Facebook Twitter

საქმე №ას-78-2025 28 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ს–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩიების გაუქმება

დავის საგანი – ქონების გაყოფის, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა (ძირითად სარჩელში) და ალიმენტის დაკისრების თაობაზე (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ.ს–მა და მ.ს–მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ნ.კ–იას მიმართ ქონების გაყოფისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

ნ.კ–იამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ზ.ს–ის მიმართ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრება.

2021 წლის 12 აპრილს ზ.ს–მა განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის განუხილველად დატოვება, რაც დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ.კ–იას სარჩელი (შეგებებული სარჩელი) დაკმაყოფილდა და მოპასუხე ზ.ს–ს მოსარჩელის სასარგებლოდ არარსრულწლოვანის შვილის - 2005 წლის 12 მაისს დაბადებული ო.ს–ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სარჩელის შეტანიდან (06.11.2018წ.) მის სრულწლოვანებამდე. მირებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ზ.ს–მა და მოითხოვა მისი გაუქმება, რაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.ს–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ზ.ს–ის სააპელაციო საჩივარი არდაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.ს–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 თებერვლის განჩინებით ზ.ს–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.

2025 წლის 11 თებერვალს ზ.ს–მა წარმოადგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის დამადასტურებელი ქვითრის ასლი და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განჩინებით ზ.ს–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2025 წლის 4 მარტს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ს–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განჩინების ასლი კასატორს პირადად მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2025 წლის 4 მარტს (ტ.2, ს.ფ.249). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 5 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 10 მარტს, ვინაიდან 9 მარტი იყო დასვენების დღე - კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ზ.ს–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ.ჯ–ძის მიერ 2025 წლის 10 თებერვალს №25878994936 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი