Facebook Twitter

№ას-477-2024

13 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – შპს „ს.მ–ია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)

მეორე კასატორი – სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.მ–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ს.მ–იამ“ (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.უ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მეორე კასატორი) მიმართ, 20454.4 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით, საიდანაც 12800 ლარი არის ძირი თანხა, 7654.4 ლარი კი, პირგასამტეხლო (ტ.1, ს.ფ. 3-20).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ს.მ–იის“ სარჩელი მოპასუხე სს „ს.კ.უ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 10 000 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ზიანის თანხა არის - 8000 ლარი, პირგასამტეხლო - 2000 ლარი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3.1. სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს.კ.უ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს „ს.მ–იის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის (CON200000302) საფუძველზე, 2020 წლის 31 დეკემბერს შპს „ს.მ–იასა“ (დამზღვევი) და სს „ს.კ.უ–ს“ (მზღვეველი) შორის დაიდო ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N3-778/20 ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის, FOTON TUNLAND ..... მარკის ავტომობილზე, დაზღვევისმომსახურების გაწევას.

5.2. სს „ს.კ.უ–ის“ მიერ, 2021 წლის 01 იანვარს, გაიცა #MHL 112313 სადაზღვევო პოლისი, რომლის მიხედვით დამზღვევია შპს „ს.მ–ია“, სადაზღვევო პერიოდი მოიცავს დროს 01/01/2021-01/01/2022-მდე. აღნიშნული პოლისის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაზღვეულია ავტომანქანა „FOTON TUNLAND“, სახ. ნომრით ...... მხარეთა შორის დადებული N3-778/20 ხელშეკრულების N2 დანართის თანახმად, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება - 12 800 ლარის ოდენობით განისაზღვრა. მხარეთა შორის 2020 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების (N3-778/20 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (კონსოლიდირებული ტენდერი (CON200000302) მე-10 პუნქტის 10.1. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, „მხარეებს“ ეკისრებათ „პირგასამტეხლო“ შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით.

5.3. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 105-ე კილომეტრზე,

დასავლეთის მიმართულებით მარჯვენა სავალ ნაწილში, 2021 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 19:00-19:20 საათამდე პერიოდში, ი.გ–ძე, რომელიც მოძრაობდა „ფოტონ ტუნლენდის“ მოდელის ავტომობილით, სახელმწიფო ნომერი: ......., შეეჯახა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტის“ მოდელის ავტომობილს, სახელმწიფო ნომერი: ......., რომლის მძღოლიც იყო გ.ჯ–ი; შეჯახების დროს „ფოტონ ტუნლენდის“ ავტომობილს ლითონის დეტალები მოძვრა და შემთხვევის ადგილზე მიმოიფანტა. ავტომობილის მოზრდილი დეტალი დაეცა ასევე დასავლეთის მიმართულებით მოძრავ „ტოიოტას“ მოდელის მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ......., რომელსაც თ.ჩ–ი მართავდა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ი.გ–ძემ. ი.გ–ძემ ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით (ამ მუხლის მე-6, მე-62 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული სამართალდარღვევა და დაჯარიმდა - 250 ლარით.

5.4. ავარიის შედეგად, 2021 წლის 5 ივლისს, დაზიანდა შპს „ს.მ–იის“ კუთვნილი ავტომობილი (FOTON TUNLAND, სახ. ნომრით: ......), რომელსაც კომპანიის თანამშრომელი ი.გ–ძე მართავდა.

5.5. შსს სპდ შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში, 2021 წლის 05 ივლისს, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N077050721001 საქმეზე. 2021 წლის 29 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დასჯადია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ან სხვა მძიმე შედეგი. ამდენად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ი.გ–ძის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას შედეგად არ მოჰყოლია სხვა პირთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ან სხვა უფრო მძიმე შედეგი. ჯანმრთელობის დაზიანება მხოლოდ იმ მძღოლმა მიიღო, რომლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგადაც ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა. შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

5.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2021 წლის 04 ნოემბრის წერილის (N MIA 6 21 02902951) თანახმად, 2021 წლის 05 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ყველა მძღოლი ფხიზელ მდგომარეობაში იყო. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდნენ შემდეგი მძღოლები: 1. ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტი“ სახ. ნომრით ........., მძღოლი - გ.ჯ–ი (პ/ნ .......); 2. ა/ მანქანა „ფოტონ ტუნლენდი“ სახ. ნომრით ......., მძღოლი - ი.გ–ძე (პ/ნ .......); 3. ა/მანქანა ტოიოტა", სახ. ნომრით ......., მძღოლი - თ.ჩ–ი (პ/ნ .......).

5.7. სს „ს.კ.უ–მა“ 2021 წლის 03 დეკემბერს მოსარჩელე შპს „ს.მ–იას“ უარი განუცხადა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე.

5.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 13 ივლისის ექსპერტის დასკვნის N274/ა თანახმად, ავტომობილის „(FOTON TUNLAND, სახ. ნომრით: .........) საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

5.9. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.9.1. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომანქანისათვის (მარკა/მოდელი - FOTON TUNLAND, გამოშვების წელი - 2015; სახელმწიფო ნომერი - ......., თეთრი ფერის, ტექ. პასპორტის N ......) მიყენებული ზიანის ოდენობა 8 000 ლარს შეადგენს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 16 ივლისის #136/ს ექსპერტის დასკვნის თანახმად, ა/მანქანის (მარკა/მოდელი - FOTON TUNLAND, გამოშვების წელი - 2015; სახელმწიფო ნომერი - ....., თეთრი ფერის, ტექ. პასპორტის #.........) ვიზუალური დათვალიერებითა და შემოწმებით დადგინდა: ა/მანქანას დეფორმირებული, დამტვრეული და დაზიანებული აქვს: ძარა საყრდენებით, საქარე მინები, წინა ბამპერი, უკანა ბამპერი, წინა მაშუქები, კარებები, ოთხივე ფრთა, საბარგულის კარი, მარჯვენა უკანა ხედვის სარკე, ძრავის სახურავი, რადიატორები, სალონი, წინა მარჯვენა და მარცხენა საშხეფური, მოპირკეთებები. ზემოაღნიშნული დაზიანებების ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით, მისი აღდგენა მიზანშეუწონელია. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედებს თავისუფალი (საბაზრო) ფასები. საავტომობილო ბაზრობებზე დღეის მდგომარეობით ანალოგიური მარკის ა/მანქანების საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, 12 000 ლარს შეადგენს, ხოლო ნარჩენი ღირებულება, მისი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საორიენტაციოდ, 4000 ლარია. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ა/მანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა 8000 ლარს შეადგენს.

5.9.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ი.გ–ძის (მოსარჩელე შპს „ს.მ–იის“ თანამშრომელი) მიერ უხეში გაუფრთხილებლობით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ქმედება, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია, ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით, უხეშ გაუფრთხილებლობას არ წარმოადგენდა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა იმგვარი შემთხვევის არსებობას, რომლის დროსაც მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისაგან თავისუფლდება.

5.9. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ მძღოლის - ი.გ–ძის მხრიდან დარღვევა ნამდვილად სახეზე იყო და კონკრეტული სატრანსპორტო შემთხვევაც განპირობებული იყო მის მიერ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც, ავტოსატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა, თუმცა, მძღოლის ბრალეულობის ხარისხი, როგორც შეფასებითი კატეგორია, საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით უნდა განსაზღვრულიყო. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო მოცემულობა, როდესაც, მაგალითად, ბრალეული მძღოლი სარეზერვო ან საწინააღმდეგო ზოლში გადადის ქარაფშუტული მანევრირებით და მიზანმიმართულად აგრძელებს გზას. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ყველა მძღოლი, მათ შორის ი.გ–ძე იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში.

5.10. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილების თვალსაზრისით აღნიშნა, რომ არსებობს გარემოებები, რომელთა შესახებაც მტკიცებულების წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელია, როგორიცაა მოცემულ შემთხვევაში მზის ჩასვლის დროს მზის სხივების მხედველობაზე ზემოქმედება. ასეთ ვითარებაში, თუ მეორე მხარე აღნიშნულს უარყოფს, მან სასამართლოს უნდა წარუდგინოს ისეთი მტკიცებულება, რომლითაც საწინააღმდეგო დამტკიცდება, კერძოდ, დადასტურდება, რომ, მაგალითად, საგზაო შემთხვევა გამოიწვია არა მზის სხივების მიერ თვალის მოჭრამ, არამედ სხვა გარემოებამ. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა არ გაიზიარა სს „ს.კ.უ–ის“ წარმომადგენლის მითითება, რომ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, საუბრობდა მობილურ ტელეფონზე, ვინაიდან, მას აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ კი პალატის მოსაზრებით, სარჩელში მითითებული ფაქტების ერთობლიობით შექმნა მზის სინათლით თვალის მოჭრის პრეზუმფცია, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა შეიძლება გამოეწვია და რაც, თავის მხრივ, უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ დაკვალიფიცირდებოდა.

5.11. სააპელაციო პალატამ ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობის განსაზღვრისათვის ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება - 12 800 ლარის ოდენობით განისაზღვრა. მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილი შპს „პ.მ.ჯ–ას“ 2021 წლის 4 აგვისტოს შედგენილი დეფექტური აქტი მიუთითებდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშალების ჩასაბარებელი (სალიკვიდაციო) ღირებულება შეადგენდა 2000 ლარს, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება დაუზიანებელ მდგომარეობაში - 15 550 ლარს, მაშასადამე, სადაზღვევო თანხის ფარგლებიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევა 12 800 ლარზე მეტი ოდენობით ვერ ანაზღაურდებოდა სატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების პირობებშიც კი, ხოლო სალიკვიდაციო ღირებულების გათვალისწინებით, ასანაზღაურებელი თანხა 10 800 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. პალატის მითითებით, აღნიშნული დეფექტური აქტით განსაზღვრულ ზიანის ოდენობას უპირისპირდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 16 ივლისის N136/ს დასკვნა, რომლის თანახმად, დაზიანებების ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით, მისი აღდგენა მიზანშეუწონელია და საავტომობილო ბაზრობებზე, დღეის მდგომარეობით, ანალოგიური მარკის ა/მანქანების საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, 12000 ლარს შეადგენდა, ხოლო ნარჩენი ღირებულება, მისი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საორიენტაციოდ, 4000 ლარია. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ა/მანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ღირებულება მითითებული დასკვნით განისაზღვრა 8000 ლარით.

5.12. მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ ზიანის რეალური ოდენობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 16 ივლისის N136/ს დასკვნის შესაბამისად უნდა განსაზღვრულიყო, ვინაიდან მასში დეტალურად იყო აღწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასების კრიტერიუმი.

5.13. რაც შეეხება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის მართლზომიერებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვადაგადაცილებული დღეები არა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღიდან, არამედ 2021 წლის 7 დეკემბრიდან (სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე სს „ს.კ.უ–ის“ უარი მოსარჩელეს 2021 წლის 07 დეკემბერს ჩაჰბარდა) უნდა განსაზღვრულიყო, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 30 აპრილი), 144 დღეს შეადგენდა. მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის მხედველობაში მიღებით (8000 ლარის 0.2%*144 დღეზე=2304 ლარს), სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს სახით 2000 ლარის განსაზღვრა იყო გონივრული.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხემ კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისისა და 2024 წლის 22 მაისის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

შპს „ს.მ–იის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ღირებულება 8000 ლარით, ვინაიდან, უპირტესობა მიანიჭა არა მხარეებს შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო თანხას, არამედ, ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც თავის მხრივ არ წარმოადგენს საქმეში არსებულ ერთადერთ დასკვნას.

7.2. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, ვადაგადაცილებული დღეები სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღიდან უნდა ათვლილიყო და არა სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის თარიღიდან.

სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სახეზე არ არის ი.გ–ძის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობით სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება ნათლად მიუთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია უხეში გაუფრთხილებლობით. მძღოლმა დაარღვია კანონის მოთხოვნები და გამოიწვია ავტოსატრანსპოტო შემთხვევა, რის გამოც მას დაეკისრა ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი სახდელი - ჯარიმა. ამდენად, სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობის არსებობის დასამტკიცებლად აუცილებელი საზოგადოებრივი წესრიგის მაღალი ხარისხით დარღვევა.

7.4. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომანქანის მძღოლს ჰქონდა ვალდებულება ავტომაგისტრალზე მოძრაობისას გამოეჩინა განსაკუთრებული ყურადღება, სწორად შეერჩია სიჩქარე, ემოძრავა მისთვის განსაზღვრულ სამოძრაო ზოლში. ამ მოთხოვნების დაუცველობა, მაშინ როდესაც ადგილი არ ჰქონია მძღოლისთვის სხვა პირის ან ავტომანქანის მიერ საიმე საფრთხის შექმნას, ან ისეთ მოვლენას, რის გამოც მძღოლმა ვერ შეძლო სხვა მანევრის შესრულება და შემთხვევა დადგა მხოლოდ იმიტომ, რომ მძღოლი ავტომანქანას მართავდა გადაჭარბებული სიჩქარით, სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობა. მძღოლის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას კი, კასატორის მოსაზრებით ადასტურებს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ ავტომანქანის მდგომარეობა.

7.5. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს აქცესორულ მოთხოვნას და ვინაიდან, არ არსებობს ძირითადი მოთხოვნა, მოპასუხეს პირგასამტეხლო არ უნდა დაკისრებოდა. დაკისრების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კი, მისი ოდენობა - 2000 ლარი, არ არის ზიანის ოდენობის ადეკვატური.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით), 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

13. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).

14. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ შესრულებულია ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე; დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

15. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე და მიუთითა, რომ სახეზე იყო ხელშეკრულების დაზღვევის პირობების მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობა, რომლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედება არ დგინდებოდა, რის გამოც, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

16. სს „ს.კ.უ–ი“ საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებაზე მიუთითებს, რაც მოპასუხეს აძლევს უფლებას უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე. სადაზღვევო კომპანია ასევე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობას, ხოლო დაკისრების საფუძვლიანობისას მის ოდენობას. სს „ს.მ–იის“ საკასაციო პრეტენზია კი, შეეხება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას.

17. საკასაციო პალატის შეფასების საგანს პირველ რიგში სწორედ მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების „უხეშ გაუფრთხილებლობად“ კვალიფიკაციის საფუძვლის არსებობა წარმოადგენს.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

19. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

20. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (სუსგ №ას--1147-1067-2017, 29 .12.2017წ). ამდენად, დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განიმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ წახალისდეს და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.

21. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია დაზღვევის მომსახურების სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის 1-ლი ნაწილის 1-ლი მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული ერთ-ერთი სადაზღვევო რისკია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება. მითითებული სატენდერო დოკუმენტაციის მეორე მუხლი შეეხება საერთო გამონაკლისებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანი. აღნიშნული მუხლის „ო“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანი არ ანაზღაურდება უხეში გაუფრთხილებლობისას. „უხეში გაუფრთხილებლობის“ ლეგალურ დეფინიციას კი, როგორც უკვე აღნიშნა სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა და მისი წინაპირობები ხელშეკრულებით არც მხარეებს განუსაზღვრავთ. შესაბამისად, საკასაციო პალატამ დაზღვევის ნორმების სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა შეაფასოს აღნიშნული საკითხი.

22. უდავოა, რომ ზიანი წარმოშობილია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად, კერძოდ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 105-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით მარჯვენა სავალ ნაწილში, 2021 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 19:00-19:20 საათამდე პერიოდში. ი.გ–ძე, რომელიც მოძრაობდა „ფოტონ ტუნლენდის“ მოდელის ავტომობილით, სახელმწიფო ნომერი: ....., შეეჯახა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტის“ მოდელის ავტომობილს, სახელმწიფო ნომერი: ....., რომლის მძღოლიც გ.ჯ–ი იყო; შეჯახების დროს „ფოტონ ტუნლენდის“ ავტომობილს ლითონის დეტალები მოძვრა და შემთხვევის ადგილზე მიმოიფანტა. ავტომობილის მოზრდილი დეტალი დაეცა ასევე დასავლეთის მიმართულებით მოძრავ „ტოიოტას“ მოდელის მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც თ.ჩ–ი მართავდა. დადგენილია, რომ ავტომანქანა „FOTON TUNLAND“, სახ. ნომრით ......., რომელიც დაზიანდა ზემოაღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზღვეულია შპს „ს.მ–იასა“ (დამზღვევი) და სს „ს.კ.უ–ს“ (მზღვეველი) შორის 2020 წლის 31 დეკემბერს დადებული ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N3-778/20 ხელშეკრულების საფუძველზე, რაც სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის, FOTON TUNLAND GE-110-AM მარკის ავტომობილზე, დაზღვევის მომსახურების გაწევას ითვალისწინებდა.

23. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 11 ოქტომბრის N396/ა დასკვნა, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, მშრალ უნალექო მზიან ამინდში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 105-ე კილომეტრზე დასავლეთის მიმართულებით პირველ სამოძრაო ზოლში დაახლოებით 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი „ფოტონ ტუნლენდი“, სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც მძღოლი ი.გ–ძე მართავდა. მსვლელობისას მძღოლ ი.გ–ძეს მზის სხივებმა შეუზღუდა მხედველობა, რის შემდეგაც იგი გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს, სარეზერვო ზოლში, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ი.გ–ძე და მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სხვა მძღოლები, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

24. საკასაციო პალატა სს „ს.კ.უ–ის“ მოსაზრებას მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედების შესახებ ვერ გაიზიარებს. კასატორი აპელირებს საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 11 ოქტომბრის N396/ა დასკვნის იმ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ი.გ–ძე, სწორად შეაფასებდა საგზაო ვითარებას და გააგრძელებდა მოძრაობას დაკავებულ სამოძრაო ზოლში, ან/და მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის მომენტიდან მოძრაობის ზოლის შეუცვლელად მის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილზე შეამცირებდა სიჩქარეს, აღნიშნულ საგზაო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი.გ–ძის მხრიდან დარღვევა ნამდვილად სახეზეა და კონკრეტული სატრანსპორტო შემთხვევაც გამოწვეულია, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, თუმცა, პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, გამორიცხვის მეთოდით უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება მძღოლის მიერ წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან, ადგილი არ ჰქონია მძღოლის მიერ სარეზერვო ზოლში ქარაფშუტული მანევრირებით გადასვლას და მიზანმიმართულად გზის გაგრძელებას, ადგილი არ ჰქონია მძღოლის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას, ასევე დადგენილია, რომ ი.გ–ძე იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ი.გ–ძის მარტივი გაუფრთხილებლობით მოქმედების შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა გამოწვეული იყო მზის სხივების მხედველობაზე ზემოქმედებით, რამაც მძღოლის მხრიდან მოძრაობის მანევრის კონტროლის მყისიერი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული კი გამორიცხავს მძღოლის მხრიდან უჩვეულოდ მაღალი ხარისხის უყურადღებობას. სხვა რაიმე დამატებითი ფაქტორების არსებობა, რაც მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების მკვეთრად დარღვევას და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დაუმორჩილებლობას დაადასტურებდა, საქმის მასალებით არ დასტურდება. მართალია მოპასუხე მიუთითებს, რომ ი.გ–ძე მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და მის მიერ ადგილი ჰქონდა საგზაო მოძრაობის წესების მაღალი ხარისხით დარღვევას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია და არც ისეთ გარემოებებზე მიუთითებია, რაც მისი პოზიციის სისწორეში დაარწმუნებდა სასამართლოს. ასეთ პირობებში კი, მძღოლის მოქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევა, ნორმით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევის ვრცლად განმარტება იქნება.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ერთობლიობა, იძლევა მძღოლის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.

26. რაც შეეხება ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობის განსაზღვრას, აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიას შეიცავს მოსარჩელის საკასაციო საჩივარი. შპს „ს.მ–ია“ მიიჩნევს, რომ სასამართლოს უპირატესობა უნდა მიენიჭებინა მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო თანხის ოდენობას (12800 ლარი).

27. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული N3-778/20 ხელშეკრულების N2 დანართის თანახმად, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება - 12 800 ლარით განისაზღვრა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „პ.მ.ჯ–ას“ 2021 წლის 4 აგვისტოს შედგენილი დეფექტური აქტში მითითებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების (FOTON TUNLAND, გამოშვების წელი - 2015; სახელმწიფო ნომერი - .....) ჩასაბარებელი (სალიკვიდაციო) ღირებულება შეადგენს 2000 ლარს, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება დაუზიანებელ მდგომარეობაში - 15 550 ლარს. მოსარჩელის მიერ 12 800 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლითაა მოთხოვნილი, რომ მისი მითითებით, სახეზეა ავტომანქანის სრული განადგურება (ტოტალი). საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 16 ივლისის N136/ს დასკვნა, რომლის თანახმად, დაზიანებული ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებითა და შემოწმებით დადგინდა, რომ ა/მანქანას დეფორმირებული, დამტვრეული და დაზიანებული აქვს: ძარა საყრდენებით, საქარე მინები, წინა ბამპერი, უკანა ბამპერი, წინა მაშუქები, კარებები, ოთხივე ფრთა, საბარგულის კარი, მარჯვენა უკანა ხედვის სარკე, ძრავის სახურავი, რადიატორები, სალონი, წინა მარჯვენა და მარცხენა საშხეფური, მოპირკეთებები. ზემოაღნიშნულიდან დაზიანებების ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით, მისი აღდგენა მიზანშეუწონელია. დასკვნის თანახმად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედებს თავისუფალი (საბაზრო) ფასები და საავტომობილო ბაზრობებზე, დასკვნის შედგენის მდგომარეობით, ანალოგიური მარკის ა/მანქანების საცალო სარეალიზაციო საორიენტაციო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, 12000 ლარს შეადგენდა, ხოლო ნარჩენი ღირებულება, მისი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საორიენტაციოდ, 4000 ლარი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ა/მანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ღირებულებად განისაზღვრა 8000 ლარი.

28. საკასაციო პალატა იზიარებს ზიანის მოცულობის განსაზღვრის საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მართებულად განისაზღვრა მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობად 8000 ლარი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსის სრულყოფილი შესწავლა-ანალიზის გათვალისწინებით, ზიანის რეალური ოდენობა სარწმუოდ არის დასაბუთებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 16 ივლისის N136/ს დასკვნით, ვინაიდან მასში დეტალურადა არის აღწერილი ავტომობილზე მიყენებული დაზიანებები, მითითებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასების კრიტერიუმი და საბაზრო ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დეფექტურ აქტში კი, მხოლოდ ავტომანქანის სალიკვიდაციო ღრებულება და დაუზიანებელ მდგომარეობაში მისი საბაზრო ღირებულებაა მითითებული. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნა (N136/ს), მიყენებული ზიანის ოდენობას თვალსაჩინოდ და რეალურად ასახავს, განსხვავებით საქმის მასალებში წარმოდგენილი შპს „პ.მ.ჯ–ას“ დეფექტური აქტისა. პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ N136/ს დასკვნა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომიდან (2021 წლის 05 ივლისი) მცირე დროის გასვლის შემდგომ, კერძოდ, 2021 წლი 14 ივლისს არის შედგენილი, ხოლო შპს „პ.მ.ჯ–ას“ დეფექტური აქტი, მოგვიანებით, 2021 წლის 4 აგვისტოს.

29. როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის საკასაციო პრეტენზია შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის მართლზომიერებას. საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორების პრეტენზიების გაზიარების საფუძველი. პირგასამტეხლო მართებულად დაანგარიშდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე სს „ს.კ.უ–ის“ უარის მოსარჩელისათვის ჩაბარების თარიღიდან (2021 წლის 07 დეკემბრიდან) და ხელშეკრულების მოქმედების ვადის (2022 წლის 30 აპრილი) გათვალისწინებით შეადგინა 144 დღე. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების მე-10 პუნქტის 10.1. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, „მხარეებს“ ეკისრებათ „პირგასამტეხლო“ შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით) მხედველობაში მიღებით კი, გონივრულ ოდენობად მიჩნეულ იქნა პირგასამტეხლო 2000 ლარი, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით, არის ვლდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა და არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

34. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ს.მ–იას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადახდილი 522.72 ლარის 70% - 365.90 ლარი, სს „ს.კ.უ–ს“ კი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადახდილი 500 ლარის 70% - 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.მ–იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

3. შპს „ს.მ–იას“ (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 522.72 ლარის (საგადახდო დავალება N1754957677, გადახდის თარიღი 03.04.2024წ.) 70% – 365.90 ლარი;

4. სს „ს.კ.უ–ს“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის (საგადახდო დავალება N6123000, გადახდის თარიღი 13.05.2024წ.) 70% – 350 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე