Facebook Twitter

საქმე №ას-179-2025 28 თებერვალი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ა.კ–ვა, ი.კ–ვა, ი.ს–კი, დ.ს–კი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით, დ.ს–კის (შემდგომ - მოსარჩელე, გ.მ––ძის სარჩელით პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ა.ბ–ისა და ნ:.ა–ის მიმართ გარიგებების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა; გ.მ–ძის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დ.ს–კის, ა.კ–ვას (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კერძო საჩივრის ავტორი), ი.კ–ვას (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მესამე კერძო საჩივრის ავტორი) და ი.ს–კის (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე, მეოთხე კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. რუსთავში, ...... . მე-9, ბინა 56-ე (ს/კ ........); მოპასუხეებს ყოველთვიურად 550 ლარის გადახდა 2023 წლის 1-ელი აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხეებმა გაასაჩივრეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტების მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის მიხედვით ხარვეზი არ შევსებულა და მათ არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებიათ სასამართლოსთვის.

4. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვეს.

5. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაჰბარებიათ. გზავნილის ჩაბარებასთან დაკავშირებით არც კურიერს არ დაუტოვებია შეტყობინება და არც სასამართლოდან არავინ დაჰკავშირებიათ, მაშინ, როდესაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შეტყობინება უპრობლემოდ ჩაჰბარდათ. ამასთან, გზავნილის ჩაბარება პოლიციისათვის სასამართლოს არ დაუვალებია, რისი გათვალისწინებითაც, დგინდება, რომ სასამართლომ საჯარო შეტყობინების გავრცელებამდე არ ამოწურა ყველა შესაძლებლობა მათთვის გზავნილის ჩაბარებისათვის.

6. კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ განჩინებების კანონიერებასაც და მათ გაუქმებას მოითხოვენ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო. ნორმიდან გამომდინარე, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

11. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ 2 184 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება გაეგზავნათ მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (.......), თუმცა გზავნილი ადრესატებს ვერ ჩაჰბარდათ, ვინაიდან კურიერს 2024 წლის 30 ივლისს მისამართზე არავინ დახვდა, ისევე, როგორც - 2024 წლის 1-ელ აგვისტოს. უკუგზავნილზე მითითებულია, რომ „ადრესატი მობილურს არ პასუხობს“. „მისამართზე არავინ არის“ (იხ.: დასტური). კურიერი მისამართზე კვლავ მივიდა 2024 წლის 5 აგვისტოს, თუმცა იმავე მიზეზით გზავნილი ადრესატებს ვერ ჩაჰბარდათ, რაც განმეორდა 9 აგვისტოს. ფოსტის უკუგზავნილის თანახმად, „ადრესატმა უთხრა, რომ შეეხმიანებოდა საღამოს, თუმცა არ შეეხმიანა“ (გზავნილში დაფიქისრებულია სააპელაციო საჩივარში აპელანტთა მიერ მითითებული ტელეფონის ნომერი). აღნიშნულის შემდგომ, გზავნილი 2024 წლის 7 ოქტომბერს გაეგზავნა მოპასუხეთა წარმომადგენელ დავით ჩიხლაძეს (მისამართზე: თბილისი, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების 11, გზავნილზე მითითებული იქნა ტელეფონის ნომერიც), თუმცა კურიერმა, ორჯერ მცდელობის მიუხედავად, ადრესატს გზავნილი ვერ ჩააბარა. უკუგზავნილში მითითებულია, რომ „ეზოს კარი დაკეტილია“, „არ უპასუხა“ (იხ.: დასტური). მეოთხე მოპასუხეს, რომელიც დანარჩენი მოპასუხეების ოჯახის წევრია, უწყება გაეგზავნა ქ. სამარაშიც, ......., ბინა 9ა-შიც, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა (განცხადებასა და კერძო საჩივარში ამ უკანასკნელის მისამართად მითითებულია ქ. რუსთავი, ......., სარჩელიც ამ უკანასკნელს ამავე მისამართზე აქვს ჩაბარებული), რის შემდგომაც სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის საჯაროდ გავრცელების შესახებ შეტყობინებით, მოპასუხეებს ეცნობათ 2024 წლის 26 ივლისის განჩინების შესახებ, რომელიც ჩაბარებულად ჩაითვალა სასამართლო შეტყობინების თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.

14. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, სასამართლომ საჯარო შეტყობინების გავრცელებამდე არ ამოწურა ყველა შესაძლებლობა, მათთვის გზავნილის ჩაბარებისათვის, რისი გათვალისწინებითაც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

15. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს სსსკ-ის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო გზავნილი ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გზავნილი იგზავნება ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ასეთ შემთხვევაში, იმავე კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილი ვერ ჩაჰბარდა, ის ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, ასევე, გზავნილი გააგზავნოს აღნიშნულ პირთა მიერ საქმეში მითითებული მისამართებიდან ნებისმიერზე, საკუთარი შეხედულებით. შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას, სასამართლოს მიერ მხარის მისამართის არჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნული იმითაცაა განპირობებული, რომ მხარე ვალდებულებია, მიუთითოს ისეთი მისამართი, სადაც მისთვის სასამართლო კორესპონდენციის მიღება ხელმისაწვდომი იქნება. სასამართლო უწყება/გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ან მის წარმომადგენელს გაეგზავნა მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ მაინც (იხ.: სუსგ №ას-208-2022, 29.04.2022წ.; №ას-588-2022, 01.07.2022წ.; №ას-893-2023, 12.09.2023წ.). ამდენად, მხარემ უნდა უზრუნველყოს სასამართლოსთვის საკუთარი მისამართის შესახებ ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდება, რათა შესაძლებელი გახდეს გზავნილების ჩაბარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ითმინოს გზავნილების მისთვის გადაცემის შეუძლებლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგები (იხ.: სუსგ №ას-768-2022, 13.09.2022წ.; №ას-705-2022, 03.11.2022წ.).

16. დადგენილია, რომ სადავო შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტებს ორჯერ გაუგზავნა სასამართლოსთვის ცნობილ ერთადერთ, თავად აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილი აპელანტებს ვერ ჩაჰბარდათ (მეოთხე მოპასუხეს დამატებით სხვა მისამართზეც გაეგზავნა განჩინება). საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აპელანტებისათვის გზავნილის ჩაბარების მცდელობა კურიერს ჰქონდა დაახლოებით 4-ჯერ, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, უკუგზავნილის მიხედვით, კურიერს ადრესატთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაციაც, რომელმაც მიიღო თანხმობა შემდეგი კომუნიკაციის („ადრესატმა უთხრა, რომ შეეხმიანებოდა საღამოს, თუმცა არ შეეხმიანა“), რასაც ასევე არ მოჰყოლია შედეგი. ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ გზავნილის ადრესატებისთვის ჩაბარებისათვის მათი წარმომადგენლისათვის გზავნილის ჩაბარების შესაძლებლობაც გამოიყენა, თუმცა გზავნილი არც წარმომადგენელს არ ჩაჰბარდა.

17. ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლები სასამართლო გზავნილის ჩაბარების საკმარის საფუძვლებს ქმნის იმისათვის, რომ სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დატოვოს განუხილველი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ დამატებით (სსსკ-ის 78-ე მუხლი), 2024 წლის 18 დეკემბერს გამოიტანა სასამართლო შეტყობინების (2024 წლის 26 ივლისის განჩინების) საჯაროდ გავრცელების შესახებ განჩინება, რომელიც საჯაროდ განთავსდა სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის საჯარო შეტყობინების ვებგვერდზე. ამდენად, სადავო არ არის, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებით გამოიყენა მხარისთვის გზავნილის ჩაბარების კანონით გათვალისწინებული ღონისძიება, რასაც ხარვეზის შევსების ვადის დენის დაწყება დაუკავშირა. საგულისხმოა, რომ ვადის ათვლის სასამართლოს მიერ ყველაზე გვიანდელ საპროცესო მოქმედებასთან (საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებასთან) დაკავშირების შემთხვევაშიც კი, მხარეს არ დაუცავს ხარვეზის შევსებისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა (კერძო საჩივრის ავტორებს სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების განცხადებით არ მიუმართავთ), შესაბამისად, სსსკ-ის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კანონიერად წარმოიშვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ 2024 წლის 26 ივლისის განჩინების ადრესატებისათვის ჩაბარებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა სასამართლო და მხოლოდ 2024 წლის 18 დეკემბერს (დაახლოებით 5 თვის შემდეგ) გამოიტანა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში კი აპელანტებსა და მათ წარმომადგენელს, რომელთათვისაც კანონით დადგენილი წესის მიხედვით, გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის გამო, ცნობილი უნდა ყოფილიყო წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე არსებული ხარვეზის (ხარვეზიანი სააპელაციო საჩივრის) თაობაზე, არანაირი კომუნიკაცია სასამართლოსთან არ ჰქონიათ (არ გამოუხატავთ დაინტერესება განსახილველი დავის მიმდინარეობის შესახებ), რაც არა ვალდებულების, არამედ, ცალკეული საპროცესო მოქმედების მხარისავე ინტერესებისათვის შესრულების აუცილებლობის ჭრილში უნდა შეფასდეს, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიების გაზიარების საფუძველი.

18. დაუსაბუთებელია და, შესაბამისად, საქმის განხილვის სამართლებრივ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს კერძო საჩივრის ავტორთა მითითება იმის თაობაზეც, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ განჩინებები უკანონოა. როგორც პალატამ უკვე აღნიშნა, კურიერის არაერთი მცდელობა აპელანტთათვის გზავნილის ჩაბარების თაობაზე სსსკ-ის 71.2 მუხლის საფუძველზე საკმარის საფუძვლებს ქმნიდა ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვებისათვის (იხ.: სუსგ №ას-893-2023, 12.09.2023წ.), რისი გათვალისწინებითაც, კერძო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ უკანონოა 2024 წლის 18 დეკემბერის განჩინება სასამართლო შეტყობინების (2024 წლის 26 ივლისის განჩინების) საჯაროდ გავრცელების შესახებ, დაუსაბუთებელია და სამართლებრივ არგუმენტებს არ ემაყარება.

19. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას, რომლის თანახმად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გამო ხარვეზის დადგენის საფუძველი, ვინაიდან პირველი კერძო საჩივრის ავტორი არასრულწლოვანია (მეორე კერძო საჩივრის შვილი) და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქარველოს კანონის მე-5 მუხლის „ქ“ პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ასევე დაუსაბუთებელია და გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ნაწილშიც. პალატა მიუთითებს, რომ მოცეულ შემთხვევაში, პირველი კერძო საჩივრის ავტორი სარჩელით ითხოვდა (მოპასუხეები - ა.ბ–ი და ნ.ა–) გარიგებების ბათილად ცნობასა და უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ აღიარებას. გ.მ–ძის სარჩელით უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ქონების სარგებლობისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ მოპასუხეს. ნიშანდობლივია, რომ მასთან ერთად სხვა მოპასუხეებიც ასაჩივრებდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რაიმე საფუძველი მათი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისა მითითებული არ ყოფილა, შესაბამისად, მათ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდებლობის გამო ხარვეზი კანონიერად დადგინდა (პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სრულად იყო გასაჩივრებული). რაც შეეხება პირველ აპელანტს, მისი სარჩელით დგინდება, რომ რეალურად მეორე აპელანტის გარდაცვლილ მეუღლეს გააჩნდა მოთხოვნის უფლება სადავო ბინის ნაწილზე. მისი გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული უფლება გადავიდა მეორე აპელანტზე, როგორც მემკვიდრეზე, შესაბამისად, დაირღვა არა პირველი აპელანტის, არამედ მეორე აპელანტის უფლება. ამასთან, მეორე აპელანტის მიერ პირველ აპელანტზე მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება, ვინაიდან პირველი აპელანტი გარდაცვლილი მეორე აპელანტის მამკვიდრებლის კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეს არ წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ამ ნაწილში მართებულად იქნა მოთხოვნილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, რეალურად სადავო უფლება ეხება მეორე აპელანტს, რომელიც სახელმიწფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული არ არის. ამასთან, გ.მ–ძის სარჩელზე არის თუ არა პირველი აპელანტი გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, პალატა ამ ნაწილშიც მიუთითებს, რომ არ არსებობს ბაჟისგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან ამ შემთხვევაზე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი (საერთო სასამართლოებში განსახიველ საქმეებზე სახელმქიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან: მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი, როგორც მოსარჩელე - სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე) არ ვრცელდება, რადგან პირველი აპელანტი წარმოადგენს მოცემულ საქმეზე არა მოსარჩელეს, არამედ მოპასუხეს, რომელიც სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული არ არის.

20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.კ–ვას, ი.კ–ვას, ი.ს–კისა და დ.ს–კის კერძო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა