Facebook Twitter

¹ბს-1065-1016(კ-06) 22 იანვარი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 11 მაისს მ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 2231,89 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 1-2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1756,67 ლარის ოდენობით (ს.ფ. 24).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 28-29).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში სავალდებულო მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (ს.ფ. 37-41).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 51-55).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა:

კასატორმა აღნიშნა, რომ საბაჟო დეპარტამენტმა ვერ დაფარა სახელფასო დავალიანებები იმის გამო, რომ ბიუჯეტში აღნიშნული თანხები რამოდენიმეჯერ იქნა სეკვესტრირებული. 2006 წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალიანებების დასაფარავად გამოეყო 58778,5 მილიონი ლარი, აქედან 3,0 მილიონი ლარი მიმართული უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მითითებული დავალიანებები უნდა დაფაროს ფინანსთა სამინისტომ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ არასწორედ განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა 2006 წლის “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-6, მე-8 და მე-40 მუხლები, რომლის თანახმად, აღნიშნული დავალიანებები უნდა დაფაროს ფინანსთა სამინისტრომ, რისთვისაც გამოყოფილი აქვს ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები (ს.ფ. 60-62).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.