Facebook Twitter

№ას-378-2024

28 ნოემბერი, 2024 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ.ლ–ო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.ს–ი, ლ.ს–ი, თ.ხ–ნი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს საოქმო განჩინება მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ.ლ–ომ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ლ.ს–ის, ლ.ს–ისა და თ.ხ–ნის (შემდეგში - მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მ.გ–ს (ამჟამად, სახელისა და გვარის შეცვლის შემდეგ - ლ.ს–ი) და ლ.ს–ს შორის, 2009 წლის 28 სექტემბერს დადებული, ქ. ქუთაისში, ......... მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: ......) ჩუქების ხელშეკრულება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ლ.ს–ს და თ.ხ–ნს შორის, 2021 წლის 17 ივნისს დადებული, ქ. ქუთაისში, ....... მდებარე უძრავი ნივთის, (საკადასტრო კოდი: .......) ნასყიდობის ხელშეკრულება;

1.3. აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა - უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: ....., მისამართი: ქ. ქუთაისი, .......) მესაკუთრედ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, ცნობილ იქნეს რ.ლ–ო.

2. მოპასუხეებმა - ლ.ს–მა, ლ.ს–მა და თ.ხ–ნმა, წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, რ.ლ–ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა ამავე სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც თ.ხ–ნს (პ/ნ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში რაიმე ცვლილების და ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. ქუთაისი, .........., ს/კ ........

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.ლ–ომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება და ასევე, მტკიცებულების (საფლავის პასპორტის) დართვაზე უარის თქმის შესახებ, ამავე სასამართლოს 2023 წლის 06 მარტის განჩინების გაუქმება.

4.1. 2024 წლის 08 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, აპელანტმა ერთ-ერთ სააპელაციო მოთხოვნაზე - უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდით ........) მისი, როგორც მემკვიდრის, მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, განაცხადა უარი და ამ ნაწილში წარმოება შეწყდა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით, რ.ლ–ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 06 მარტის განჩინება მტკიცებულების დართვაზე უარის თქმის შესახებ.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, დამატებით დადგენილად მიიჩნია და მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

6.1.1. შპს „ა.ი–ის“ 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ.გ–ის სარჩელი და 2002 წლის 15 აგვისტოს, სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, მ.გ–სა და მეორე მხრივ, ე.ლ–სა და ს.ლ–ოს შორის, ცნობილ იქნა დადებულად და საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, ......, რაც შედგება სასარგებლო ფართით- 52.16 კვ.მ., ორი საცხოვრებელი ოთახი ფართით 37.56 კვ.მ. და დამხმარე ფართით 14.60 კვ.მ., ცნობილ იქნა მ.გ–ის საკუთრებად.

6.1.2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2009 წლის 16 იანვარს, აღნიშნული საცხოვრებელი ბინა აღირიცხა მ.გ–ის საკუთრებად და მიენიჭა საკადასტრო კოდი: N.......

6.1.3. 2009 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებით, მ.გ–მა სადავო უძრავი ნივთი აჩუქა შვილს, ლ.ს–ს.

6.1.4. სადავო ნივთზე ლ.ს–ის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2009 წლის 1 ოქტომბერს.

6.1.5. მოსარჩელის მამა ე.ლ. გარდაიცვალა 2003 წლის 5 აპრილს, ძმა - ს.ლ–ო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილად გამოცხადდა.

6.1.6. 2021 წლის 01 ივნისს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით, რ.ლ–ომ მიიღო ე.ლ–ს მემკვიდრეობა - საცხოვრებელი სახლის 12/19 ნაწილი, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე - ქ. ქუთაისი, ........... სამკვიდრო მოწმობის გაცემას, სხვა გარემოებებთან ერთად, საფუძვლად დაედო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ლ–ოს მამის მემკვიდრეობაზე ფაქტობრივი ფლობა დაუდგინდა; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება, რომლის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ........ (ყოფ. .........,), ბინა 33, სასარგებლო ფართი: 52.16 კვ.მ, 12/19 ნაწილის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ე.ლ. (მოსარჩელის მამა), ხოლო 7/19 ნაწილის მესაკუთრედ - ს.ლ–ო (მოსარჩელის ძმა).

6.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. ქუთაისში, .............. მდებარე ბინის 12/19 ნაწილზე დარეგისტრირდა რ.ლ–ოს საკუთრების უფლება, ამასთან, მესაკუთრის გრაფაში გაკეთდა ჩანაწერი - „თანამესაკუთრე“. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი: .......

6.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი რ.ლ–ოს მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, მისი ძალაში შესვლის დღიდან, იმ საფუძვლით, რომ უძრავი ნივთი უკვე რეგისტრირებული იყო ლ.ს–ის საკუთრებად.

6.1.9. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ასევე დაიწყო ახალი სარეგისტრაციო წარმოება უძრავ ნივთზე (ს/კ .......) რ.ლ–ოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც განიმარტა, რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო სხვა პირის - ლ.ს–ის საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავდა მასზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

6.1.10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რ.ლ–ოს საჩივარი დაკმაყოფილდა და შპს „ა.ი–ის“ 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა.

6.1.11. 2021 წლის 17 ივნისს დადებული ხელშეკრულებით, ლ.ს–მა, თ.ხ–ნს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ქუთაისი, ........... ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 20000 აშშ დოლარით, რომელიც, ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველის მიერ სრულად იქნა გადახდილი. ლ.ს–თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ნივთი იმავე დღეს აღირიცხა თ.ხ–ნის საკუთრებად. სადავო ნივთზე ახლაც თ.ხ–ნის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.

6.1.12. თ.ხ–ნი განმარტავს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ბინაზე არსებული დავის შესახებ. ბინის შეძენამდე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შეამოწმა ნივთის უფლებრივი მდგომარეობა. გადაიხადა ბინის ფასი. ნივთის შეძენის დროს საერთოდ არ იცნობდა მხარეებს. ამჟამად ბინა გაქირავებული აქვს და იღებს სარგებელს.

6.1.13. მოწმე ა.მ–ძემ უჩვენა, რომ ლ.ს–ის მეზობელია. ლ. რომ ბინას ყიდიდა, მთელმა სამეზობლომ იცოდა. ვალები ჰქონდათ და ფული სჭირდებოდათ. ბინის გაყიდვის შემდეგ ლ. წავიდა ამერიკაში, ხოლო მისი ოჯახი ნაქირავებში გადავიდა საცხოვრებლად. როდესაც თ.ხ–ნი მოვიდა ბინის დასათვალიერებლად, იმ მომენტში ლ.ს–თან იმყოფებოდა სტუმრად. თავიდან ლ. 23 000 დოლარად აფასებდა ბინას, შემდეგ ივაჭრეს, თუმცა, მისთვის უცნობია ზუსტად რა ფასზე შეთანხმდნენ მხარეები. მოწმის განმარტებით, ბინა ამჟამად გაქირავებულია. ს–ი და მისი მამა ცხოვრობდნენ სადავო ბინაში, რომელსაც უპატრონა და მოუარა ლაშას ოჯახმა. მთელმა სამეზობლომ იცოდა, რომ ბინა ლ–ს საკუთრება იყო.

6.1.14. მოწმე მ.შ–ძის ჩვენებით, არის ლ.ს–ის მეზობელი. ს–ს და მამამისს, ლ. ოჯახი უვლიდა და პატრონობდა. როცა ს–ის მამა გარდაიცვალა, სახლის მმართველმა დაურეკა მის შვილებს, თუმცა, მათ უარი თქვეს, არ ჩამოვიდნენ. ეს ბინა ლ–ს საკუთრება იყო. მეზობლების ინფორმაციით, დაახლოებით 2021 წელს, ლაშამ ბინა გაყიდა.

6.1.15. მოწმე მ.ა–ძის ჩვენებით, ლ.ს–ი დიდი ხნის მანძილზე აპირებდა ბინის გაყიდვას, ბოლოს გაყიდა კიდეც, ხოლო სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

6.1.16. ქ. ქუთაისში, ......., აბონენტად რეგისტრირებული იყო ე.ლ., ხოლო 2021 წლის აგვისტოდან რეგისტრირებულია თ.ხ–ნი.

6.1.17. 2022 წლის 20 თებერვალს, თ.ხ–ნმა სადავო უძრავი ქონება გააქირავა თვეში 350 ლარად.

6.1.18. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, წარმოებაში იქნა მიღებული რ.ლ–ოს საჩივარი, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაზე. საჩივრის განხილვაში დაინტერესებულ პირად ჩართულ იქნა თ.ხ–ნი. 2023 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა რ.ლ–ოს საჩივარი, რადგან რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთების უფლება გადასული იყო ახალ მესაკუთრეზე.

6.1.19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 08 თებერვლის სხდომაზე, აპელანტმა უარი განაცხადა შემდეგ სააპელაციო მოთხოვნაზე: „უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: ....., მისამართი: ქ. ქუთაისი, ........) მესაკუთრედ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, ცნობილი იქნეს რ.ლ–ო“. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და ამ ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება. მხარეებმა უარი განაცხადეს აღნიშნულის შესახებ მიღებული განჩინების გასაჩივრებაზე. განჩინება კანონიერ ძალაშია შესული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.

6.1.20. მოცემული დავის ფარგლებში, შესაფასებელია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ......., დადებული გარიგებების - მ.გ–სა (ამჟამად, სახელისა და გვარის შეცვლის შემდეგ - ლ.ს–ი) და ლ.ს–ს შორის, 2009 წლის 23 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების, ასევე, ლ.ს–სა და თ.ხ–ნს შორის, 2021 წლის 17 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა.

6.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია, მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)), საპროცესო სამართალში მოქმედ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების სტანტარზე და განმარტა, რომ ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაემტკიცებინა მას, ვისაც მიაჩნდა, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა.

6.3. განსახილველ შემთხვევაში, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის მითითებას იმის თაობაზე, რომ მ.გ–სა და ლ.ს–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილად ცნობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ვინაიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი), რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გააუქმა შპს „ა.ი–ის“ არბიტრაჟის 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება, რაც საფუძვლად დაედო სადავო ნივთზე მ.გ–ის საკუთრების უფლების დარეგისტრირებას, ამასთან, მ.გ–ის შვილი, ლ.ს–ი, რომელმაც ქონება უსასყიდლოდ მიიღო, ვერ ჩაითვლებოდა კეთილსინდისიერ შემძენად, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როდესაც გარიგების მხარეები ერთი ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ, ივარაუდებოდა, რომ ორივე ერთი განზრახვით მოქმედებდა ბათილი გარიგების დადების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა უძრავი ნივთის შემძენის - მოპასუხე თ.ხ–ნის არაკეთილსინდისიერების ფაქტის დადასტურება. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ ნასყიდობის საგნის ფასი - 20000 აშშ დოლარი მყიდველის მიერ სრულად იქნა გადახდილი. ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც ლ.ს–სა და თ.ხ–ნს შორის რაიმე სახის ახლობლურ ურთიერთობას დაადასტურებდა წარმოდგენილი არ ყოფილა, მხოლოდ მოსარჩელის მითითება რომ ისინი ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ, რაც არაფრით იყო დადასტურებული, პალატის აზრით, საფუძვლად ვერ დაედებოდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

6.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 185-ე, 311-ე, 312-ე მუხლებზე და განმარტა, რომ იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლებოდა სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილი იყო საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტო იყო.

6.5. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, თ.ხ–ნის მიერ მიერ სადავო ნივთის ყიდვისას, მასზე რეგისტრირებული იყო გამსხვისებლის, ლ.ს–ის საკუთრების უფლება. თ.ხ–ნმა წერილობითი ფორმით დადებული გარიგებით იყიდა ნივთი - გადაუხადა გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მასზე საკუთრების უფლება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში - შეასრულა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთის შეძენისათვის დაწესებული მოთხოვნები. საქმის განხილვისას, არ დადგინდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, თითქოს თ.ხ–ნმა, სადავო გარიგების დადებისას, იცოდა, რომ რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილი იყო საჩივარი. სადავო გარიგების დადებისას, უძრავი ნივთზე რეგისტრირებული იყო ლ.ს–ის საკუთრების უფლება. არ დადგინდა, რომ თ.ხ–ნმა იცოდა რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ საჩივრის არსებობა. ეს გარემოებები საკმარისი იყო, რომ ის კეთილსინდისიერ შემძენად ჩათვლილიყო და ვალდებული არ იყო საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გარდა, სხვა ინფორმაციის მოსაპოვებლად მიეღო ზომები. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას მოპასუხეები რაიმე ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით ერთობლივად მოქმედებდნენ, რაც გამორიცხავდა მის მოჩვენებითად მიჩნევას და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

6.6. მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელისა და შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობაში შეფასებით, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა 2021 წლის 17 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, მისი მტკიცება, ბათილი გარიგების დადების თაობაზე, დაუსაბუთებელი იყო და ლ.ს–სა და თ.ხ–ნს შორის დადებული სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

6.7. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს ის გარემოებაც წარმოადგენდა, რომ დავის მიმართ მოსარჩელეს არ ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო მოთხოვნაზე, „რ.ლ–ო ცნობილი იქნეს უძრავი ნივთის - საკადასტრო კოდით ......., მისამართი: ქ. ქუთაისი, .......... მესაკუთრედ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე“, შეწყდა საქმის წარმოება ამ ნაწილში მოთხოვნაზე უარის თქმის გამო; ასეთ ვითარებაში, სადავო გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ არ დგინდებოდა მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რამეთუ, მიკუთვნებითი მოთხოვნა წარმოდგენილი არ იყო და სადავო გარიგებების საგნის მიკუთვნებაზე აპელანტმა უარი თქვა. შესაბამისად, თუნდაც დაკმაყოფილებულიყო აპელანტის მოთხოვნა და ბათილად ყოფილიყო ცნობილი სადავო გარიგებები, ამით არ გაუმჯობესდებოდა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა და ის ვერაფერს მიიღებდა.

6.8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 06 მარტის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც მას უარი ეთქვა დამატებითი მტკიცებულების (საფლავის პასპორტის) მიღებაზე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა შუამდგომლობის მოსამზადებელ ეტაპზე წარუდგენლობის საპატიო მიზეზები, რაც ადასტურებდა, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინება დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. გარდა ამისა, პალატამ ყურადღება გაამახვილა აპეანტის იმ მითითებაზე, რომ მას მშობლის საფლავის პასპორტის მტკიცებულებად დართვა სურდა მოწინააღმდეგე მხარის იმ განმარტების უარსაყოფად, რომ თითქოს მამის საფლავის მდებარეობა არ იცოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებულ გარემოებას - იციდა თუ არა მხარემ საფლავის მდებარეობა, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.ლ–ომ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული რ.ლ–ოს საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა თ.ხ–ნსა და ლ.ს–ს შორის გაფორმებული გარიგების მოჩვენებით ხასიათსა და შემძენის - თ.ხ–ნის არაკეთილსინდისიერების ფაქტს, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია გარიგება ნამდვილად, ხოლო, თ.ხ–ნი კეთილსინდისიერ შემძენად.

9.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა წინამდებარე დავასთან მიმართებით, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობის საკითხი.

9.3. კასატორი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის იმ ნაწილშიც, რომლითაც სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 06 მარტის საოქმო განჩინება დამატებითი მტკიცებულების - საფლავის პასპორტის საქმეზე დართვაზე უარის თქმის თაობაზე.

9.4. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად თქვა უარი იმ მტკიცებულებათა საქმეზე დართვაზე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ იქნა მიღებული და დადგენილი პროკურატურის მიერ და რომლებიც პირდაპირ შემხებლობაშია განსახილველ სამოქალაქო საქმესთან.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, რ.ლ–ოს საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ რ.ლ–ოს საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, რ.ლ–ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ N ას-251-2018, 08.02.2022 წ.).

14. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ N ას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).

15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანია სადავო უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. ქუთაისი, ……, ს/კ …….) საკუთრების უფლების დარეგისტრირება. ამ მიმართებით, მოცემული დავის ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასების საგანს სადავო ხელშეკრულებების, როგორც მოჩვენებითი გარიგებების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემოწმება წარმოადგენდა. კერძოდ, სადავო იყო მ.გ–სა (ამჟამად, სახელისა და გვარის შეცვლის შემდეგ - ლ.ს–ი) და ლ.ს–ს შორის, 2009 წლის 28 სექტემბერს დადებული, უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. ქუთაისი, ………., ს/კ ………) ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას, ასევე, იმავე უძრავ ქონებაზე, ლ.ს–სა და თ.ხ–ნს შორის, 2021 წლის 17 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობა, რამეთუ, მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით სწორედ დასახელებული გარიგებების ბათილად ცნობასა და სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვდა.

16. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ.გ–სა და ლ.ს–ს შორის, 2009 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილ გარიგებად მიიჩნია იმ მოტივით, რომ შპს „ა.ი–ის“ 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო უძრავ ქონებაზე მ.გ–ის საკუთრების უფლების წარმოშობას, ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს (სსკ-ს 54-ე მუხლი), რის გამოც, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა კიდეც ზემოხსენებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ამასთან, დადგენილი იყო, რომ ლ.ს–მა ქონება უსასყიდლოდ მიიღო, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლებოდა კეთილსინდისიერ შემძენად. აღნიშნულის მიუხედავად, გაუბათილებელი დარჩა თ.ხ–ნსა და ლ.ს–ს შორის, 2021 წლის 17 ივნისს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა გარიგების მონაწილეთა ერთობლივი განზრახვით მოქმედება - რაიმე ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების დადების თაობაზე; ამასთან, სასამართლოს შეფასებით, შემძენი - თ.ხ–ნი წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს. აღნიშნული მოთხოვნის (თ.ხ–ნსა და ლ.ს–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა) დაკმაყოფილებაზე უარის თქმა კი, გამორიცხავდა რა მოსარჩელის სასარგებლო იურიდიული შედეგის დადგომას - უძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღიარებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მთლიანად სარჩელის უარყოფის საფუძველი.

17. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები გაიზიარა როგორც მ.გ–სა და ლ.ს–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ისე ლ.ს–სა და თ.ხ–ნს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და დამატებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას გამორიცხავდა ის გარემოებაც, რომ აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნების (სადავო გარიგებების ბათილად ცნობის) მიმართ, არ დგინდებოდა მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რამეთუ აპელანტმა მიკუთვნებით მოთხოვნაზე (სადავო გარიგებების საგნის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში) განაცხადა უარი და ამ ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნულს არ იზიარებს მოსარჩელე/კასატორი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული განჩინება ძირითადად სადავო გახადა ლ.ს–სა და თ.ხ–ნს შორის, 2021 წლის 17 ივნისს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად კვალიფიკაციაზე უარის თქმის ნაწილში; უძრავი ქონების შეძენის ფაქტის მიმართ, შემძენის - თ.ხ–ნის კეთილსინდისიერების ნაწილში და სადავო გარიგებების ბათილად ცნობის მიმართ, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის შეფასების ნაწილში.

18. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა კასატორის მიერ განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, შეაფასებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რელევანტურობას. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, სამართლებრივი შეფასება მიეცეს საკითხს - აქვს თუ არა მოსარჩელეს სადავო გარიგებების ბათილად ცნობის მიმართ, ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ხოლო, შემდგომ შეფასდეს, სახეზეა თუ არა ლ.ს–სა და თ.ხ–ნს შორის, 2021 წლის 17 ივნისს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება მ.გ–სა და ლ.ს–ს შორის გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებას, ამ ნაწილში, საკასაციო პალატა ფართოდ აღარ განავრცობს მსჯელობას, რამეთუ მისი ბათილად ცნობის წინაპირობები ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რასაც სრულად იზიარებს საკასაციო პალატაც (ამ ნაწილში სააპელაციო პალატის მსჯელობა ვრცლად იხ. წინამდებარე განჩინების 6.3. აბზაცში).

19. მოსარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინსტერსთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) და განმარტავს, რომ სასამართლო აღიარებით სარჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს წარმოებაში, თუ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი სწორედ აღიარებითი სარჩელის მიმართ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი დასაბუთებულია მხოლოდ მაშინ, თუ მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნით იქნება მოსარჩელის სასურველი სამართლებრივი ინტერესი მიღწეული.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ №ას-838-802-2014, 19/03/2015 წ.). როგორც დიდმა პალატამ ამ ნორმის განმარტებისას დაასკვნა: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება, საქმეზე Nას-121-117-2016). ერთ-ერთ საქმეზე, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-937-887-2015; 10/11/2015 წ.). სხვა სამოქალაქო საქმეზე კი, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს“ (სუსგ №ას-1059-2019, 20.09.2019 წ.).

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას, მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.

22. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგებების ბათილად ცნობის მიმართ, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის დასაბუთების მიზნებისათვის, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორს, როგორც მემკვიდრეს, რომელსაც მიღებული აქვს სამკვიდრო მოწმობები როგორც მამის - ე.ლ–ს დანაშთი ქონების 12/19 ნაწილზე (ტ.1, ს.ფ. 92-95), ისე გარდაცვლილად გამოცხადებული ძმის - ს.ლ–ოს დანაშთი ქონების 7/19 ნაწილზე (ტ.3, ს.ფ. 34-37), სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების დარეგისტრირებაში დაბრკოლება სწორედ სადავო ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების არსებობისა და მათი ნამდვილობის პირობებში ექმნება. სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობით კი, მოსარჩელე სწორედ იმ იურიდიულ შედეგს მიაღწევს, რის გამოც ამ ეტაპზე, სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრე ვერ ხდება. შესაბამისად, საკასაციო პალატა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრების საპირისპიროდ, იზიარებს კასატორის შედავებას მასზედ, რომ მიკუთვნებითი მოთხოვნის გარეშეც, მხოლოდ აღიარებითი სარჩელის აღძვრით, მოსარჩელის მიერ დასახული მიზნის (სადავო უძრავ ქონებაზე - მდებარე: ქ. ქუთაისი, ………., ს/კ ………, საკუთრების უფლების დარეგისტრირება) მიღწევა შესაძლებელია, რაც სადავო გარიგებების ბათილად ცნობის მიმართ, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას ადასტურებს.

23. რაც შეეხება სადავო განკარგვითი ხელშეკრულების (ლ.ს–სა და თ.ხ–ნს შორის, 2021 წლის 17 ივნისს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების) მოჩვენებით გარიგებად კვალიფიკაციაზე უარის თქმის ნაწილში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რელევანტურობას, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას. მოჩვენებითი გარიგების ცნების განსაზღვრისას კანონი აქცენტს აკეთებს მხარეთა განზრახვაზე, მათ მიზანზე, რომლითაც ისინი მოქმედებდნენ და რომლის შესაბამისადაც, განხორციელდა მათი ნების გამოვლენა. მოჩვენებითი გარიგების დადებისას, მხარეებს არ გააჩნიათ ამ გარიგების დადების მიზანი, უფრო ზუსტად, მათ არ სურთ „შესაბამისი“ იურიდიული შედეგის დადგომა, ანუ იმ შედეგისა, რომელსაც დადებული გარიგება თავისი შინაარსის მიხედვით ითვალისწინებს.

24. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (იხ. სუსგ.-ები საქმეებზე: №ას-976-908-2017, 22 იანვარი 2018 წელი; №ას-366-2019, 17 მაისი 2019 წელი; №ას-603-562-2017, 10 ივლისი 2019 წელი; №ას-1483-2020, 19 მარტი 2021 წელი).

25. მოჩვენებითი გარიგების დადებისას, მართალია, მხარეებს არ აქვთ გამიზნული გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა, მაგრამ მათ გარკვეული მოტივი ამოძრავებთ, გარკვეული მიზნების მიღწევა სურთ და სწორედ ამიტომ, წინასწარ გამიზნულად დებენ მოჩვენებით გარიგებას. როდესაც მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ გარიგება დაიდო მოჩვენებით, მან უნდა მიუთითოს ის მიზანი, რასაც სინამდვილეში ისახავდა ამ გარიგების დადება. კონკრეტულად რა მოტივით, ვისთვის „მოსაჩვენებლად“ გადაწყვიტეს მხარეებმა მათი ნამდვილი ნების შენიღბვა და ამ სახით გამოვლენა. იმისათვის, რომ გამოირიცხოს მხარეთა ნების ნამდვილობა, უნდა დადგინდეს, რეალურად რისი მიღწევა სურდათ მხარეებს, თუ არა - გარიგებით გათვალისწინებული შედეგისა. მხარეთა რეალური განზრახვის დადგენისას უნდა შეფასდეს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ხელშეკრულების დადების წინაპირობას წარმოადგენდა (იხ. სუსგ საქმეზე Nას-438-2022 29.01.2024 წ).

26. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე რ.ლ–ო ლ.ს–სა და თ.ხ–ნს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს იმ მოტივით, რომ სადავო უძრავი ნივთის გასხვისება ფორმალურ, მოჩვენებით ხასიათს ატარებდა, არ ასახავდა კონტრაჰენტთა ნამდვილ ნებას და მიზნად ისახავდა არა საკუთრების უფლების გადაცემას/მოპოვებას, არამედ მემკვიდრისათვის სადავო უძრავ ქონებაზე, საკუთრების უფლების მოპოვების გამორიცხვას, რასაც არ ეთანხმებიან გარიგების კონტრაჰენტი მხარეები და მიუთითებენ ხელშეკრულების ნამდვილობაზე.

27. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, სადავო გარიგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) ბათილად ცნობის თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, იმ გარემოებას ემყარება, რომ მოსარჩელემ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა იმ ფაქტების დასამტკიცებლად, რომელიც გარიგების მოჩვენებითობას დაადასტურებდა. საკასაციო პალატა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით მიიჩნევს, რომ სადავო გარიგების მოჩვენებითად ცნობის მაკვალიფიცირებელი ელემენტები სახეზეა და საკასაციო პალატის მოსაზრებას - ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობის თაობაზე, დიდწილად მხარეთა შორის არა სადავო, არამედ უდავო ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, საქმეში დაცული მტკიცებულებები და მხარეთა საპროცესო დოკუმენტებში განვითარებული მსჯელობა განაპირობებს.

28. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების პირვანდელ მესაკუთრეთა მემკვიდრეა. უდავოა ის გარემოებაც, რომ 2021 წლის 01 ივნისს, ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სადავო უძრავი ქონების 12/19 ნაწილზე დარეგისტრირდა რ.ლ–ოს საკუთრების უფლება, თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჯერ ბათილად იქნა ცნობილი რ.ლ–ოს მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან, ხოლო, შემდგომ, ახალი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე რ.ლ–ოს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ უძრავი ნივთი უკვე რეგისტრირებული იყო სხვა პირის - ლ.ს–ის საკუთრებად, რაც გამორიცხავდა მასზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. სადავოს არ წარმოადგენს არც ის გარემოება, რომ ლ.ს–მა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება 2009 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვა, რომლითაც სადავო უძრავი ქონება დედამისმა - მ.გ–მა აჩუქა. უდავოდ დადგენილია ის გარემოებაც, რომ ლ.ს–სა და თ.ხ–ნს შორის, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა შპს „ა.ი–ის“ 2009 წლის 12 იანვრის იმ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო უძრავ ქონებაზე მ.გ–ის საკუთრების უფლების წარმოშობას და რომელიც შემდგომში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა კიდეც იმ მოტივით, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს (სსკ-ს 54-ე მუხლი), თუმცა, დავის მიმდინარეობის პერიოდში, სადავო უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გამოტანის დღესვე - 2021 წლის 17 ივნისს, ვიდრე აკრძალვის შესახებ განჩინება საჯარო რეესტრს წარედგინებოდა, ლ.ს–მა თ.ხ–ნთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და სადავო უძრავი ქონება, დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურების წესით, იმავე დღეს, მყიდველის საკუთრებად აღირიცხა, რის გამოც, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადავო უძრავ ქონებაზე აკრძალვის რეგისტრაციის განხორციელება შეუძლებელი გახდა.

29. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე დაასკვნას, განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ. აღნიშნული განპირობებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ გარიგების მოჩვენებითობისას კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს (თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება, ნების ნამდვილობა კი, ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, იმით, რომ მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით, ვერ იქნება წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები მესამე პირის (კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის) მხრიდან. შესაბამისად, შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით, საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირის შინაგანი სურვილი ან ნების ფორმირება.

30. განსახილველ შემთხვევაში, იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სადავო გახადა უძრავ ქონებაზე იმ პირის საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერება, რომლისგანაც თავად ლ.ს–მა ქონება უსასყიდლოდ მიიღო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფიქტიური გარიგების დადების მოტივი (მემკვიდრისათვის სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის გამორიცხვა) იმთავითვე ივარაუდება. აღნიშნული მოტივი, დაჩქარებული წესით (დავის მიმდინარეობის პარალელურად) სადავო ქონების გასხვისებასთან ურთიერთკავშირში, მაღალი ალბათობით, ქმნის ვარაუდს მოჩვენებითი ნების გამოვლენის თაობაზე, ასეთ ვითარებაში კი, მოპასუხეების ვალდებულება იყო, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, დაესაბუთებინათ მოვლენათა ამგვარი ქრონოლოგიური განვითარების ლოგიკურობა.

31. საკასაციო სასამართლო რა თქმა უნდა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ გარიგების მოჩვენებითობის დასადასტურებლად, დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას და, რომ მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება, თუმცა, აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეები/მოპასუხეები ვალდებულნი არიან, არა მხოლოდ სადავო გახადონ მტკიცების ვალდებულების მქონე მხარის მითითებები, არამედ დასაბუთებულად და დადასტურებულად წარმოადგინონ მათ მიერ მითითებული გარემოებები. ამასთან, მოპასუხეთა ვალდებულება - მოვლენათა ქრონოლოგიური განვითარების ლოგიკურობის დასაბუთების თაობაზე, თანაბარი საპროცესო შესაძლებლობების პრინციპიდანაც გამომდინარებს, ვინაიდან მოპასუხეებმა უკეთ იციან, თუ როდის, როგორ და რატომ მოხდა შესაბამისი ფაქტები.

32. მოპასუხეთა კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ლ.ს–მა არათუ ვერ დაადასტურა, არამედ საერთოდ ვერ ახსნა ფაქტი მასზედ, თუ რამ განაპირობა მისი მხრიდან სადავო უძრავი ქონების დაჩქარებული წესით გასხვისება უშუალოდ დავის მიმდინარეობის პერიოდში, მით უფრო მაშინ, რომ გასხვისებამდე, სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო დაახლოებით 12 წლის განმავლობაში (2009 წლის 01 ოქტომბრიდან). რაც შეეხება თ.ხ–ნს, საკასაციო პალატა არასარწმუნოდ მიიჩნევს მის საპროცესო შესაგებელში მითითებულ გარემოებებს მასზედ, რომ სადავო ქონება მან საცხოვრებლად შეიძინა, ღირებულების გადახდისთანავე გადაეცა ბინა თავისუფალ მდგომარეობაში, შეიტანა ნივთები და დაიწყო მასში ცხოვრება. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგნის ფასი მყიდველის მიერ სრულად იქნა გადახდილი, რაც შესაგებელში გამოთქმულ პოზიციასთან ურთიერთშეჯერებით, გულისხმობს იმას, რომ მოპასუხე, სადავო უძრავ ქონებას, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღისათვის, უკვე დაუფლებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, საქმეში როგორც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გზავნილების ჩაბარების დამასტურებელი მტკიცებულებები, ისე სასამართლო უწყების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები საპირისპიროზე მეტყველებს, რამეთუ თ.ხ–ნისთვის, სადავო უძრავი ქონების შეძენის შემდგომ, ამავე მისამართზე (ქ. ქუთაისი, …….) გაგზავნილი შეტყობინებებიდან, ვერცერთი მათგანის ჩაბარება ვერ მოხერხდა ადრესატისთვის (მაგ. ტ.2, ს.ფ. 2; ს.ფ. 138), განსხვავებით რეგისტრირებულ მისამართზე (ქ. ქუთაისი, …. 2) გაგზავნილი შეტყობინებებისგან, რომელთაგან უკლებლივ ყველა ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრებს (იხ. ტ.1, ს.ფ. 102; 106; 145; ტ.2, ს.ფ. 137). აღსანიშნავია სადავო უძრავი ქონების მისამართზე (ქ. ქუთაისი, …….), თ.ხ–ნისათვის გაგზავნილი შეტყობინებებიდან ერთ-ერთი, რომელზედაც შენიშვნის სახით, გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად 2021 წლის 16 ივლისს, მითითებულია მეზობლის განმარტება მასზედ, რომ „არ ცხოვრობს, სახლი დაკეტილია“ (ტ. 2, ს.ფ. 138), ხოლო იმავე თარიღით, თ.ხ–ნის რეგისტრირებულ მისამართზე გზავნილს იბარებს მისი მეუღლე (იხ. ტ.2, ს.ფ. 137). დასახელებული მტკიცებულებები საკასაციო პალატას უქმნის შინაგან რწმენას მასზედ, რომ თ.ხ–ნი არათუ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის მიმდინარეობის პერიოდშიც კი არ იყო სადავო უძრავ ქონებას დაუფლებული. ამ მოსაზრებას საკასაციო პალატას ვერ გაუქარწყლებს საქმეში წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები, რომლებიც მასში დაფიქსირებული გადახდილი თანხების ოდენობიდან გამომდინარე (მაგ.: ელექტროენერგია - 1.70 ლარი, ბუნებრივი აირი - 4.56 ლარი, წყალი - 3.49 ლარი (31/08/2021 წ.); ელექტროენერგია - 2.56 ლარი, ბუნებრივი აირი - 1.71 ლარი, წყალი - 0.50 ლარი (15/10/2021 წ.); ბუნებრივი აირი - 2.28 ლარი (13/11/2021 წ); ელექტროენერგია - 2.48 ლარი, ბუნებრივი აირი - 6.27 ლარი, წყალი - 0.00 ლარი (17/02/2022 წ.)), არასარწმუნოდ აქცევს თ.ხ–ნის პოზიციას ბინის დაუფლებისა და მასში, ოჯახთან ერთად ცხოვრების თაობაზე.

33. რაც შეეხება მოპასუხე თ.ხ–ნის მითითებას ქონების გაქირავებასა და მისგან შემოსავლის მიღების თაობაზე, საკასაციო პალატა სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის დროისა და ქირავნობის ხელშეკრულების კონტრაჰენტი (დამქირავებელი) მხარის პიროვნების (ე.ფ–ძე) გათვალისწინებით, აღნიშნულ გარემოებას ვერ მიიჩნევს სადავო უძრავი ქონების დაუფლებისა და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად, რამეთუ თვით ქირავნობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ იგი გაფორმებულია 2022 წლის 20 თებერვალს, წინამდებარე სარჩელის წარმოდგენის, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის შედავებისა და სადავო უძრავი ქონების შეძენის ფაქტის მიმართ, თ.ხ–ნის კეთილსინდისიერების საკითხის წამოჭრის შემდგომ, ხოლო, სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქირავნობის ხელშეკრულების კონტრაჰენტი მხარე - ე.ფ–ძე (დამქირავებელი), ლ.ს–ის მეუღლის - ა.ბ–ძის მეგობარია (იხ. გამოძიების ეტაპზე, თავად ე.ფ–ძის მიერ, 2021 წლის 04 ივნისს მიცემული ჩვენება), რაც სადავო განკარგვითი ხელშეკრულების მხარეთა ახლობლურ ურთიერთობაზე უფრო მიუთითებს. ამ დასკვნას საკასაციო პალატას კიდევ უფრო უმყარებს ის გარემოებაც, რომ სამივე მოწინააღმდეგე/მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესების დაცვასა და წარმომადგენლობას სამივე ინსტანციის სასამართლოში ერთი და იგივე ადვოკატი ახორციელებს.

34. საკასაციო პალატა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობის გამოსარიცხად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ვერც იმ არგუმენტს გაიზიარებს, რომ თ.ხ–ნმა შეასრულა უძრავი ნივთის შეძენისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები - წერილობითი ფორმით დადებული გარიგებით იყიდა ნივთი, გადაუხადა გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მასზე საკუთრების უფლება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. აღნიშნული არგუმენტის გასაბათილებლად, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუბრუნდება სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიციას და აღნიშნავს, რომ გარიგების მოჩვენებითობისას, სახეზე ყოველთვის გვაქვს კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება, რომელიც კანონის მოთხოვნებს ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის აკმაყოფილებს, ანუ, ქმნის გარიგების ნამდვილობის მხოლოდ გარეგნულ სახეს (წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ამავე კოდექსის ზოგადი თუ კერძო ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები), რაც არ შეიძლება, სადავოობისას, მისი ნამდვილობის უალტერნატივიო წინაპირობა გახდეს, რამდენადაც ნების ნამდვილობა სახეზეა არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც და როგორც წესი, ეს ორი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, ანუ მხარე გარეგნულად უნდა აფიქსირებდეს იმ ნებას, რისი მიღწევაც გარიგების დადებით სურს, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება.

35. ამ მიმართებით, აღსანიშნავია, რომ სადავო განკარგვითი ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათის დასადასტურებლად, მოსარჩელე იმ გარემოებაზეც მიუთითებდა, რომ შემძენს - თ.ხ–ნს ნასყიდობის ღირებულება არ გადაუხდია, თუმცა, მოსარჩელის მოსაზრების საპირისპიროდ, სააპელაციო პალატამ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დათქმა მასზედ, რომ „მყიდველმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური - 20000 აშშ დოლარი“, ფულადი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია, რასაც ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, სადაც მსგავს ფაქტთან დაკავშირებით, განიმარტა, რომ სადავო გარიგებაში არსებული დათქმა ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ, მტკიცებულებას ქმნის ხელშემკვრელ მხარეებს შორის გარიგებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების შესახებ, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც გარიგებაზე დავობს მესამე პირი მოჩვენებითობის საფუძვლით და გარიგების მოჩვენებითობის ერთ-ერთ საფუძვლად ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობაზეა მითითებული, სასამართლოს დასკვნით, ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საფასურის გადახდის ჩანაწერის გარდა, მყიდველის მიერ გამყიდველის სასარგებლოდ თანხის გადახდის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ხელშეკრულებაში მითითებული ჩანაწერი თანხის გადახდის შესახებ, სხვა ზემოაღწერილ გარემოებებთან ერთად, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მხარეები მოჩვენებითად მოქმედებდნენ (იხ.სუსგ.-ები საქმეებზე:№ას-1021-982-2016; 17/05/2018 წ.; №ას-667-638-2016; 07/10/2016 წელი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ურთიერთობის სწორედ ამგვარი კონსტრუქციაა სახეზე, რამეთუ ლ.ს–სა და თ.ხ–ნს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას არა გარიგების მონაწილე მხარე, არამედ მესამე პირი ითხოვს; მყიდველის მიერ გამყიდველის სასარგებლოდ თანხის გადახდის დამადასტურებელი კონკრეტული რელევანტური მტკიცებულება კი, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებული ჩანაწერი თანხის გადახდის შესახებ, ვერ გახდება ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება და აღნიშნული, სხვა ზემოაღწერილ გარემოებებთან ერთად, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მხარეები მოქმედებდნენ მოჩვენებითად.

36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად არ ადასტურებს ფაქტს, უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები და მხარეთა საპროცესო დოკუმენტებში განვითარებული მსჯელობები ერთობლიობაში, იმდაგვარად ავსებს ერთმანეთს, რომ ქმნის იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ლ.ს–სა და თ.ხ–ნს არ განუზრახავთ რეალური ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და სადავო ხელშეკრულება ფორმალურ, მოჩვენებით ხასიათს ატარებდა.

37. რაც შეეხება სადავო ქონების შეძენის ფაქტის მიმართ, შემძენის - თ.ხ–ნის კეთილსინდისიერების საკითხზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის კანონიერებას ზოგადად შემძენის კეთილსინდისიერებას უკავშირებს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც გამორკვეულია, რომ სადავო უძრავი ნივთი მხოლოდ ფორმალურად, მოსაჩვენებლად გასხვისდა, შემძენის კეთილსინდისიერება სადავო ქონების გასხვისების მიმართ იმთავითვე გამორიცხულია (იხ. სუსგ. საქმეზე Nას-397-397-2018, 19/04/2019 წ.).

38. ასეც რომ არ იყოს, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ თ.ხ–ნმა, ინფორმაცია მასზედ, რომ ლ.ს–ის კუთვნილი უძრავი ქონება იყიდებოდა, შეიტყო მისი ახლობლისგან - ნ.უ–ძისგან (იხ. თ.ხ–ნისა და ნ.უ–ძის 02/08/2021 წლის გამოკითხვის ოქმები), რომელიც იმავდროულად, სადავო უძრავი ქონების მისამართზე ლ.ს–ის კარის მეზობელია და რომლისთვისაც, ცნობილი იყო ლ.ს–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების სადავოობის შესახებ. კერძოდ, ნ.უ–ძის ჩვენებით დასტურდება, რომ 2021 წლის 04 ივნისს (უძრავი ქონება თ.ხ–ნმა შეიძინა 2021 წლის 17 ივნისს), ლ.ს–ის მეუღლემ - ა.ბ–ძემ სთხოვა მასთან ბინაში გასვლა, სადაც მას ა.ბ–ძესთან ერთად დახვდა რ.ლ–ო, რომელიც ანნას სთხოვდა ბინიდან გასვლას, ხოლო ნ.უ–ძემ რ.ლ–ოს საპასუხოდ განუმარტა, რომ მას არ ჰქონდა ბინაში შესვლის უფლება მანამ, სანამ არ ექნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. ნ.უ–ძის 04/06/2021 წლის გამოკითხვის ოქმი). საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ თ.ხ–ნმა, ინფორმაცია მასზედ, რომ სადავო უძრავი ქონება იყიდებოდა, შეიტყო მისივე ახლობელი პირისგან - ნ.უ–ძისგან, რომლისთვისაც თ.ხ–ნის მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენამდე, კარგად იყო ცნობილი ლ.ს–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების სადავოობის შესახებ, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემძენმა (თ.ხ–ნმა) სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს, რეესტრის ჩანაწერის სადავოობის ან/და უსწორობის თაობაზე იცოდა ანდა გონივრული წინდახედულების ფარგლებში მას შეეძლო სცოდნოდა აღნიშნული, რაც არღვევს რეესტრის უტყუარობის ფიქციას და გამორიცხავს თ.ხ–ნის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევას.

39. საკასაციო პალატა დასკვნის სახით განმარტავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში აღნიშნული თითოეული გარემოება ცალკე აღებული, განყენებულად, გარიგების მოჩვენებითი ხასიათის დასადასტურებლად შესაძლოა საკმარისი არ ყოფილიყო, თუმცა, მათი ურთიერთშეჯერების, ერთობლივად გაანალიზების, გონივრული და ობიექტური განსჯის შედეგად, საკასაციო პალატას ექმნება გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადება იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილს არ უკავშირდებოდა, რომელსაც დადებული გარიგება თავისი შინაარსის მიხედვით ითვალისწინებდა.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც ამ განჩინების გაუქმების (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი) საფუძველია. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა; შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, აკმაყოფილებს სარჩელს.

41. აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის, საკასაციო პალატამ რელევანტურად მიიჩნია და დაეყრდნო საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებსა და მხარეთა საპროცესო დოკუმენტებში განვითარებულ მსჯელობებს, პალატა დამატებით აღარ განავრცობს მსჯელობას გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 06 მარტის საოქმო განჩინება დამატებითი მტკიცებულების - საფლავის პასპორტის საქმეზე დართვაზე უარის თქმის თაობაზე, რამეთუ ამ საკითხის გამორკვევას სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელობა აღარ აქვს. იგივე მოტივით, კასატორს უარი უნდა ეთვას სააპელაციო სასამართლოს იმ საოქმო განჩინების გაუქმებაზე, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე.

42. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ დანარჩენ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელიც ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული იმის მიუხედავად, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო სასამართლოს მიერ საქმისათვის მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის საფუძველია.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

45. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, ლ.ს–ს, ლ.ს–სა და თ.ხ–ნს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 10800 (2700+3600+4500) ლარის გადახდა. ამასთან, მათვე უნდა დაეკისროთ რ.ლ–ოს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯის - 1800 ლარის გადახდა, რაც წარმომადგენლის ჩართულობის ხარისხისა და საქმიანობის მოცულობის გათვალისწინებით, წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. რ.ლ–ოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. რ.ლ–ოს სარჩელი ლ.ს–ის, ლ.ს–ისა და თ.ხ–ნის მიმართ დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი მ.გ–ს (ამჟამად, სახელისა და გვარის შეცვლის შემდეგ - ლ.ს–ი) და ლ.ს–ს შორის, 2009 წლის 28 სექტემბერს დადებული, ქ. ქუთაისში, ...... მდებარე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით ......, ჩუქების ხელშეკრულება.

5. ბათილად იქნეს ცნობილი ლ.ს–ს და თ.ხ–ნს შორის, 2021 წლის 17 ივნისს დადებული, ქ. ქუთაისში, ...... მდებარე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით ........, ნასყიდობის ხელშეკრულება.

6. რ.ლ–ოს მოთხოვნა მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

7. ლ.ს–ს (პ/ნ …..), ლ.ს–სა (პ/ნ …..) და თ.ხ–ნს (პ/ნ ……) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 10800 (2700+3600+4500) ლარის გადახდა.

8. ლ.ს–ს (პ/ნ ……), ლ.ს–სა (პ/ნ …..) და თ.ხ–ნს (პ/ნ …….) რ.ლ–ოს (F…….) სასარგებლოდ დაეკისროთ წარმომადგენლის დახმარებისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯის - 1800 ლარის გადახდა.

9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

გიზო უბილავა