№ას-1135-2023
16 მაისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.რ–ამ“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალის მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი), შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:
1.1. დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალს სს „ს.რ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარკინიგზო (სადგურის) მომსახურების გაწევის შედეგად დარიცხული საფასურის - 24 202.98 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს „ს.რ–ის“ სარჩელი მოპასუხე დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით; დაეკისრა მოპასუხე დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალს მოსარჩელე სს „ს.რ–ის“ სასარგებლოდ 24 202.98 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.სააპელაციო პალატის მითითებით, კონკრეტული დავის ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სს „ს.რ–ის“ მიერ მოპასუხისათვის 2020 წლის აგვისტოდან - 2020 წლის დეკემბრამდე დროის პერიოდში გაწეული, შიდა სასადგურე მომსახურების საფასურის დაკისრება, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მოპასუხე მხარე იმ არგუმენტაციით, რომ მომსახურების გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც, არც გადახდის ვალდებულება არსებობდა. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში და აპელანტი მხარის პრეტენზიათა ჭრილში, სააპელაციო პალატის შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენდა, თუ რა სახის სამართლებრივ ურთიერთობას ჰქონდა ადგილი მოდავე მხარეთა შორის და არსებობდა თუ არა მოპასუხისათვის (აპელანტისათვის) მომსახურების გაწევის საფასურის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
6.2.სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას, სამართლებრივი თვალსაზრისით იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე, 668-ე და 672-ე მუხლებითა და სს „ს.რ–ის“ დირექტორთა საბჭოს 2017 წლის 1 დეკემბრის N16/54 დადგენილებით დამტკიცებული სს „ს.რ–ის“ სატვირთო გადაზიდვების კომერციული და ფინანსური აღრიცხვისა და დარიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოების, აღრიცხვის, ექსპედირებისა და „სატვირთო საქმიანობის აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ შეტანის წესით. ფაქტობრივი თვალსაზრისით კი, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალი რეგისტრირებულია სს „ს.რ–ის“ კლიენტად და მინიჭებული აქვს რკინიგზასთან ანგარიშსწორების კოდი. 2021 წლის 22 დეკემბერს, ფილიალის დირექტორმა წერილით მიმართა სს „ს.რ–ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორს და განმარტა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად სადგურ „ც.ძ–ში“ აპირებდა შპს „ჯ.ბ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილი ღორღის დატვირთვას საკუთარ ვაგონებზე, რათა შემდეგ, მოეხდინათ მათი დაცლა თეთრიწყარო-წალკა-ახალქალაქის სამშენებლო უბანზე. ყველა ოპერაცია განხორციელდებოდა საკუთარი თბომავლებითა და ვაგონებით. წერილის ავტორმა მოითხოვა ადრესატისაგან, ნება დაერთო მისთვის, რომ სადგურ „ც.ძ–ში“ განეხორციელებინათ ღორღის დატვირთვის ოპერაცია ანაზღაურების გადავადების პირობით.
6.3.მოსარჩელის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე) მიერ, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, საქმეში წარმოდგენილი იყო სს „ს.რ–ის“ სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო ბარათები, რომელზეც ფიქსირდებოდა კლიენტის - დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალის წარმომადგენლის ხელმოწერა; ასევე, წარმოდგენილი იყო საერთო ფორმის აქტები და სს „ს.რ–ის’“ დამატებითი მომსახურების დარიცხვის ბარათები.
6.4.მოსარჩელე მხარეს ასევე, წარმოდგენილი ჰქონდა სადგურის მომსახურების საფასურის დაანგარიშების ცხრილი, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს გაეწია შემდეგი სახის, ჯამში 24202.98 ლარის ღირებულების მომსახურება:
1. 2020 წლის 19 აგვისტოს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 597.08 ლარი;
2. 2020 წლის 21 აგვისტოს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1349.92 ლარი;
3. 2020 წლის 23 აგვისტოს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 717.44 ლარი;
4. 2020 წლის 23 აგვისტოს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 169.92 ლარი;
5. 2020 წლის 24 აგვისტოს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 597.08 ლარი;
6. 2020 წლის 24 აგვისტოს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 945.18 ლარი;
7. 2020 წლის 25 აგვისტოს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 674.96 ლარი;
8. 2020 წლის 26 აგვისტოს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 718.62 ლარი;
9. 2020 წლის 26 აგვისტოს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 674.96 ლარი;
10. 2020 წლის 29 აგვისტოს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 895.62 ლარი;
11. 2020 წლის 31 აგვისტოს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 776.44 ლარი;
12. 2020 წლის 31 აგვისტოს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1748.76 ლარი;
13. 2020 წლის 02 სექტემბერს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 777.62 ლარი;
14. 2020 წლის 02 სექტემბერს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1079.70 ლარი;
15. 2020 წლის 05 სექტემბერს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 676.14 ლარი;
16. 2020 წლის 05 სექტემბერს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 778.80 ლარი;
17. 2020 წლის 05 სექტემბერს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1754.66 ლარი;
18. 2020 წლის 11 სექტემბერს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 388.22 ლარი;
19. 2020 წლის 11 სექტემბერს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 388.22 ლარი;
20. 2020 წლის 11 სექტემბერს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1359.36 ლარი;
21. 2020 წლის 14 სექტემბერს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 605.34 ლარი;
22. 2020 წლის 14 სექტემბერს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1366.44 ლარი;
23. 2020 წლის 21 სექტემბერს მიმღების სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1411.28 ლარი;
24. 2020 წლის 21 სექტემბერს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 625.40 ლარი;
25. 2020 წლის 06 ოქტომბერს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 248.98 ლარი;
26. 2020 წლის 13 ოქტომბერს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 564.04 ლარი;
27. 2020 წლის 02 დეკემბერს გამგზავნი სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 710.36 ლარი;
28. 2020 წლის 02 დეკემბერს მიმღები სადგურის მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1602.44 ლარი.
6.5.სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო ბარათები, რომელზეც ფიქსირდებოდა კლიენტის - დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალის წარმოამდგენლის ხელმოწერა, ცალსახად ადასტურებდა მხარეთა შორის სარკინიგზო მომსახურების სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტს მოპასუხის მონაწილეობით.
6.6.შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნა მასზედ, რომ სს „ს.რ–ის“ მიერ, მოპასუხისათვის 2020 წლის აგვისტოდან - 2020 წლის დეკემბრამდე დროის პერიოდში, გაწეული იქნა ერთი ტიპის - შიდა სასადგურე მომსახურება, რომელიც მოიცავდა ვაგონების მიწოდება-გამოტანას მისასვლელ ლიანდაგებზე და მასთან დაკავშირებული ოპერაციის შესრულებას - ისრის გადაყვანას, რაც რკინიგზის ანაზღაურებად საქმიანობას წარმოადგენდა.
6.7.რაც შეეხება სს „ს.რ–ის“ დამატებითი მომსახურების დარიცხვის ბარათებს, დასახელებული დოკუმენტების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალის დირექტორის 2021 წლის 22 დეკემბერით დათარიღებული წერილის შინაარსის გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს, როგორც მომსახურების მიმღებს, წარმოეშვა ე.წ. სადგურის მომსახურების საფასურის ანაზღაურების ვალდებულება. მართალია, აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა და საერთო ფორმის აქტებზე მინაწერებითაც დასტურდებოდა, რომ დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი არ ეთანხმებოდა მის მიერ დატვირთვა/დაცლის ოპერაციების შესაბამისად გაფორმებული სამახსოვრო ბარათების საფუძველზე შედგენილ ელ. დარიცხვის ბარათებს, თუმცა ვერც შესაგებელში და ვერც სასამართლო პროცესზე, აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს ვერ შესთავაზა მყარი არგუმენტირებული მსჯელობა და ვერ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები, რაც განაპირობებდა კონკრეტული მომსახურების საფასურის გადახდისაგან მოპასუხე კომპანიის განთავისუფლებას ან/და სარწმუნოს გახდიდა სს „ს.რ–ასთან“ მსგავსი შეთანხმების არსებობის ფაქტს იმ პირობებში, როდესაც ორმხრივად ხელმოწერილი სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო ბარათები, რომელიც ფორმდება უშუალოდ სადგურის მომსახურების გაწევისას, მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
6.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი მხარის პრეტენზია გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულების არარსებობის თაობაზე, უსაფუძვლო იყო.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლით, თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ არც გადაზიდვის ხელშეკრულება არსებობს და არც ანაზღაურებასთან დაკავშირებული რაიმე შეთანხმება. კასატორის მითითებით, რამდენადაც არ არსებობს სავალდებულო ხელშეკრულება, ზედნადები და სხვა დოკუმენტაცია, შესაბამისად, არ არსებობს კანონიდან გამომდინარე გადაზიდვის ურთიერთობა, რის გამოც, ვერც სასამართლოს მიერ მოხსენიებული სამახსოვროების და ვერც საერთო ფორმების აქტების არსებობა, თავის მხრივ, ვერ შეცვლის იმ გარემოებას, რომ არ არსებობს მომსახურების გაწევის ფაქტი, რომელიც დაექვემდებარება სარჩელით მოთხოვნილი ტარიფების გადახდას. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოპასუხე მხარის არგუმენტაცია და მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სადგური „ც. ძ.“, რომლის ვითომდა მომსახურების გაწევის გამოც დაეკისრა მოპასუხეს თანხის გადახდა, არის მშენებარე ობიექტი. აღნიშნული სადგური შენდება მოპასუხის მიერ სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პროექტის ფარგლებში და მისი ფუნქციონირების სრულ ხარჯებს იხდიდა და იხდის მოპასუხე. ამ სადგურიდან მხოლოდ ექსპერიმენტული გადაზიდვები ხორციელდება და კომერციული წარმოების ოპერაციებისთვის გახსნილია ექსპერიმენტულად, იგი არ არის ჩართული კომერციული სადგურების სიაში და მასზე პირდაპირ არ ვრცელდება „სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურები“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მოპასუხეს/კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, კასატორი უარყოფს მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნისა და მოსარჩელის მხრიდან, მომსახურების გაწევის ფაქტს, რაც მისი მოსაზრებით, გამორიცხავს გადახდის ვალდებულების არსებობას; კერძოდ, კასატორის მითითებით, არც გადაზიდვის ხელშეკრულება არსებობს და არც ანაზღაურებასთან დაკავშირებული რაიმე შეთანხმება. სასამართლოს მიერ მოხსენიებული სამახსოვრო ბარათები და საერთო ფორმების აქტების არსებობა კი, ვერ შეცვლის იმ გარემოებას, რომ არ არსებობს მომსახურების გაწევის ფაქტი, რომელიც დაექვემდებარება სარჩელით მოთხოვნილი ტარიფების გადახდას.
16. წარმოდგენილი საკასაციო არგუმენტების განხილვამდე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს, რომ მან მოპასუხეს გაუწია შიდა სასადგურე მომსახურება (რომელიც მოიცავდა ვაგონების მიწოდება-გამოტანას მისასვლელ ლიანდაგებზე და მასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულებას - ისრის გადაყვანას), რაც რკინიგზის ანაზღაურებად საქმიანობას წარმოადგენს, თუმცა, მოპასუხეს არ დაუფარავს მომსახურების საფასური, რაც შეადგენს სარჩელით მოთხოვნილ ოდენობას.
18. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების ფარგლებში, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს მომსახურების ხელშეკრულებიდან, რაც თავისი სამართლებრივი ბუნებით, წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. შესაბამისად, მოპასუხისთვის მომსახურების საფასურის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი არა გადაზიდვის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებიდან, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 361.2 (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაწეული მომსახურების საფასურს მოითხოვდა, შესაბამისად, მას, როგორც შემსრულებელს, ევალებოდა მისი მხრიდან გაწეული მომსახურების ფაქტის სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დადასტურება. აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისი შესრულების დადასტურება, კანონით მხოლოდ რაიმე კონკრეტული მტკიცებულების გაფორმებასთან არ არის დაკავშირებული. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებითაც (იხ. სუსგ. საქმეზე: №ას-215-2022; 20/10/2022 წ.).
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის მომსახურების საფასურის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების კვლევის მიზნებისათვის, სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (სს „ს.რ–ის“ სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო ბარათების (რომელზეც ფიქსირდება კლიენტის დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალის წარმომადგენლის ხელმოწერა); საერთო ფორმის აქტების; სს „ს.რ–ის“ დამატებითი მომსახურების დარიცხვის ბარათებისა და სადგურის მომსახურების საფასურის დაანგარიშების ცხრილის) ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელემ 2020 წლის აგვისტოდან - 2020 წლის დეკემბრამდე პერიოდში, მოპასუხეს გაუწია 24202.98 ლარის ღირებულების შიდა სასადგურე მომსახურება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შედეგად კი, სააპელაციო პალატამ მართებულად დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა ფულადი ვალდებულების შესრულების მოვალეობა. აღსანიშნავია, რომ კასატორმა ვერ მიუთითა ვერცერთ ისეთ გარემოებასა და ვერ წარმოადგინა ვერანაირი რელევანტური მტკიცებულება, რაც საკასაციო პალატას სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი დასკვნის სისწორეში/სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.
21. ზემოაღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას მასზედ, რომ მხარეთა შორის არც ხელშეკრულება არსებობს და არც ანაზღაურებასთან დაკავშირებული რაიმე შეთანხმება. დასახელებული არგუმენტის საპასუხოდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულება კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და მხარეთა შეთანხმების არარსებობისას, შესაძლებელია დაიდოს ზეპირი ფორმით, მათ შორის, ხელშეკრულება მომსახურების გაწევასა და გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე, შესაძლებელია დაიდოს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ ნორმას ნარდობის ხელშეკრულების ფორმის თაობაზე. ანუ, ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება ფორმათავისუფალ ხელშეკრულებათა რიცხვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით. შესაბამისად, მითითება წერილობითი ფორმით ხელშეკრულების არარსებობაზე, არ გამორიცხავს ამგვარი სახელშეკრულებო ვალდებულების წარმოშობას.
22. რაც შეეხება კასატორის შედავებას ანაზღაურებასთან დაკავშირებული რაიმე შეთანხმების არარსებობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო 630-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ ჩვეულებრივი ანაზღაურება.
23. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მხრიდან გაეწია შიდა სასადგურე მომსახურება, მოპასუხის/კასატორის შედავება ხელშეკრულებისა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული შეთანხმების არ არსებობასთან დაკავშირებით, ვერ გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის უფლებას გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიღებული მომსახურების შესაბამისი საზღაური სარჩელში მითითებული ტარიფების გათვალისწინებით, რამეთუ ამ ტარიფებისაგან განსხვავებული შეთანხმების არსებობა, კასატორმა ვერ დაასაბუთა, რაც საპროცესო უფლების ეფექტურად განკარგვის ფარგლებში, მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03).
26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, დახურულ სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1210.10 ლარის 70% – 847.07 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დახურული სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. დახურულ სააქციო საზოგადოება „ა.რ–ის“ საქართველოს ფილიალს (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1210.10 ლარის (საგადახდო დავალება N299288, გადახდის თარიღი 14.08.2023) 70% – 847.07 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე