Facebook Twitter

საქმე №ას-158-2024 30 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.მ–ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. (გ.) ც–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - გარიგებებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.მ–ე (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი, გ. (გ.) ც–ის (შემდეგ - მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, 2017 წლის 22 მაისს მხარეებს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №170549851) ბათილად ცნობის, 2018 წლის 22 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №18057912) შესახებ ბათილად ცნობისა და 2019 წლის 25 იანვარს ნოტარიუსის მიერ გაცემული N190080782 სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

2. კასატორის მითითებით, მხარეებს შორის რეალურად სასესხო ურთიერთობა არ არსებობდა. მოსარჩელეს თანხა არ გადასცემია და ხელშეკრულებაზე ხელმოწერა განპირობებული იყო მისი დეიდის ვალდებულებით, რომელიც დაკავებული იყო მსურველი პირების კანადაში გადაყვანით, რის უზრუნევლსაყოფადაც ფორმდებოდა მსგავსი სახის შეთანხმება, რომელიც უქმდებოდა პირობის შესრულებისთანავე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე 2017 წლის 22 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, 2018 წლის 22 მაისის ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების შეტანის ბათილობისა და 2019 წლის 25 იანვარს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას მოითხოვს წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - სსკ) 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას. ხოლო თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში, მხარეები აცხადებენ, რომ მათი ნების გამოვლენა მიმართულია გარკვეულ სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ, თუმცა ამ შედეგთან შესაბამისობა არ არსებობს იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელზეც მხარეები რეალურად თანხმდებიან. თვალთმაქცური გარიგების მიზანი ისაა, რომ დაიფაროს რეალური გარიგება, რომელიც მხარეებს მართლაც სურთ (იხ.: სუსგ №ას-976-908-2017, 22.01.2018წ.; №ას-522-2022, 25.04.2023წ.).

10. პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შემადგენლობისათვის განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებები არ დგინდება, რაზეც პალატა დამატებით აღარ გაამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებლებებით უდავოა დგინდება მხარეთა შორის არსებული სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა (სსკ-ის 623-ე მუხლი), კერძოდ, ნოტარიუსთან გაფორმებული 2017 წლის 22 მაისის №170549851 სესხის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ, როგორც გამსესხებელმა, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით მოსარჩელეს ასესხა - 14 500 ლარი. სესხი იყო სარგებლიანი - ყოველთვიურად ძირითადი თანხის 3% ყოველი თვის 22 რიცხვში გადახდით. სესხი გაიცა ერთი წლის ვადით. სესხი და სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტები უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 22 მაისის ჩათვლით. მხარეთა შეთანხმებით გამსესხებელი იპოთეკარს გადაუხდიდა 7250 ლარს ამ ხელშეკრულების დამოწმებისას. დარჩენილ თანხას 7250 ლარს - 2017 წლის 23 მაისს. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სანოტარო წესით ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში 2018 წლის 22 მაისს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, სესხის თანხის დაბრუნების ვადა გაიზარდა ექვსი თვით 2018 წლის 22 ნოემბრამდე.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ.: სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015წ.; №ას-1024-2023, 16.11.2023წ.). ანუ გამსესხებლის მიერ მსესხებელზე ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს არა გამსესხებლის სახელშეკრულებო ვალდებულებას, არამედ ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის წინაპირობას. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების ნადვილობისათვის, სესხის საგანზე შეთანხმებასთან ერთად, აუცილებელია, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც.

12. პალატა ზემოაღნიშნულ სანოტარო წესით გაფორმებულ ხელშეკრულებასა და მისი ცვლილებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ თუ თანხა რეალურად მსესხებელს არ გადასცემია, გაუგებარია რატომ გაფორმდა ვადასთან დაკავშირებით ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულება, ან თუ თანხის რომელიმე ნაწილის გადაცემას კასატორი სადავოდ ხდიდა, რატომ არ აისახა მის მიერ თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე ინფორმაცია სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გაფორმებისას, რომელიც სადავო გარიგების დადებიდან ერთი წლის შემდეგ 2018 წლის 22 მაისს გაფორმდა და სესხის დაბრუნების ვადა ექვსი თვით გაიზარდა. ნიშანდობლივის ის გარემოებაც, რომ საქმის მასალების თანახმად, კასატორს გადახდილი აქვს 4 თვის სარგებელი. მოსარჩელეს არც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში და არც საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია არგუმენტი, თუ მხარეებს შორის სასესხო ვალდებულება არ არსებობდა, რამ განაპირობა სესხის ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულება - ოთხი თვის სარგებლის გადახდა, რისი გათვალისწინებითაც, პალატა მიუთითებს, რომ დგინდება სესხის თანხის გადაცემა, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომლებიც გადაწონიდა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და დავის სხვაგვარი სამართლებრივი შეფასების საფუძველს შეუქმნიდა სასამართლოს, კასატორს არ წარუდგენია.

13. პალატა ასევე განმარტავს, რომ კასატორის მხოლოდ მითითება, რომ სადავო სესხის ხელხელშეკრულება გაფორმდა მის დეიდასა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქმის მასალებით არ დასტურდება და არც რაიმე კავშირი კასატორის მიერ მითითებულ გარემოებებსა და სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას შორის არ დგინდება.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

16. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-1093-2019, 22.11.2022წ.; №ას-1217-2021, 24.11.2022წ.).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ნ.მ–ეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის (საგადასახადო დავალება №22133094947 / გადახდის თარიღი 03.06.2024) 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე