საქმე №ას-1241-2024 19 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ს.კ. „უ–ი“ (მოპასუხე)
განჩინება, რომელში დაშვებული უსწორობის გასწორებასაც მხარე მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ს.კ. „უ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალის - 24 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9971.50 ლარის ანაზღაურება, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, კასატორ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2024 წლის 23 ივლისს №04365 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ 2025 წლის 7 თებერვლის განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა არა 300, არამედ 1200 ლარი, შესაბამისად, უნდა დაბრუნებოდა 1200 ლარის 70%.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის №ას-1241-2024 განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის №ას-1241-2024 განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, კასატორ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №2.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2024 წლის 23 ივლისს №04365 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
10. განმცხადებლის მითითებით, 2025 წლის 7 თებერვლის განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა არა 300, არამედ 1200 ლარი, შესაბამისად, უნდა დაბრუნებოდა 1200 ლარის 70%.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ თვლის სადავო უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტას სასამართლო სხდომაზე.
13. ამდენად, ზემოხსენებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს და კასატორს სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდეს არა 300, არამედ 1200 ლარის 70%-ის ოდენობით, ხოლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „კასატორ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №20......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2024 წლის 23 ივლისს №04365 საგადახდო დავალებით გადახდილი 1200 ლარის 70% – 840 ლარი.“
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის №ას-1241-2024 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის №ას-1241-2024 განჩინებაში დაშვებული უსწორობა შემდეგი სახით: „კასატორ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №200.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2024 წლის 23 ივლისს №04365 საგადახდო დავალებით გადახდილი 1200 ლარის 70% – 840 ლარი“;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი