№ას-873-2024
13 მარტი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „კ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჯ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინფორმაციის მიწოდება და დოკუმენტაციის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ჯ–იამ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს „კ–ს“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) და მოითხოვა შპს „კ–ს“ დაევალოს მ.ჯ–იასთვის შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდება და დოკუმენტაციის გადაცემა კომპანიის დაფუძნებიდან - 2008 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე:
1.1.თითოეული წლის წლიური ფინანსური ანგარიშები სრულად;
1.2.საბუღალტრო პროგრამის ასლი;
1.3.თითოეული წლის საბუღალტრო პროგრამიდან ამობეჭდილი დამოწმებული ბრუნვითი უწყისები;
1.4.ყველა გაფორმებული ხელშეკრულებების დამოწმებული ასლები;
1.5.საზოგადოებაში ჩატარებულ ფასეულობათა ყველა ინვენტარიზაციის ამსახველი დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
1.6.ჩატარებული საგადასახადო და ფინანსური აუდიტის შედეგების ამსახველი აქტების ასლები;
1.7.შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (rs.ge) საზოგადოების მონაცემების გაცნობისათვის მომხმარებელი და პაროლი, მხოლოდ დათვალიერების უფლებით;
1.8.მასალების ხარჯვისა და პროდუქციის წარმოების დამადასტურებელი აქტების დამოწმებული ასლები;
1.9.შეძენილი და გაწეული მომსახურების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისების დამოწმებული ასლები;
1.10. საზოგადოებაში განხორციელებული სხვა სამეურნეო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტების დამოწმებული ასლები, რომლებიც არ არის მოთხოვნილი 1-10 პუნქტებით;
1.11. კომპანიის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების შესყიდვის დოკუმენტაცია;
1.12. საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებების შემთხვევაში მშენებლობის დოკუმენტაცია.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ.ჯ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „კ–ას“ დაევალა მ.ჯ–იასთვის შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდება და დოკუმენტაციის გადაცემა კომპანიის დაფუძნებიდან - 2008 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე: თითოეული წლის წლიური ფინანსური ანგარიშები სრულად; საბუღალტრო პროგრამის ასლი; თითოეული წლის საბუღალტრო პროგრამიდან ამობეჭდილი დამოწმებული ბრუნვითი უწყისები; ყველა გაფორმებული ხელშეკრულებების დამოწმებული ასლები; საზოგადოებაში ჩატარებულ ფასეულობათა ყველა ინვენტარიზაციის ამსახველი დოკუმენტების დამოწმებული ასლები; ჩატარებული საგადასახადო და ფინანსური აუდიტის შედეგების ამსახველი აქტების ასლები; მასალების ხარჯვისა და პროდუქციის წარმოების დამადასტურებელი აქტების დამოწმებული ასლები; შეძენილი და გაწეული მომსახურების დამადასტურებელი მიღება - ჩაბარების აქტების, ინვოისების დამოწმებული ასლები; საზოგადოებაში განხორციელებული სხვა სამეურნეო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტების დამოწმებული ასლები, რომლებიც არ არის მოთხოვნილი 1-10 პუნქტებით; კომპანიის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების შესყიდვის დოკუმენტაცია; საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებების შემთხვევაში მშენებლობის დოკუმენტაცია. მოსარჩელის მოთხოვნა - შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (rs.ge) საზოგადოების მონაცემების გაცნობისთვის მომხმარებლის და პაროლის (მხოლოდ დათვალიერების უფლებით) გადაცემის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს „კ–მ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, შპს „კ–ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელე მ.ჯ–ია (პ/ნ ........) წარმოადგენს შპს „კ–ას“ 20%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს.
6.1.2. შპს „კ–ას“ დირექტორი თავს არიდებს პარტნიორისათვის დოკუმენტაციის გადაცემას.
6.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი), მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით), ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტზე (დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს) და დასახელებული სამართლებრივი ნორმების შეფასების შედეგად, განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგებთან შემხებლობაშია.
6.3. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი იყო მოსარჩელე მხარის ინტერესი - მიიღოს გარკვეული სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია იმ კომპანიების თაობაზე, რომლის 20%-იანი წილის მესაკუთრესაც თავად წარმოადგენს, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს სამართალწარმოების ფარგლებშიც კი, არ გამოუვლენია ნება მ.ჯ–იასთვის მის დაინტერესებაში არსებული დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე.
6.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხე მხარისა და იმავდროულად, აპელანტის იმ განმარტებაზე, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი კომპანიაში არ მოიპოვება. ამასთან, მოპასუხის/აპელანტის მითითებით, მ.ჯ–იასთვის დოკუმენტაციის გადაცემის დავალდებულება 2008 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, წარმოადგენს დიდი მოცულობის დოკუმენტაციას და მათი ასლების დამზადება გამოიწვევს საკმაოდ დიდ ხარჯს კომპანიისთვის.
6.5. სააპელაციო პალატამ უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ კონტროლისა და შემოწმების, ასევე, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება პარტნიორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ადგენს მისი დაცვის ფარგლებს სავალდებულო მინიმუმს, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია, შიდაკორპორაციული რეგულაციის ფარგლებში, საზოგადოების წესდებით, მხოლოდ მათი გაზრდაა შესაძლებელი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს აქვთ როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები. არაქონებრივი უფლება კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებაა. ამდენად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე (სუსგ. Nას-1571-2018, 02.08.2019 წ. განჩინება).
6.6. პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ მოსარჩელე კომპანიის ერთ-ერთ პარტნიორს წარმოადგენდა და შესაბამისად, მას ჰქონდა საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის უფლება, რამეთუ სპეციალური კანონი „მეწარმეთა შესახებ“ განსაზღვრავდა პარტნიორთა უფლებების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელი იყო პარტნიორთა შეთანხმების შემთხვევაშიც კი. ასეთი სტანდარტის ფარგლებში მოიაზრებოდა პარტნიორის უფლება - თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე.
6.7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი მიუთითებდა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დგინდებოდა, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იყო გარკვეული სახის მტკიცებულებები, თუმცა, დადგენილი იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ იყო სრულყოფილი და არ ასახავდა იმ ინფორმაციას, რისთვისაც საწარმოს პარტნიორი ითხოვდა სარჩელით მოპასუხე კომპანიისგან დოკუმენტების გადაცემას. შესაბამისად, წარდგენილი გარკვეული ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებები ვერ ჩაითვლებოდა კომპანიის პარტნიორისათვის კანონით მინიჭებული უფლებების სრულყოფილ რეალიზებად.
6.8. ამდენად, პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ კომპანიის დირექტორმა უგულვებელყო კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულება; კერძოდ, სრულყოფილად არ მიაწოდა და გააცნო მოსარჩელეს (საწარმოს პარტნიორს) მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები, რის გამოც სახეზე იყო სასამართლო გადაწყვეტილებით კანონით დადგენილი ამ ვალდებულების შესრულების დავალების საფუძველი.
6.9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის იმ პოზიციაზეც, რომ დოკუმენტაციიდან გარკვეულ ნაწილს, შესაძლოა, საწარმოში არც ეარსება. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ მსგავსი დავის პირობებში, არ იყო აუცილებელი დადგენილიყო სადავო დოკუმენტაციაზე მოპასუხის მფლობელობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს კომპანიის პარტნიორის მიერ გარკვეული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაციის მოპოვება წარმოადგენდა. კანონის თანახმად კი, პარტნიორს შეუზღუდავი წვდომა უნდა ქონოდა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საფინანსო და საბუღალტრო დოკუმენტებთან. იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი, რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, საწარმოს არ გააჩნდა, ეს გაირკვეოდა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.
6.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მ.ჯ–ია წარმოადგენდა მოპასუხე საზოგადოებების პარტნიორს, მისი მოთხოვნა საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და დოკუმენტაციის გადაცემის დავალების თაობაზე საფუძვლიანი იყო და არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ–ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „კ–ას“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ სათანადო გამოკვლევის გარეშე დააკმაყოფილა სარჩელი და მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელისათვის ისეთი დოკუმენტაციის გადაცემის ვალდებულება, რომლის არსებობის შესახებ არავითარი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა და საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებებზე, თუ რამდენად აღსრულებადია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
9.2. ამასთან, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორი თავს არიდებს პარტნიორისათვის დოკუმენტაციის გადაცემას. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არასდროს არ შექმნია პრობლემა მიეღო კანონით მისთვის მიკუთვნებული დოკუმენტაცია, მეტიც, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოპასუხე ცდილობდა მიეწოდებინა მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, თუმცა ყველა ეს მცდელობა იყო უშედეგო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საწარმოს პარტნიორის მიერ, კომპანიის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლიანობა.
15. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს, დაფუძნებას, კორპორაციული მართვის სისტემებს, პარტნიორისა და დირექტორის უფლება-მოვალეობებს აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (მოცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული და შეფასებული იქნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). აღნიშნული კანონი ძირითადად აგებულია დისპოზიციურ ნორმებზე და საზოგადოების მართვის შიდა კორპორაციული საკითხები თავად მხარეთა ნებას ექვემდებარება. სამეწარმეო სამართალში აღნიშნული ნების ავტონომია გამოიხატება წესდებაში და განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულების ვალდებულებაც მხარეებს კანონით ეკისრებათ.
16. პალატა აღნიშნავს, რომ საწარმოს პარტნიორი, საზოგადოების წილის შეძენასთან ერთად იძენს მის წილთან დაკავშირებულ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის, ერთ-ერთ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საზოგადოების კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე (იხ. სუსგ.-ები საქმეებზე №ას-1571-2018, 02/08/2019 წ. და №ას-54-2022, 28/09/2022 წ.).
17. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელე მ.ჯ–ია წარმოადგენს შპს „კ–ას“ 20%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს, რომელიც გამოხატავს საწარმოში არსებული გარკვეული სახის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღების ინტერესს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება. მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტია (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით), ხოლო ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით (დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს) აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს სპეციალური კანონით (მათ შორის 3.10 მუხლით) გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში (მრავალთა შორის, იხ. სუსგ-ები: Nას-700-663-2013, 10.12.2013 წ.; Nას-800-759-2013, 24.01.2014 წ.; Nას-54-2022, 28.09.2022 წ.; ას-1340-2022, 27.01.2023 წ.).
18. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პარტნიორის ზემოაღნიშნული უფლებების განხორციელების გამოსარიცხად, არარელევანტურია კასატორის მითითება მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნაწილის არარსებობის გამო, დაკისრებული ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და გადაწყვეტილების აღუსრულებლობის თაობაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთი მტკიცება ვერ გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერებას, ვინაიდან წინამდებარე დავის საგანს ვინდიკაციური მოთხოვნა არ წარმოადგენს და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არ არის აუცილებელი დადგინდეს სადავო დოკუმენტაციაზე მოპასუხის მფლობელობის ფაქტი, ურომლისოდაც ვერ იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება ამ ნივთის გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, რომლის მიხედვით, კომპანიის მეწილის მიერ, გარკვეული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაციის მოპოვების შესახებ დავებზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ კანონის მიხედვით, მეწილეს უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტებთან. ამდენად, თუ ამ დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი, რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, საწარმოს არ გააჩნია, ეს გაირკვევა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე (იხ. სუსგ.-ები საქმეებზე: №ას-1515-2022, 02/03/2023 წ.; ას-731-2021, 15/10/2021 წ.).
19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერებას კასატორის ვერც ის მითითება გამორიცხავს, რომ დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი მოსარჩელეს გადაცემული აქვს და მოსარჩელეს არასდროს არ შექმნია პრობლემა მიეღო კანონით მისთვის მიკუთვნებული დოკუმენტაცია. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ გარკვეული ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებები ვერ ჩაითვლებოდა კომპანიის პარტნიორისათვის კანონით მინიჭებული უფლებების სრულყოფილ რეალიზებად. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საწარმოს პარტნიორი ამტკიცებს, რომ კომპანიის დირექტორი თავს არიდებენ მისთვის დოკუმენტების გადაცემას და სურს გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს კასატორის მითითება, რამეთუ აღნიშნული ზღუდავს პარტნიორის უფლებას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით, ვერ გააქარწყლა დაკმაყოფილებულ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერება, რომლის კანონიერებაც წინამდებარე განჩინების მე-17 აბზაცში მითითებული სამართლებრივი დანაწესებიდან გამომდინარეობს და მოპასუხე მხარეს ავალდებულებს, უზრუნველყოს შემოწმებისა და კონტროლის შესახებ პარტნიორის უფლების რეალიზაცია.
21. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, შპს „კ–ას“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ–ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „კ–ას“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N22545819882, გადახდის თარიღი 27.06.2024წ.) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე