საქმე №ას-36-2025 14 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები – ნ.თ–ძე, ა.თ–ძე (საარბიტრაჟო მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ც–ძე (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ნოემბრისა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ე.ც–ძემ (შემდგომში - „განმცხადებელი“ ან „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა:
1.1. ნ.თ–ძისთვის (შემდგომში - „პირველი საარბიტრაჟო მოპასუხე“) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........, საკადასტრო კოდი: ........, გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა;
1.2. ა.თ–ძისთვის (შემდგომში - „მეორე საარბიტრაჟო მოპასუხე“) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: მუნიციპალიტეტი ჩოხატაური, ........., საკადასტრო კოდი: ........; რაიონი ბორჯომი, ......., , საკადასტრო კოდი: .......... - გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა;
1.3. საარბიტრაჟო მოპასუხეების (შემდგომში - „საჩივრის ავტორები“) საბანკო ანგარიშებზე საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში 100 000 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება.
2. განმცხადებლის განმარტებით:
2.1. 2023 წლის 06 დეკემბერს, ერთი მხრივ, მასსა და მეორე მხრივ, პირველ საარბიტრაჟო მოპასუხეს შორის დაიდო შპს „მ.გ.მ–ის“ 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 3.1 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 700 000 ლარს. 2023 წლის 06 დეკემბერს გამყიდველსა და მეორე საარბიტრაჟო მოპასუხეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თავდებმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ ძირითადი ვალდებულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
2.2. მოპასუხემ არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება და ამჟამად გადასახდელი აქვს ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი 200 000 ლარის ოდენობით, რომელსაც ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2.3. ვინაიდან, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება, ისე თავდებობის ხელშეკრულება მოიცავს საარბიტრაჟო დათქმას, განმცხადებელი აპირებს მიმართოს არბიტრაჟს. არბიტრაჟში წარსადგენი სასარჩელო მოთხოვნებია: საარბიტრაჟო მოპასუხეებისთვის საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 200 000 ლარის და ასევე, პირგასამტეხლოს სახით, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის გადახდის დაკისრება, რომელიც შეადგენს 700 ლარს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, 2024 წლის 01 ივნისიდან საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
3.1. პირველ საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, .........., საკადასტრო კოდი: ......... - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
3.2. მეორე საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: მუნიციპალიტეტი ჩოხატაური, ........, საკადასტრო კოდი: ........; რაიონი ბორჯომი, ..........., საკადასტრო კოდი: ....... - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
3.3. საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება საარბიტრაჟო მოპასუხეების საბანკო ანგარიშებზე საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში 100 000 ლარის ფარგლებში ყადაღის დადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 35612 მუხლით, 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, 35618, 191-ე და 192-ე მუხლებით, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის. გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
5. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საარბიტრაჟო მოპასუხეებისთვის მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. ამასთან, აღნიშნა, რომ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა ფიზიკური პირების ანგარიშების დაყადაღების საფუძველს, ვინაიდან ამგვარი უკიდურესი აუცილებლობის მტკიცებას განცხადება არ შეიცავდა.
6. საარბიტრაჟო მოპასუხეებმა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინეს საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვეს, ამასთან, მათ ასევე მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა.
7. საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
7.1. არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები. ნასყიდობის დარჩენილი ფასიდან 54000 ლარი უნაღდო ანგარიშსწორებით იქნა გადახდილი (იხ. გადახდის ქვითარი), ამასთან, პირველ საარბიტრაჟო მოპასუხეს უარი არ უთქვამს დარჩენილი დავალიანების გადახდაზე გონივრული გადახდის გრაფიკის შეთანხმების პირობებში. პირგასამტეხლოც შეუსაბამოდ მაღალია, რომელსაც არაკეთილსინდისიერად ითხოვს განმცხადებელი;
7.2. ფინანსური და საგადასახადო აუდიტის შემოწმების შედეგად შესყიდულ კომპანიაში - შპს „მ.გ.მ–ში“ აღმოჩნდა დიდი ოდენობით საგადასახადო-საბიუჯეტო დავალიანება, რომლის გადახდაზე გამყიდველი იყო პასუხისმგებელი, ვინაიდან დავალიანება გაყიდვამდე პერიოდშია წარმოშობილი;
7.3. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არაპროპორციულია მოთხოვნის ოდენობასთან და დაყადაღებულ ქონებათა საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად აჭარბებს მოთხოვნილი თანხის ოდენობას. შერჩეული უძრავი ნივთები წარმოადგენს მოპასუხე მხარის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს, რომელთა უფლებრივი დატვირთვის აკრძალვით მნიშვნელოვანი ზიანი ადგება მხარეს;
7.4. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა უზრუნველყოფის გამოყენების წინაპირობები, ვინაიდან მხარეებს არ ჰქონდათ ვალდებულების შესრულების თავიდან არიდების განზრახვა, განმცხადებელი არ აღიარებს უკვე გადახდილ თანხებს და არაკეთილსინდიერად ცდილობს მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე კანონით და ხელშეკრულებით ეკუთვნის. მოპასუხეებს არ განუხორციელებიათ არანაირი ქმედება, რაც აფიქრებინებდა მოსარჩელეს, რომ ისინი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით გაასხვისებდნენ უძრავი ნივთებს. მოპასუხეს გააჩნია საკმარისი სახსრები, რომ დაფაროს დავალიანება, თუმცა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც გადასახდელი დარჩა. შესაბამისად, სასამართლომ უნდა გააუქმოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და აკრძალვა მოხსნას განჩინებებში მითითებულ უძრავ ქონებებზე.
8. ამასთან, საარბიტრაჟო მოპასუხეებმა მოითხოვეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოთხოვნის ღირებულების გათვალისწინებით უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლება [სსსკ-ის 1961 მუხლის პირველი ნაწილი]. კერძოდ, მათი მითითებით, თავდებ პირს - მეორე საარბიტრაჟო მოპასუხეს საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს მცხეთაში, ........, საკადასტრო კოდი: ........, რომლის საბაზრო ღირებულება არის 110 000 აშშ დოლარი (309287 ლარი), რაც აღემატება მხარეთა დავის ფასს. შესაბამისად, საარბიტრაჟო მოპასუხეებმა მოითხოვეს განჩინებით დაყადაღებული უძრავი ნივთების მეორე საარბიტრაჟო მოპასუხის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული ქონებით ჩანაცვლება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინება და საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საარბიტრაჟო სარჩელის დასაბუთების შემოწმება, შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოშობილი დავის არსებითი განხილვა. კონკრეტულ შემთხვევაში საჩივარში მითითებული გარემოებები (ვალდებულების შესრულება, მხარის კეთილსინდისიერება) ისეთი არსებითი შინაარსის ფაქტებია, რომელთა არსებობა/არარსებობა საარბიტრაჟო განხილვის საგანია და მხოლოდ დავის არსებითი განხილვისას საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ უნდა იქნეს გადაწყვეტილი. შესაბამისად, პალატა არ არის უფლებამოსილი იკვლიოს აღნიშნული და ამ კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის თაობაზე.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნით მოპასუხეებზე თანხის დაკისრების შესახებ. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს თანხის გადახდა. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების დროს არ იარსებებს ქონება, საიდანაც შეიძლება მოხდეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. მითითებული, თავის მხრივ, წარმოშობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1961 მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ დავის საგნის ღირებულება არის 200 000 ლარი, საჩივრის ავტორები უზრუნველყოფის საგნის შეცვლას ითხოვენ მეორე საარბიტრაჟო მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე: მცხეთა, ........., საკადასტრო კოდი: .....), რომლის საბაზრო ღირებულება, მათი განმარტებით, 110 000 აშშ დოლარია. საბაზრო ღირებულების დადასტურების მიზნით წარმოდგენილია 2024 წლის 16 დეკემბრის შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვით, მითითებული ნივთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 110 000 აშშ დოლარს, ხოლო სალიკვიდაციო ღირებულება - 88 000 აშშ დოლარს. ამასთან, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოცემული უძრავი ნივთი დატვირთულია იპოთეკით. აღნიშნული ასევე მითითებულია შეფასების დასკვნაში. თუმცა, არ არის ასახული არც იმ ვალდებულების მოცულობა, რომლის უზრუნველყოფის მიზნით არის დატვირთული ნივთი და არც ინფორმაცია ვალის მდგომარეობის შესახებ. ამდენად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იპოთეკის ინსტიტუტის არსიდან გამომდინარე, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უზრუნველყოფილ კრედიტორს მინიჭებული აქვს უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის საგნის ამ ნივთით შეცვლით სრულად ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი არბიტრაჟის გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულება. მოცემული კი გამორიცხავდა საჩივრის ავტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით [სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილი]. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი]. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მართლზომიერება, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეებს აეკრძალათ მათი კუთვნილი უძრავი ნივთების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
16. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს [„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23.1 მუხლი]. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით [„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23.3 მუხლი].
17. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე [სსსკ-ის 191.1 მუხლი].
18. დასახელებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის (მათ შორის, საარბიტრაჟო სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
19. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დასაბუთება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
20. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
21. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი, ასევე, უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს (იხ. სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; Nას-754-722-2016, 13 სექტემბერი, 2016 წელი). უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის დამოკიდებული სარჩელის საბოლოო ბედზე და მისი გამოყენება ემყარება მხოლოდ სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს (იხ. სუსგ საქმე Nას-942-2019, 01 აგვისტო, 2019 წელი).
22. განსახილველ შემთხვევაში საარბიტრაჟო დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება და ცხადია, რომ საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-54-2019, 6 ივნისი, 2019 წელი). შესაბამისად, მოსარჩელეს სჭირდება მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალში შეძლებს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან მოპასუხეს ნებისმიერ დროს შეუძლია გაასხვისოს მისი კუთვნილი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება დავის საგნის დაცვის საჭიროება და გამართლებულია განმცხადებლის ვარაუდი, რომ შესაძლოა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხემ განკარგოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-93-2024, 22 მარტი, 2024 წელი).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხეებისათვის მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვას, რაც სათანადოდ უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხე მხარის უფლებებს, ანუ სარჩელთან მიმართებით ადეკვატური და თანაზომიერია. ამასთან, საჩივრის ავტორთა მხოლოდ ზეპირი განმარტება, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არაპროპორციულია მოთხოვნის ოდენობასთან, ვერ დაედება საფუძვლად გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას.
24. რაც შეეხება საჩივრის ავტორთა მითითებას მათ მიერ გარკვეული ოდენობის თანხის გადახდის, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს, შპს „მ.გ.მ–ის“ საგადასახადო-საბიუჯეტო დავალიანების შესახებ, აღნიშნული საკითხები წარმოადგენს არბიტრაჟის არსებითი მსჯელობის საგანს და ვერ იქნება განხილული სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებები დასაბუთებულია და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძვლები.
26. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეებს მოთხოვნილი ჰქონდათ აგრეთვე სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა [სსსკ-ის 1961], თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, კერძოდ, 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს სასამართლოს დასკვნას (დადგენილებას) მოპასუხეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამასთან, სსსკ-ის 197.1 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა და მხოლოდ აღნიშნული საჩივრის დაუშვებლად და დაუსაბუთებლად მიჩნევის შემთხვევაში არის ზემდგომი ინსტანციის, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილი იმსჯელობს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის საკითხზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.თ–ძისა და ა.თ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ნოემბრისა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე