საქმე №ას-242-2025 25 მარტი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ი–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ბ.“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.01.2025 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.07.2024 წლის განჩინებით შპს „ი–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა:
1.1. სასამართლო წარმოების დასრულებამდე ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხე - შპს „ს.ბ–ის“ კუთვნილ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის - 459 752.54 ლარის ფარგლებში.
1.2. სასამართლო წარმოების დასრულებამდე ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხე - ე.ხ–ის კუთვნილ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის - 459 752.54 ლარის ფარგლებში.
1.3. სასამართლო წარმოების დასრულებამდე ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხე - ნ.ხ–ის კუთვნილ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის - 459 752.54 ლარის ფარგლებში.
1.4. წარმოების დასრულებამდე ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხე - გ.ვ–ძის კუთვნილ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის - 459 752.54 ლარის ფარგლებში.
1.5. ე.ხ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქ. ბათუმი, ......., ფართობი: 808 კვ.მ, ს/კ: ........, გასხვისება, განკარგვა და უფლებრივი დატვირთვა.
1.6. ნ.ხ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების: 1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, .........., სადარბაზო 1, სართული 16, ბინა №143, ფართობი: 62 კვ.მ, ს/კ: ..........; 2. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, .........., სადარბაზო 1, სართული 16, ბინა №150, ფართობი: 36.5 კვ.მ, ს/კ: .........., გასხვისება, განკარგვა და უფლებრივი დატვირთვა.
2. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.08.2024 წლის განჩინებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.07.2024 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:
- სასამართლო წარმოების დასრულებამდე ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის - შპს „ს.ბ–ის“ კუთვნილ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის - 459 752.54 ლარის ფარგლებში.
- სასამართლო წარმოების დასრულებამდე ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის - ე.ხ–ის კუთვნილ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის - 459 752.54 ლარის ფარგლებში.
- სასამართლო წარმოების დასრულებამდე ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის - ნ.ხ–ის კუთვნილ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის - 459 752.54 ლარის ფარგლებში.
- წარმოების დასრულებამდე ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის - გ.ვ–ძის კუთვნილ ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის - 459 752.54 ლარის ფარგლებში.
- დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელი.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.08.2024 წლის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.09.2024 წლის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საჩივარი გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2024 წლის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.08.2024 წლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ამავე სასამართლოს 15.07.2024 წლის განჩინებით შპს „ს.ბ–ის“ ანგარიშებზე დადებული ყადაღა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში; შპს „ს.ბ–ის“ საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.07.2024 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს „ს.ბ–ის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებული ან/და ჩარიცხული ფულადი სახსრების 50%-ს, საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამურად 459752.54 ლარის ფარგლებში; მოსარჩელის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.08.2024 წლის განჩინების სხვა ნაწილში გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2024 წლის განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.01.2025 წლის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.2024 წლის განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გასწორდა უსწორობა.
9. უსწორობის გასწორების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.01.2025 წლის განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
12. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). დასახელებული ნორმის მიხედვით, სარჩელი შეიძლება განუხილველად დარჩეს იმის შემდეგაც, რაც მიიღება წარმოებაში. აღნიშნული დასაშვებია, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ცნობილი გახდება სარჩელის ან სხვა სახის საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ. კანონის აღნიშნული დანაწესი ვრცელდება კერძო საჩივრის მიმართაც, ვინაიდან ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სუსგ №ას-3-2023, 18.01.2023წ.).
13. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
14. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, შეფასების საგანი იყო მოსარჩელის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.08.2024 წლის განჩინებაზე, რომლითაც ნაწილობრივ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.07.2024 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2024 წლის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძო საჩივარი შეეხება იმ განჩინების კანონიერებას, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.11.2024 წლის განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გასწორდა უსწორობა.
15. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ანუ კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე/საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება (სუსგ №ას-134-2021, 22.02.2021წ; №ას-703-2021, 12.07.2021წ.). უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. მის კანონიერებას დამატებით მესამე ინსტანციის სასამართლო ვეღარ შეამოწმებს. სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო (შდრ. სუსგ №ას-734-734-2018, 05.06.2018წ; №ას-1007-2018, 23.07.2018წ; №ას-134-2021, 22.02.2021წ; №ას-12-2022, 17.01.2022წ.).
16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სსსკ-ის 1971 და 419.3 მუხლებიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს მიერ საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა, საბოლოოა და არც ერთი მხარის მიერ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (სუსგ №ას-976-940-2016, 25.11.2016წ; №ას-1007-2018, 23.07.2018წ.).
17. უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე ყოველგვარი წარმოება სრულდება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში/ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებული მეორე ინსტანციის სასამართლოს განჩინებები, მათ შორის საჩივარზე მიღებულ განჩინებაში/განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების განჩინება, დამატებით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ საჩივრდება (შდრ. სუსგ №ას-14-2024, 27.02.2024წ; №ას-13-2024, 22.01.2024წ.). დაუშვებელია ამ გზით რაიმე ცვლილება/დამატება იქნეს შეტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე/საჩივარზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს (ანუ ზემდგომი სასამართლოს) მიერ მიღებულ განჩინებაში და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში.
18. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.01.2025 წლის განჩინების კანონიერება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან იგი წარმოადგენს საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებულ, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას.
19. ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ შეცვლის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მისი გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითება (შდრ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ.).
20. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (სუსგ: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ.). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
21. კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (შდრ. სუსგ №ას-1071-1010-2015, 07.12.2015წ; №ას-3-2023, 18.01.2023წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 399-ე, 187.2, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი–ის“ კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.01.2025 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ი–ს“ (ს/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს დ. ჯ–ძის (პ/ნ: .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (საგადასახადო დავალება №8848, გადახდის თარიღი 31.01.2025წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია