Facebook Twitter

6 თებერვალი, 2025 წელი,

#ას-1394-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ბმა „ვ.მ–ი“ (მოსარჩელე; შეგებებული მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბმა „ქ–ი“, ი.ქ–ძე (მოპასუხეები; შეგებებული მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მიწის ნაკვეთის კანონისმიერი სერვიტუტით დატვირთვა, კრების ოქმის ბათილად ცნობა (ძირითად სარჩელში) აუცილებელი გზით სარგებლობის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბმა „ვ.მ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან ამხანაგობა) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით ბმა „ქ–ისა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ი.ქ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ მიწის ნაკვეთის კანონისმიერი სერვიტუტით დატვირთვისა და კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული სარჩელი და აუცილებელი გზით სარგებლობის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების შესახებ შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები რასაც შედეგად დაუსაბუთებელი განჩინების მიღება მოჰყვა; კასატორის მიერ ვრცლად არის წარდგენილი საკასაციო პრეტენზია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების ნაწილობრივ არასწორად დადგენის, ისე მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილებისა და სამართლებრივი შეფასების არარელევანტურობის თვალსაზრისით (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელე თბილისში, ......... მდებარე და 2004 წლის 10 ნოემბრიდან (აღრიცხვის ფურცელი #11) რეგისტრირებული ამხანაგობაა.

2018 წლის 28 აპრილის კრების ოქმის საფუძველზე, ამხანაგობის თავმჯდომარედ 5 წლით არჩეულ იქნა ს.ნ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ამხანაგობის თავმჯდომარე).

თბილისში, ......... მდებარე 2003.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და N1, N2, N3, N4 შენობა - ნაგებობები ს/კ-ით #........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი ან მოსარჩელის საკუთრება), მოსარჩელის საკუთრებაა.

4.4. პირველი მოპასუხე თბილისში, ...... მდებარეობს და 2008 წლის 24 მარტიდანაა რეგისტრირებული. ამხანაგობის თავმჯდომარედ 2 წლით არჩეულ იქნა თ.ქ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე ამხანაგობის თავმჯდომარე).

თბილისში, ..... მდებარე 674 კვ.მ დაუზუსტებელი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი ს/კ-ით #......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება ან მიწის ნაკვეთი), 2008 წლამდე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 8 ივლისის N882008194416 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, N009/01-58662 მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 1-ლი მოპასუხის საკუთრება იყო. გაფორმების თარიღი: 18/09/2008წ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური.

2018 წლის 23 მაისის N892018441138-03 გადაწყვეტილებით, (საფუძველი: თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 18 სექტემბრის N009/01-58662 გადაწყვეტილება, განცხადების რეგისტრაციის ნომერი: .........) უძრავი ნივთის მახასიათებლები შემდეგნაირად დადგინდა: ნაკვეთის ფუნქცია -არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი - 674.00 კვ.მ, 2008 წლის მონაცემებით, დაზუსტებული - 651.00 კვ.მ, ხოლო, 2010 წელს მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე ფართობი აღნიშნულია - 651.00 კვ.მ მოცულობით.

2018 წლის შემდგომ უძრავი ნივთის საზღვრები არ შეცვლილა.

თბილისში, .........., ს/კ-ით #......, აქტიური საკადასტრო მონაცემია და მასზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 9 აგვისტოს N255251 წერილი).

4.5. თბილისში, .........., ს/კ-ით #......... პირველი მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაშია.

4.6. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს საავტომობილო მისასვლელი გზა აქვს სამხრეთ-დასავლეთით არსებული ....... ქუჩის მხრიდან მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ-ით N......... გავლით (იხ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 18 მაისის №3283299 გადაწყვეტილების).

4.7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 3 აგვისტოს №201821539 წერილიდან ირკვევა, რომ: “ვინაიდან, დიდუბის რაიონში, ......... მდებარე სახლთმფლობელობის საკუთრებაში რეგისტრირებულ (ს/კ-ით .........) მიწის ნაკვეთთან სხვა სამანქანო და საფეხმავლო მისასვლელი გზა არ ფიქსირდებოდა, აღნიშნული ტერიტორია უნდა დაიტვირთოს საზოგადოებრივი სერვიტუტით, როგორც ერთადერთი მიმოსვლის გზა ........ სახლთმფლობელობის საკუთრებაში რეგისტრირებულ (ს/კ-ით ....) მიწის ნაკვეთთან შეუფერხებლად როგორც სამანქანო, ასევე საფეხმავლო მიმოსვლისათვის.“

4.8. იმავე სამსახურის 2008 წლის 5 ოქტომბრის №67-01182784110 წერილის მიხედვით, 1-ლი მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვთი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება, რომელთანაც სხვა სამანქანო და საფეხმავლო მისასვლელი გზა არ ფიქსირდება.

აღნიშნული ტერიტორია უნდა დაიტვირთოს საზოგადოებრივი სერვიტუტით (იხ. დანართი), შესაბამისად, დიდუბის რაიონში, ........ №3ა-სთან არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ-ით N........) საზღვრების რეგისტრაცია სამსახურს შესაძლებლად მიაჩნია მხოლოდ აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით.

4.9. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 13 აგვისტოს №005685919 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) დასკვნის თანახმად, თბილისში, .......... ქ. №3/........... №32-ში (ს/კ-ით #.........) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებთან მისასვლელი ერთადერთი საავტომობილო გზა (აუცილებელი საავტომობილო კავშირი სადარბაზოებსა და საჯარო გზას შორის) შესაძლებელია მოეწყოს მხოლოდ იმ ადგილას სადაც ის დღეს უკვე არსებობს, კერძოდ, თბილისში, .......... ქუჩა, №3ა-ში მდებარე სახლთმფლობელობის ეზოდან (იხ. დანართ #1 და #2-ზე ვარდისფერი ისრებით ნაჩვენები ადგილი).

ხოლო თბილისში, .......... ქ. №3/........... №32-ში (ს/კ-ით #.....) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებთან მისასვლელი საფეხმავლო გზა (აუცილებელი საფეხმავლო კავშირი სადარბაზოებსა და საჯარო გზას შორის) შესაძლებელია მოეწყოს მხოლოდ იმ ადგილას სადაც ის დღეს უკვე არსებობს, კერძოდ, თბილისში, .......... ქუჩა, №3ა-ში მდებარე სახლთმფლობელობის ეზოდან და ...... ქუჩიდან კარის ღიობის გავლით (იხ. დანართ #1 და #2-ზე ლურჯიისრებით ნაჩვენები ადგილი და ფოტოილუსტრაცია).

4.10. შპს „ბიემჯი გრუპის“ 2020 წლის 28 იანვრის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, თბილისში, .......... ქუჩა, №3ა-ში (ს/კ-ით N.......) მდებარე მიწის ნაკვეთიდან აუცილებელი გზით სარგებლობისათვის საჭიროა 93.00 კვ.მ, რომლის საბაზრო ღირებულება შეფასების დასკვნით - 202 089 ლარი, დამრგვალებით - 202 000 ლარია, ხოლო ქირის ღირებულებაა თვეში - 524 ლარი.

4.11. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, .......... №3ა-ში (ყოფილი ...... №5) მდებარე ნივთის არაპრივატიზირებულ სარდაფზე საკუთრების უფლება აღრიცხული არ არის (იხ. შიდა აზომვითი ნახაზი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 2 მაისის წერილი).

4.12. პირველი მოპასუხის 2008 წლის №3 კრების ოქმით, ამხანაგობის წევრს/მეორე მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა - 39 კვ.მ სარდაფი და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ.

4.13.1. მეორე მოპასუხის კუთვნილი - 39.00 კვ.მ სარდაფი (ს/კ-ით №.....) მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ მდებარეობს.

5. თავდაპირველად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი. ასეთი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობებს ადგენს სსსკ-ის 180-ე მუხლი. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირკვევა (შდრ. სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.

7. სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში. დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა რომ: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).

8. სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით ვინაიდან, აღიარებითი სარჩელი მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს (შდრ, სუსგ №ას-375-359-2016, 17 ივნისი, 2016.).

9. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს პირველი მოპასუხე ამხანაგობის 2008 წლის №3 კრების ოქმის ბათილად ცნობა წარმოადგენს.

10. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესის არსებობა არ განისაზღვრება საკითხისადმი მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ აუცილებელია არსებობდეს მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით კი, იურიდიული ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში რეალურად მიღწევადი უნდა იყოს.

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის პირობებშიც მოსარჩელე ვერ განახორციელებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგიტრაციას სახელდობრ:

11.1. დადგენილია, რომ პირველი მოპასუხის 2008 წლის №3 კრების ოქმით, ამხანაგობის წევრს/მეორე მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა - 39 კვ.მ სარდაფი და ეს უკანასკნელი აღირიცხა ნივთის მესაკუთრედ. ასევე დადგენილია, რომ მეორე მოპასუხის კუთვნილი - 39.00 კვ.მ სარდაფი (ს/კ-ით №.....) მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ მდებარეობდა, კერძოდ:

11.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის პოზიციის გასამყარებლად მოსარჩელე ამხანაგობის თავმჯდომარისა და მისი წევრის განცხადებები სათანადო ხარისხის მტკიცებულებებად ვერ განიხილებოდა, რადგან ისინი დაინტერესებულნი იყვნენ საქმის საბოლოო შედეგით.

ისევე როგორც სს „ს.რ–სა“ და საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წერილები არ იყო რელევანტური ხასიათის მტკიცებულებები, მათი შინაარსობრივი მხარის და გადასწყვეტ საკითხთან არსებითი შემხებლობის არქონის გათვალისწინებით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილისა და 2018 წლის 11 დეკემბრის წერილებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდებოდა სადავო - 39.00 კვ.მ სარდაფზე მეორე მოპასუხის საკუთრება. წერილებიდან არცერთი არ შეიცავდა ინფორმაციას სადავო ფართის მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარეობის შესახებ. სააღრიცხვო ბარათში არსებულ საინვენტარიზაციო გეგმაზე თავისუფალ ადგილას დაფიქსირებული ჩანაწერიც - „თავშესაფარი“, სადავოდ გამხდარი ფართის იდენტურობის განმსაზღვრელად ვერ გამოდგებოდა.

11.3. აქედან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა დადასტურებულია, რაც სარჩელის და შესაბამისად საკასაციო პრეტენზიის უარყოფის საფუძველია.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა მსჯელობს კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებზე (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

15. სსსკ-ის 401.4მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ვ.ჯ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #24008676545, გადახდის თარიღი 03.10.2024 წ.), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბმა „ვ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ბმა „ვ.მ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს ვ. ჯ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #24008676545, გადახდის თარიღი 03.10.2024 წ.), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა