Facebook Twitter

საქმე №ას-640-2024 30 სექტემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - ლ.ქ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ.ს–ი“ (მოპასუხე)

II კასატორი - შპს „ფ.ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ქ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის, ზეგანაკვეთური შრომისა და შვებულების თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ქ–ძე (შემდეგ - მოსარჩელე, დასაქმებული, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) და შპს „ფ.ს–ი“ (შემდეგ - მოპასუხე, დამსაქმებელი, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 თებერვლის განჩინებას, რომლითაც დასაქმებულის სარჩელი დამსაქმებლის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის 2020 წლის 6 მაისიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე; დამსაქმებელს კომპანსაცია, დარიცხული 5 000 ლარი, დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა; დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 04/05/06 მაისის ნამუშევარი დღეების გადაუხდელი ხელფასი 125 ლარი და გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული ხელფასის, 125 ლარის, 0.07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 31 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც დღიურ 0.08 ლარს შეადგენს; არ დაკმაყოფილდა ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა.

2. პირველი კასატორი სადავოდ ხდის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების არსებობას, ასევე, მიუთითებს, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე.

3. მეორე კასატორის მითითებით, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ იგი იყო საკმაოდ კონფლიქტური პიროვნება და არ ერიდებოდა ხმამაღალ სიტყვიერ დაპირისპირებას თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობასთან, ავრცელდებდა ისეთ ცნობებსა და ინფორმაციას, რაც ლახავდა დამსაქმებლის რეპუტაციას. ამასთან, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ დასაქმებული არაჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს.

4. მეორე კასატორის მითითებით, კომპენსაციის ოდენობაც არაკანონიერია, ვინაიდან მაისიდან მოსარჩელე დასაქმებულია და აქვს უფრო მაღალი თანამდებობრივი სარგო ვიდრე ჰქონდა მოპასუხე კომპანიაში, შესაბამისად, კომპენსაცია განსაზღვრული უნდა ყოფილიყო იმ მინიმალური დანაკარგების გათვალისწინებით, რაც დასაქმებულმა გათავისუფლების შემდეგ განიცადა. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2020 წლის 30 აპრილს და არამართებულად დააკისრა დამსაქმებელს 2020 წლის 4-6 მაისის ნამუშევარი ხელფასისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. პალატა, განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში გამორკვეულია, დასაქმებულთან დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37-ე მუხლის (მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის) პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით, ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნები, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით. ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით სწორად არის განსაზღვრული დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრე, რომლის საფუძველზეც მოპასუხე (დამსაქმებელი) ვალდებული იყო, დაედასტურებინა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ საქმეებში არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ აღნიშნულ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება.

11. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო დამსაქმებლის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობა ნამდვილად უხეშად დაარღვია, რადგანაც საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ.: სუსგ №ას-619-2020, 02.12.2020წ.; №ას-848-2023, 07.02.2024წ.; №ას-916-2023, 22.03.2024წ.).

12. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი გადაწყვეტილება არ მიუღია. ზეპირსიტყვიერად მითითებული გარემოებები კი, რომელიც დასაქმებულის კონფლიქტურობას და იმ გარემოებას შეეხება, რომ ეს უკანასკნელი ლახავდა დამსაქმებლის რეპუტაციას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, შესაბამისად, დამსაქმებლის ზეპირსიტყვეირი მტკიცება, რომ დასაქმებულმა შრომითი მოვალეობა უხეშად დაარღვია, ვერ გახდება დასაქმებულის სამსახურიან გათავისუფლების კანონიერად მიჩნევის საფუძველი. ამასთან, დაუსაბუთებელია დამსაქმებლის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ის არგუმენტიც, თითქოს დასაქმებული დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს სათანადოდ ვერ ახორციელებდა. აღნიშნულიც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, ამასთან, ამ საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებაზე დამსაქმებელს შესაგებელში არც კი მიუთითებია და იგი მხოლოდ ვალდებულების უხეშ დარღვევაზე მითითებით შემოიფარგლა. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დავაზე გამოიკვეთა დამსაქმებლის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად დაადგინეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შედეგი უნდა ყოფილიყო არა სამსახურში პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, არამედ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება (გასული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა) (იხ.: სუსგ №ას-230-2022, 08.04.2022წ.; №ას-114-2022, 23.12.2022წ.; №ას-1441-2023, 18.07.2024წ.).

14. რაც შეეხება კომპენსაციის განსაზღვრის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და, რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სოციალური მდგომარეობა, დამსაქმებლის ფინანსები, კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ (იხ.: სუსგ №ას-1540-2019, 30.09.2020წ.; №ას-808-2021, 10.06.2022წ.; №ას-931-20222, 6.10.2022წ.).

15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. პალატა ითვალისწინებს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; მის კომპეტენციის, სამუშაო გამოცდილებას - და, რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა, მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კომპენსაციის ოდენობა სამართლიანად და გონივრულად განსაზღვრეს.

16. დაუსაბუთებელია დამსაქმებლის ის არგუმენტიც, რომლის თანახმად მას 4-6 მაისის ნამუშევარი დღეების სახელფასო დავალიანება და მისი პირგასამტეხლო უკანონოდ დაეკისრა. პალატის მითითებით, დამსაქმებელს წერილობითი ფორმით არ მიუღია გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, არც რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, თუ როდის აცნობა დასაქმებულს შრომითი ურთიერთობის დასრულების შესახებ და არც ის გარემოება დაუდასტურებია, რომ 2020 წლის 6 მაისამდე დასაქმებული სამუშაოს არ ასრულებდა, რაც სწორედ მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგოდ (მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მას 2020 წლის 6 მაისის საღამოს სამსახურის დასრულების შემდეგ ეცნობა შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ) მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, აღნიშნულის განუხორციელებლობის გათვალისწინებით კი, მას დასაქმებულის სასარგებლოდ კანონიერად დაეკისრა 3 დღის ნამუშევარი სახელფასო დავალიანება და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო.

17. დასაქმებულის პრეტენზიებს რაც შეეხება, რომლითაც სადავოდ არის გამხდარი ვადიანი შრომის ხელშეკრულების დადების მართლზომიერება, პალატა საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ადამიანური რესურსების მართვის უმცროსი მენეჯერის თანამდებობაზე დასაქმდა. შრომითი ხელშეკრულება ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში წარმოადგენდა გამოსაცდელი ვადით დადებულს (2019 წლის 8 სექტემბრამდე), ხოლო შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის არ იარსებებდა ურთიერთპრეტენზიები, რის შესახებაც მხარეებს ერთმანეთისათვის წერილობით უნდა ეცნობებინათ, ხელშეკრულების პირობები ძალაში შედიოდა 1 წლის ვადით. ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წლით განისაზღვრა.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც უვადო, ისე განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულების დადებას. სშკ-ით ორი ტიპის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაა შესაძლებელი: ა) ხელშეკრულება ფორმდება კონკრეტული კალენდარული ვადით; ბ) ხელშეკრულების ვადის განსაზღვრა უკავშირდება გარკვეულ მიზანს (იხ.: სუსგ №ას-33-2020, 17.06.2020წ; №ას-1572-222, 04.05.2023წ.).

19. ორგანული კანონის მე-6 მუხლის 12 პუნქტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; [ე) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას; (ამოქმედა 2021 წლის 1 სექტემბრიდან)] ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულება იდება ერთ წელზე ნაკლები ვადით, აუცილებელია ობიექტური საფუძვლის არსებობა. ყველა სხვა შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან დადოს შრომითი ხელშეკრულება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით, რაც განაპირობებს შრომითი ურთიერთობების სტაბილურობას და დასაქმებულთა სოციალურ დაცულობას (იხ.: სუსგ №ას-33-2020, 17.06. 2020წ.; №აას-895-2020, 06.10.2022წ.; №ას-1572-2022, 04.05.2023წ.).

20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება განსაზღვრავდა სამთვიან გამოსაცდელ პერიოდს და მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში ხელშეკრულება მოქმედებდა 1 წლის ვადით. ზემოაღნიშნული ნორმა კი ცალსახად მიუთითებს დამსაქმებლის უფლებას, დადოს შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადით ისე, რომ არ იქნეს განმარტებული ობექტური საფუძვლის არსებობა, რისი გათვალისწინებითაც, ვლინდება მხარეთა შეთანხმება, რომელიც არ ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობას.

21. საკასაციო შედავება ასევე წარმოდგენილია ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებაც. ამ ნაწილში, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ ისეთ საქმეებში, როდესაც სადავოდაა გამხდარი სამუშაოს შესრულების დრო ან პერიოდი, ზეგანაკვეთური მუშაობის არსებობის ფაქტი, მტკიცების ტვირთი იმის შესახებ, რომ დასაქმებული ზეგანაკვეთურად მუშაობდა, აწევს თავად დასაქმებულს, რომელმაც უნდა ამტკიცოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სამსახურში დარჩენის ფაქტი, შესაბამისად, პირველი კასატორი ვალდებული იყო, აღნიშნული გარემოებების დადასტურების შესაბამისი მტკიცება წარედგინა, რაც მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახნა-განმარტებით ვერ იქნებოდა დადასტურებული. მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა ისეთი სახის მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, როგორც სამსახურში შრომითი დროის დასრულების შემდგომ ფაქტობრივად მუშაობის ფაქტი, ასევე – მისი სამსახურში დარჩენის საჭიროება დამსაქმებლის დავალების შესაბამისად საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, შედეგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთის დაძლევა (იხ.: სუსგ №ას-123-2024, 22.05.2024წ.).

22. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-123-2024, 22.05.2024წ.; №ას-1059-2023, 14.12.2023წ.; №ას-750-2022, 06.10.2023წ.).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ლ.ქ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე კ.ჩ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება №22904216692 / გადახდის თარიღი 18.07.2024) 70% - 210 ლარი;

3. შპს „ფ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

4. შპს „ფ.ს–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 257 ლარის (საგადასახადო დავალება №1716278891 / გადახდის თარიღი 21.05.2024) 70% - 179.9 ლარი;

5. შპს „ფ.ს–ს“ (ს/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 43 ლარის (საგადასახადო დავალება №1718114556 / გადახდის თარიღი 12.06.2024) 70% - 30.1 ლარი;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე