება სადავო არაა. სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ უძრავი ქონების ღირებულება გადახდილია კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშიდან, რომლის ერთადერთ დამფუძნებელსა და მფლობელს წარმოადგენს კასატორი, რომელმაც ფაქტობრივი მეუღლის - მოპასუხისა და შვილის ინტერესების გათვალისწინებით შეიძინა სადავო უძრავი ქონება;

15.2. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესუალურად არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა მეუღლეთა თანასაკუთრებაზე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქმის ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტას, ასევე, ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევასა და ობიექტურად შეფასებას, რაც განხორციელდა კიდეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ;

15.3. მოქმედი კანონმდებლობა მოსარჩელეს იმპერატიულად არ ავალდებულებს, სწორად მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები და ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში მთავარი და გადამწყვეტი რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებები და ის კონკრეტული მოთხოვნაა, რისთვისაც მოსარჩელე მიმართავს სასამართლოს. მოსარჩელის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული ნორმები სასამართლოსთვის არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას, საქმის განხილვისას გამოკვლეული და დადგენილი/შეფასებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამოეყენებინა რეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების განაწილების მომწესრიგებელი ნორმები. თუ საქმის განხილვისას გამოიკვეთება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო არ იზღუდება დააკმაყოფილოს სარჩელი, თუნდაც იმ საფუძვლებით რაზეც მოსარჩელე სარჩელში არ მიუთითებს. ნებისმიერ დავაში გადამწყვეტია კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და მოცემულობა;

15.4. კასატორის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა უძრავი ქონების შეძენა, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედებისა და მის მიერ ფაქტობრივად უძრავი ქონების მესაკუთრის ნდობის ბოროტად გამოყენების გამო, ამ უკანასკნელმა დაკარგა, როგორც მის მიერ გადახდილი თანხა, ისე ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება;

15.5. საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა საკითხის მარეგულირებელი სამართლის ნორმები, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვეთა და დადგინდა, რომ კასატორი სწორედ შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსარჩელესთან ოფიციალურად ოჯახის შექმნის მიზნით მოქმედებდა და საკუთარი სახსრებით შეიძინა სადავო ქონება, სადაც გააგრძელებდნენ ერთად თანაცხოვრებას. ის გარემოება, რომ მოსარჩელე კეთილსინდისიერად, შვილის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ მან აღარ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ აღდგა სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლება;

15.6. მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის/ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იყო ყალბი და სადავო ქონების ღირებულება რეალურად მოპასუხის მიერ იყო გადახდილი, რაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ვინაიდან აღნიშნული ქონება მოპასუხეს თავისი სახსრებით არ შეუძენია;

15.7. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების შეძენისას მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც 2020 წელს შეეძინათ საერთო შვილი. მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია და დაადასტურა მოწმემაც - მოპასუხის დედამ, მ.მ–ამ. მოწმემ განმარტა, რომ მხარეები ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. მხარეთა შეთანხმებით მას უნდა მოეძებნა თბილისში ბინა, რომელიც ბავშვისთვის მოსახერხებელი იქნებოდა. მოწმის ჩვენებით, ნოტარიუსთან მოწინააღმდეგე მხარის მიერ მის სახელზე მინდობილობის გაცემისას მათთან ერთად იყო მოსარჩელეც. შესაფერისი ბინის ძებნის პროცესში შერჩეული უძრავი ქონების სურათებს უგზავნიდა როგორც მოპასუხეს, ისე მოსარჩელეს. ამასთან, მოსარჩელეს გაუგზავნა შერჩეულ ბინაზე დასადები ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი. მოწმემ დაადასტურა, რომ ნასყიდობის საფასური გადახდილია მოსარჩელის მიერ;

15.8. ამგვარად, მხარეები იმყოფებოდნენ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, რამაც წარმოშვა მათი ქორწინებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა;

15.9. სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ შედავებული არ ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავალების ხელშეკრულების არარსებობის დადგენა, ვერ გახდება მოსარჩელის უფლების დარღვევის საფუძველი, მით უფრო, საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორმა, რომელსაც მხოლოდ ოჯახის შექმნის, მოწინააღმდეგე მხარესთან და საერთო შვილთან ცხოვრების გაგრძელების მიზანი ამოძრავებდა და საკუთარი სახსრებით შეიძინა სადავო ბინა, აღარ გააგრძელა დავა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე სრულად არ აღდგა მისი საკუთრების უფლება. კასატორისთვის გადამწყვეტი იყო შედეგი და არა ის საფუძვლები, რასაც ეფუძნებოდა თავდაპირველი სარჩელი ან/და სასამართლოს გადაწყვეტილება.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე და პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (სსსკ-ის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში. დისპოზიციურობის პრინციპთან დაკავშირებით სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი, 2020, გვ. 46-47). ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

19. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე Nას-1529-1443-2012, 09 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, §187).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

21. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით უნდა გაარკვიოს თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

22. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზების პირობებში (იხ. სუსგ საქმე Nას-1298-2018, 22 მარტი, 2019 წელი; Nას-313-2021, 30 ივნისი, 2021 წელი).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის განმარტებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელეს არ ავალდებულებს მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. თავის მხრივ, არც სასამართლოა ვალდებული, გადაწყვეტილება დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით (იხ. სუსგ საქმე Nას-738-700-2015, 18 დეკემბერი, 2015 წელი). თუმცა, რაც შეეხება მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის (საფუძვლების) მითითებას, აღნიშნული მოსარჩელის დისპოზიციურ უფლებას წარმოადგენს.

24. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელში მისი მოთხოვნის - სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის, ფაქტობრივ საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო დავალების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს მოსარჩელის სახელითა და ხარჯით სადავო უძრავი ქონება უნდა შეეძინა (იხ. სარჩელი, ტ. 1, ს.ფ. 3-9). სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავი ქონების შესაძენად მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულება არ დადებულა, რაც კასატორს სადავოდ არ გაუხდია, ამდენად, გამოირიცხა ამ საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მოსარჩელეს მისი მოთხოვნის საფუძვლად სხვა გარემოებაზე, მათ შორის, მოპასუხესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტზე, არ მიუთითებია. შესაბამისად, ვინაიდან საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერების შეფასებისას ემსჯელა მეუღლეთა თანასაკუთრებაზე და მოთხოვნის საფუძვლიანობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე [მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი; ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი] დაყრდნობით შეეფასებინა.

25. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის [მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება] შესაბამისად, მეუღლეთა უფლება მოვალეობებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს. იმავე კოდექსის 1106-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დაქორწინების თაობაზე მხარეთა შეთანხმება იურიდიულ ძალას იძენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში დარეგისტრირების შემდეგ.

26. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ საქმეებზე: Nას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი; Nას-205-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი). ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს და მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში ამ ნორმის სხვაგვარი განმარტება მის ნორმატიულ შინაარსს ეწინააღმდეგება (იხ. სუსგ საქმე Nას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი). სხვა საქმეში საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „დე ფაქტო“ ოჯახური ცხოვრების დადგენას სხვა - მაგალითად, მამობის დადგენის ან მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის საქმეებზე - შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ სამართლებრივი დატვირთვა (იხ. სუსგ საქმე Nას-205-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კასატორის შედავება, რომ მხარეთა შორის არარეგისტრირებული ქორწინების არსებობა მათ კანონით გათვალისწინებულ მეუღლეთა ქონებრივ უფლება-მოვალეობებს წარმოუშობდათ.

28. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური მის მიერ არის გადახდილი, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას მასსა და მოპასუხეს შორის დავალების ხელშეკრულების არსებობაზე აფუძნებდა. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია თ.ბ–ას, როგორც „გამყიდველს“ და მოპასუხეს, როგორც „მყიდველს“ (წარმოდგენილი მ.მ–ას მიერ) შორის, რომლის საფუძველზეც მოპასუხე საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა. მოსარჩელეს მითითებული ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, ვინაიდან წინამდებარე საქმეში არ დადგინდა მხარეთა შორის უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით დავალების ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, ხოლო მოსარჩელეს სხვა საფუძვლით სადავოდ არ გაუხდია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი შედეგი (ანუ, ნასყიდობის საგანზე მოპასუხის საკუთრების უფლება), საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იმ გარემოების დადგენას - უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური გადახდილია თუ არა მოსარჩელის მიერ, განსახილველი დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელობა არ აქვს. მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტი შესაძლოა სხვა დავის ფარგლებში შესაფასებელ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდეს.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია, რაც მისი ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

32. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების წინაპირობები. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.პ.ს–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე