Facebook Twitter

საქმე №ას-1457-2024 5 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – პ.დ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ს–ა, ე.ჩ–ძე, ა.გ–ძე, ა.ს–ი, მ.შ–ძე, ა.ჯ–ძე, მ.ხ–ია, ქ.ც–ა და ნ.ს–ძე (მოსარჩელეები)

II საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ს.კ.ქ.მ–ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ს–ა, ე.ჩ–ძე, ა.გ–ძე, ა.ს–ი, ა.ჯ–ძე, მ.ხ–ია, ქ.ც–ა და ნ.ს–ძე (მოსარჩელეები)

თავდაპირველი მოპასუხეები - ა(ა)იპ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განჩინებით თ.ს–ას (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“), ე.ჩ–ძის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“), ა.გ–ძის (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“), ა.ს–ის (შემდგომში - „მეოთხე მოსარჩელე“), მ.შ–ძის (შემდგომში - „მეხუთე მოსარჩელე“), ა.ჯ–ძის (შემდგომში - „მეექვსე მოსარჩელე“), მ.ხ–იას (შემდგომში - „მეშვიდე მოსარჩელე“), ქ.ც–ას (შემდგომში - „მერვე მოსარჩელე“) და ნ.ს–ძის (შემდგომში - „მეცხრე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა პ.დ–ისა (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მწვრთნელი“) და შპს „ს. კ. ქ. მ–ეს“ (შემდგომში - „მოპასუხე ორგანიზაცია“, „საფეხბურთო კლუბი“ ან „კლუბი“) სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც:

1.1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა (დასაქმების ადგილზე შევიწროების, სექსუალური შევიწროების) და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1.1. დადგინდა მოპასუხის მიერ მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი (შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების);

1.1.2. დადგენილ იქნა მოპასუხე ორგანიზაციის მიერ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რაც უმოქმედობით შევიწროებასა და სექსუალურ შევიწროებაში გამოიხატა;

1.1.3. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულისათვის 3000 ლარის ოდენობით;

1.2. მოპასუხე ორგანიზაციას პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეულისათვის 1000 ლარის ოდენობით;

1.3. სარჩელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის (სექსუალური შევიწროების და შევიწროების) ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

1.4. სარჩელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოპასუხე ორგანიზაცია დაფუძნდა 2017 წლის 22 მაისს. მისი 100% წილის მფლობელია სსიპ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი. კლუბს აქვს თავისი წესდება და შრომის შინაგანაწესი (იხ. ტომი 4, ს.ფ. 129-136, 149-150; ტომი 1, ს.ფ. 45-46);

2.2. მოსარჩელეები თამაშობენ საფეხბურთო კლუბში. კლუბსა და მოსარჩელეებს შორის 2017 წლის 1 ივლისიდან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულებები, ამასთან, მერვე მოსარჩელესთან - 2018 წლის 6 თებერვლიდან, ხოლო მეცხრე მოსარჩელესთან - 2019 წლის სექტემბრიდან. პირველი და მესამე მოსარჩელეები იმავდროულად იყვნენ ეროვნული ნაკრების წევრი/ფეხბურთელები;

2.3. საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო მოპასუხე, რომელმაც 2011 წელს გაიარა უეფას „ბ“ ლიცენზიის კურსი და მიენიჭა „ბ“ კატეგორიის მწვრთნელის სტატუსი, ხოლო 2018 წელს - უეფას „რეფრეშ კურსები“ და ლიცენზიის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდა 2021 წლის 21 დეკემბრამდე. მოპასუხე არასოდეს ყოფილა ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 172);

2.4. 2020 წლის 29 დეკემბერს დაიწყო გამოძიება №041291220007 სისხლის სამართლის საქმეზე მოპასუხის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას ორი ან მეტი პირის მიმართ და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს თაღლითობას. მოპასუხეს წარდგენილი აქვს ბრალდება, როგორც ქალი ფეხბურთელების, ასევე კლუბის მიმართ ჩადენილ ფინანსურ დანაშაულზე. სისხლის სამართლის საქმეზე 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა მოსარჩელე, გარდა მეცხრე მოსარჩელისა, ცნობილია დაზარალებულად. გამოძიება მიმდინარეობს ასევე 141-2დ მუხლით, მოპასუხის მხრიდან მეხუთე, მერვე და მეცხრე მოსარჩელეების მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მეცხრე მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად (იხ. ტომი 1, ს.ფ. 196-257; ტომი 2, ს.ფ. 132-177);

2.5. მოპასუხის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მოწმის/დაზარალებულის სახით დაკითხული მოსარჩელეების, მათი ოჯახის წევრებისა და მათთან ახლო ურთიერთობაში მყოფი პირების, ასევე კლუბის ყოფილი ან მოქმედი ფეხბურთელების, კერძოდ: მ.გ–ის (არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ პროექტის კოორდინატორი), ს.გ–ის („ქუთაისის მართვეს“ ყოფილი ფეხბურთელი), ს.ბ–ძის (არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ფსიქო-კონსულტანტი), მ.ჟ–ის („ქუთაისის მართვეს“ ამჟამინდელი ფეხბურთელი) ჩვენებებით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა.ს–ვას, თ.ძ–ის, ი.ხ–იას, თ.კ–ას, ს.ჩ–ძის, ნ.ს–ის, ლ.კ–ის, მ.გ–ის, ს.ბ–ძის, ნ.ს–ძის ჩვენებებით დგინდება, რომ თავიდან, მოსარჩელეებს მოპასუხესთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა მოგვიანებით, 2017 წლიდან ეს მდგომარეობა შეიცვალა. კერძოდ, 2020 წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე მოპასუხის მიერ მოსარჩელეების მიმართ ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტებს:

2.5.1. მოსარჩელეებს ვარჯიშის დროს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას: „დებილო“, „შტერო“, „ბატო“, „თხებო“ და ა.შ.;

2.5.2. ეუბნებოდა სექსუალური შინაარსის კომპლიმენტებს, კერძოდ: „რა კარგი უკანალი გაქვს“, „რა კარგი დაყენებული ტრაკი გაქვს“, „რა მაგარი ქალი იქნები“, „რა სექსუალურად გამოიყურები“, „რა სექსუალური საღამურები გაცვია“ და ა.შ.;

2.5.3. დაუკითხავად შედიოდა ქალი ფეხბურთელების გასახდელში, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ ნახევრად შიშველ მდგომარეობაში და სთხოვდნენ მას ოთახის დატოვებას, რაზეც ის პასუხობდა, რომ „ისეთს რას ვნახავ, რაც არ მინახავსო“;

2.5.4. მოპასუხემ იცოდა მოსარჩელეთა არატრადიციული ორიენტაციის შესახებ, რაზეც ხაზს უსვამდა და ეუბნებოდა, რომ შესაძლოა ამის შესახებ მათი ოჯახის წევრებსაც გაეგოთ, რაც გოგონებში შიშსა და შეშფოთებას იწვევდა და აიძულებდათ არ გაემხილათ მოპასუხის მხრიდან სხვა სახის შევიწროების ფაქტები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 196-257; ტომი 2, ს.ფ. 132-177).

2.6. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის იმერეთის რეგიონული ცენტრის 03.08.2021წ. დასკვნაში, ასევე თავად მეცხრე მოსარჩელის განცხადებაში დაფიქსირებულია არასრულწლოვანი მეცხრე მოსარჩელის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, კერძოდ, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მეცხრე მოსარჩელე ვარჯიშობდა საფეხბურთო კლუბში. ვინაიდან, ქ.ქუთაისში არ ჰქონდა საცხოვრებელი, 2020 წლის თებერვლიდან, დაახლოებით ერთი წლის მანძილზე, ის ცხოვრობდა მწვრთნელთან ბინაში, სადაც ასევე ცხოვრობდა მისი ავადმყოფი დედა. არასრულწლოვანს ის უყვებოდა თავის პირად ისტორიებს, რომელთა მოსმენისას ის თავს გრძნობდა დაუცველად და არ სიამოვნებდა ასეთი საუბარი. საცხოვრებელი სახლის ყოველდღიურ სამყოფ ოთახში დადიოდა მხოლოდ საცვლებით, ფეხბურთელ გოგონებს ხშირად მიმართავდა სხვების თანდასწრებით სალანძღავი სიტყვებით: „თხებო“, „ქაჯებო“, „დებილებო“. გარდა ამისა, მწვრთნელი გოგონების დაუკითხავად, ვარჯიშის დაწყებისა და დასრულების შემდეგ შედიოდა მათ გასახდელ ოთახში, სადაც გოგონები ნახევრად შიშველ მდგომარეობაში იყვნენ (იხ. ტომი 2, ს.ფ. 218-220);

2.7. შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 28.01.2021წ. ჩატარებული ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, მოპასუხე ფლობს საცხოვრებელ ბინას ქ.ქუთაისში, ......., სადაც ერთ საძინებელ ოთახში განთავსებულია ტელევიზორი, ხოლო ფანჯრებზე, მიუხედავად ჟალუზის არსებობისა, ყველგან გაკრულია „კარდონის“ ფურცლები, რაზეც მოპასუხემ განმარტა, რომ ისინი ფარდის მოვალეობას ასრულებენ და მზის სხივებისგან იცავენ კედლებს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 258-269; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.5 პუნქტი);

2.8. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მესამე მოსარჩელემ აჩვენა, რომ მოპასუხეს ....... 125/88 ნომერში, მის საცხოვრებელ სახლში „ლოჯში“ ჰქონდა ძველი ვერცხლისფერი ტელევიზორი, ხოლო თავის საძინებელში შავი ფერის ტელევიზორი ა.ქ–ს ინტერნეტით;

2.9. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მეხუთე, მერვე და მეცხრე მოსარჩელეებმა აჩვენეს, რომ მოპასუხეს ..... 138/38 ნომერში „ლოჯში“ ჰქონდა ძველი შავ-თეთრი ტელევიზორი, რომელსაც რესივერი ან დისკის ჩასადები არ ჰქონია. სახლში ჰქონდა Wi-Fi. ტელევიზორის დენში ჩართვისთანავე მოპასუხემ ჩართო პორნოფილმები, რაც მათი თხოვნით გამორთო;

2.10. ქუთაისის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის განჩინებით, შპს „მ–დან“, შპს „ს–დან“ და შპს „ა.ქ–დან“ გამოთხოვილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ქ.ქუთაისში, ........ არასოდეს ხდებოდა შპს „ა.ქ–ს“ სატელევიზიო პაკეტის მიწოდება, ასევე, არ გააჩნდა შპს „მ–ს“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის, IP ტელევიზიის, ასევე სატელიტური ტელევიზიის მომსახურება, ხოლო .......... №138/38-ში სარგებლობდა მხოლოდ ინტერნეტ-მომსახურებით და ტელევიზია არ ჰქონდა (იხ.ტ.3. ს.ფ.76-83, 104-110);

2.11. 15.10.2021წ. №530კ-ტ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მოპასუხის კუთვნილი „HP“-ის ფირმის პორტატული კომპიუტერიდან ამოღებულია პორნოგრაფიის შემცველი 342 ფოტოფაილი და 239 ვიდეოფაილი. ფოტოფაილებზე და ვიდეოგრამებში აღბეჭდილია მამრობითი და მდედრობითი სქესის პირები შიშველ და ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, მათი სასქესო ორგანოები და ორგანოების დეტალები. ფოტოებზე ასევე ასახულია სხვადასხვა ტიპის სექსუალური ურთიერთობები. თვალსაჩინოებისათვის ფოტოცხრილის სახით საქმეში წარმოდგენილია 8 ფოტოსურათი (იხ. ტომი 4, ს.ფ. 93-100);

2.12. საქმეში წარმოდგენილ სოციალური ქსელის მიმოწერებში, 2020 წლის 25 ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით მოსარჩელეები ერთმანეთთან განიხილავდნენ მწვრთნელის სადავო ქმედებებს და გამოთქვამდნენ წუხილს ამის გამო (იხ. ტომი 1, ს.ფ. 59-60, 68-69, 102-120);

2.13. 2020 წლის 01 ოქტომბრიდან კლუბის დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №19 ბრძანებით, მოპასუხე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (იხ. ტომი 2, ს.ფ. 15);

2.14. სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის კლუბს არ ჰქონდა არც ოფიციალური და არც არაოფიციალური „ფეისბუკგვერდი“, თუმცა ამჟამად შექმნილია კლუბის ოფიციალური გვერდი და შესაბამისი სოციალური ქსელი. გარდა ამისა, 2019 წლისათვის მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ შეურაცხმყოფელი მიმართვების თაობაზე ცნობილი იყო კლუბის ხელმძღვანელობისთვის, რაზედაც მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა მწვრთნელს (იხ. კლუბის შესაგებელი, ტომი 2, ს.ფ. 68, 182-193);

2.15. 29.03.2021წ. დამტკიცდა კლუბის წევრი სპორტსმენის შრომის შინაგანაწესი, რომელიც შედგენილია კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით. მისი მიზანია კლუბის წევრი სპორტსმენის დისციპლინის, უფლებებისა და ვალდებულებების დარეგულირება. ასევე, 2021 წლის 29 ივლისიდან კლუბში შექმნილია გენდერული თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული საბჭო (იხ. ტომი 2, ს.ფ. 199-203; ტომი 4, ს.ფ. 14-17, 199-211).

3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავოა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის მხრიდან მოსარჩელეების - კლუბის ფეხბურთელების შევიწროების ფაქტი, მათ შორის, სექსუალური შევიწროება, რაც გამოიხატებოდა მისი მხრიდან არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევებში, რომელიც მიზნად ისახავდა და იწვევდა მათი ღირსების შელახვას და მათთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, რაც განგრძობადი ხასიათის იყო და გრძელდებოდა 2020 წლის 15 სექტემბრამდე.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 31 და 32 პუნქტებით, მე-4 და მე-10 მუხლებით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და განმარტა, რომ 2014 წლის 2 მაისის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონსა და 2020 წლის 29 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, უკვე დღეს მოქმედმა საქართველოს შრომის კოდექსმა სამუშაო ადგილზე შევიწროება, მათ შორის, სექსუალური შევიწროება აღიარა დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად, რაც გულისხმობს პირის მიმართ ამავე კანონით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნით განპირობებულ არასასურველ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

5. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმისათვის, რომ დადგენილი ქმედებები შევიწროებად/სექსუალურ შევიწროებად შეფასდეს, განხილული უნდა იქნეს: 1) ქცევის ფორმა, 2) ქცევის არასასურველობა და 3) მისი შედეგი. ამასთან, მართალია, სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა მისი დადგენის ტესტი განსხვავდება დისკრიმინაციის დადგენის ტესტისგან. კერძოდ, სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლს ე.წ. კომპარატორი არ ჰყავს და არც მისი გამამართლებელი წინაპირობები არსებობს.

6. პირველ ელემენტთან (ქცევის ფორმა) დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან შევიწროება/სექსუალური შევიწროება ქცევათა და ქმედებათა მრავალფეროვნებით ხასიათდება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, თუ რამდენად არის ქმედება არასასურველი სექსუალური კონოტაციის მატარებელი, უფრო მოკლედ კი, „სერიოზული“ ან „ნაკლებად სერიოზული“, თუმცა, როგორც წესი, შევიწროება/სექსუალური შევიწროება სამი ფორმით შეიძლება იქნეს გამოხატული - ვერბალური, არავერბალური და ფიზიკური. ამასთან, ეს შეიძლება გამოვლინდეს და იყოს წერილობითი ან ზეპირი ფორმით, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ნებისმიერი შენიშვნა, შეკითხვა, ხუმრობა; ასევე, ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა შეხება, მოფერება, ჩქმეტა ან ფიზიკური თავდასხმა. ფიზიკურ შეხებაში იგულისხმება ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მსხვერპლის სხეულზე არასასურველ შეხებას გულისხმობს. ზემოაღნიშნული ქმედებები უნდა იყოს ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი და აკნინებდეს მის ღირსებას. „სერიოზულს“ მიეკუთვნება ისეთი ქცევა, რომელიც ფიზიკურ შეხებას, კონტაქტს მოიცავს.

7. ქცევის არასასურველობასთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად ამგვარი შეფასება მრავალ ფაქტორს უკავშირდება და დიდ სიფრთხილეს, დეტალების ერთობლიობაში სიღრმისეულად კვლევას მოითხოვს. არასასურველი ქცევა განსხვავებული შეიძლება იყოს პირთა შორის ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის, სოციალური კონტექსტის და სხვა არაერთი წანამძღვარი გარემოების გათვალისწინებით. ამასთან, არასასურველობა თავად მსხვერპლის აღქმას უკავშირდება, რაც ინდივიდუალურია და გარკვეული ზოგადი კრიტერიუმების დადგენის გარეშე, შესაძლოა შექმნას არასწორი, მიკერძოებული, სწორი ბალანსის დამრღვევი შეფასების საფრთხე. საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკაში, ამ მხრივ მიმართავენ როგორც „ქალის მიერ გონივრული აღქმის სტანდარტს“, ასევე ზოგადად ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით გონივრული აღქმით შეფასებას. საყურადღებოა, რომ არასასურველობა ყოველთვის არ გულისხმობს მხოლოდ ქმედების „იძულებითობას“. უნდა შეფასდეს განხორციელებული ქმედება სავარაუდო მსხვერპლისთვის რამდენად უსიამოვნო და არასასურველი იყო. ამასთან, არასასურველობა სხვადასხვანაირად შეიძლება გამოიხატოს და არ არის აუცილებელი, რომ მსხვერპლმა ღიად მიუთითოს თავის უარყოფით დამოკიდებულებაზე სექსუალური ქცევის მიმართ. გადამწყვეტია ის, რომ პირისათვის მისკენ მიმართული სექსუალური კონოტაციის შემცველი ქმედება იყო არასასურველი და არა ის, რომ იგი ამ ქცევაში მონაწილეობას ნებაყოფლობით დათანხმდა. გასათვალისწინებელია ასევე შემავიწროებლის შესაძლებლობის შეფასება, გავლენა, თუნდაც არაპირდაპირი ფორმით მოახდინოს მსხვერპლის სტატუსზე, რაც არსებითად განაპირობებს მსხვერპლის პასუხს არასასურველ ქცევაზე.

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შევიწროებას/სექსუალურ შევიწროებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, როგორც განზრახ, ისე განზრახვის გარეშე. ამაზე მიუთითებს ნორმის ჩანაწერი - „მიზნად ისახავს ან იწვევს“, რომლითაც აქცენტი გაკეთებულია შევიწროების/სექსუალური შევიწროების შემთხვევებში დამდგარი შედეგის მნიშვნელობაზე, კერძოდ, ადამიანის ღირსების შელახვაზე, დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნაზე. ამდენად, ყურადღება მახვილდება არა განზრახვაზე, არამედ შედეგზე. არასასურველი ქცევის, სექსუალური ქცევის აღქმა, როგორც წესი, მსხვერპლში სხვადასხვა გრძნობებსა და აღქმებს უკავშირდება და უმრავლეს შემთხვევაში, ღირსების შელახვის, შეურაცხყოფის, დამცირების, შიშისა და სირცხვილის ემოციებს აღძრავს, რის გამოც, ის უკავშირდება ტრავმას, რომელთან გამკლავებაც ადამიანისთვის მარტივი არ არის. იგი უარყოფით გავლენას იწვევს ადამიანის შესაძლებლობების სრულად, თანასწორად გამოვლენასა და კარიერულ წინსვლაზე. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმების სფეროში განცდილი შევიწროება, სექსუალური შევიწროება, რაც ზრდის მსხვერპლის ემოციურ სტრესს, რომ ის კარიერის განმავლობაში, შესაძლოა, არასასურველი ქცევის სამიზნე ისევ გახდეს.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 3632, 3633 და 3635 მუხლებით და განმარტა, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს, დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, მიუთითოს მოპასუხის მხრიდან კონკრეტული დისკრიმინაციის ფაქტი (ფაქტები), რაც მისი შეხედულებით მასთან მიმართებით დისკრიმინაციულია, ასევე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებების დართვა, რის შემდგომაც მოსარჩელის მიერ სავარაუდო დისკრიმინაციის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებით უარყოფის (გაქარწყლების) ვალდებულება მოპასუხეზე გადადის (მტკიცების ტვირთის შებრუნება).

10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შევიწროების შემთხვევები, როგორც წესი, გამოირჩევა ფარულობით, რაც ართულებს მოწმეების და სხვა მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობას. გარდა ამისა, გარკვეულ შემთხვევებში, შევიწროებით გამოწვეული სტრესისა და მენტალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მსხვერპლს უჭირს ფაქტების ზუსტი თანმიმდევრობით გახსენება და გადმოცემა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მისთვის უსიამოვნო გამოცდილების დავიწყების სურვილით ან სირცხვილის განცდით. ამდენად, ასეთი ვარაუდის წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია, მხარემ წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და ობიექტური დამკვირვებლისთვის წარმოშობს სავარაუდო მსხვერპლის მიმართ შევიწროების ჩადენას (იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 17 მარტის სასამართლო მეგობრის მოსაზრება, ხელმისაწვდომია საქართველოს სახალხო დამცველის ვებგვერდზე).

11. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მხარეთა ახსნა-განმარტებები, გამოკითხვის ოქმები, მოპასუხის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმი, მოწმეთა ჩვენებები, სოციალური სამსახურის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, სოციალური ქსელიდან ამოღებული მიმოწერები) დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელეების შევიწროებას/სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატებოდა არასასურველ ქცევაში, უხამსი და სექსუალური ფრაზების თქმაში („რა კარგი უკანალი გაქვს“, „რა კარგი დაყენებული ტრაკი გაქვს“, „რა მაგარი ქალი იქნები“, „რა სექსუალურად გამოიყურები“, „რა სექსუალური საღამურები გაცვია“ და ა.შ.; დაუკითხავად შედიოდა ფეხბურთელების გასახდელში, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, სთხოვდნენ მას ოთახის დატოვებას, რაზეც ის პასუხობდა, რომ „ისეთს რას ვნახავ, რაც არ მინახავსო“. ასევე, მოპასუხის სახლში არასრულწლოვანი მეცხრე მოსარჩელის ცხოვრების პერიოდში, მოპასუხე დადიოდა წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში, რაც მეცხრე მოსარჩელეს უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა). მწვრთნელის ასეთი ქმედებები მიზნად ისახავდა და იწვევდა მოსარჩელეების ღირსების შელახვას, მათთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი, დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. ასევე მოპასუხემ იცოდა მოსარჩელეთა არატრადიციული ორიენტაციის შესახებ, რაზეც ხაზს უსვამდა და ეუბნებოდა, რომ შესაძლოა ამის შესახებ მათი ოჯახის წევრებსაც გაეგოთ, რაც გოგონებში შიშსა და შეშფოთებას იწვევდა და აიძულებდათ არ გაემხილათ მოპასუხის მხრიდან სხვა სახის შევიწროების ფაქტები.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მიუთითებდა მისი შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, თუმცა მითითებული მოწმეები, სასამართლოს მოსაზრებით, იყვნენ მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირები, მისი ახლობლები, რომლებიც უმეტესად ვერ იხსენებენ და არც კატეგორიულად უარყოფენ სარჩელში მითითებულ გარემოებებს. ამასთან, უშუალოდ სადავო ფაქტებს არ შესწრებიან. ის ფაქტი, რომ არ მოუსმენიათ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ შეურაცხმყოფელი/სექსუალური შინაარსის გამონათქვამები, მოსარჩელეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ვერ აბათილებს. შესაბამისად, ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეების მიმართ გამოხატული ქმედებები, სამივე ელემენტის გათვალისწინებით, უნდა შეფასებულიყო შევიწროებად/სექსუალურ შევიწროებად.

13. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ შევიწროების/სექსუალური შევიწროების ფაქტი, არ გაიზიარა მოსარჩელეთა მიერ მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

13.1. მოსარჩელეებს ქ. ქუთაისში, ........, მის სახლში მდებარე ტელევიზორში აყურებინებდა პორნოგრაფიულ ფილმებს;

13.2. მოპასუხე ეჭიდავებოდა მოსარჩელეებს, ტრავმის მიღების დროს ეხებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და უკეთებდა მასაჟს, რა დროსაც უხერხულად კიდებდა ხელს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის გამოც ისინი თავს უხერხულად გრძნობდნენ;

13.3. მასთან სახლში დარჩენილ მეხუთე მოსარჩელეს ხელით ეხებოდა/ეფერებოდა მკერდზე. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ ფაქტებს უარყოფს გამოძიების მასალებში ამოღების ოქმი, მობილური ოპერატორების მიერ გაცემული ცნობები, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, ......... და №138/38-ში მოპასუხის სახლში ქსელების სატელევიზიო პაკეტის მიწოდება არ ხდებოდა, ასევე არ გააჩნდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის, IP ტელევიზიის და სატელიტური ტელევიზიის მომსახურება, რაც გამორიცხავდა ტელევიზორის მეშვეობით პორნოფილმების ყურებას, ხოლო თავად მოსარჩელეთა განმარტებებით, მოპასუხის სახლში ინტერნეტისა და ტელევიზიის მისაღებად რესივერი ან მოდემი არ არსებობდა. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, როგორც გამოძიების მასალებით, ისე სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილი გახდა მესამე პირებიდან და თავად არ შესწრებიან. გარდა ამისა, თავად მეხუთე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას არ გაუგია მის მკერდზე მოფერება და ეს მან შეიტყო მხოლოდ მეოთხე მოსარჩელის ნაამბობით.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა მიმართ არასასურველ, დისკრიმინაციულ ქმედებებს 2020 წლის სექტემბრამდე ჰქონდა განგრძობითი ხასიათი, სარჩელი კი სასამართლოში წარდგენილია 2021 წლის 16 თებერვალს, სსსკ-ის 3632 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში, სარჩელი ხანდაზმული არ არის. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხის მიმართ შევიწროების/სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა და გამორიცხავდა მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

15. საფეხბურთო კლუბის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს თანასწორი, უსაფრთხო გარემო დასაქმებული პირებისათვის. ამდენად, კლუბი პასუხისმგებელია მწვრთნელის დისკრიმინაციულ ქცევასა და მოქმედებებზე ქალ ფეხბურთელთა მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა მწვრთნელის მიერ მოსარჩელეთა მიმართ განხორციელებული შევიწროება/სექსუალური შევიწროება, ამასთან, თავად დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სრულ უმოქმედობას, კერძოდ, გასახდელ ოთახებზე საკეტი არ არსებობდა, რაც შესაძლებლობას აძლევდა მწვრთნელს დაუკითხავად შესულიყო ფეხბურთელ ქალთა გასახდელში, გარდა ამისა, მისივე შესაგებელში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს მათთვის ცნობილი გახდა მოპასუხის მხრიდან ფეხბურთელების შემავიწროვებელი მოქმედებების არსებობა, თუმცა ქმედითი ღონისძიებები არ გაუტარებია, მისი შემდგომი ზედამხედველობა არ განუხორციელებია, აღნიშნული წარმოადგენდა მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს და გამორიცხავდა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ და საფეხბურთო კლუბმა შეიტანეს საკასაციო საჩივრები და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17. მოპასუხემ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

17.1. მოსარჩელეთა მიერ მიცემული განმარტებები თანხვედრაში არის ერთმანეთთან, თითოეული მოსარჩელის მიმართ შესაძლო შეურაცხყოფა არანაირად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც, ბუნებრივია, ბადებს ეჭვს და კითხვებს მოსარჩელეთა შეთანხმებისა და მოპასუხის მიმართ გარკვეული მტკიცებულებების შექმნის მომზადებაზე. გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა ის ფაქტებიც, რომ: 1. მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებები ორკესტრირებულად ერთფეროვანი იყო, მათი განმარტებები ზოგად ხასიათს ატარებდა და ვერც ერთი მათგანი ვერ ასახელებს კონკრეტულ ფაქტს, კონკრეტულ გარემოებას და კონკრეტულ დროს, თუ როდის ჰქონდა ქმედებას ადგილი; 2. მოწმეები არ ყოფილან დასახელებული გარემოებების შემსწრე პირები. ისინი განმარტავენ მოყოლილ ამბებს, ასევე ორკესტრირებულად, მოსარჩელეთა ჩვენებების შესაბამისად, მათი ჩვენებებიც ზოგადი, ერთგვაროვანი ხასიათისაა, ფაქტების დროის მითითების გარეშე; 3. ფეხბურთის მატჩების ვიდეო ჩანაწერებში არ ფიქსირდებოდა არანაირი შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციის შემცველი გამოხატულებები, კლუბი ყოველთვის მუშაობდა გუნდურად და წარმატებებიც მწვრთნელიდან გამომდინარე ფეხბურთელების დამსახურებაც იყო; 4. ინტერნეტ და საკაბელო კომუნიკაციების ცნობების მიხედვით, საცხოვრებელ სახლში ინტერნეტისა და საკაბელო არხების არქონის პირობებში სექსუალური ინფორმაციის შემცველი ვიდეოების ან ფოტოსურათების ნახვა შეუძლებელი იყო, იმავეს თქმა შეიძლება ტელევიზორში ამ მასალის ნახვის თაობაზეც. შესაბამისად, მხარეთა განმარტებები სახლში ტელევიზორში სექსუალური ხასიათის ვიდეოების ნახვასთან დაკავშირებით სიცრუეა და არ დადასტურდა არც ერთი მტკიცებულებით;

17.2. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოაცალა მთელი რიგი მტკიცებულებები, რასაც დაეყრდო საქალაქო სასამართლო, თუმცა მაინც დაადგინა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ შევიწროების/სექსუალური შევიწროების ფაქტი. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელეთა და მათ მოწმეთა განმარტებები არ იყო კანონის მიხედვით დასაბუთებული და სრულ სიცრუეს წარმოადგენდა, შესაბამისად, რატომ არ უნდა ყოფილიყო გაბათილებული სხვა მტკიცებულებები, თუკი მოსარჩელეები მხილებული იყვნენ არაერთ სიცრუეში. გარდა ამისა, რამდენიმე მტკიცებულების გაბათილების გამო, სააპელაციო სასამართლოს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული 3000 ლარიც უნდა შეემცირებინა;

17.3. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების მიხედვით, რომელიც განხორციელდა 19.02.2019 წელს, კანონის მე-3 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: 31. შევიწროება; 32. სექსუალური შევიწროება, ასევე მე-5, მე-7, მე-9 და მე-10 პუნქტები. მოსარჩელეთა განმარტებები და მათ მოწმეთა ჩვენებები ასახავდა 2013 წლიდან 2020 წლის სექტემბრამდე სავარაუდო ფაქტებს, ხოლო ვის მიმართ და რა დროს, თარიღი მითითებული არ არის, შესაბამისად, თარიღების განსაზღვრის გარეშე მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციული ქმედებები არ უნდა დადგენილიყო. მოპასუხემ, გარდა მოწმეთა ჩვენებისა, სასამართლოს წარუდგინა 18.04.2019 წლის, 25.05.2019 წლის, 09.08.2020 წლის, 12.09.2020 წლის ფეხბურთის მატჩების ვიდეო ჩანაწერები, სადაც არავითარი ფაქტი, რასაც მოსარჩელეები უთითებენ, არ იკვეთება;

17.4. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე თავად დაადგინა/ჩათვალა, რომ დისკრიმინაციულ ქმედებებს ადგილი ჰქონდა 2020 წელს ყველა მოსარჩელეთა მიმართ, სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის მხარეთა განმარტებებთან. თუ მოსარჩელეთა მიმართ წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებს, დიდი ვარაუდით მოსარჩელეები ერთხელ მაინც ჩაწერდნენ ვიდეოს სახით ფაქტის ამსახველ მდგომარეობას;

17.5. სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მხარეთა ახსნა-განმარტებებს, გამოკითხვის ოქმებს, მოპასუხის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმს, მოწმეთა ჩვენებებს, სოციალური სამსახურის დასკვნას, ექსპერტიზის დასკვნას, სოციალური ქსელიდან ამოღებულ მიმოწერებს, თუმცა თითოეული მტკიცებულების გამოკვლევისას შესაძლებელია მივიდეთ დასკვნამდე, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულება უვარგისია ამ ფაქტების დასადგენად შემდეგ გარემოებათა გამო: 1. მხარეთა ახსნა-განმარტებები (მოსარჩელეები ორკესტრირებულად ამტკიცებდნენ ერთსა და იმავე გარემოებებს თარიღებისა და კონკრეტული სუბიექტების მითითების გარეშე, ხოლო მოპასუხე ამტკიცებდა საწინააღმდეგოს); 2. გამოკითხვის ოქმები (გამოკითხვის ოქმებში ისევ და ისევ მოსარჩელეთა განმარტებებია და სამოქალაქო საქმეში მტკიცებულებებად არ გამოდგება განაჩენის არარსებობის გამო); 3. მოპასუხის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმი (სახლის დათვალიერებით არაფერი დასტურდება); 4. მოსარჩელეთა მოწმეთა ჩვენებები (სასამართლომ დაადგინა, რომ კონკრეტულ მოწმეთა ჩვენება ზოგადი ხასიათის იყო და მათი ნაამბობი ეფუძნებოდა მესამე პირთა მონათხრობს), სასამართლომ საერთოდ არ გაიზიარა მოპასუხის მოწმეთა ჩვენებები; 5. ექსპერტიზის დასკვნა (კომპიუტერში ასახული ვიდეო და ფოტო მასალები ასევე არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ); 6. სოციალური ქსელიდან ამოღებული მიმოწერები (მოსარჩელეების ფინანსური ინტერესი იკვეთებოდა მიმოწერაში). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ვერ ერთი მათგანი მტკიცებულებად ვერ გამოდგება;

18. საფეხბურთო კლუბმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

18.1. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომელიც სადავო პერიოდში არ იყო მიღებული, ხოლო აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ მოსარჩელეებს რაიმე სახის პრეტენზია საფეხბურთო კლუბის მიმართ არ დაუფიქსირებიათ;

18.2. სავარაუდო ფაქტებს, რაზეც მოსარჩელეები უთითებენ, ადგილი ჰქონდა 2020 წლის 29 სექტემბრამდე (ანუ მანამდე ვიდრე შრომის კოდექსში შევიდოდა შესაბამისი ცვლილება), ვინაიდან ამ დროს მწვრთნელი უკვე დათხოვნილი იყო სამსახურიდან. გამომდინარე იქედან, რომ შესაბამის ცვლილებაში კანონის უკუძალის თაობაზე მითითებული არ არის, სადავო ფაქტების არსებობის შემთხვევაშიც კი, საკანონმდებლო ცვლილება მაინც ვერ გავრცელდებოდა კლუბის მიმართ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს;

18.3. სასამართლო უთითებს ასევე გასახდელში დაუკითხავად შესვლის თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეთა გარდა საფეხბურთო კლუბში თამაშობდნენ სხვა გოგონებიც, მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში ისინი აუცილებლად დაადასტურებდნენ მათ სასამართლოში დაკითხვისას. ამასთან, საფეხბურთო კლუბს საკუთრებაში არ აქვს რაიმე უძრავი ქონება, მოედანი ან გასახდელი, ვარჯიშები მიმდინარეობდა სხვა კლუბების საკუთრებაში (მაგ., ქუთაისის ტორპედოს) არსებულ ბაზებზე, სადაც ასევე უამრავი ფეხბურთელი ვარჯიშობს და საათების მიხედვით აქვთ გამოყოფილი მოედანზე ვარჯიშის შესაბამისი დრო. კარების საკეტი გაფუჭებული რომც ყოფილიყო, მოპასუხე ორგანიზაცია მას ვერ შეცვლიდა. ოფიციალური შეჯიბრებები კი ლიცენზიის შესაბამისად არსებულ ფეხბურთის მოედნებზე ტარდებოდა, მასზე არაერთი ორგანიზაცია, მათ შორის, ფეხბურთის ფედერაციაც ახორციელებდა კონტროლს, ამიტომ ასეთი ფაქტის არსებობა გამორიცხულია. სასამართლოს განჩინებით არ ირკვევა, რა ნიშნით დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი (რასობრივი, რელიგიური, სქესის ....). სქესის ნიშნით დისკრიმინაცია ვერ იქნებოდა, რადგან მოსარჩელეებიც და სხვა ფეხბურთელები გოგონები არიან;

18.4. მოსარჩელეთა მიერ მიცემული განმარტებები თანხვედრაში არის ერთმანეთთან, თითოეული მოსარჩელის მიმართ შესაძლო შეურაცხყოფა არანაირად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც, ბუნებრივია, ბადებს ეჭვს და კითხვებს მოსარჩელეთა შეთანხმებისა და მოპასუხის მიმართ გარკვეული მტკიცებულებების შექმნის მომზადებაზე. გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა ის ფაქტებიც, რომ: 1. მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებები ორკესტრირებულად ერთფეროვანი იყო, მათი განმარტებები ზოგად ხასიათს ატარებდა და ვერც ერთი მათგანი ვერ ასახელებს კონკრეტულ ფაქტს, კონკრეტულ გარემოებას და კონკრეტულ დროს, თუ როდის ჰქონდა ქმედებას ადგილი; 2. მოწმეები არ ყოფილან დასახელებული გარემოებების შემსწრე პირები. ისინი განმარტავენ მოყოლილ ამბებს, ასევე ორკესტრირებულად, მოსარჩელეთა ჩვენებების შესაბამისად, მათი ჩვენებებიც ზოგადი, ერთგვაროვანი ხასიათისაა, ფაქტების დროის მითითების გარეშე; 3. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოპასუხეთა მოწმეები, რომლებიც მოსარჩელეებს სიცრუეში ამხელდნენ, თუმცა სასამართლომ მათი ჩვენებები არ გაიზიარა; 4. საფეხბურთო კლუბი მოპასუხის სახლში მომხდარ ფაქტებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რადგან დირექტორი ვერ გააკონტროლებდა და არც იყო უფლებამოსილი გაეკონტროლებინა, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ვინ სად გაათევდა ღამეს. ამასთან, 2017 წლამდე მოპასუხე ორგანიზაცია საერთოდ არ არსებობდა, შესაბამისად, მანამდე დასახელებულ ფაქტებთან კლუბის ხელმძღვანელობას კავშირი ვერ ექნებოდა.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მოპასუხისა და საფეხბურთო კლუბის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

23. კასატორთა პრეტენზიების განხილვამდე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის კონკრეტული სახის - შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების რამდენიმე თეორიულ საკითხზე.

24. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით [საქართველოს კონსტიტუციის 11.1. მუხლი]. კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1).

25. დისკრიმინაცია აკრძალულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლით [ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად].

26. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ისტორიულად, კონსტიტუციებში ხდებოდა იმ ნიშნების ჩამოთვლა, რომელთა მიხედვით, ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებდა მათთვის დამახასიათებელი პირადი, ფიზიკური თვისებები, კულტურული ნიშნები ან სოციალური კუთვნილება. ამ ნიშნების კონსტიტუციებში ჩამოთვლა ხდებოდა ზუსტად მათ საფუძველზე ადამიანების დისკრიმინაციის დიდი გამოცდილების არსებობის და, ამასთან, ასეთი მოპყრობის გაგრძელების შიშის გამო (საპასუხოდ) (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4).

27. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1. მუხლით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია [იხ. 2.2. მუხლი: პირდაპირი დისკრიმინაცია; 2.3. მუხლი: ირიბი დისკრიმინაცია]. 2019 წელს აღნიშნულ კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შევიწროება და სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ცალკე ფორმად განისაზღვრა. კერძოდ, კანონის მე-2 მუხლის 31 და 32 პუნქტების თანახმად, შევიწროება არის ნებისმიერი ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ხოლო სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

28. „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გაეროს კონვენციის (CEDAW) მე-11 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, დასაქმების დარგში ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა უზრუნველყონ მამაკაცის და ქალის თანასწორობის საფუძველზე თანაბარი უფლებები. „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გაეროს კომიტეტმა, №19 ზოგადი კომენტარით, სექსუალური შევიწროება მიიჩნია ქალთა მიმართ ძალადობის ფორმად, რომლის გამოვლინებაც რეალურ საფრთხეს უქმნის თანასწორობას (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 4).

29. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის („სტამბოლის კონვენცია“) მე-40 მუხლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სექსუალური ხასიათის ნებისმიერი ფორმის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას, კერძოდ, მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ან აგრესიული გარემოს შექმნის გზით, დაექვემდებაროს სისხლის სამართლის ან სხვა სახის სამართლებრივ სანქციებს.

30. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ (შემდგომში - „სშკ“) ასევე აკრძალულია შრომით ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია [სშკ-ის 2.3 მუხლი: შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით], ხოლო სშკ-ში 2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ცალკე გამოიყო დისკრიმინაციის ისეთი ფორმა, როგორიცაა სექსუალური შევიწროება: დისკრიმინაციად (მათ შორის, სექსუალურ შევიწროებად) მიიჩნევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით [სშკ-ის 2.4 მუხლი]. სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისთვის სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა [სშკ-ის მე-2 მუხლის 41 პუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია)].

31. შრომითი ურთიერთობებისას პირის შევიწროებასა და სექსუალურ შევიწროებას ასევე კრძალავს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი [6.1 მუხლი: შრომითი ურთიერთობებისას დაუშვებელია: ა) პირის შევიწროება − სქესის ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას; ბ) სექსუალური შევიწროება − სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას].

32. შევიწროება დისკრიმინაციის სპეციფიკური სახეა. შევიწროებისათვის სახასიათოა არასახარბიელო ქმედება (მოქმედება, უმოქმედობა), ჩადენილი იმ მიზნით, რომ პირს ღირსება შეელახოს, მოხდეს მისი დაკნინება, მისთვის მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი გარემოს შექმნა. შევიწროება შეიძლება გამოიხატოს ფიზიკურ ქმედებაში, ჰქონდეს ვერბალური, ან არავერბალური გამოხატულება. ქმედების შევიწროებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება როგორც ობიექტური გარემოებები, ასევე აღნიშნულ გარემოებათა სუბიექტური აღქმის კრიტერიუმები. ვინაიდან შევიწროებისათვის შეურაცხმყოფელი, მტრული, დამაშინებელი, დამთრგუნველი, ცინიკური გარემოს შექმნა, ამგვარი ხასიათის ქმედების განხორციელება, ვერბალური, თუ არავერბალური გამოხატულება შევიწროების დასადგენად თვითკმარი საფუძველია, ამიტომ მიიჩნევა, რომ შევიწროების დასადგენად შესადარებელი ობიექტი აუცილებელი არ არის, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ შევიწროების დადგენა კომპარატორის მოძიებას არ საჭიროებს (იხ. ქეთევან მესხიშვილი, „მტკიცებულებათა სტანდარტი დისკრიმინაციის სამართალში“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 10/2022, გვ. 6-7). სამუშაო ადგილზე შევიწროება წარმოადგენს ქმედებას, რომლის მიზანი მსხვერპლზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა. შევიწროება მრავალი ფორმით და სხვადასხვა ნიშნის გამო შეიძლება გამოვლინდეს (იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 3 მაისის რეკომენდაცია შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ).

33. სექსუალური შევიწროება შევიწროების ერთ-ერთი მძიმე გამოვლინებაა. იგი სქესის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფორმას წარმოადგენს (იხ. ზაქარია შველიძე, „სამოქალაქო მოთხოვნათა ფარგლები შრომითი დისკრიმინაციის დავისას“, სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თბილისი, 2019, გვ. 44).

34. შრომითი ურთიერთობისათვის სექსუალური შევიწროების ორი ფორმაა დამახასიათებელი: (1) Quid Pro Quo, ანუ მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ, და (2) მტრული სამუშაო გარემოს შექმნა. სექსუალური შევიწროების პირველი სახე - „quid pro quo“ მოიცავს ნებისმიერ ფიზიკურ, ვერბალურ ან არავერბალურ ქცევას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიყენება ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის დასაქმების სტატუსზე. Quid pro quo სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, სავარაუდო შემავიწროებელი პირისგან მოითხოვს სექსუალურ ურთიერთობას, იმისათვის, რათა დასაქმებულმა შეინარჩუნოს ან მოიპოვოს სამსახურებრივი ბენეფიტები; ხოლო უარის შემთხვევაში, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს. მეორე ფორმა - მტრული გარემოს შექმნა, გულისხმობს ქმედებას, რომელიც წარმოშობს დამაშინებელ, მტრულ ან დამამცირებელ სამუშაო გარემოს, რომელშიც სექსუალური ურთიერთობის მოთხოვნის ელემენტი არ გვხვდება (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 5).

35. სამუშაო ადგილზე შევიწროება, იქნება ეს სექსუალური თუ არასექსუალური ხასიათის, აზიანებს და აკნინებს მსხვერპლის ღირსებას. შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის გამოვლინების შიში ქალებისათვის პროფესიული განვითარების მუდმივი დამაბრკოლებელი ფაქტორია. ეს გამოცდილება შეურაცხმყოფელია ქალის ღირსებისათვის, მომავალში მისი შესაძლებლობების გამოვლენაზე უარყოფითად აისახება და მისი შედეგები თავს იჩენს დიდი ხნის მანძილზე, იქნება ეს მძიმე ემოციური ფონი, დისკომფორტი თუ ვიქტიმიზაციის შიში (იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 3 მაისის რეკომენდაცია შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ).

36. საქართველოს კონსტიტუციის 9.1 მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქედან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე, ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები. პირის სამართლებრივი სტატუსის საფუძველში დევს ღირსების იდეა, ხოლო სამართლებრივი დაცვის პრინციპის, როგორც პიროვნების სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალების, საფუძველი არის პიროვნების ღირსების უზრუნველყოფის პრინციპი. ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება N2/2-389 საქმეზე: საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, II-30,31).

37. სექსუალური შევიწროება ყოველთვის იწვევს პირის ღირსების შელახვასა და დამცირებას. სექსუალურ შევიწროებას არ სჭირდება მოტივი, სექსუალური ხასიათის ქცევა თავისთავად შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს სავარაუდო მსხვერპლისთვის, შემავიწროებლის განზრახვის მიუხედავად. საკმარისია, რომ ქმედებას ჰქონდეს დისკრიმინაციული გავლენა, რამდენადაც, ყურადღება უნდა გამახვილდეს არა განზრახვაზე, არამედ ქმედების შედეგზე (იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 16 აგვისტოს რეკომენდაცია სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ).

38. სექსუალური შევიწროების დეფინიცია პირობითად შეიძლება სამ ძირითად ნაწილად დაიყოს, რომელთა კუმულატიური არსებობაც იძლევა სექსუალური შევიწროების მოცემულობას: 1. ქცევის ფორმა - აუცილებელია, რომ ქმედება იყოს სექსუალური ხასიათის. სწორედ სექსუალური კონოტაცია განასხვავებს სექსუალურ შევიწროებას რომელიმე ნიშნით შევიწროებისაგან; 2. არასასურველობა - ქცევა მიუღებელი უნდა იყოს სავარაუდო მსხვერპლისათვის. არასასურველობა სხვადასხვანაირად შეიძლება გამოიხატოს და არ არის აუცილებელი, რომ სავარაუდო მსხვერპლმა ღიად მიუთითოს თავის უარყოფით დამოკიდებულებაზე სექსუალური ქცევის მიმართ; 3. შედეგი - სექსუალურ შევიწროებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს როგორც განზრახ, ისე განზრახვის გარეშე. ამაზე მეტყველებს დეფინიციის ჩანაწერი „მიზნად ისახავს ან იწვევს“, რაც ყურადღებას ამახვილებს სექსუალური შევიწროების შემთხვევებში დამდგარი შედეგის მნიშვნელობაზე, კერძოდ, ადამიანის ღირსება შეილახა და შეექმნა დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი გარემო. ამდენად, ყურადღება მახვილდება არა განზრახვაზე, არამედ ქმედების შედეგზე. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სექსუალური შევიწროების დადგენის ტესტი განსხვავდება დისკრიმინაციის დადგენის ტესტისაგან. კერძოდ, თუკი პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის საქმეებში, საჭიროა შესადარებელი სუბიექტი, ე.წ. კომპარატორი, და დაცული ნიშანი, სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლს კომპარატორი არ ჰყავს და დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნის არსებობა არ არის წინაპირობა. ამასთან, სექსუალურ შევიწროებას არ აქვს გამართლება, თავისთავად არის არასწორი ქმედება თავისი პოტენციური შედეგებიდან გამომდინარე, რაც თავის თავში მოიცავს შევიწროების მსხვერპლის ღირსების შელახვას (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 11-12).

39. სექსუალური შევიწროების სამ ძირითად - ვერბალურ, არავერბალურ და ფიზიკურ ფორმას გამოყოფენ, თუმცა თითოეული ეს ფორმა პრაქტიკაში ქცევათა და ქმედებათა მრავალფეროვნებით ხასიათდება და მათი ამომწურავი ჩამონათვალი არც არსებობს. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად არის ქმედება არასასურველი სექსუალური კონოტაციის მატარებელი. ვერბალურად გამოხატულმა სექსუალურმა შევიწროებამ, შესაძლოა, მრავალი სახე მიიღოს. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს: სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი, დამაკნინებელი სიტყვები/ტერმინები; ფამილიარული, ცხოველის/ფრინველის სახელით მიმართვა; არასასურველი კომენტარები, კომპლიმენტები ან/და ხუმრობები გარეგნობის, სხეულის ან/და ჩაცმულობის შესახებ; არაკორექტული შეკითხვები ან/და კომენტარები ადამიანის პირადი და ოჯახური თუ სექსუალური ცხოვრების თაობაზე; სექსუალური დატვირთვის მქონე ეპითეტები და მეტაფორები; სექსუალურ ფანტაზიებზე, გამოცდილებასა თუ შესაძლებლობებზე საუბარი; სექსუალური ურთიერთობის შეთავაზება ან/და ზეწოლა სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით; სექსუალური ცხოვრების შესახებ ჭორების გავრცელება; სექსუალური კონოტაციის შემცველი, განგრძობადად, არასასურველი დაპატიჟება პაემანზე; სექსუალურად ჩაცმის მოთხოვნა/მინიშნებები დასაქმებულისათვის. არავერბალური სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს: სექსუალური მზერა და ყურადღება; სექსუალური კონოტაციის მქონე ჟესტიკულაცია/სხეულის ენის გამოყენება; გენიტალიების ჩვენება; პორნოგრაფიული მასალის დემონსტრაციული ყურება/ბეჭდვა; პორნოგრაფიული ან/და სექსუალური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის ტირაჟირება; პირადი სივრცის, მათ შორის, გამოსაცვლელი ოთახების ვიდეოკამერით თვალთვალი; სექსუალიზებული გარემოს შექმნა; სექსუალური შინაარსის მქონე არასასურველი წერილების, ლექსების, პოემების თუ სხვა მხატვრული მასალის გაგზავნა. ფიზიკური სექსუალური შევიწროება ხასიათდება ფიზიკური შეხებით. ფიზიკურ შეხებაში იგულისხმება ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მსხვერპლის სხეულზე არასასურველ შეხებას გულისხმობს (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 17-18).

40. ILO-ს ექსპერტთა კომიტეტი სექსუალურ შევიწროებას განმარტავს, როგორც: „ნებისმიერი შეუსაბამო შენიშვნა, ხუმრობა, პიროვნების ჩაცმულობაზე, გარეგნობაზე, ასაკზე, ოჯახურ სიტუაციაზე; ქედმაღლური ან პატერნალისტური დამოკიდებულება, რომელიც ატარებს სექსუალურ ქვეტექსტს და ლახავს პიროვნების ღირსებას; ნებისმიერი არასასურველი მიწვევა ან თხოვნა, იმპლიციტური თუ ექსპლიციტური, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა მუქარას. ნებისმიერი მზერა ან სხვა ჟესტიკულაცია, რომელიც ასოცირდება სექსუალობასთან და ნებისმიერი არასაჭირო ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა შეხება, მოფერება, ჩქმეტა თუ თავდასხმა“ (იხ. „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 140).

41. სექსუალური შევიწროების დასადგენად ქცევის არასასურველობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა, ეს არ გულისხმობს ქმედების „იძულებითობას.“ მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას ქმედების არასასურველობის განჭვრეტადობასაც. მსხვერპლი შესაძლოა ეთანხმებოდეს კონკრეტულ ქცევას და აქტიურადაც მონაწილეობდეს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მისთვის ქმედება უსიამოვნო და შეურაცხმყოფელი იყოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსხვერპლი არ აფიქსირებს, რომ მისთვის ქცევა არასასურველია, ეს არ გამორიცხავს შემავიწროებელი პირის პასუხისმგებლობას, ვინაიდან გონივრულობის ფარგლებში, შემავიწროებელს უნდა სცოდნოდა, რომ კონკრეტული სექსუალური ხასიათის ქცევა მიუღებელი იქნებოდა მსხვერპლისათვის. აღნიშნული მიდგომა აწესებს სექსუალური შევიწროებისათვის სუბიექტურობისა და ობიექტურობის ტესტს, რომელშიც სუბიექტურობის კომპონენტი არის შემავიწროებლის დამოკიდებულება მისი ქცევის მიმღებლობასთან დაკავშირებით, ხოლო ობიექტურობის კომპონენტი კი ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ იქნებოდა კონკრეტული ქცევა მიღებული, გონივრულობის ფარგლებში, მესამე პირის მიერ (იხ. სახალხო დამცველის 2019 წლის 18 ოქტომბრის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება).

42. სექსუალური შევიწროება შეიძლება გამოვლინდეს ერთი ცალკე მდგომი შემთხვევით, ან შეიცავდეს სხვადასხვა სახის ქცევათა კასკადს. „quid pro quo“ სექსუალური შევიწროებისაგან განსხვავებით, სადაც ერთი იზოლირებულად მდგომი ინციდენტი, მისი სიმძიმის გათვალისწინებით, სექსუალურ შევიწროებად შეიძლება ჩაითვალოს, სექსუალური შევიწროებით მტრული გარემოს შექმნა, როგორც წესი, ხასიათდება მრავალჯერადი შეურაცხმყოფელი ინციდენტებით, რომელთა ინდივიდუალურად შეფასება, შესაძლოა, არც კი იძლეოდეს სექსუალური შევიწროების შემადგენლობას (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 18-19). როდესაც საქმე ეხება მტრული სამუშაო გარემოს შექმნას და ქცევა გამოხატულია შედარებით მსუბუქი ვერბალური ან/და არავერბალური ფორმით, ამ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს ქცევის ხანგრძლივობას, იყო თუ არა იგი განმეორებადი ან/და განგრძობადი. ასევე, მსხვერპლსა და შემავიწროებელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათი კიდევ ერთ-ერთი ინდიკატორია. მსხვერპლი და შემავიწროებელი შეიძლება იყვნენ ერთ ადგილას დასაქმებული ადამიანები. მხარეებს შორის სუბორდინირებული ურთიერთობისას, ბუნებრივია, სექსუალური შევიწროების რისკი გაცილებით მაღალია. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ შემავიწროებლის შესაძლებლობაზე, გავლენა მოახდინოს მსხვერპლის სტატუსზე, რაც არსებითად განაპირობებს მსხვერპლის პასუხს არასასურველ ქცევაზე (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 31-32).

43. სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია ვლინდებოდეს რამდენიმე ადამიანის მიმართ. ამდენად, მსხვერპლთა რაოდენობა და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია არსებითი ინდიკატორია. მსხვერპლთა რაოდენობა საშუალებას იძლევა გამოიკვეთოს შემავიწროებლის მხრიდან ქცევათა და გარემოებათა საერთო მახასიათებელი. მსგავსი კატეგორიის საქმეებში მსხვერპლთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხი კიდევ უფრო მაღალია, ვინაიდან ქცევის საერთო მოდელი ვლინდება, რაც არასასურველი ქმედების ვარაუდს უფრო ამყარებს. რამდენიმე მსხვერპლის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ისიც, არიან თუ არა ისინი რაიმე პიროვნული ან პროფესიული მახასიათებლით ერთმანეთთან დაკავშირებულები და იცნობენ თუ არა ისინი ერთმანეთს. ამის გამორკვევა გვეხმარება გამოვრიცხოთ შემავიწროებელთა არგუმენტები მიკერძოებულობასთან ან/და მათი დისკრიდიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 33).

44. აღსანიშნავია ისიც, რომ სექსუალური შევიწროება ცალკეულ ინდივიდებზე, მათი ინდივიდუალური მახასიათებლის გამო, არაპროპორციულად ახდენს გავლენას. კერძოდ, ერთ-ერთი დაუცველი ჯგუფია ქორწინებაში არმყოფი ქალები და მარტოხელა დედები. ასევე, ერთ-ერთი ფაქტორია მსხვერპლის ასაკიც, რომელიც შემავიწროებელს კონკრეტული ქცევისკენ უბიძგებს, ვინაიდან აქვს მოლოდინი, რომ ასაკის გამო, მსხვერპლი თავს ვერ დაიცავს და შეწინააღმდეგებისთვის არ ექნება გამბედაობა. ასაკი გავლენას ახდენს მსხვერპლის ქცევაზეც, რომელიც მიიჩნევს, რომ ასაკის გამო არ დაუჯერებენ და სერიოზულად არ აღიქვამენ მის მონათხრობს. მსხვერპლსა და შემავიწროებელს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა ასევე წარმოადგენს ერთგვარ შეფასების კრიტერიუმს არასასურველი სექსუალური ქცევის მიმღებლობის ჭრილში. სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობაც ასევე ერთ-ერთი ის მახასიათებელია, რომელიც სექსუალური შევიწროების მიმართ მსხვერპლის დაუცველობის ხარისხს ზრდის (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 34-35).

45. რაც შეეხება მოცემული საქმის გარემოებებს, განსახილველ შემთხვევაში სადავოა სამუშაო ადგილზე მწვრთნელსა და კლუბის ქალ ფეხბურთელებს შორის სუბორდინირებული ურთიერთობისას დისკრიმინაციული მოპყრობის, კერძოდ, შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის კანონიერება, რაც გამოიხატებოდა არასასურველ ქცევაში, რომელიც მიზნად ისახავდა და იწვევდა მოსარჩელეების ღირსების შელახვას, მათთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი, დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

46. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მოპასუხის (მწვრთნელის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე, რომლის ფარგლებშიც იგი ძირითადად აპელირებს იმაზე, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ შევიწროების/სექსუალური შევიწროების ფაქტს ადგილი არ ჰქონია და სასამართლო ძირითადად დაეყრდნო მოსარჩელეთა და მათ მოწმეთა ჩვენებებს.

47. ზემოაღნიშნულ შედავებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე და აღნიშნავს, რომ შევიწროების/სექსუალური შევიწროების საქმეებზე ვრცელდება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისთვის არსებული მტკიცების ტვირთის სტანდარტი.

48. სსსკ-ის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. საკასაციო პალატის განმარტებით, დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგია: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ (Chassagnou and Others v. France [GC], #25088/94, #28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარგანსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთი დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში მყოფი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთკავშირშია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან. სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა საქმეში მკაცრად არ იყენებს affirmanti incumbit probatio პრინციპს (ის ვინც ბრალს დებს ვალდებულია თავად დაამტკიცოს ბრალდება - affirmanti incumbit probatio (ამონარიდები), Aktas v. Turkey no.24351/94, § 272, ECHR 2003 V) (იხ. სუსგ საქმე №ას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).

49. დისკრიმინაციის მსხვერპლს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების დამადასტურებელი იმ მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება აქვს, რომელთა მოპოვება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სექსუალური შევიწროების გამჟღავნების და, მით უფრო, დავის ინიცირების შემთხვევაში მსხვერპლი მხარდაჭერას საჭიროებს, მის მიერ მითითებული გარემოებები საკმარისი „გენდერული მგრძნობელობით“ რეაგირებას მოითხოვს, ამიტომ მტკიცებითი სტანდარტიც სექსუალური შევიწროების საქმეებში ადეკვატური უნდა იყოს და მსხვერპლს სექსუალური შევიწროების დადასტურება პირდაპირი მტკიცებულებების წარდგენის გზით არ უნდა მოეთხოვოს (იხ. ქეთევან მესხიშვილი, „მტკიცებულებათა სტანდარტი დისკრიმინაციის სამართალში“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 10/2022, გვ. 8, 25).

50. სექსუალური შევიწროების შემთხვევები, როგორც წესი, გამოირჩევა ფარულობით და ხილულია მხოლოდ აქტორისა და მსხვერპლისათვის, შესაბამისად, განუზომლად რთულდება მოწმეების ანდა მატერიალური მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა. ადამიანის უფლებათა სასამართლოებს გაცნობიერებული აქვთ მტკიცებულებათა ასეთი მოცემულობის არსებობა და ხშირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მხარეთა მიერ წარმოდგენილ სუბიექტურ მტკიცებულებებს. შესაბამისად, ქმედების ჩადენის ვარაუდის წარმოსაშობად, მტკიცების შედარებით დაბალი სტანდარტი მოქმედებს (იხ. სახალხო დამცველის 2019 წლის 18 ოქტომბრის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება).

51. ზოგადად, საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამასთან, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ პრინციპებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1261-2020, 18 ივნისი, 2021 წელი). თუმცა, დისკრიმინაციის სამართალში მხარის ახსნა-განმარტება, თუ ის ფაქტების ლოგიკურ თანმიმდევრობას ასახავს, რომელსაც პრაქტიკაში ხშირად აქვს ადგილი, ან ემპირიული დაკვირვებით ქმნის განცდას, რომ ასეთ მოვლენას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი და. ა. შ., საკმარის საფუძვლად მიიჩნევა დისკრიმინაციის პრეზუმფციის დაშვებისათვის, რა დროსაც მტკიცების ტვირთი მეორე მხარეზე (დისკრიმინაციის სავარაუდო ჩამდენზე) გადადის, რომელმაც თავისი ქმედების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს (იხ. ქეთევან მესხიშვილი, „მტკიცებულებათა სტანდარტი დისკრიმინაციის სამართალში“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 10/2022, გვ. 27).

52. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, იგი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მტკიცებულებაა სამოქალაქო პროცესში. სსსკ-ის 140.1 მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. საკასაციო პალატის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვის არის დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-1698-1592-2012, 2 ივნისი, 2014 წელი).

53. მოწმეთა არსებობა სექსუალური შევიწროების ფაქტის დასადგენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. აღნიშნული პირები შეიძლება იყვნენ პირდაპირი მოწმეები, რომლებიც გახდნენ სექსუალური შევიწროების ფაქტის/ფაქტების თვითმხილველი; ასევე, არაპირდაპირი მოწმეები, რომელთათვისაც ცნობილი გახდა სექსუალური შევიწროების შესახებ სავარაუდო მსხვერპლის ან მესამე პირის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო მსხვერპლმა, შესაძლოა, თავად ვერ მოიძიოს მოწმეები. თუ სავარაუდო მსხვერპლს არ ჰყავს შემთხვევის თვითმხილველები, ბუნებრივია, ეს ფაქტი არ აქარწყლებს მის ბრალდებას სავარაუდო შემავიწროებლის მიმართ. თუმცა, ამ შემთხვევაში საჭიროა იმ პირთა გამოვლენა, რომლებმაც, შესაძლოა, შეამჩნიეს სავარაუდო მსხვერპლის ქცევაში ცვლილებები. ასეთი მოწმე შეიძლება იყოს კოლეგა, ექიმი, მეგობარი, ოჯახის წევრი ან/და სხვა პირი. დასაქმების ადგილას/საგანმანათლებლო სივრცეში, სასურველია, ასევე გამოიკითხონ სხვა თანამშრომლები/კურსელები/პროფესორები, შეუმჩნევიათ თუ არა სავარაუდო შემავიწროებლის ქცევა სავარაუდო მსხვერპლის მიმართ. დადგინდება თუ არა სექსუალური შევიწროების ფაქტი, დამოკიდებულია მხარეთა სანდოობასა და მათ მიერ მოწოდებულ დამაჯერებელ, სანდო მტკიცებულებაზე. სექსუალური შევიწროების შემთხვევებში, არაპირდაპირი მოწმეები, მაგალითად, მსხვერპლის ოჯახის წევრი, მეგობარი ან/და სხვა დაკავშირებული პირი, ინფორმაციის სანდო წყაროა, იმის გათვალისწინებით, თუ რა ინფორმაციას ფლობს და რამდენად თანმიმდევრულად და გასაგებად გადმოსცემს მსხვერპლის მონათხრობს. ვინაიდან სექსუალური შევიწროება ხშირად მესამე პირის თვალისაგან ფარულად ხდება, არაპირდაპირ მოწმეთა არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, უმრავლეს შემთხვევაში, სავარაუდო მსხვერპლის პირველი რეაქცია არა სამართლებრივი დაცვის გზების ძიება, არამედ არასასურველი სექსუალური გამოცდილების ისეთი ადამიანისათვის გაზიარებაა, ვისაც ენდობა (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 41-42).

54. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მოწმის/დაზარალებულის სახით დაკითხული მოსარჩელეების, მათი ოჯახის წევრებისა და მათთან ახლო ურთიერთობაში მყოფი პირების, ასევე კლუბის ყოფილი ან მოქმედი ფეხბურთელების, კერძოდ: მ.გ–ის (არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ პროექტის კოორდინატორი), ს.გ–ის („ქუთაისის მართვეს“ ყოფილი ფეხბურთელი), ს.ბ–ძის (არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ფსიქო-კონსულტანტი), მ.ჟ–ის („ქუთაისის მართვეს“ ამჟამინდელი ფეხბურთელი) ჩვენებებით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა.ს–ვას, თ.ძ–ის, ი.ხ–იას, თ.კ–ას, ს.ჩ–ძის, ნ.ს–ის, ლ.კ–ის, მ.გ–ის, ს.ბ–ძის, ნ.ს–ძის ჩვენებებით დგინდება, რომ თავიდან, მოსარჩელეებს მოპასუხესთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა მოგვიანებით, 2017 წლიდან ეს მდგომარეობა შეიცვალა. კერძოდ, 2020 წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე მოპასუხის მიერ მოსარჩელეების მიმართ ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტებს: მოსარჩელეებს ვარჯიშის დროს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას: „დებილო“, „შტერო“, „ბატო“, „თხებო“ და ა.შ.; ეუბნებოდა სექსუალური შინაარსის კომპლიმენტებს, კერძოდ: „რა კარგი უკანალი გაქვს“, „რა კარგი დაყენებული ტრაკი გაქვს“, „რა მაგარი ქალი იქნები“, „რა სექსუალურად გამოიყურები“, „რა სექსუალური საღამურები გაცვია“ და ა.შ.; დაუკითხავად შედიოდა ქალი ფეხბურთელების გასახდელში, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ ნახევრად შიშველ მდგომარეობაში და სთხოვდნენ მას ოთახის დატოვებას, რაზეც ის პასუხობდა, რომ „ისეთს რას ვნახავ, რაც არ მინახავსო“; მოპასუხემ იცოდა მოსარჩელეთა არატრადიციული ორიენტაციის შესახებ, რაზეც ხაზს უსვამდა და ეუბნებოდა, რომ შესაძლოა ამის შესახებ მათი ოჯახის წევრებსაც გაეგოთ, რაც გოგონებში შიშსა და შეშფოთებას იწვევდა და აიძულებდათ არ გაემხილათ მოპასუხის მხრიდან სხვა სახის შევიწროების ფაქტები (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5. ქვეპუნქტი).

55. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროების შემთხვევებში მხარეთა სანდოობის შეფასება კრიტიკულად არსებითია. მხარეების სანდოობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - სახეზეა თუ არა ფაქტის გაყალბების მოტივი ანუ აქვს თუ არა პირს სიცრუის მიზეზი. მოპასუხე მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელეები შეთანხმებულად მოქმედებდნენ მის წინააღმდეგ, რაც მათ ახსნა-განმარტებებს ეჭვქვეშ აყენებს. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ გარემოებაზე, რომ გუნდი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და ორჯერ დაიკავა საპატიო მესამე ადგილი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 21). შესაბამისად, საკასაციო პალატისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ყოფილიყო მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებები სიცრუე ან რატომ შეიძლება ქალ ფეხბურთელთა მიზანი ყოფილიყო მწვრთნელის დისკრედიტაცია გუნდის წარმატების პირობებში. გამომდინარე აქედან, მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებები სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარწმუნოდ. ამასთან, მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ სააპელაციო სასამართლომ მათ მიერ დასახელებული ფაქტებიდან ნაწილი არ გაიზიარა, ვერ გამოდგება მოსარჩელეთა მიერ დასახელებული სხვა გარემოებების არსებობის გასაბათილებლად.

56. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას ფეხბურთის მატჩების ვიდეო ჩანაწერებზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული ფეხბურთის მატჩების ვიდეო ჩანაწერებში მოპასუხის დისკრიმინაციული ქმედების არარსებობა არ გამორიცხავს მის მიერ განხორციელებული შევიწროების/სექსუალური შევიწროების ფაქტებს და ვერ აბათილებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

57. მოპასუხე ასევე დავობს მორალური ზიანის ოდენობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შევიწროების/სექსუალური შევიწროების ზოგიერთი ფაქტი, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული 3000 ლარიც უნდა შემცირებულიყო.

58. სსკ-ის 413.1 მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1. მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება (იხ. ასევე სსსკ-ის 3632 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

59. საკასაციო პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (იხ. სუსგ საქმე №ას-1156-1176-2011, 20 იანვარი, 2012 წელი).

60. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე დისკრიმინაციის დადგენასთან ერთად ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს, საგულისხმოა, რომ მატერიალური ზიანი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, შესაბამისად, მხარემ უნდა ამტკიცოს დისკრიმინაციის ფაქტსა და ზიანის დადგომას შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის ოდენობა, ხოლო მორალური ზიანის დადგომა ე.წ. „პრეზუმირებული ზიანია“, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ დადგინდა დისკრიმინაციის ფაქტი, მორალური ზიანის არსებობა ივარაუდება (იხ. ქეთევან მესხიშვილი, „მტკიცებულებათა სტანდარტი დისკრიმინაციის სამართალში“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 10/2022, გვ. 39).

61. მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით.

62. საკასაციო პალატის განმარტებით, მორალური ზიანის ანაზღაურებისას გასათვალისწინებელია გარკვეული თავისებურებები, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია განხორციელდეს მისი სრული კომპენსაცია. შესაბამისად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას. მორალური ზიანის ანაზღაურებისას შეუძლებელია იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც ზიანის წარმომშობი გარემოების (შედეგის) დარღვევამდე არსებულ პირობებში ჩააყენებდა პირს. ამ ტიპის ზიანის ანაზღაურება მხოლოდ დაზარალებულის სულიერი ტანჯვის შემსუბუქების და ემოციური ბალანსის აღდგენის მიზანს ემსახურება. მორალური ზიანის სრულფასოვანი ანაზღაურებისთვის შესაფერისი კომპენსაცია არ არსებობს. ფულადი ანაზღაურება მხოლოდ სუროგატია და არა პირდაპირი სარეპარაციო საშუალება. უკეთესი სანქციის უქონლობის გამო, სამართალი ფულადი თანხის გადახდევინებით იცავს იმ უფლებებს, რომელთა შელახვასაც მოსდევს მორალური ზიანი. ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურებას არ აქვს ტრადიციული საკომპენსაციო ხასიათი, პასუხისმგებლობის ზომა ამ შემთხვევაში ვერ იქნება ზიანის პროპორციული (იხ. სუსგ საქმე №ას-351-2024, 26 ივნისი, 2024 წელი).

63. ზიანის ოდენობა მხარის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში გონივრული ოდენობით უნდა იქნეს განსაზღვრული, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის სულიერი, თუ ფსიქიკური ტანჯვის ხარისხი, ტანჯვის ინტენსივობა, ხანგრძლივობა, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა და ა. შ.; მორალური ზიანის გონივრულობასთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გარემოება მასზედ, რომ მისი ეფექტი მოპასუხე მხარისათვის იმგვარი არ უნდა იყოს, რომ ფიზიკური პირის შემთხვევაში, მთელი ცხოვრება მას აღნიშნული ოდენობით ზიანის დაკისრება ქონებრივ ტვირთად ექცეს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი გადახდისუუნარობამდე მიყვანა გამოიწვიოს (იხ. ქეთევან მესხიშვილი, „მტკიცებულებათა სტანდარტი დისკრიმინაციის სამართალში“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 10/2022, გვ. 39).

64. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა დამოკიდებულია პირის ფსიქიკურ სფეროზე ნეგატიური ზემოქმედების ხარისხსა და ხასიათზე, რასაც, თავის მხრივ, კონკრეტული პირის სუბიექტური თავისებურებები განაპირობებს.

65. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელეთა ასაკს, კერძოდ, ისინი არიან ახალგაზრდა გოგონები, ერთ-ერთმა მათგანმა სრულწლოვანების ასაკს მოცემული საქმის განხილვისას მიაღწია. სექსუალური შევიწროების დროს კი, განსაკუთრებით, როდესაც მსხვერპლი და შემავიწროებელი სუბორდინირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, დასაქმებული განსაკუთრებით დაუცველია, როდესაც ის ახალგაზრდაა ან დროებითი თანამშრომელია (იხ. სახალხო დამცველის 2019 წლის 18 ოქტომბრის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება). ამასთან, დასაქმების სფეროში, კარიერის ადრეულ ეტაპზე განცდილი სექსუალური შევიწროება ზრდის მსხვერპლთა ემოციურ სტრესს, რომ ისინი კარიერის განმავლობაში, შესაძლოა, არასასურველი სექსუალური ქცევის სამიზნე ისევ გახდნენ (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 30).

66. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა ასაკისა და საქმეზე დადგენილი შევიწროების/სექსუალური შევიწროების კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა - 3 000 ლარი თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, გონივრული, სამართლიანი და პროპორციულია და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

67. მეორე კასატორის - საფეხბურთო კლუბის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ფარგლებში, საკასაციო პალატა იმსჯელებს მის საკასაციო პრეტენზიაზე, რომ მას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებს ადგილი ჰქონდა 2020 წლის 29 სექტემბრამდე ანუ საქართველოს შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე.

68. ზემოაღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსით დისკრიმინაციის ცალკე ფორმად სექსუალური შევიწროება განისაზღვრა 2019 წელს, კერძოდ, სშკ-ის მე-2 მუხლში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით, ამასთან, 2019 წლის ცვლილებებით, მე-13 მუხლს დაემატა 31 პუნქტი, რომლითაც დადგინდა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.

69. ამდენად, საქართველოს შრომის კოდექსი 2020 წლის 29 სექტემბერს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებამდეც კრძალავდა შრომით ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მათ შორის, შევიწროებას/სექსუალურ შევიწროებას და ითვალისწინებდა დამსაქმებლის ვალდებულებას, მიეღო ზომები დაწესებულებაში დასაქმებულთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დასაცავად. ამასთან, შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 35.1 მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.

70. გარდა ზემოაღნიშნული ნორმებისა, როგორც უკვე ითქვა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წელს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შევიწროება და სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ცალკე ფორმად განისაზღვრა, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია: ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას; ბ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს; გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად. გამომდინარე აქედან, საფეხბურთო კლუბის არგუმენტი სადავო პერიოდისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე უსაფუძვლოა.

71. შევიწროებისათვის დამსაქმებლის პასუხისმგებლობა დგება, რა ნაწილშიც იკვეთება მისი მხრიდან თანაბარი მოპყრობის ვალდებულების დარღვევა. დამსაქმებლის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა შეიძლება იყოს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის უზრუნველყოფა. დისკრიმინაციისგან – შევიწროებისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულება დამსაქმებლის პასუხისმგებლობის კატეგორიას მიეკუთვნება. თუ დამსაქმებელმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა შევიწროების ფაქტი, შესაბამისი ზედამხედველობითი უფლებამოსილების (ზემოქმედების) განუხორციელებლობა წარმოადგენს პასუხისმგებლობის სათანადო საფუძველს. მაგ., სექსუალური ხასიათის შევიწროების შემთხვევაში, არსებობს მოლოდინი, რომ დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ზომები შევიწროების შემდგომი გაგრძელების პრევენციისათვის. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა დადგეს დამსაქმებლის პასუხისმგებლობის საკითხი (იხ. ზაქარია შველიძე, „სამოქალაქო მოთხოვნათა ფარგლები შრომითი დისკრიმინაციის დავისას“, სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თბილისი, 2019, გვ. 192-194).

72. ნებისმიერი კერძო/საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რომ შექმნას სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი გარემო. სექსუალური შევიწროების გავლენიდან გამომდინარე, აუცილებელია, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროს ჰქონდეს თანმიმდევრული, სექსუალური შევიწროების მიმართ არატოლერანტული პოლიტიკა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ცნობიერების ამაღლება, ორგანიზაციული/ინსტიტუციური კულტურის ტრანსფორმაცია და მსხვერპლისათვის დაცვის შიდა მექანიზმების გაძლიერება (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 47).

73. სექსუალური შევიწროების შემთხვევებში მოქმედებს პასუხისმგებლობის სამკუთხედოვანი პრინციპი. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც სექსუალური შევიწროების ჩამდენი და სამსახურის ხელმძღვანელი სხვადასხვა პირებია. ასეთ შემთხვევაში, მსხვერპლს შეუძლია სასამართლოში ორივე მხარის მიმართ დააყენოს პასუხისმგებლობა. შემავიწროვებლის პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილი ქმედებით შემოიფარგლება, ხოლო სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობა კი გამოიხატება უმოქმედობაში. ანუ მას ევალებოდა შეემუშავებინა ისეთი სამუშაო პოლიტიკა და შეექმნა იმგვარი სამუშაო გარემო, რაც პრევენციული ხასიათის მატარებელი იქნებოდა (იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 17 მარტის სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება).

74. დაწესებულების/ორგანიზაციის პასუხისმგებლობაზე მსჯელობისას სამი კრიტერიუმი შეიძლება იყოს გამოყენებული: 1. იყო თუ არა დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ანტიდისკრიმინაციული/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ პოლიტიკის შიდა დოკუმენტი, შესაბამისი გასაჩივრების მექანიზმით; ჰქონდათ თუ არა ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია და იყვნენ თუ არა გადამზადებული დასაქმებულები/სხვა პირები; 2. დაწესებულების/ორგანიზაციის შიდა მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, იყო თუ არა პასუხისმგებელი პირის მიდგომა სერიოზული, დროული და მგრძნობიარე; მოხდა თუ არა ფაქტის გონივრულად შესწავლა; და 3. იყო თუ არა პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გონივრული; ეცნობა თუ არა ძირითადი მიგნებები მომჩივანს და შეუქმნა თუ არა მსხვერპლს უსაფრთხო, ჯანსაღი გარემო. ამდენად, პასუხისმგებლობის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული კერძო/საჯარო დაწესებულებაში სექსუალური შევიწროების მარეგულირებელ ნორმებთან და ამ ნორმათა პრაქტიკაში ეფექტიან აღსრულებასთან (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 49-50).

75. სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, დამსაქმებლის მიერ ეფექტიანი შიდა რეაგირების მექანიზმების განვითარებას მოითხოვს, რაც აქტიური საინფორმაციო კამპანიითა და შიდა რეგულაციების შემუშავებით მიიღწევა. შიდა პროცედურების მთავარ ამოცანას, სექსუალური შევიწროებისგან დაცული გარემოს შექმნა უნდა წარმოადგენდეს, თუმცა, თუ შევიწროების ფაქტი მაინც დადგა, მექანიზმი მსხვერპლის ინტერესების ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობასაც უნდა უზრუნველყოფდეს. სექსუალური შევიწროების საქმეების შესწავლის დროს, უმნიშვნელოვანესია, კომპანიის მიდგომა იყოს პასუხისმგებლიანი, სერიოზული, დროული, მგრძნობიარე და მსხვერპლს დაცვის რეალურ და ქმედით მექანიზმს სთავაზობდეს (იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის 27 თებერვლის რეკომენდაცია სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ).

76. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე საფეხბურთო კლუბს არ მიუთითებია, რა სათანადო და ეფექტურ ღონისძიებებს მიმართა მოსარჩელეთა მიერ დასახელებული დისკრიმინაციული ქმედებების გამოსაკვლევად, საკითხის შესასწავლად, ხოლო ის ფაქტი, რომ 2020 წლის 01 ოქტომბრიდან კლუბის დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №19 ბრძანებით, მოპასუხე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (იხ. წინამდებარე განჩინების 2.13 ქვეპუნქტი), ვერ იქნება მიჩნეული შესაბამის ეფექტიან რეაგირებად კლუბის მხრიდან. გამომდინარე აქედან, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ საფეხბურთო კლუბის მხრიდან ადგილი ჰქონდა სრულ უმოქმედობას.

77. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრების არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

78. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

79. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1350 ლარის 70% – 945 ლარი, ხოლო საფეხბურთო კლუბს - გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის 70% – 280 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. პ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს ს.კ.ქ.მ–ეს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

3. პ.დ–ს დაუბრუნდეს დ.ბ–ძის მიერ (პ/ნ: ........) 2024 წლის 21 ოქტომბერს №24259508448 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1350 ლარის 70% – 945 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. შპს ს.კ.ქ.მ–ეს (საიდ. ნომერი: ........) დაუბრუნდეს დ.ბ–ძის მიერ (პ/ნ: .......) 2024 წლის 5 ნოემბერს №3990 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის 70% – 280 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე