6 თებერვალი, 2025 წელი,
საქმე №ას-1556 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.დ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან ბავშვის დედა) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ.დ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვის მამა) არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - 500 ლარის, გადახდა ყოველთვიურად 2022 წლის 11 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. კასატორი მიიჩნევდა, რომ განჩინება არ იყო დასაბუთებული მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო არასრულწლოვნის არა. სასამართლო კი, ვალდებულია ალიმენტის ოდენობა გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე განსაზღვროს მათ შორის ყურადღება მიაქციოს მოპასუხე მხარის ფინანსურ მდგომარეობას (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეები 2002 წლის 30 აგვისტოდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1106-ე და 1151-ე მუხლები).
4.4. 2021 წლის 25 მაისს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
4.5. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, მათ შორის - 2008 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ს. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი), რომელიც ცხოვრობს დედასთან.
4.6. არასრულწლოვანი შპს ,,ქ -ა. ს. პ–ის“ მოსწავლეა, სადაც სწავლის საფასური - 4800 ლარი, ერთი თვის კვების საფასური - 120 ლარი, ხოლო, ერთი თვის ტრანსპორტირების საფასური - 120 ლარია (იხ. მომსახურების NB01-20/107 ხელშეკრულება).
4.7. არასრულწლოვანს ხერხემლის სვეტის გულმკერდ-წელის ნაწილის S-ისებური სქოლიოზი დაუდგინდა, მარჯვნივ მწვერვალით. ასევე მარცხენა თეძოს ძვლის ქედის ზემო წერტილი მარჯვენასთან შედარებით 6 მმ-ით დაბლაა განთავსებული (იხ. სს ,,ე.ჰ–ის“ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რადიოლოგიური სამსახურის 2021 წლის 26 აპრილს გაცემული სქოლიოზის რენტგენოლოგიური გამოკვლევა).
4.7.1. ამავე საავადმყოფოს 2021 წლის 4 მაისის ცნობის/ფორმა N100ა თანახმად, არასრულწლოვანს დაუდგინდა სქოლიოზი (დაუზუსტებელი) (M41.9) და მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები, კერძოდ, საჭიროებდა რეაბილიტაციურ მკურნალობას ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებათა პროგრამით და სისხლის ანალიზსს მიკროელემენტებზე.
4.8. 2022-2023 წლებში მოპასუხემ შპს „ქ-ა.ს.პ–ის“ ანგარიშზე, არასრულწლოვნის სწავლის საფასური - 5000 ლარი და 7000 ლარი ჩარიცხა (იხ. გადახდის ქვითრები).
4.9. არასრულწლოვანი 04/02/20-12/02/20-მდე მკურნალობდა კავკასიის მედიცინის ცენტრში. ჩაუტარდა: AASD00 ეპიდულარული ჰემატომის ევაკუაცია, AASK00 კრანიოპლასტიკა (იხ. კავკასიის მედიცინის ცენტრის 2020 წლის 26 თებერვლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV-100).
4.10. მოპასუხის დიაგნოზია - ძირითადი დაავადება, (163.5) თავის ტვინის ინფარქტი, განვითარებული ცერებრალური არტერიების დაუზუსტებელი ოკლუზიისა და სტენოზის გამო. თანხმლები დაავადებები: თავის ტვინის დაუზუსტებელი დაზიანების შედეგები; სხვა ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია; ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია; გულის უკმარისობა, ძირითადი დაავადების გართულება: სომნოლენცია (ჰიპერსომნია) (იხ. შპს ბათუმის მედიცინის ცენტრის 30.03.2022 წლის სამედიცინო ცნობა/ფორმა #IV-100/ა).
4.10.1. ექიმთან ვიზიტისას გამოხატული აქვს მეტყველების გაძნელება, მარჯვენა კიდურებში ძალის მკვეთრი დაქვეითება, სახის ასიმეტრია. გადატანილი აქვს ქალა-ტვინის ტრავმა, ჩატარებული აქვს ძვალ-პლასტიკური ოპერაცია შუბლ-საფეთქლის არეში. დიაგნოსტირებულია ც.ჰეპატიტზე, რომელსაც პროგრამული მედიკამენტებით მკურნალობდა.
4.11. თბილისის მედიცინის ინსტიტუტის 2021 წლის 6 აგვისტოს კათეტერიზაციის ოქმით, მხარეს კორონალურ არტერიებში აღინიშნება მრავლობითი დიფუზური, ჰემოდინამიკულად უმნიშვნელო ათეროსკლეროზული ცვლილებები, მათ შორის 30-40%-მდე შევიწროვება წინა დაღმავალი არტერიის დისტალურ სეგმენტში.
4.12. მოპასუხეს 2008-2013 წლებში უფიქსირდება შემოსავალი ხელფასის, დივიდენდისა და მომსახურების ანაზღაურების სახით (იხ. შემოსავლების სამსახურის 05.05.2023 წლის ცნობა).
4.13. მოპასუხე 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 17 ოქტომბრის მანძილზე სასესხო ვალდებულებას ასრულებდა. 2023 წლის აპრილიდან თვეში დაახლოებით - 840 ლარის ოდენობით (იხ. სს „საქართველოს ბანკის“ 2023 წლის 17 ოქტომბრის ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან).
4.14. მოპასუხე შპს „ვ.ტ–ის“ (ს/ნ ......) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შპს ან საზოგადოება) 75%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორია. 25%-იანი წილი კი, მოსარჩელის სახელზეა რეგისტრირებული. შპს სასტუმრო მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობას აწარმოებს.
4.15. საზოგადოების საკუთრებაში არსებულ სასტუმრო ,,ყაზბეგის“ მომსახურებასთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან შპს-ს მიერ გაფორმებული 2022 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების ღირებულება - 150000 ლარია.
2022 წლის 4 თებერვლიდან - 25 თებერვლის ჩათვლით, საზოგადოებამ მომსახურების საერთო ღირებულების სახით - 21810 ლარი, 22704 ლარი და 53002 ლარი მიიღო (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი).
4.16. საზოგადოების მიერ აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან გაფორმებული 2021 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულების ღირებულება - 100000 ლარია. 14.09.2021წ და 20.10.2021წ ცვლილებებით, ხელშეკრულების ღირებულება - 156370 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული შეთანხმებით, საზოგადოებამ 6.09.2021 წელს და 21.10.2021 წელს მომსახურების საერთო ღირებულების სახით ს - 41790 და 51890 ლარი მიიღო.
4.17. 01.01.2022 წლიდან-31.05.2024 წლის ჩათვლით საზოგადოების დღგ-ს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა - 308 969.26 ლარია. 2018 წლის 1 იანვრიდან, მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციით, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება, შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია სუბიექტის ერთობლივი/დასაბეგრი შემოსავლის და მოგების შესახებ (იხ. სსიპ შემოსავლების სამსახურის 26.06.2024 წლის წერილი).
4.18. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 05.2022-დან 06.2024 წლამდე საზოგადოების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 226 245.53 ლარია (იხ. შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის ცნობა). გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებით, საზოგადოებას ჰქონდა სხვადასხვა ხარჯი.
ხოლო 2022-2023-2024 წლების ბრუნვის უწყისით, საწარმოს ხარჯები აჭარბებდა მის შემოსავლებს.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან) და 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
6. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252; Corden A., Meyer D.R., Child Support Policy Regimes in the United States, United KLingdom, and other Countrises: Similar issues, Different approaches, University of Wisconsin-Madison Institute for Research on Poverty, Focus, Volume 21, Number 1, 2000, Spring, 75.). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლოა დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999).
7. საკასაციო პალატა, სადავო საკითხის მართებულად შეფასებისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართლებრივ დანაწესებზე, კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება.
8. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (იხ. ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, ლაშა ლურსმნაშვილის თარგმანი, თბილისი, 2020, გვერდი 11.).
9. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაცის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანატია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან დაკავშირებით. (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის. (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 31-ე მუხლის თანახმად, ბავშვის მოთხოვნები მოიცავს ფართო დიაპაზონს, ესენია: განათლების, კულტურული და სოციალური მოთხოვნები.
10. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 10 ოქტომბერი, 2017 წ.; №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).
11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ( შდრ: სუსგ-ები: №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ., პ.24-26; №ას-1284-2020, 25 ნოემბერი, 2022 წ, პ.16.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ, პ.28.).
12. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
13. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. (იხ. სოფო კილაძე, პაატა ტურავა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარი, თბილისი, 2021, გვერდი 65.).
14. ალიმენტის გადახდის დაკისრების კონტექსტში საკასაციო პალატა მიუბრუნდება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში (შდრ: სუსგ-ები: №ას-733-733-2018, 11 ივლისი, 2018 წ, პ.128; №ას-541-509-2012, 30 აპრილი, 2021 წ.; №ას-1122-1069-2013, 10 თებერვალი, 2014 წ.; №ას-204-191-2014, 20 ოქტომბერი, 2014 წ.; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1173-1128-2016, 30 ივნისი, 2017 წ.; №ას-861-2019, 03 დეკემბერი, 2019 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.).
სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (შდრ: სუსგ-ები: №ას-358-2023, 27 ივნისი, 2023 წ. პ.16; №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ).
15. სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთის მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორეს მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრუწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში“ (იხ. სუსგ -ები: №ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წ; №ას-829-2019, 11 ივლისი, 2019 წ.).
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის დაკისრებას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ასევე, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14 ივნისი, 2022წ.; №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წ.).
ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ალიმენტის მიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან აქვს, უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც.
ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს გონივრული და სამართლიანი ოდენობით, ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წ.; № ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ.; №ას-1128-1075-2013, 10 თებერვალი 2014 წ.; №ას-675-641-2013, 10 თებერვალი, 2015 წ.; №ას-298-283-2016, 26 სექტემბერი 2016 წ.; №ას-1194-1154-2016, 31 მარტი, 2017 წ.; № ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-332-2019, 02 აგვისტო, 2019 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.; №ას-46-2023, 29 მარტი, 2023 წ., №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).
17. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 1212-ე მუხლით, რომელიც ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას, იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში და 1214-ე მუხლით, რომელიც შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, თუმცა ამოსავალ პრინციპს მაინც ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა წარმოადგენს და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ. სუსგ-ები: №ას-50-2121, 05 მარტი, 2021 წ.; №ას-177-2019, 23 მაისი, 2019 წელი; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).№ას-621-2019, 11 ივლისი, 2019 წელი).
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან. ამრიგად, უდავოა, რომ მოპასუხეს, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, უნდა დაეკისროს მის აღზრდაში მონაწილეობისთვის ალიმენტის გადახდა.
19. რაც შეეხება დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობას, რასაც სადავოდ ხდის კასატორი/მოსარჩელე, გასათვალისწინებელია, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არასრულწლოვნის საჭიროებები და მშობლების შემოსავლები. საყურადღებოა ასევე მოპასუხის განმარტება, რომ არასრულწლოვნის ხარჯს ისედაც თავად ფარავს, ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის მიხედვით 2022-2023 წლებში მოპასუხემ შპს „ქ-ა.ს.პ–ის“ ანგარიშზე, არასრულწლოვნის სწავლის საფასური - 5000 ლარი და 7000 ლარი ჩარიცხა.
. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილებით დასტურდება, რომ 01.01.2022 წლიდან-31.05.2024 წლის ჩათვლით საზოგადოების დასაბეგრი ბრუნვა - 308969.26 ლარია შპს-ს სხვადასხვა ხარჯი აქვს და 2022-2023-2024 წლების ბრუნვის უწყისის მიხედვით, ხარჯები შემოსავლებს აჭარბებს.
20. საკასაციო სასამართლო მოპასუხის შემოსავლის გათვალისწინებით სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1214-ე მუხლებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა, რომლის არგუმენტაციის წინააღმდეგაც, როგორც აღინიშნა, კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად მართებულად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვის ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის, 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად ამდენად სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს კასატორის მხოლოდ ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა