საქმე № ას-1123-2024 5 თებერვალი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,გ–ი’’ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ზ.-ქ–ი (აპელანტი, მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „გ–მა“ (შემდგომში მოსარჩელე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ზ.-ქ–ის (შემდგომში მოპასუხე) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
3. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
მოპასუხის მიერ სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2023 წლის 3 ოქტომბერს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 878.66 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 13 462.30 ლარი, ხოლო საპროცენტო სარგებელი - 7 416.36 ლარი.
4. მოპასუხის საჩივარი
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5. საქალაქო სასამართლოს განჩინება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე არსებითი განხილვის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით (სასამართლოს მითითებით, ვინაიდან საქმეში წარდგენილი საფოსტო უკუგზავნილებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებაზე ორჯერ განაცხადა უარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, უწყება ადრესატისთვის ჩაბარებულად მიიჩნეოდა), თუმცა მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საკმარის საფუძველს. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე (რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ ღა არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) და აღნიშნა, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სარჩელის აღძვრის წინაპირობა.
7.3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლით (მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა)), და აღნიშნა, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს იმ მოთხოვნის იდენტიფიცირება, რომელსაც კრედიტორი ახალ კრედიტორს უთმობს, ე.ი ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ნათელ, არაორაზროვან, კონკრეტულ მითითებას მოთხოვნის შინაარსსა და მოცულობაზე, რათა ახალმა კრედიტორმა მოთხოვნის დათმობის საფუძველზე მოვალეს წარუდგინოს პრეტენზია. წინამდებარე შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს სს „თ.ბ–ის“ მიერ მოპასუხის სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე თანხის დაკისრებას, ხოლო წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიმართ მოთხოვნის წარდგენის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, აღნიშნული, გამორიცხავდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.
8.მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
8.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და გასცდა საპელაციო საჩივრის ფარგლებს, გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით შეამოწმა იმ ნაწილში, რომელიც მხარეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, არასწორად დაასკვნა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგების არსებით პირობებზე. სინამდვილეში კი, მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით და თითოეული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მას წარდგენილი აქვს შესაბამისი მტკიცებულება. მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ცესიონერსა და ცედენტს შორის გაფორმდა ნამდვილი ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. კერძოდ, შეთანხმებით განისაზღვრა კონკრეტული, იდენტიფიცირებადი მოთხოვნა, რომელიც სრული მოცულობით გადაეცა მოთხოვნის მიმღებს, ხოლო დანართი N1-ში აისახა კონკრეტული თანხები დათმობილ სესხთან მიმართებით, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ გასცა ცნობა დავალიანების შესახებ, ხოლო მოპასუხის მხრიდან დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო სასამართლოს მიმართა სარჩელით.
9.საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმების კანონიერება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, გასცდა საპელაციო საჩივრის ფარგლებს და გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით შეამოწმა იმ ნაწილში, რომელიც მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
11. კასატორის პრეტენზიის შემოწმებამდე, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსსკ-ის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით) საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი:
ა) მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა;
გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე (სუსგ საქმე #ას-ას-538-511-2014 , 24 დეკემბერი, 2015 წელი).
14. ამასთანავე, ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (იხ. სუსგ საქმე #ას№ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).
15. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული არ ყოფილა საპატიო მიზეზით, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოპასუხის მიმართ მოთხოვნის წარდგენისა და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვეოდა აკმაყოფილებდა თუ არა სადავო შეთანხმება (მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ) სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მოთხოვნებს.
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა მოპასუხე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების სათანადო მხარეს საქმეში (და შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო თუ არა სსკ-ის 199-ე მუხლის მოთხოვნები), წარმოადგენს არსებითი მსჯელობის ეტაპზე და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე Nას-121-117-2016).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 637).
19. წინამდებარე საქმეზე წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხისთვის ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება მოსარჩელისთვის სს „თ. ბ–ის“ მიერ მოპასუხის სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე (სარჩელში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული N2150503-10243064 ხელშეკრულების საფუძველზე, სადაც მოპასუხემ დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე, სს „თ.ბ–ის“ მიერ გაიცა სესხი მოპასუხეზე შემდეგი ძირითადი პირობებით: სესხის ძირი - 13 500 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 30%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 38.16%, სესხის ვადა - 59 თვე, გაცემის საკომისიო - 67.50 ლარი, ყოველთვიური შენატანი - 443.37 ლარი. სესხის დაფარვის და სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დარიცხვას, ვადაგადაცილებული თანხის 0.50%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო დაირიცხა პირგასამტეხლო, ვადაგადაცილების დღიდან (2019 წლის 4 თებერვლიდან) 2021 წლის 3 სექტემბრამდე. სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო ბანკმა შეამცირა 13 472.21 ლარით, შესაბამისად, მისი მოთხოვნა შეადგენდა 20 878.66 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო 13 462.30 ლარი, პროცენტი - 7 416.36 ლარი, პირგასამტეხლო 0.00 ლარი, საკომისიო - 0.00 ლარი.
2021 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, მოთხოვნის მიმღებს, მოსარჩელეს, სს „თ.ბ–მა“ დაუთმო 2018 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული N2150503-10243064 ხელშეკრულების შესაბამისად კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება შემდეგი მოცულობით: სესხის ძირი - 13 462 ლარი, პროცენტი - 7 416.36 ლარი, პირგასამტეხლო - 13 472.21 ლარი, საკომისიო- 0.00 ლარი. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 20 878.66 ლარის გადახდა (სესხის ძირითადი თანხა - 13 462.30 ლარი, პროცენტი - 7 416.36 ლარი)).
20. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. სსკ 361-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
21. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით (სსკ-ის 867-ე მუხლი). მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი (სსკ-ის 868.1 მუხლი).
22. სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, კი მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
23. ზემოაღნიშნული სამართლებრივი განმარტებებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულადაა მიჩნეული, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული გარემოებები სსკ-ის 867-ე, 868-ე, 361-ე, 198-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების (კრედიტის ძირი, პროცენტი) ცესიონერის სასარგებლოდ მოპასუხისთვის/მსესხებლისთვის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან სახეზეა ყველა ის მოცემულობა, რაც განსახილველ დავაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება (რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2024 წლის 30 იანვრის განჩინება) დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „გ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განჩინება, ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 30 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;
3. თეა ზალკალიან-ქ–ს (პ.ნ. 01008037502) შპს „გ–ის“ (ს.კ. 406268186) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადახდილი 1044 ლარის ანაზღაურება;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი