Facebook Twitter

საქმე №ას-743-2023 14 მარტი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ბ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ტ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, დავალიანების თანხის შემცირება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბ.ტ–ძემ (შემდეგში „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ.ბ–ვას (შემდეგში „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა ბ.ტ–ძის ვალდებულება ნ.ბ–ვას მიმართ, განსაზღვრულიყო 21350 ლარით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელის განმარტებით, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქმე, სადაც კრედიტორს წარმოადგენს ნ.ბ–ვა, ხოლო მოვალე - ბ.ტ–ძე. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოვალეს დაეკისრა 39251,98 ლარის გადახდა.

2.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ბ.ტ–ძის ვალდებულება შეადგენდა 21350 ლარს. ბ.ტ–ძე მას უხდიდა პროცენტს, თუმცა, ნ.ბ–ვამ მას განუმარტა, რომ სესხი იყო სარგებლის გარეშე და პროცენტი არ უნდა გადაეხადა და ვინმე თუ ჰკითხავდა აღნიშნულის შესახებ, უნდა ეთქვა, რომ პროცენტი არ გადაუხდია. როდესაც მოსარჩელემ კრედიტორს დაურეკა და შესთავაზა სესხის გადახდა, მან ბ.ტ–ძეს მოსთხოვა 39000 ლარის დაფარვა, ვალდებულების შესასრულებლად.

2.3. სარჩელის თანახმად, ის იხდიდა პროცენტს ნ.ბ–ვას სასარგებლოდ, კრედიტორმა კი მოატყუა, განუმარტა რა, რომ სესხი უპროცენტო იყო და აღარ უნდა გადაეხადა ბ.ტ–ძეს მისთვის პროცენტი. ბ.ტ–ძემ შეწყვიტა მისთვის თანხის გადახდა, ნ.ბ–ვამ შეგნებულად გაზარდა სესხის თანხა 39251 ლარამდე, რათა მომხდარიყო მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია, ნ.ბ–ვას სასარგებლოდ.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3.2. მოპასუხემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს, მასსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბ.ტ–ძემ ისესხა 13210 ლარი, 6 თვის ვადით. 2018 წლის 6 აპრილს, ბ.ტ–ძის თხოვნით, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და თანხა განისაზღვრა 19050 ლარით.

3.3. 2018 წლის 26 აპრილს, მხარეებმა კვლავ შეცვალეს სესხის ოდენობა და საბოლოოდ, 2018 წლის 25 ნოემბრამდე, ბ.ტ–ძემ ნ.ბ–ვასგან ისესხა 21350 ლარი. სესხი იყო სარგებლის გარეშე და ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების დარღვევისათვის, ძირითადი თანხის 0,13%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

3.4. ბ.ტ–ძეს მისთვის ვალდებულება არ შეუსრულებია, ხელშეკრულება კი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადახდევინებას, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის ოდენობა განსაზღვულია, როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისევე პირგასამტეხლოს ჯამი, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, ბ.ტ–ძის სარჩელი, მოპასუხე ნ.ბ–ვას მიმართ, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და დავალიანების თანხის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ.ტ–ძემ.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, ბ.ტ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ.ტ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 31.07.2020 წელს გაცემულ #200504507 სააღსრულებო ფურცელში, რომლის მიხედვით ბ.ტ–ძეს ნ.ბ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება და #200504507 სააღსრულებო ფურცლით სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 21 350 ლარით, ხოლო პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A20069950 საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

5.2. სააპელაციო პალატამ, აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები სარგებლის გადახდის თაობაზე, კერძოდ, მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი სარგებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან მოპასუხე უარყოფდა მოსარჩელის მიერ პროცენტის გადახდის ფაქტს, რაც სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 431-ე მუხლების საფუძველზე, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

5.3. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების უმართებულობის ნაწილში, ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, თუმცა ბ.ტ–ძისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა. სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, გაითვალისწინა საქმის კონკრეტული ინდივიდუალური გარემოებები, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე მხედველობაში მიიღო ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა დარღვევების გათვალისწინებით და მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 17 901 ლარი, წარმოადგენდა არაგონივრულ სანქციას და მისი ოდენობა 10 000 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.

5.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს, როგორც ბ.ტ–ძემ, ასევე, ნ.ბ–ვამ. ამ უკანასკნელმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით, ბ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის კანონით დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი შედეგი გამოიწვია.

6.2. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დარიცხული პირგასამტეხლოსა და ჯარიმის შემცირების ფაქტს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სათანადოდ არ შეფასებულა პირგასამტეხლოს გონივრულობის საკითხი, რის გამოც, პირგასამტეხლოს შემცირება უმართებულო იყო. კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეები სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის დადგენილი წესით, შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე და ყველა სხვა არსებით პირობაზე, იმ პირობებში კი, როდესაც მხარე პირგასამტეხლოს ოდენობას სადავოდ არ ხდიდა, სააპელაციო პალატას არ ჰქონდა უფლება გასცდომოდა მხარის მოთხოვნას და საკუთარი ინიციატივით ემსჯელა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით.

6.3. კასატორი ითხოვს საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარისა და სანოტარო მომსახურებისთვის გადახდილი 27 ლარის (სულ 927 ლარი) მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრებას.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით, ნ.ბ–ვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2017 წლის 25 დეკემბერს, ბ.ტ–ძესა და ნ.ბ–ვას შორის დადებული იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- სესხის თანხა განისაზღვრა 13210 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა - ექვსი თვით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სესხი იყო უპროცენტო და უნდა დაბრუნებულიყო 2018 წლის 25 ივნისს;

- ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ბ.ტ–ძის კუთვნილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგროში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ........ ამავე ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0,13%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

- 2018 წლის 16 აპრილს, მხარეებს შორის არსებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 19050 ლარით, ხოლო მისი მოქმედება გაგრძელდა 5 თვით - 2018 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი;

- 2018 წლის 26 აპრილს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, სესხის თანხა გაიზარდა და განისაზღვრა 21350 ლარით, ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი;

- კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, სადაც ბ.ტ–ძე წარმოადგენს მოვალეს, ხოლო ნ.ბ–ვა არის კრედიტორი.

11. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ შემცირების მართლზომიერება.

12. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის (სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანით პირგასამტეხლოს შემცირება; სესხის თანხის შემცირება; სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება) სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო), 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)) და 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი პირგასამტეხლო ნამდვილად იყო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით, შესაბამისად, მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა. სახელდობრ, მოდავე მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,13%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. უდავოა, რომ მხარეთა საბოლოო შეთანხმებით, 2018 წლის 26 აპრილს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, სესხის თანხა გაიზარდა და განისაზღვრა 21350 ლარით. ასევე უდავოა, რომ სადავოდ გამხდარ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 17 901 ლარს.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“, „პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: საქმე №ას-39-2019 27 მაისი, 2019 წელი, №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

15. ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯამების შედეგად, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ძირითად სესხის თანხასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის იმდენად მცირე სხვაობაა, რომ პირგასამტეხლოს სადამსჯელო ღონისძიებად გამოყენების მცდელობა თვალნათელია, ამასთან, ვალდებულების ოდენობის შესახებ ბოლო შეთანხმება 2018 წელს შედგა, ხოლო სააღსრულებო ფურცელი 2020 წელსაა გაცემული, რაც ნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევა არ გრძელდებოდა შეუსაბამოდ დიდხანს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და მიყენებული ზიანის მოცულობის შესატყვის ჯარიმის ოდენობად არ მიაჩნია, შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა, მართებულად დაკმაყოფილდა და არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების პერსპექტივა.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარისა და სანოტარო მომსახურებისთვის გადახდილი 27 ლარის (სულ 927 ლარი) მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მხარეთა შორის პროცესის ხარჯების განაწილების ზოგადი წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. ამავე კოდექსის 54-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გადასახდელი ხარჯების განაწილების წესს სარჩელზე უარის თქმისა და მორიგებისას, ხოლო 55-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების წესს.

17. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის პროცესის ხარჯების განაწილებასაც (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი). საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიღებული განჩინებით საქმე არსებითად არ გადაუწყვეტია, არამედ უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილება, ასევე სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება წარმოებს სასამართლოს ინიციატივით, ხოლო, ყველა სხვა შემთხვევაში, პროცესის ხარჯები მხარეთა შორის გადანაწილდება დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. მხარეს აქვს სრული შესაძლებლობა, ისარგებლოს ზემოხსენებული საპროცესო მექანიზმებით და მოითხოვოს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ ისარგებლებს ზემოაღნიშნული შესაძლებლობით, იგი კარგავს პროცესის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1706-1600-2012, 18 თებერვალი 2014 წელი). მოცემულ შემთხვევაში, კასატორს, რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა მოპასუხეს, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების ან/და სანოტარო მომსახურებისთვის გადახდილი ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრების შესახებ არ უშუამდგომლია (იხ. ტომი I., ს.ფ. 82, ტომი I I, ს.ფ. 43), ხოლო წინამდებარე განჩინებით მისი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. ამიტომ, პალატა ასკვნის, რომ ამ ნაწილში შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების საკითხი კი, გადაწყდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად.

19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს, საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს 400 ლარი, შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 08.06.2023წ. №17395488073 საგადახდო დავალებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 400 ლარის, 70% - 280 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ.ბ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; არ დაკმაყოფილდეს ნ.ბ–ვას შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე; ნ.ბ–ვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 08.06.2023წ. №17395488073 საგადახდო დავალებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 400 ლარის, 70% - 280 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი