საქმე №ას-1580-2024 27 თებერვალი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ტ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.დ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ტ–ვას (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი ნ.დ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 365 ლარის გადახდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 374.1, 364-ე მუხლებით და განმარტა, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე, რომელიც სარჩელზე პირდაპირ და ზუსტ პასუხს წარმოადგენს. იმისათვის, რომ აპელანტის პრეტენზია დასაშვები იყოს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას, მის მიმართ სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ არდაკმაყოფილების შესახებ. დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ ის მის წინააღმდეგაა მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება. მხარეს არ შეუძლია სადავოდ გახადოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება (შდრ: სუსგ №ას-1339-2021, 24 თებერვალი, 2022 წ.).
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის ცნობის გამო სრულად დაკმაყოფილდა. აპელანტი უთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 13365 ლარის გადახდა. მოპასუხეს არ გააჩნია იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ დაკისრებული თანხა ერთიანად გადაიხადოს. მოპასუხეს არც უძრავი ქონება გააჩნია, რაც ართულებს გადაწყვეტილების აღსრულებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორია და იურიდიულად გამართული, მაგრამ საქმის განმხილველმა მოსამართლემ დაუშვა შეცდომა, რადგან მორიგებაზე არ უსაუბრია. აპელანტი აღნიშნავს, რომ მას მოპასუხე ზეპირსიტყვიერად შეპირდა ყოველი თვის 30 რიცხვში 200 ლარის გადახდას, ამიტომაც აპელანტის სურვილია, რომ ეს დაფიქსირდეს მორიგების აქტში.
6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3 მუხლით და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში. სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ-ები: №ას-1382-2022, 01 მარტი, 2023, პ.68; №ას-1028-2021, 01 ივლისი, 2022).
7. მორიგების აქტთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლით განმტკიცებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22 მარტი, 2022წ.; №ას-993-2021, 20 აპრილი, 2022წ.; №ას-715-2021, 27 დეკემბერი, 2021წ.; №ას-714-2019, 14 ივნისი, 2022წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
8. სააპელაციო პალატამ განუმარტა აპელანტს, რომ მხარეებს შეუძლიათ მორიგების მიღწევა, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც (იხ.: სუსგ №ას-1098-2023, 04 დეკემბერი, 2023 წ.).
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს და ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.
10. სააპელაციო პალატამ დამატებით განუმარტა აპელანტს, რომ სსსკ-ის 251-ე მუხლის დანაწესი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაადგინოს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადა, ან მიიღოს ზომები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული საპროცესო ღონისძიებების დადგენა, როგორც წესი, ხდება გადაწყვეტილების გამოტანისას და აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამასთან, შესაძლებელია, ასეთი საპროცესო მოქმედებების განხორციელების საჭიროება წარმოიშვას გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. ცხადია, ასეთ დროსაც, შესაძლებელია, რომ მსგავსი საკითხები მოწესრიგდეს, სსსკ-ის 251-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების გზით (შდრ: სუსგ-ები: №ას-582-582-2018, 28 დეკემბერი, 2018 წ; №ას-180-2021, 25 მაისი, 2021 წ.). სააპელაციო პალატამ მიუთითა ასევე სსსკ-ის 2671 მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც ზეპირი მოსმენით, ასევე ზეპირი მოსმენის გარეშეც.
11. გამომდინარე იქედან, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე სრულად იყო დაკმაყოფილებული, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
12.1. მოსარჩელე ორივე ინსტანციის სასამართლოში ითხოვდა მორიგებას, რადგან მოპასუხისათვის სრული ოდენობით თანხის დაკისრება საქმის მოგების ტოლფასია;
12.2. გადაწყვეტილება არააღსრულებადია. მოპასუხეს არ გააჩნია 13 365 ლარის ერთდროულად გადახდის საშუალება. არც უძრავი ქონება აქვს. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს ყოველთვიურად გადაეხადა თანხა 200 ლარის ოდენობით;
12.3. მოსარჩელემ მოპასუხესთან მორიგებას მიაღწია. მოპასუხემ მოსარჩელეს თავად შესთავაზა თვეში ერთხელ 200 ლარის გადახდა (გადახდის თარიღი არ დაუკონკრეტებია). კერძო საჩივარს ახლავს მორიგების აქტი, რომლის დამტკიცებასაც სთხოვს სასამართლოს;
12.4. საქმეში დარღვევები არ არის, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორია. მორიგების აქტით შესაძლებელია თანხის ყოველთვიურად მიღება, რაც მოსარჩელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსარჩელე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მოხუცებული პენსიონერი, არ ჰყავს ოჯახი, ცხოვრობს თავშესაფარში, რომელიც შემდგომ კანონიერად დაუმტკიცეს. თავშესაფარში შიგნით არაფერი არ არის გაკეთებული, არ აქვს წყალი, გაზი, ელექტროენერგია, დროებით ცხოვრობს სხვის ბინაში და დღე-ღამეში სხვებთან ერთად იხდის 5 ლარს. სადავო თანხა წლების განმავლობაში ხალხის შეწევნით შეაგროვა და ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნება მისთვის მნიშვნელოვანია.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი].
16. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის ცნობის გამო სრულად დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 13365 ლარის გადახდა.
19. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად [სსსკ-ის 2.1 მუხლი]. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი [სსსკ-ის მე-3 მუხლი].
20. დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა.
21. დისპოზიციურობა, როგორც ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულება, გულისხმობს პირის უფლებას, თავად გადაწყვიტოს დაიცვას თუ არა სასამართლო წესით თავისი უფლება, თავად განსაზღვროს დავის საგანი და დაასახელოს დავაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. მოსარჩელეს შეუძლია ასევე უარი თქვას სარჩელზე. საგულისხმოა, რომ ჩამოთვლილ უფლებათა უმეტესი ნაწილი მოსარჩელისკენაა მიმართული, თუმცა, პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა მორიგებით დაასრულოს, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი. სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 67). მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვას. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ [სსსკ-ის 208.3. მუხლი]. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ საქმე №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი).
22. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო სრულად დაკმაყოფილებულია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის 13365 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, თუმცა, მოსარჩელე (კერძო საჩივრის ავტორი) მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ქონებრივი მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაკისრებული თანხის ერთდროულად გადახდა და ითხოვს, რომ მოპასუხემ ყოველთვიურად გადაიხადოს თანხა 200 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელემ კერძო საჩივარს თან დაურთო 2024 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული და მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების აქტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხე მოსარჩელეს გადაუხდის 13365 ლარს, კერძოდ, ყოველ თვეში ერთხელ - 200 ლარს.
23. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიუთითებს სსსკ-ის 364-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
24. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მხარეს უფლება აქვს ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ იმ მხარის უფლების დაცვა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია გადაწყვეტილება. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ პირს შეუძლია სასამართლო წესით დაიცვას მხოლოდ საკუთარი კანონიერი ინტერესები და იდავოს თავისი უფლებების დარღვევის ფაქტზე. მხარე უფლებამოსილია სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მას არ შეუძლია სადავოდ გახადოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ას-1495-2020, 12 აპრილი, 2021 წელი). სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1005-2024, 11 სექტემბერი, 2024 წელი). გასაჩივრების ინსტიტუტი წარმოადგენს იმგვარ პროცესუალურ შესაძლებლობას, რომ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით, დაინტერესებულ მხარეს მიეცეს უფლება იდავოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-545-517-2015, 01 ივლისი, 2015 წელი).
25. საკასაციო პალატის განმარტებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები), შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილი და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტები (იხ. სუსგ საქმე №ას-355-337-2015, 20 ივლისი, 2015 წელი). მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის განსხვავებულად განმარტების წინაპირობას არ იძლევა. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და საპროცესო კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და მათი ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგაა მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესებს შეეხება (იხ. სუსგ საქმე №ას-545-517-2015, 01 ივლისი, 2015 წელი).
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - „იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ“) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან მოწესრიგებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს ("გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე #4451/70) (იხ. სუსგ საქმე №ას-1081-2019, 5 სექტემბერი, 2019 წელი).
27. ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდ არის დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელე არ წარმოადგენდა სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტს.
28. რაც შეეხება მხარეთა მორიგების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მორიგება დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მხარეები უფლებამოსილნი არიან თავად განსაზღვრონ აღსასრულებელი აქტით (განჩინებით) დამტკიცებული შეთანხმების პირობები და მორიგების გზით დაასრულონ დავა. მორიგება მხარეთა შეთანხმებაა, შესაბამისად, მიიჩნევა, რომ მორიგება სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, რომელზეც მხარეები ორმხრივად თანხმდებიან და რომელიც სასამართლოს მხრიდან განჩინებით მტკიცდება, რაც მხარეთა შეთანხმებას სავალდებულოდ შესასრულებელ და იძულებით აღსასრულებელ დოკუმენტად აქცევს. მხარეებს უფლება აქვთ სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მორიგდნენ, მათ შორის, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 60). მორიგებით სამოქალაქო დავის დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგდნენ, მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც (იხ. სუსგ საქმე №ას-1645-2019, 25 იანვარი, 2022 წელი).
29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 208.1 მუხლზე,რომლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან მხარეები მორიგდებიან, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მორიგების შემთხვევაში ამავე განჩინებით სასამართლო დაამტკიცებს მორიგების პირობებს. იგივე წესი გავრცელდება სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
30. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს კერძო საჩივარზე თანდართული მორიგების აქტის დამტკიცებას (იხ. ს.ფ. 140). 2024 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული და მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების აქტიდან ირკვევა, რომ მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხე მოსარჩელეს გადაუხდის 13365 ლარს, კერძოდ, ყოველ თვეში ერთხელ - 200 ლარს.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე დაკისრებული აქვს 13 365 ლარის გადახდა. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხემ ცნო სრულად და გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. ამდენად, მოცემული შეთანხების აქტით მხარეებმა განსაზღვრეს 13 365 ლარის გადახდის წესი (თვეში ერთხელ 200 ლარის გადახდა). საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლებას მორიგებაზე. აღნიშნული მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით „კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი 3 დღის ვადაში სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება, ხოლო თუ აღსრულება ერთდროულად მიმდინარეობს ერთზე მეტი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიებზე – ერთ-ერთ სასამართლოს.“
32. ამდენად სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდგომ მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სააღსრულებო ბიუროს მორიგების შესახებ შეთანხმებით.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ტ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე