საქმე №ას-420-2025 25 მარტი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - სს „თ.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა., შპს „მ.მ.“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.01.2025წ. განჩინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.01.2025წ. განჩინებით სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც "საარბიტრაჟო მოსარჩელე") განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განიმარტა, რომ განჩინება საჩივრდებოდა საჩივრით 5 დღის განმავლობაში განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან (იხ.: განჩინება, ს.ფ.135-138).
2. 10.03.2025წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.01.2025წ. განჩინების გაუქმების და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2025წ. განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განჩინება ეფუძნება გარემოებას მასზე, რომ საჩივარი წარდგენილია საპროცესო ვადის დარღვევით (იხ.: განჩინება, ს.ფ. 156-158).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 35612-ე მუხლის პირველი ნაწილით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.
5. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2025წ. განჩინებაში არის აღნიშნული და საქმის მასალებითაც დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.01.2025წ. განჩინება საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენელს - დ.კ–ძეს პირადად ჩაჰბარდა 31.01.2025წ. (იხ. ჩაბარების ხელწერილი და მინდობილობა, ს.ფ.139-140). ამდენად, განჩინების გასაჩივრების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 01 თებერვალს და ამოიწურა 2025 წლის 05 თებერვალს. საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 06.03.2025წ. (საჩივრის საფოსტო განყოფილებაში წარდგენის თარიღი), ანუ დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ.144-155).
7. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
8. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი მართებულად მიიჩნია დაუშვებლად.
9. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საჩივრის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ თავისი მოტივირებული განჩინებით საჩივრის საფუძვლების გაუზიარებლობის შემთხვევაში და თუ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ შეუფასებია წარდგენილი საჩივარი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას (სუსგ.: №ას-253-2020, 17.06.2020წ.; №ას-1308-2020, 28.01.2021წ.). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, პალატა განმარტავს, რომ რადგან სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2025წ. განჩინებით საჩივარი დაუშვებლობის საფუძვლით გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს, იგი წინამდებარე საჩივრის ფარგლებში ამოწმებს მხოლოდ ერთ საკითხს, რამდენად სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ მისი დაუშვებლობის წინაპირობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აფასებს არც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.01.2025წ. განჩინების კანონიერებას, არც ამ განჩინების გაუქმების მოთხოვნის დასაბუთებულობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს სს „თ.ბ–ის“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.01.2025წ. განჩინებაზე.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე