Facebook Twitter

№ას-720-2023

19 ივლისი, 2024 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – ს.ხ–ძე (მოსარჩელე)

კანონისმიერი წარმომადგენელი - ნ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მეორე კასატორი – სსიპ გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ხ–ძე (მოსარჩელე)

დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი – ნ.ჭ–ი

დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი – სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

დაინტერესებული პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ხ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, მეორე კასატორი, „სკოლა“) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1.დადგენილ იქნას ს.ხ–ძის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი;

1.2. დისკრიმინაციული ქმედების შედეგად, მოპასუხე სსიპ ქ. თბილისის N51-ე საჯარო სკოლას ს.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 100 000 ლარისა და მატერიალური ზიანის - 2100 ლარის ანაზღაურება (იხ. დაზუსტებული სარჩელი - ტ.2. ს.ფ. 71-106).

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, ს.ხ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე - სსიპ ქ. თბილისის N51-ე საჯარო სკოლას ს.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - 10 000 ლარის ოდენობით; სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, ს.ხ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლამ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, ს.ხ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23

ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლითაც მოპასუხე - სსიპ ქ. თბილისის N51-ე საჯარო სკოლას ს.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - 10 000 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე - სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლას ს.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - 5 000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრების დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას მხოლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, ხოლო, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოშობდა აპელანტთა მტკიცების გაზიარების საფუძველს. სადავო საკითხების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების მიზნით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. სადავო პერიოდისთვის, ს.ხ–ძე იყო სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლის 07.11.2019 წლის N2-519 ბრძანებით, ს.ხ–ძე ამოირიცხა სკოლის ბაზიდან და ამავე პერიოდიდან, სწავლა განაგრძო კერძო სკოლა „აისში“, ხოლო შემდგომ, საჯარო სკოლაში (სსიპ N122). სკოლა „აისში“ სწავლის საფასური განსაზღვრულია წლიური 3000 ლარით, თუმცა ს.ხ–ძის მიერ სწავლის პერიოდის პროპორციულად გადახდილია გადასახადი 2100 ლარის ოდენობით.

6.1.2. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს, ს.ხ–ძესა და თ.მ–ძეს შორის მომხდარი უთანხმოების გამო, 2019 წლის 10 ოქტომბერს სკოლის შენობის გარეთ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ, ბავშვების თანდასწრებით მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება - კონფლიქტი მშობლებს, ნ.გ–ძესა და ნ.ჭ–ს შორის, რომელიც ამავდროულად სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

6.1.3. მომხდარი ინციდენტის შემდგომ დღეს, 11.10.2019 წელს, ს.ხ–ძის მშობელმა, ნ.გ–ძემ, განცხადებით მიმართა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომლითაც აცნობა, რომ ნ.ჭ–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და მის შვილს. იმის გამო, რომ განსხვავებით სხვა მშობლებისაგან, ნ.ჭ–ი ყოველთვის სარგებლობდა სკოლის შენობაში შესვლის უფლებით, არსებობდა იმავეს განმეორების საფრთხე, რაც ბავშვს მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში ჩააგდებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მშობელი სკოლისაგან მოითხოვდა მიღებულ ყოფილიყო შეს–მისი ზომები. ამავე წერილით, ნ.გ–ძე ასევე ითხოვდა პასუხს, თუ რის საფუძველზე იმყოფებოდა ნ.ჭ–ი სასწავლო საათებში სკოლის შენობაში. განცხადების საპასუხოდ, სკოლის 05.11.2019 წლის წერილით, ნ.გ–ძეს ეცნობა, რომ მესამე კლასის დამრიგებლის, მ.გ–ას დროებითი შრომისუუნარობის გამო, დირექტორის მოადგილის თხოვნის საფუძველზე, მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით, ხდებოდა მშობლების მორიგეობა. ამასთან, ნ.ჭ–ს, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრს, მხოლოდ საჭიროების გათვალისწინებით, სხდომაზე დასწრების მიზნით ეძლეოდა სკოლის შენობაში შესვლის შესაძლებლობა და იგი დამატებითი პრივილეგიებით არ სარგებლობდა.

6.1.4. 2019 წლის 15 ოქტომბერს, სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა ასევე ნ.ჭ–მა, სადაც, თავის მხრივ, მიუთითა გაკვეთილზე ბავშვებს შორის მომხდარ ფაქტსა (ს–ს მიერ თ–თვის „ფეხის ჩარტყმის“ შესახებ) და მასთან დაკავშირებით, მშობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის, ნ.გ–ძის მხრიდან მისი და ბავშვის (თ.მ–ძის) სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე. განცხადების საფუძველზე დაწყებული დისციპლინური წარმოების შედეგად, სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნ.ნ–სათვის (რომელიც კლასის დამრიგებლის დროებით შრომისუუნარობის გამო ატარებდა გაკვეთილებს) დისციპლინური სახდელის - საყვედურის დაკისრების შესახებ. დისციპლინური კომიტეტის მიერ დადგენილი იქნა, რომ პედაგოგმა არ შეასრულა მოსწავლის ჯანმრთელობასა და პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მშობლის ინფორმირება.

6.1.5. შპს „ფ–ას“ 12.11.2019 წლის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ს.ხ–ძეს უფიქსირდება სასკოლო შფოთვა, რაც თავის მხრივ, გამოიხატება არაკეთილდღეობისა და დისკომფორტის განცდაში, რომელიც დაკავშირებულია არასასიამოვნო მოლოდინებთან, წარუმატებლობასთან და ხიფათის განცდასთან. დასკვნის მიხედვით, ს.ხ–ძის საუკეთესო ინტერესებისა და ფსიქიკის სიჯანსაღის დაცვის მიზნით (რათა სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული ნეგატიური თვისებების პიროვნულ მახასიათებლებად ფორმირება), სასურველია მოსწავლემ შეიცვალოს სასწავლო გარემო და გადავიდეს ახალ სკოლაში. აღნიშნული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები ეფუძნება ს–ს ფსიქოლოგისთვის მოყოლილს, რომ მისი კლასელის დედა ხელს უშლიდა სწავლაში (აღნიშნული კლასელი ხშირად ეუბნებოდა ს–ს, რომ დედაჩემი ამ სკოლაში მუშაობსო, რითაც ხდებოდა ს–ს დესტრუქციული ქცევის პროვოცირება თავდაცვის მიზნით). ასევე მანდატურს შეჰყავდა ოთახში და ეკითხებოდა - ზოგიერთ ბავშვს თუ ურტყამდა და რატომ ეძახდა ცუდ სიტყვებს. ამ დროს გაკვეთილზე აგვიანდებოდა ხოლმე. როდესაც მანდატურს მიჰყავდა, ფეხები უკანკალებდა და ეშინოდა, რომ სკოლიდან გარიცხავდნენ. ასევე გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ ბავშვი ხედავდა ცუდ სიზმრებს, მოხარული იყო ახალ სკოლაში გადასვლით და არ სურდა ძველ სკოლაში დაბრუნება. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ს.ხ–ძეს აღენიშნება ფსიქოემოციური ტრავმატიზაციის გარკვეული ხარისხი, რაც მოცემულ ეტაპზე, გამოიხატება სასკოლო შფოთვისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით.

6.1.6. საქალაქო სასამართლოში, სხდომაზე მოწვეული და დაკითხული იქნა დასკვნის შემდგენი ფსიქოლოგი - ნ.გ–ი, რომელმაც მთლიანად დაადასტურა დასკვნაში აღნიშნული გარემოებები. მისი განმარტებით, ს–ს საუკეთესო ინტერესები და უსაფრთხოება დარღვეული იყო. იმ დროს ბავშვის მდგომარეობა იყო ძალიან მაღალი ტრავმის მატარებელი, გამოიკვეთა - სასკოლო შფოთვის მაღალი მაჩვენებელი, მან პირდაპირ თქვა, რომ კლასელის დედა უშლიდა სწავლაში ხელს. აღენიშნებოდა თვითგამოხატვის შიში. მანდატურთან დაკავშირებით ბავშვი აღნიშნავდა, რომ ოთახში შეყვანისას ფეხები უკანკალებდა, ეშინოდა, სკოლიდან არ გაერიცხათ.

6.1.7. ქ. თბილისის მერიის ა(ა)იპ სოციალური მზრუნველობის სააგენტოს 16.11.2020 წლის დასკვნა - რეკომენდაციის მიხედვით, დასკვნის შედგენის დროს ს.ხ–ძე არის 122-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე და ონლაინ გაკვეთილებს ესწრება რეგულარულად. დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ს–ს ორჯერ მოუხდა სკოლის შეცვლა, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მასზე. ასევე უარყოფითი ფაქტორია მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მისი მრავალჯერ გამოკითხვა. ს–ს ემოციური უსაფრთხოებისათვის აუცილებელია, არ მოხდეს გადაჭარბებული აქცენტირება მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ოჯახის წევრებისა თუ ჩართული სპეციალისტების მიერ.

6.1.8. სასამართლოს დავალების საფუძველზე ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად, 14.04.2021 წლის მომზადებული დასკვნიდან ირკვევა, რომ სკოლაში განვითარებული მოვლენების გახსენებისას, ს.ხ–ძე ნერვიულობს და ვეღარ ახერხებს ემოციების კონტროლს, უჭირს ზედმიწევნით ზუსტად გაიხსენოს მოვლენები, თუმცა გამოხატავს იმედგაცრუებას მასწავლებლებისა და თანაკლასელების მიმართ. ს–ს განმარტებით, მას არ დაუჯერა მასწავლებელმა და მეგობრებმაც არ დაუჭირეს მხარი. კონკრეტულ ნახატთან დაკავშირებით, ამბობს, რომ არ იყო მისი დახატული და არც წარწერა გაუკეთებია მას, მაგრამ მასწავლებელმა არ დაუჯერა და უთხრა, რომ გოგონები არ მოატყუებდნენ. სპეციალისტის მიერ დასმული, დაუსრულებელი წინადადებების დასრულებით იკვეთება ბავშვის განცდები: 1. როცა პატარა იყო - „სკოლაში აშინებდნენ“, 2. უნდა, რომ აღარ ეშინოდეს - „სკოლის“, 3. „უნდა, რომ დაავიწყდეს - ძველი სკოლა“. დასკვნის თანახმად, ს. ნერვიულობით იხსენებს, როგორ ეშინოდა სკოლაში მანდატურის, რადგან მათ გაჰყავდათ და ამ დროს მას მუხლები და ხმა უკანკალებდა. ასევე ამბობს, რომ სიზმრებში ხშირად ხედავდა კაცს, რომელიც მოსდევდა და ფიქრობს, რომ ეს კაცი არის მანდატური.

6.1.9. ზემოაღნიშნული ფსიქოლოგიური კვლევის დასკვნების ანალიზის შედეგად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ სახეზე იყო ბავშვის ფსიქოტრავმატიზება, სასკოლო შფოთვა, რაც უკავშირდებოდა: 1. მშობლის გარეშე მანდატურების მიერ მისი კლასიდან გაყვანითა და გამოკითხვით გამოწვეულ შიშს; 2. თანაკლასელის მშობელთან შეხვედრის (მესამე პირი) შიშს; 3. ამასთან, მის მიმართ მასწავლებლების უნდობლობას, რომ მას არ დაუჯერებს.

6.1.10. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა სკოლის ფსიქოლოგი, თ.ღ–ი, რომლის ჩვენებითა და მისი საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოკითხვისას მიცემული განმარტებებითაც ირკვევა, რომ ფსიქოლოგმა სკოლის დირექტორის დავალებით განახორციელა კლასის, მათ შორის, ს.ხ–ძის ფონური დაკვირვება (მცირე ხნიანი). განხორციელებული ერთჯერადი დაკვირვების შედეგად, ს.ხ–ძის ქცევა ვერ შეაფასა; დირექტორთან შეხვედრისას მან მშობელს შესთავაზა, რომ სრულყოფილი შესწავლის მიზნით მომხდარიყო გადამისამართება მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრში, რადგან მსგავსი ტიპის სიღრმისეული შესწავლა-შეფასება არ შედიოდა მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში. მისი განმარტებით, ფონური დაკვირვების შედეგად, ბავშვს შეამჩნია ქცევის სირთულეები, ყურადსაღები ქცევა იყო - თვითნებურად გადაადგილება საკლასო ოთახში, მასწავლებლის მაგიდიდან ნივთის აღება და ყელზე მიბჯენა. საკლასო ოთახში მერხებზე მუშტების ბრახუნი. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შეზღუდულ ფარგლებზე მითითებით, სკოლის ფსიქოლოგის ჩართვა არ მომხდარა საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით, მისი როლი შემოიფარგლა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში გადამისამართების რეკომენდაციით. ასევე საყურადღებოა, რომ სკოლის ფსიქოლოგი არ ყოფილა ჩართული ბავშვის გამოკითხვის არცერთ ეპიზოდში, რომელსაც მანდატური ახორციელებდა.

6.1.11. საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2020 წლის 02 ივლისს გაცემული ინფორმაციით დასტურდება იმავე წლის დასაწყისის მდგომარეობით, თბილისის საჯარო სკოლების მესამე კლასებში თავისუფალი ადგილების არსებობა, კერძოდ, სსიპ ქ. თბილისის N49 საჯარო სკოლის 29.11.2019 წლის MES 7 19 01635094 ცნობით, ამავე სკოლის მესამე კლასში თავისუფალი ადგილების რაოდენობა შეადგენდა სამს, სსიპ აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლის 29.11.2019 წლის MES 2 19 01634603 ცნობით, ამავე სკოლის მესამე კლასში თავისუფალი ადგილების რაოდენობა შეადგენდა თორმეტს, ხოლო სსიპ ქ. თბილისის N58 საჯარო სკოლის 29.11.2019 წლის MES 3 19 01636657 ცნობით, ამავე სკოლის მესამე კლასში თავისუფალი ადგილების რაოდენობა შეადგენდა თერთმეტს.

6.1.12. უდავოა და თავად მოსარჩელე მხარეც ადასტურებს, რომ ს.ხ–ძე აქტიურად იყო ჩართული სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში. იგი, როგორც N51 საჯარო სკოლის, ისე იმ სკოლის პედაგოგების მიერ, სადაც ამჟამად სწავლობს, ხასიათდება, როგორც ნიჭიერი, დისციპლინური, აქტიური, კომუნიკაბელური და მეგობრული, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარის მქონე მოსწავლე. გარდა ამისა, დასტურდება, რომ ს.ხ–ძე წარმატებით მონაწილეობდა არაერთ ოლიმპიადაში, სადაც მიღებული აქვს მრავალი სიგელი და სერტიფიკატი.

6.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა სკოლის მხრიდან მოსწავლის დისკრიმინაციის თაობაზე, კერძოდ, მისი განმარტებით, ს.ხ–ძეს სწავლა უწევდა საფრთხის შემცველ და არაჯანსაღ გარემოში, იყო ბრალდებების მსხვერპლი, რამაც მისი დათრგუნვა და ფსიქოლოგის დახმარების აუცილებლობა, საბოლოოდ კი, სკოლიდან გადაყვანა განაპირობა. მოპასუხის მოსაზრებით, ს.ხ–ძის მდგომარეობა განპირობებული იყო არა სკოლის, არამედ მანდატურისა და მესამე პირის ქმედებით, რაზეც პასუხისმგებელი სკოლა ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, მოპასუხე სკოლას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლო მსჯელობისას გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც ვერ დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი რომელიმე ნიშნის მიხედვით, თუმცა იმსჯელა მოსარჩელის შევიწროებაზე, რის გამოც მოპასუხეს დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება. პალატამ არ გაიზიარა სკოლის მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით, რამეთუ მოსარჩელის შევიწროება განპირობებული იყო სკოლის უმოქმედობის შედეგად და იგი განხილულ იქნა დისკრიმინაციის ჭრილში, როგორც მისი ერთ-ერთი სახე.

6.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 31 ქვეპუნქტზე (შევიწროება არის ნებისმიერი ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას) და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა წარმოადგენდა ყველა იმ კერძო, თუ საჯარო პირის/დაწესებულების ვალდებულებას, რომელთანაც სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა არასრულწლოვანი. ამდენად, შეფასების საგანი იყო იმ საგანმანათლებლო დაწესებულების როლი და განხორციელებული ქმედებები, სადაც სწავლობდა მოსარჩელე არასრულწლოვანი. წარმოდგენილი ფსიქოლოგიური დასკვნების თანახმად, დადგენილი იყო, რომ ბავშვი სასკოლო შფოთვით იყო ფსიქოტრავმატიზებული, რაც განპირობებული იყო მანდატურების მიერ მისი კლასიდან გაყვანითა და გამოკითხვით გამოწვეული შიშით, ასევე თანაკლასელის მშობელთან შეხვედრის (მესამე პირი) შიშითა და მის მიმართ მასწავლებლების უნდობლობით (მას არ უჯერებდნენ).

6.4. პალატამ მიიჩნია, რომ სკოლამ მის ხელთ არსებული რესურსი არ გამოიყენა სათანადოდ; კერძოდ, არ მონაწილეობდა მანდატურის მიერ ბავშვის გაყვანისა და გამოკითხვის ეპიზოდებში და აღნიშნულის თაობაზე არ ახდენდა მშობლის ინფორმირებას, მით უფრო, რომ ამ ქმედებას მანდატური საგაკვეთილო საათებში ახორციელებდა. სკოლას ჰქონდა შესაძლებლობა მანდატურის მიერ ბავშვის გამოკითხვის პროცესში ჩართული ჰყოლოდა როგორც მისივე ფსიქოლოგი, ასევე მოეხდინა მშობლის ინფორმირება აღნიშნულზე, რაც არ განუხორციელებია. დადგენილი გარემოებები არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ მანდატურის ქმედება განხილულიყო სკოლისგან განყენებულად, რამეთუ მშობელი, რომელიც ტოვებდა ბავშვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ენდობოდა მას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსი იყო. საგაკვეთილო საათებში, სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლისთვის უსაფრთხო, ჯანსაღი, არადამაშინებელი გარემოს შექმნაზე პასუხისმგებლობა სწორედ სკოლას ეკისრებოდა. საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ს.ხ–ძის მშობლის მიერ წარდგენილი განცხადებისა, რომ არ დაეშვათ საგაკვეთილო პროცესის დროს მესამე პირი - შვილის თანაკლასელის დედა, რომლის მიმართ მოსარჩელეს ჰქონდა შიშები, სკოლის მიერ უგულებელყოფილ იქნა, უფრო მეტიც, თავად სკოლის 05.11.2019 წლის წერილიდან ირკვეოდა, რომ მესამე კლასის დამრიგებლის, მ.გ–ას დროებითი შრომისუუნარობის გამო, დირექტორის მოადგილის თხოვნის საფუძველზე, მესამე პირი მორიგეობდა ხოლმე. ამდენად, პალატის მოსაზრებით, სკოლის ხელშეწყობით, ს.ხ–ძეს აქტიურად უწევდა თანაკლასელის დედასთან შეხვედრა.

6.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ სკოლამ ვერ განახორციელა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, ვერ უზრუნველყო მისი მშვიდ და უსაფრთხო, არადამაშინებელ გარემოში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. სკოლის მიერ გატარებული ღონისძიებები არ იყო ბავშვის ასაკისათვის დამახასიათებელი ქცევის პროპორციული, რაც, საბოლოოდ, არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა. სკოლაში შექმნილმა გარემოებებმა განაპირობა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანის თაობაზე მშობლის გადაწყვეტილება, რასაც სკოლისათვის პრობლემის მოგვარების „მარტივი გამოსავლის“ ეფექტი ჰქონდა. აღნიშნულით დაირღვა განათლების თავისუფალი არჩევანისა და მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი. ამდენად, პალატა სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოტივებსა და დასკვნას დისკრიმინაციული ქმედების შედეგად, ს.ხ–ძის შევიწროების შესახებ, თუმცა არ გაიზიარა მსჯელობა მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის დაკისრებული თანხის მოცულობის ნაწილში.

6.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა „ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე (ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება) და განმარტა, რომ დისკრიმინაციის (შევიწროების) საფუძვლით გამოწვეული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება პირდაპირ იყო გათვალისწინებული კანონით. ამასთან, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილზე (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით) და აღნიშნა, რომ არაქონებრივი ზიანი, თავისი ბუნებით, არ წარმოადგენდა დაზარალებულისთვის რაიმე მატერიალური დანახარჯის კომპენსაციის წყაროს. იგი მიეცემოდა დაზარალებულს სულიერი ტანჯვის საკომპენსაციოდ. ამდენად, მორალური ზიანი თავისი შინაარსით არამატერიალური ცნება იყო და აქედან გამომდინარეობდა კანონის დანაწესი მისი ოდენობის დასადგენად მხოლოდ გონივრულობისა და სამართლიანობის და არა რაიმე ფაქტობრივი მატერიალური დანაკარგის გათვალისწინების თაობაზე. დაზარალებულისათვის მორალური ზიანის მიყენება უკავშირდებოდა არა უშუალოდ რაიმე შემთხვევის დადგომის მომენტს, არამედ თვით ამ პირის განცდას, იმას თუ რა დროიდან მიადგა მას სულიერი ტკივილი. შეუძლებელი იყო სხვა პირისთვის იმის გაგება, თუ როდის მიადგა დაზარალებულს მორალური ზიანი, ვინაიდან იგი არანაირ ფაქტობრივ გარემოებასთან არ იყო დაკავშირებული და დამოკიდებული იყო მხოლოდ პირის სუბიექტურ შეხედულებასთან. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მითითებით, სახეზე იყო ისეთი მორალური ზიანი - გამოწვეული შიშით, რომლის დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებდა მის ანაზღაურებას. მორალური ზიანი წარმოადგენდა განცდას თუ სულიერ ტკივილს, რომელსაც უშუალოდ დაზარალებული განიცდიდა. ტკივილისა და სულიერი ტანჯვის აღქმა და გათვითცნობიერება არ უკავშირდებოდა პირის ქმედუნარიანობას (სრულწლოვნების ასაკს) და იგი ასაკობრივი თავისებურებების გამო (პრესტიჟის, პიროვნების თვითდამკვიდრების გამახვილებული გრძნობა და სხვ.), შესაძლებელი იყო უფრო მეტი სიმწვავით განეცადა მოზარდს.

6.7. პალატამ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში, დაკავშირებული იყო არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენდა სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნდა მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობდა არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნდა. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის, საკმარისი იყო ეარსება არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნდა მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავდა სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ დარღვევის ფაქტის კონსტატაცია არ იყო საკმარისი არაქონებრივი სიკეთის შელახვით გამოწვეული მორალური ზიანის განსაზღვრისთვის. პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე, გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ასევე სხვა ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), მოპასუხის ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვ. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს, ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით სულიერი განცდების შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური ემოციების შემსუბუქება და დადებითის გამოწვევა, რომელიც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებას წარმოადგენს და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. ამასთანავე, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი.

6.8. პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რამეთუ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის (100 000 ლარის) მოპასუხე საჯარო სკოლისთვის, რომელიც არის არაკომერციული მიზნებით მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულება, დაკისრებას შესაძლოა გამოეწვია მისი ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და მოპასუხეს გონივრული ანაზღაურების სახით უნდა დაკისრებოდა თანხა 5000 ლარის ოდენობით.

6.9. რაც შეეხება ს.ხ–ძის მოთხოვნას მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რაც გამოიხატა კერძო სკოლაში სწავლის საფასურის გადახდაში, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა და დაუსაბუთებლად მიიჩნია, ვინაიდან მოსარჩელე არ იყო ვალდებული N51-ე საჯარო სკოლიდან გადასვლის შემდგომ სწავლა გაეგრძელებინა კერძო სკოლაში.

6.10. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარე უნდა შემოწმებულიყო.

6.11. მოსარჩელე დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა იმაზე მითითებით, რომ ვინაიდან სკოლიდან გადასვლის შემდეგ საჯარო სკოლებში ადგილი არ იყო, იძულებული გახდა ბავშვი გადაეყვანა კერძო სკოლაში, სადაც სწავლება ფასიანი იყო, რაც არ გამომდინარეობდა საქმეში არსებული მტკიცებულებიდან და დგინდებოდა, რომ ამავე რაიონში მდებარე არაერთ სკოლაში იყო მესამე კლასში თავისუფალი ადგილების რაოდენობა. რაც შეეხება ს.ხ–ძის აპელირებას მასზედ, რომ ამ სკოლებშიც ვერ იქნებოდა ბავშვი უსაფრთხოდ, სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების გარეშე, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე გაზიარებული ვერ იქნებოდა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ კერძო სკოლაში გაწეულ ხარჯებსა და მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი, რის გამოც სახეზე არ იყო მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, ს.ხ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლამ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 და 31 ივლისის განჩინებებით, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლისა და ს.ხ–ძის საკასაციო საჩივრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. ს.ხ–ძის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის მორალური ზიანის ოდენობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო მორალური ზიანის ოდენობის შემცირების არგუმენტად, არასწორად უთითებს ადმინისტრაციული ორგანოს ბიუჯეტზე, რამეთუ საქმეში არ დევს სკოლის ბიუჯეტისა და დაფინანსების შესახებ ცნობა. ამასთან, მორალური ზიანის ოდენობის გაანგარიშების კონტექსტში, კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 30.2 მუხლზე (ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით), „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებულ ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტებზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრეცედენტულ სამართალზე, ბავშვის ფსიქოტრამვატიზებასთან მიმართებით ფსიქოლოგიური კვლევით დადგენილ შედეგებზე და მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო არასრულწლოვნის/მოწყვლადი პირის მიმართ განხორციელებული ქმედების ხარისხი, ასევე თუ რა უარყოფითი და ნეგატიური შედეგები გამოიწვია აღნიშნულმა ქმედებამ. კასატორის მითითებით, საგანმანთლებლო დაწესებულებამ, საჯარო სკოლამ ვერ შეძლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ღირსების, მორალური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის უფლებების სათანადოდ დაცვა, რაც მიუთითებდა არასრულწლოვანი ს.ხ–ძის შევიწროვების ფაქტზე და სასამართლოს, მორალური ზიანის ოდენობის გაანგარიშებისას, მხედველობაში სწორედ დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება უნდა მიეღო ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ; ასევე, მხედველობაში უნდა მიეღო ობიექტური გარემოებები, რომელთა შორისაა ბრალის ხარისხი, მიყენებული ზიანის თვისობრივი ხასიათი, ზიანის მიმყენებლის შემდგომი დამოკიდებულება გასაკიცხი ფაქტის მიმართ, მისი მზაობა აღიაროს არალეგიტიმური ქმედება და გონივრულობის ფარგლებში აანაზღაუროს ზიანი.

9.2. კასატორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის იმ ნაწილშიც, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სსიპ 51-ე საჯარო სკოლისათვის ს.ხ–ძის სასარგებლოდ მშობლის მიერ იძულებით გაღებული ხარჯის, მატერიალური ზიანის - 2100 (ორი ათას ასი) ლარი ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. კასატორის მითითებით, ამ ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ძველი თბილისის რაიონის რესურს-ცენტრის მიერ გაცემულ სკოლათა ნუსხას, თუ რომელ სკოლებში შეეძლო მოსარჩელეს სწავლის გაგრძელება (ადგილებიდან გამომდინარე) და რომ ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა წარმოადგენდა ე.წ. „მარტივ გამოსავალს“, რასაც არ იზიარებს კასატორი და აღნიშნავს, რომ სასამართლოს, სხდომის მიმდინარეობისას განემარტა, რომ ბავშვის გადაყვანა ვერ მოხდებოდა ამ რაიონის რესურს ცენტრს დაქვემდებარებულ სკოლებში, რადგან ყოფილი დირექტორის გადმოცემით, სკოლაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებული იყო რესურს-ცენტრი; ამასთან, სამინისტროდან თუ ხდებოდა დირექტორზე ზეწოლა (როგორც თავად დირექტორმა უთხრა) იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვს სხვა სკოლაში გაეგრძელებინა სწავლა, რა თქმა უნდა ეს სკოლა არ უნდა ყოფილიყო ამ რაიონის რესურს-ცენტრს დაქვემდებარებული, რადგან დავის დაწყების შემთხვევაში, ახალ სკოლაშიც შექმნიდნენ იგივე გარემოებას, ბავშვს დააბრალებდნენ „პრობლემატურობას“ და სასამართლო დავის წარმოებისას, შექმნიდნენ ხელოვნურ მტკიცებულებებს. შეს–მისად, კასატორი განმარტავს, რომ სკოლის შეცვლა იყო იძულებითი გარემოება, რის გამოც გასწიეს გაუთვალისწინებელი ხარჯი.

10. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები იმ თვალსაზრისით, რომ განუხორციელებია მტკიცებულებათა ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვა, რამაც გამოიწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა.

10.2. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხეს დისკრიმინაციის საფუძველზე მორალური ზიანის ანაზღაურება, რომ მას არ უმსჯელია და არ დაუდგენია დისკრიმინაციის ფაქტი, რაც არასწორად გაიზიარა სააპელაციო პალატამ.

10.3. ამასთან, კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა იმაშიც ვლინდება, რომ სასამართლო მანდატურის ქმედებებზე დააკისრა პასუხისმგებლობა სკოლას. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არასწორი შეფასება მიეცა სკოლის ფსიქოლოგის როლსა და ფუნქციებს.

10.4. ასევე, კასატორის მოსაზრებით, სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნის საგანს და სამართლებრივ საფუძველს იმ თვალსაზრისით, რომ განსხვავებული მოპყრობის დასაბუთებისას, მოსარჩელე არა სკოლის, არამედ თანაკლასელთა მშობლების, მათ შორის მესამე პირის ქმედებაზე მიუთითებდა.

10.5. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა სკოლის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლის მხრიდან გატარდა მყისიერი ღონისძიებები მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როგორც ინფორმაციული, ასევე საგანმანათლებლო თვალსაზრისით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით, ს.ხ–ძისა და სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივრები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ხოლო, ს.ხ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ N ას-251-2018, 08.02.2022 წ.).

15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნა კი, იმ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება, რომ მოპასუხე სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მხრიდან, მოსწავლის - ს.ხ–ძის მიმართ, განხორციელდა დამაკნინებელი, მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნა ღირსების შელახვის მიზნით; ბავშვის მიმართ ერთი თვის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა შევიწროება; სწავლა უწევდა საფრთხის შემცველ და არაჯანსაღ გარემოში; იყო ბრალდებების მსხვერპლი, რამაც მისი დათრგუნვა და ფსიქოლოგის დახმარების აუცილებლობა, ასევე, საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში იძულებით გადაყვანა განაპირობა. კერძო სკოლაში სწავლის საფასურის გადახდით კი, მოსარჩელემ გაუთვალისწინებელი ხარჯი გასწია.

16. საკასაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შედეგი რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 (საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია), ამავე კანონის 10.1-ლი (ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1-ლი (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით), ამავე კოდექსის 394.1-ლი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1-ლი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლებიდან გამომდინარეობს.

17. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, დისკრიმინაციული ქმედების შედეგად, ს.ხ–ძის შევიწროების თაობაზე; ამასთან, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანშეწონილობისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების უსაფუძლობის თაობაზე, თუმცა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან მიმართებით და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე საჯარო სკოლა არის არაკომერციული მიზნებით მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულება, მორალური ზიანის გონივრული ოდენობის სახით, მიზანშეწონილად მიიჩნია მოპასუხისათვის მხოლოდ 5000 ლარის დაკისრება, ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10000 ლარისა.

18. სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოერიცხა სკოლის პასუხისმგებლობა, რამეთუ ბავშვის ფსიქოემოციური ფონი გამოწვეული იყო მშობლების კონფლიქტითა და მესამე პირთა ქმედებებით, საიდან მომდინარე უარყოფით შედეგებზეც, სკოლა ვერ იქნება პასუხისმგებელი. ამასთან, მოპასუხის მითითებით, საფუძველს მოკლებულია მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება იმ პირობებში, რომ სასამართლოს არ დაუდგენია დისკრიმინაციის ფაქტი რომელიმე ნიშნის მიხედვით. მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიის საგანს კი, მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის მოცულობა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერება წარმოადგენს.

19. საკასაციო პალატა პირველ რიგში, მოპასუხის საკასაციო პრეტენზიების პასუხად აღნიშნავს, რომ მოპასუხის პასუხისმგებლობისა და მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, სააპელაციო პალატას გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს/მეორე კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური კვლევების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ბავშვი სასკოლო შფოთვით იყო ფსიქოტრავმატიზებული, რაც განპირობებული იყო მანდატურების მიერ მისი კლასიდან გაყვანითა და გამოკითხვით გამოწვეული შიშით, ასევე თანაკლასელის მშობელთან შეხვედრის (მესამე პირი) შიშითა და მის მიმართ, მასწავლებლების უნდობლობით (მას არ უჯერებდნენ); შესაბამისად, ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვს.

20. რაც შეეხება, უშუალოდ მოპასუხე სკოლის როლსა და მის პასუხისმგებლობას ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის/მეორე კასატორის შედავებას მასზედ, რომ ბავშვის ფსიქოემოციური ფონი გამოწვეული იყო მშობლების კონფლიქტითა და მესამე პირთა ქმედებებით, საიდან მომდინარე უარყოფით შედეგებზეც, სკოლა ვერ იქნება პასუხისმგებელი. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 9.8 (მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან), 13.6 (სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა), 20.1 (დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლებზე და განმარტავს, რომ სკოლას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უნდა შეესრულებინა მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება - საკუთარი ინიციატივით მიეღო მყისიერი ზომები და მიემართა რაიმე ეფექტიანი ღონისძიებისათვის, თუმცა, ნაცვლად ამისა, დადგენილია, ხოლო, კასატორმა დასაბუთებული შედავებითა და სარწმუნო არგუმენტებით, ვერ გააქარწყლა წინამდებარე დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ სკოლას მის ხელთ არსებული რესურსი არ გამოუყენებია სათანადოდ; სკოლას ჰქონდა შესაძლებლობა მანდატურის მიერ ბავშვის გამოკითხვის პროცესში ჩართული ჰყოლოდა ფსიქოლოგი, თუმცა იგი არ მონაწილეობდა მანდატურის მიერ ბავშვის გაყვანისა და გამოკითხვის ეპიზოდებში; არ ახდენდა მშობლის ინფორმირებას, მით უფრო, რომ ამ ქმედებას მანდატური საგაკვეთილო საათებში ახორციელებდა. დადგენილია ისიც, რომ სკოლის მიერ უგულებელყოფილი იქნა მოსარჩელის მშობლის თხოვნა - ბავშვის კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად არ დაეშვა მესამე პირი (ნ.ჭ–ი) სკოლის შენობაში და სხვა მშობლების მსგავსად, მასზეც გაევრცელებინა მშობელთა შენობაში დაშვების შეზღუდვის წესი, რათა აერიდებინა ს.ხ–ძესთან შეხვედრა; ნაცვლად ამისა, სკოლის 05.11.2019 წლის წერილით დასტურდება, რომ სკოლის ხელშეწყობით ს.ხ–ძეს აქტიურად უწევდა თანაკლასელის დედასთან შეხვედრა, დამრიგებლის ნაცვლად თანაკლასელის დედის მორიგეობის გამო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სკოლის მხრიდან მყისიერი ღონისძიებების გატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, მარტოოდენ მოპასუხის/მეორე კასატორის ზეპირსიტყვიერი მითითება მასზედ, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გატარდა როგორც ინფორმაციული, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებები, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება. შემდავებელს სასამართლოსთვის იმგვარი დასაშვები მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რომელიც უცილობლად სარწმუნოს გახდიდა მისი პოზიციის სისწორეს, თუმცა, კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სარწმუნო/დამაჯერებელი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით, მოპასუხემ/მეორე კასატორმა ვერ შეძლო.

21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სკოლამ ვერ შეძლო მომხდარი ფაქტების მიმართ საკუთარი პასიური დამოკიდებულებისა და უმოქმედობის გაქარწყლება, რამაც თავის მხრივ, შელახა ბავშვის განათლების მიღების უფლება კეთილგანწყობილ და შემწყნარებლურ გარემოში და რაც, გახდა კიდეც სასამართლოს მიერ, მოსარჩელის შევიწროების (ნებისმიერი ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნა) ფაქტის დადასტურების საფუძველი. აღნიშნული ქმედება კი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 3​1 პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციულია და წარმოადგენს სამართლის მიერ დაცულ ისეთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შემთხვევაშიც, არაქონებრივი (მორალური) ზიანი, ხელმყოფისაგან ანაზღაურებას ექვემდებარება. ამასთან, რამდენადაც მოსარჩელის უფლების რეალიზაცია - მიიღოს განათლება შემწყნარებლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ გარემოში, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, სწორედ სკოლის ვალდებულებაა, ამ უფლების დარღვევაზე პასუხისმგებელიც, სწორედ სკოლაა - მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობდა ქმედებები მანდატურისგან/ფსიქოლოგისგან/თუ მესამე პირისგან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად და განხორციელებული შევიწროების დასასაბუთებლად მიუთითებდა არა მხოლოდ თანაკლასელთა მშობლებისა და მესამე პირის ქმედებებზე, არამედ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან არაადეკვატურ რეაგირებაზეც, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება მასზედ, რომ სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნის საგანსა და სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის/მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

22. რაც შეეხება მოსარჩელის/პირველი კასატორის პრეტენზიას, რომელიც უკავშირდება დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობის არაგონივრულობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ამ ნაწილში წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შემდეგ გარემოებათა გამო:

23. „სამოქალაქო კანონმდებლობაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს მორალური ზიანის არსებობა წარმოადგენს. იგი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში“ (იხ: სუსგ, №ას-912-874-2014, 19 მარტი, 2015 წ.).

24. კანონმდებელობა არ ადგენს ცალკეულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას. ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალურობისა და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. მორალური (არაქონებრივი) ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებსა და სულიერ ტკივილში, რომელსაც იგი განიცდის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად.

25. საკასაციო პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას. მორალური ზიანის ანაზღაურებისას შეუძლებელია იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც ზიანის წარმომშობი გარემოების (შედეგის) დარღვევამდე არსებულ პირობებში ჩააყენებდა პირს. ამ ტიპის ზიანის ანაზღაურება მხოლოდ დაზარალებულის სულიერი ტანჯვის შემსუბუქების და ემოციური ბალანსის აღდგენის მიზანს ემსახურება. მორალური ზიანის სრულფასოვანი ანაზღაურებისთვის შესაფერისი კომპენსაცია არ არსებობს. ფულადი ანაზღაურება მხოლოდ სუროგატია და არა პირდაპირი სარეპარაციო საშუალება. უკეთესი სანქციის უქონლობის გამო, სამართალი ფულადი თანხის გადახდევინებით იცავს იმ უფლებებს, რომელთა შელახვასაც მოსდევს მორალური ზიანი. ამდენად, მორალურ ზიანის ანაზღაურებას არ აქვს ტრადიციული საკომპენსაციო ხასიათი, პასუხისმგებლობის ზომა ამ შემთხვევაში ვერ იქნება ზიანის პროპორციული (იხ. სუსგ საქმეზე №ას-660-660-2018, 10/07/2018 წ.).

26. მორალური ზიანის ოდენობა დამოკიდებულია პირის ფსიქიკურ სფეროში ნეგატიური შედეგების ხარისხსა და ხასიათზე, რასაც თავისმხრივ კონკრეტული პირის სუბიექტური თავისებურებები განაპირობებს. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი გარემოებები, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა და სხვა. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ფიზიკური და მორალური ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება (იხ. სუსგ საქმეზე №ას-660-660-2018, 10/07/2018 წ.).

27. აღსანიშნავია ისიც, რომ ზიანის ოდენობაზე პრეზუმფცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ზიანის ოდენობა და ასევე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის ქონებრივი მდგომარეობა დაზარალებულის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.

28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას, სწორედ ზემოაღნიშნულ აბზაცებში (იხ. ამ განჩინების 24-ე-27-ე აბზაცები) მითითებული კრიტერიუმებით იხელმძღვანელა და საბოლოო ჯამში, მოსარჩელის როგორც არასრულწლოვანის, მოწყვლადი პირის მიმართ განხორციელებული ქმედების ხარისხის, იმ უარყოფითი და ნეგატიური შედეგების გათვალისწინებით, რაც აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია, ქმედების მიმართ მოპასუხის დამოკიდებულებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე ორგანიზაცია წარმოადგენდა არაკომერციული მიზნებით მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებას, გონივრულად მიიჩნია მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება არა მოთხოვნილი 100000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, არამედ 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ მოტივით, რომ მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი, არ უნდა მოწყდეს რეალობას და მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნილი (100000 ლარი) ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაზე და დაზარალებულის სულიერი ტანჯვის შემსუბუქებისა და ემოციური ბალანსის აღდგენის მიზნით, 10000 ლარი სამართლიან ოდენობას წარმოადგენდა; სააპელაციო პალატის მხრიდან კი, მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობდა, მით უფრო იმ გარემოებაზე აპელირებით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, ისედაც ჰქონდა მხედველობაში მიღებული, ხოლო, სხვა რაიმე ახალ გარემოება ან მტკიცებულება, რაც ამ მიზეზით წარმოშობდა მორალური ზიანის ოდენობის სხვაგვარად გაანგარიშების საფუძველს, სააპელაციო პალატას არ მიუთითებია.

29. რაც შეეხება მოსარჩელის/პირველი კასატორის შედავებას მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ/პირველმა კასატორმა ვერ მიუთითა სარწმუნო არგუმენტებსა და რელევანტურ მტკიცებულებებზე, რაც სწავლის კერძო სკოლაში გაგრძელების აუცილებლობას დაადასტურებდა. მხოლოდ მოსარჩელის/პირველი კასატორის სუბიექტურ აღქმებზე დამყარებული განცხადება (იმავე რაიონის რესურს ცენტრს დაქვემდებარებულ სკოლაში, შექმნიდნენ ბავშვის „პრობლემატურობის“ თაობაზე ხელოვნურ მტკიცებულებებს) კი, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი ვერ გახდება.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შეს–მისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, ს.ხ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლის საპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

33. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, ს.ხ–ძის დაკმაყოფილებული საკასაციო მოთხოვნის პროპორციულად (მოსარჩელემ საკასაციო ინსტანციაში დავის საგნისა და დაკმაყოფილებული მოთხოვნის მხედველობაში მიღებით, დავა მოიგო 5.263 %-ით), მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 250 ლარის გადახდა (ს.ხ–ძის საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 4750 ლარს, რომლის 5.263% შეადგენს 250 ლარს).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ს.ხ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება სსიპ გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლის საპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (მე-3 და მე-4 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი, რომლითაც ს.ხ–ძეს სსიპ გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლის სასარგებლოდ დაეკისრა 200 ლარის ანაზღაურება;

5. სსიპ გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლას ს.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს დისკრიმინაციული ქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

6. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცველად;

7. სსიპ გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51-ე საჯარო სკოლას (203850699) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის გადახდა;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე