Facebook Twitter

საქმე №ას-1131-2024 14 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ნ.ვ.დ–ვის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის – 13862.16 ლარის ანაზღაურების შესახებ.

2. 2023 წლის 3 თებერვალს მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების (13862.16 ლარის) 0.2%-ის დაკისრება მოითხოვა ვალდებულების წარმოშობის დღიდან (2022 წლის 22 სექტემბრიდან) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული შეუსრულებელი ვალდებულების აღსრულებამდე.

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №61/22 ხელშეკრულება და მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება. ხელშეკრულებას ერთვის და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს „სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია“ და ხელშეკრულების №1 და №2 დანართები.

4. ხელშეკრულების 8.16. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ სატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული ზიანი მძღოლის განზრახი ქმედების შედეგია.

5. სატენდერო დოკუმენტაციის 2.მ. პუნქტის თანახმად, დაზღვევა არ აანაზღაურებს შემთხვევას, დაზიანებას ან ზარალს, გამოწვეულს დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის/უფლებამოსილი მძღოლის განზრახი ქმედებით.

6. ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მზღვეველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ასეთ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით. 2022 წლის 13 სექტემბერს მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე მყოფი ავტომანქანა „KIA RIO“, სახელმწიფო ნორმით „......“. ავტომანქანას მართავდა მოსარჩელის თანამშრომელი - ზ.ტ–ი (შემდგომ – მძღოლი). ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა სატრანსპორტო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად.

7. 2022 წლის 22 სექტემბრის და 28 ოქტომბრის წერილებით მოპასუხემ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, თვითნებურად შეიზღუდა ხედვის არეალი (დახედა ტელეფონს), რამაც გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინვოისით არ დგინდება, ზიანი გამოწვეული იყო უშუალოდ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, თუ ავტომობილის შემდგომი/მანამდელი ექსპლუატაციით.

9. პირგასამტეხლოსთან მიმართებით მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი მოთხოვნილია შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით და (პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში) უნდა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-იდან 0.02%-მდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 13862.16 ლარის ანაზღაურება, ასევე, პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 13862.16 ლარის 0.05%-ის გადახდა 2022 წლის 22 სექტემბრიდან 13862.16 ლარის სრულად გადახდამდე, ხოლო შეუსრულებლობისას – წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. მოსარჩელის მოთხოვნის, კერძოდ, დაზღვეული ავტომობილის დაზიანების გამო, ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 799-ე მუხლის პირველი ნაწილი და 820-ე მუხლი.

13. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ 2021 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №61/22 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება. ხელშეკრულებას დაერთო და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს „სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია“ და ხელშეკრულების №1 და №2 დანართები. ხელშეკრულების 8.16. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ სატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული ზიანი მძღოლის განზრახი ქმედების შედეგია. სატენდერო დოკუმენტაციის 2.მ. პუნქტის თანახმად, დაზღვევა არ აანაზღაურებს შემთხვევას, დაზიანებას ან ზარალს, გამოწვეულს დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის/უფლებამოსილი მძღოლის განზრახი ქმედებით.

14. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ზემოხსენებული სახელშეკრულებო პირობების საფუძველზე დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მზღვეველს ავალდებულებდა, აენაზღაურებინა მოსარჩელისთვის ზიანი, მათ შორის, უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში.

15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 52-ე მუხლით და განმარტა, რომ ნების განმარტების მიზანია გარიგების მონაწილეთათვის სადავოდ ქცეული ნების დადგენა, რაც უნდა განხორციელდეს გონივრული განსჯის შედეგად. აღნიშნული პრინციპი მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს მხარეებმა გამოხატულ ნებაში, რასაც უპირატესობას ანიჭებს ტექსტის სიტყვასიტყვით განმარტებასთან მიმართებით. კანონი განმარტების კრიტერიუმად ადგენს გონივრულ განსჯას, რაც იმას გულისხმობს, რომ გამოვლენილი ნების განმარტება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ნების მიმღების შესაძლებლობებზე დაყრდნობით, არამედ გამოვლენილი ნების ობიექტური, მესამე პირის მიერ აღქმის კრიტერიუმით. განმარტება ასევე უნდა განხორციელდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დამახასიათებელი გარემოებების გათვალისწინებით. გამოვლენილი ნების განმარტება უნდა განხორციელდეს სისტემური განმარტების საფუძველზე.

16. მხარეთა შორის სადავოა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი, კერძოდ, მზღვეველმა უარი განაცხადა სადაზღვევო თანხის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ დაფიქსირდა დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. აღნიშნული გარემოების დადგენამდე სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობები, რომელთა განმარტებაც აპელანტმა არ გაიზიარა.

17. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებში გამოვლენილი ნების განმარტების თაობაზე, თუმცა მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. განსახილველი შემთხვევა პალატამ მარტივ გაუფრთხილებლობად შეაფასა, რაც მზღვეველის სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება.

18. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად ჩათვალა, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული „KIA RIO-ს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მოსარჩელის თანამშრომელი. სატრანსპორტო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად ცნობილ იქნა მძღოლი. სააპელაციო ინსტანციაში მხარეებს სადავოდ აღარ გაუხდიათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის უფლებამოსილმა მძღოლმა დახედა მობილურ ტელეფონს, რამაც გამოიწვია სადავო ავტოსაგზაო შემთხვევა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს, მძღოლის მიერ ტელეფონზე დახედვა შეიძლება შეფასდეს თუ არა უხეშ გაუფრთხილებლობად.

19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად. იმავე კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.

20. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ მობილურ ტელეფონზე დახედვა და აღნიშნულის შედეგად წინ მიმავალ ავტომობილზე შეჯახება, თავის მხრივ, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, რისთვისაც უფლებამოსილ მძღოლს საპატრულო ეკიპაჟმა გამოუწერა სამართალდარღვევის ოქმი და აღნიშნული გარემოება მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა. შესაფასებელია, თუ რამდენად ჯდება ბრალეული მძღოლის ქმედება უხეში გაუფრთხილებლობის დეფინიციაში, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული შემდეგი მსჯელობა - სასამართლოს მიერ არ დადგინდა მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით დარეკვის ან ზარის მიღების, რაიმე აპლიკაციით სარგებლობის, მოკლე ტექსტური შეტყობინების კითხვის ან/და გაგზავნის ფაქტები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მობილურ ტელეფონზე დახედვა მისი სიტყვასიტყვითი და სასაუბრო ენაში დამკვიდრებული შინაარსით გულისხმობს წამიერ მოქმედებას. ტელეფონზე დახედვის მსგავსად, სავალი გზიდან მძღოლის ყურადღების გადატანა შეიძლება გამოიწვიოს თანამგზავრისკენ ან უკანა ხედვის სარკეში გახედვამ, ცენტრალურ კონსოლში ჩახედვამ, ავტომობილის სალონის ფუნქციებით სარგებლობამ და სხვა მსგავსმა წამიერმა მოქმედებებმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ წამიერი ყურადღების გადატანის გამო, ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევა არ წარმოადგენს ჩვეულებრივი ადამიანური ფაქტორისაგან უჩვეულო გადახვევას. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მართვისას მძღოლის მიერ ტელეფონზე დახედვა არღვევს წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმებს, აღნიშნული დარღვევა არ აღწევს იმგვარ ხარისხს, რომ ობიექტურად შეფასდეს ამავე ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევად და აქედან გამომდინარე, უხეშ გაუფრთხილებლობად.

21. დამატებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაზღვეულ ავტომობილს მართავდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომლის სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის შეუფერხებლობა და ინფორმაციის დროულად მიღება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მძღოლმა ავტომობილის მართვისას ერთ მომენტში დახედა ტელეფონს, შეიძლება მივიჩნიოთ მის ბუნებრივ რეაქციად და რაიმე განსაკუთრებული ხარისხის დაუდევრობად ეს ქმედება ვერ შეფასდება. პალატამ აქვე განმარტა, რომ მძღოლის სამსახურებრივ მდგომარეობაზე აქცენტი არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელს უფლება აქვს, ავტომობილის მართვისას ისარგებლოს მობილური ტელეფონით, თუმცა მნიშვნელოვანია მის მიერ ჩადენილი დარღვევის ხარისხის შეფასების კუთხით. იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება უფლებამოსილი მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით ისეთი ტიპის სარგებლობა, როგორიცაა, მაგალითად, წერილობითი შეტყობინებების კითხვა/გაგზავნა, ზარის განხორციელება ან სხვა ისეთი ქმედება, რაც დიდი დოზით ყურადღების გადატანას იწვევს, პალატის მოსაზრებით, მობილურ ტელეფონზე დახედვა ვერ შეფასდება იმ უჩვეულოდ მაღალი ხარისხის დარღვევად, რაც უხეში გაუფრთხილებლობის შემადგენლობას მოგვცემდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან იმ ხარისხის ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდებოდა და მზღვეველს სსკ-ის 829-ე მუხლის საფუძველზე მისცემდა უფლებას, უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის გაცემაზე. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო რისკი განხორციელებულია, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა წარმოშობს მზღვეველის ვალდებულებას სადაზღვევო თანხის გაცემისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

23. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებად დადგინდა, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 13862.16 ლარი. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით რაიმე დასაბუთებული პრეტენზია აპელანტს სააპელაციო საჩივარში არ დაუფიქსირებია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 377-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დადგენილად მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევის განხორციელების შედეგად მზღვეველს წარმოეშვა დამზღვევისთვის 13 862.16 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მართებულად იქნა შეფასებული საქალაქო სასამართლოს მიერ.

24. რაც შეეხება მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის პრეტენზია ეფუძნება სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საკითხს, თუმცა არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

25. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მზღვეველს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულება, რაზეც მზღვეველმა, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო პირობების დარღვევით, უარი განაცხადა. აღნიშნული კი სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტს წარმოადგენს და, თავის მხრივ, იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას. აღნიშნული დასკვნა პასუხობს ასევე მოპასუხის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიას, რომ ვინაიდან არ დადგინდა უხეში გაუფრთხილებლობა და მზღვეველს არ წარმოშობია თანხის გაცემის ვალდებულება, მას ვერც პირგასამტეხლო დაეკისრება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ეს პოზიცია არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, შესაბამისად დგინდება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

26. რაც შეეხება დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის შეფასების საკითხს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კანონიერება.

27. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხე შეედავა მოსარჩელეს პირგასამტეხლოს ოდენობის თვალსაზრისით და მოითხოვა მისი შემცირება ყოველდღიური 0.2%-იდან ყოველდღიურ 0.02%-მდე. სასამართლო პირგასამტეხლოს შესაბამისობის შეფასების საზომად გამოიყენებს წლიური პროცენტის ოდენობას. კერძოდ, 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს წლიურ 73%-ს, ხოლო 0.02% - წლიურ 7.3%-ს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო შეიძლება იყოს მაღალი, მაგრამ არ შეიძლება იყოს შეუსაბამოდ მაღალი. მაღალი პირგასამტეხლოს გამოთვლის თვალსაზრისით სასამართლო, მათ შორის, ყურადღებას მიაქცევს შესაფასებელი დავის სირთულეს და იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულებისთვის შეგნებულად თავის არიდების ფაქტი არ გამოკვეთილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ წლიური 73% წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. შესაბამისად, აღნიშნული უნდა შემცირდეს მაღალ ოდენობამდე - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-მდე, რაც წლიური პროცენტის სახით დაანგარიშებისას შეადგენს 18.25%-ს. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ზიანის ოდენობის - 13862.16 ლარის 0.05%-ის ოდენობით 2022 წლის 22 სექტემბრიდან წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ხოლო შეუსრულებლობისას - წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით დაგროვილი პირგასამტეხლოს ოდენობა დაახლოებით 4500 ლარს შეადგენს, რაც უკვე წარმოადგენს მზღვეველის მიერ შესასრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების - 13862,16 ლარის, 32,5%-ს. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოებაც უკვე საკმარისია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევისთვის, თუმცა დამატებით პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის სადავო იყო მზღვეველის ვალდებულების არსებობის საკითხი, რაც, ერთი შეხედვით, აშკარა გარემოებას არ წარმოადგენდა. მზღვეველს ალოგიკური საფუძვლით რომ ეთქვა უარი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე, შესაძლოა სასამართლოს სრულადაც დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში კომპლექსურად შესაფასებელი იყო, ჰქონდა თუ არა ადგილი უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც მზღვეველს ვალდებულებისაგან გაათავისუფლებდა. მართალია, სასამართლომ საბოლოოდ არ გაიზიარა მზღვეველის პოზიცია, თუმცა დაზღვეულის პოზიციის მართებულობა შესაბამისი კვლევისა და შეფასების გარეშე, ერთი შეხედვით, აშკარა არ იყო. მზღვეველის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე დასაბუთებული იყო კონკრეტულ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძველზე მითითებით, რაც მართალია, არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, თუმცა ამ ფაქტის აღნიშვნა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მზღვეველს დაუსაბუთებლად არ უთქვამს უარი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მართებულად შეფასება და 0,05%-მდე კანონიერად შემცირდა.

28. როგორც ზემოთ აღინიშნა, პირგასამტეხლოზე მსჯელობისას საგულისხმოა ის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და, საბოლოოდ, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. ზემოხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, პირგასამტეხლოს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და მისი გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნა და საფუძვლები:

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

30. მოსარჩელე კასატორმა მიიჩნია, რომ სადავო პირგასამტეხლოს ოდენობაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების დადების დროს. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი. პირგასამტეხლოს დაკისრებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას (იხ. სუსგ №ას-1451-1371-2017). უდავო ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ხელშემკვრელი მხარის/სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი აცნობიერებდა პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ-ფინანსურ შედეგებს.

31. მხარის მითითებით, საკასაციო სასამართლო, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შეფასებისას, ერთ-ერთ კრიტერიუმად, ასევე იყენებს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის საკითხს. 4 თვეზე მეტია გასული ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომიდან და მხარეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების კრიტერიუმთაგან აღსანიშნავია მოლოდინი ჯეროვანი შესრულების მიმართ. მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა, შეთანხმებისამებრ, დათქმულ დროსა და ადგილას მიეღო კუთვნილი ავტომანქანის აღდგენისათვის თანხა, რათა სამსახურის ფუნქცია/მოვალეობების ოპერატიულად განხორციელება უწყვეტ/შეუფერხებელ რეჟიმში გაგრძელებულიყო.

32. მოსარჩელე კასატორმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს ხაზს უსვამს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ პროპორციულობის ფარგლების დაცვის აუცილებლობას და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. მაგალითად, რიგ შემთხვევებში სასამართლომ 90%-ით შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2% ან 0,25% ან 1% მიიჩნია პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად (200 000 ლარამდე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების შემთხვევებში). აქედან გამომდინარე, წინამდებარე ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ისეთი პროცენტულობა, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტანდარტს შეიძლება მიუახლოვდეს. საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია თავად მოპასუხის დამოკიდებულება სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფუნდამენტური პრინციპის - ხელშეკრულების ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულების მიმართ.

33. მხარის მოსაზრებით, წარმოდგენილი მასალებითა და საქმის გარემოებათა ანალიზით, იკვეთება მოპასუხის ხედვა ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით. მათ შორისაა ფაქტების უსაფუძვლოდ დამძიმების მცდელობა. ბრალის გამომრიცხავი გარემოებების არარსებობის იმგვარად დახასიათება, თითქოს ეს მეტყველებს უხეშ გაუფრთხილებლობაზე, რაც ნაკისრი ვალდებულების უსაფუძვლოდ თავიდან აცილებას ემსახურება. ასეთ პირობებში, პირგასამტეხლოს სრულად დაკისრება არის ის კანონისმიერი ბერკეტი, რაც კომპანიას დააბრუნებს სამართლებრივ სივრცეში და ვალდებულებათა ჯეროვანი შესრულებისკენ უბიძგებს. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის დაცვა.

34. მოსარჩელე კასატორმა მიიჩნია, რომ ამავე კოდექსის 420-ე მუხლზე მითითების შემთხვევაში სასამართლოს შეფასებები უნდა ეფუძნებოდეს საკმარის ფაქტობრივ გარემოებებს, რათა გამართლებული იყოს ამ მუხლის გამოყენება და შემდგომ კონტრაქტორმა კომპანიებმა კვლავ არ დაარღვიონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები იმ იმედით, რომ სასამართლო დარღვევას არ ჩათვლის მნიშვნელოვნად და შეამცირებს პირგასამტეხლოს მცირე ოდენობამდე.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ მოსარჩელე კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

36. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ი 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.

38. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

39. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

42. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, - მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, მისი მოთხოვნა სსკ-ის 417-ე მუხლიდან (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) გამომდინარეობს.

43. მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებები:

44. მხარეთა შორის არსებობდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ სახელშეკრულებო ურთიერთობა.

45. 2022 წლის 13 სექტემბერს მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე არსებული ავტომანქანა „KIA RIO“, სახელმწიფო ნორმით „......“. ავტომანქანას მართავდა მოსარჩელის თანამშრომელი, რომელიც სატრანსპორტო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად იქნა ცნობილი. მოპასუხემ სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე უარი განაცხადა, რადგან მიიჩნია, რომ მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით. აღნიშნული კი, მოპასუხეს ვალდებულების შესრულებისაგან ათავისუფლებდა.

46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივრის, დაუშვებლობის გამო, განუხილველად დატოვების პირობებში კანონიერ ძალაში შევიდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ უცვლელად დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 13862.16 ლარის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლოს განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებაზე (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 13862.16 ლარის 0.05%-ის გადახდა 2022 წლის 22 სექტემბრიდან 13862.16 ლარის სრულად გადახდამდე, ხოლო შეუსრულებლობისას – წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე). შესაბამისად, დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებისაგან - სადაზღვევო თანხის გადახდისაგან მოპასუხის გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს. ამდენად, მოპასუხე კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის საფუძველი.

47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

48. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

49. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

51. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

52. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

53. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

54. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

55. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

56. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 3 დეკემბერი, 2021 წელი).

57. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და, ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

58. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ., გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 7 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).

59. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხემ შესაგებლით მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება.

60. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება.

62. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

64. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია, იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება (შდრ: სუსგ №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21).

65. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (შდრ. სუსგ №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).

66. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა.

67. საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის, სადავო სადაზღვევო შემთხვევისას დამზღვევი ორგანიზაციის თანამშრომლის - დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის ქმედების სიმძიმისა და მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შეფასების, მოპასუხისათვის დაკისრებული შეუსრულებელი ვალდებულების მნიშვნელობისა და აღნიშნულის შედეგად მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ საფუძვლიანია.

68. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების (13862.16 ლარის) 0.1%-ის ანაზღაურება ვალდებულების წარმოშობის დღიდან (2022 წლის 22 სექტემბრიდან) 13862.16 ლარის სრულად გადახდის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

69. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

70. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

71. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

72. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადასახდელი 765,13 ლარის (25 504,56 ლარის (დავალიანება - 13 862,16 ლარი, პირგასამტეხლო - 11 642,4 ლარი) 3%), სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი 232,84 ლარის (5821.2 ლარის 4% (სააპელაციო და საკასაციო საჩივრებით სადავო გახდა მხოლოდ პირგასამტეხლოს დაუკმაყოფილებელი ნაწილი)) და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი 291,06 ლარის (5821.2 ლარის 5%), სულ - 1289,03 ლარის გადახდა. მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

73. დავის საგანი მოცემულ საქმეში შეადგენს ძირითადი თანხის - 13 862,16 ლარისა და პირგასამტეხლოს - 11 642,4 ლარის (პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყო 22.09.22 წლიდან, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით (ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით), აღნიშნული თარიღიდან გადაწყვეტილების მიღებამდე გასულია 28 თვე, რაც 840 დღეა (ერთი თვე - 30 დღე). 13 862,16 ლარის 0,1% შეადგენს 13,86 ლარს. 840 დღის ანგარიშში პირგასამტეხლოს ნაწილში დავის საგნის მოცულობა უნდა განისაზღვროს 11 642,4 ლარით) ჯამს - 25 504,56 ლარს.

74. მოსარჩელის სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობამ შეადგინა 5821.2 ლარი (13 862,16 ლარის 0.05% 840 დღეზე, ვინაიდან ძირითადი დავალიანება სადავო აღარ იყო, ასევე, პირველი ინსტანციის წესით დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს ოდენობა 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 53-ე, 55-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „ნ.ვ.დ–ვას“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით სულ დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების - 13862.16 ლარის 0.1%-ის - 13,86 ლარის ანაზღაურება ვალდებულების წარმოშობის დღიდან - 2022 წლის 22 სექტემბრიდან - 13862.16 ლარის სრულად გადახდის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

5. სს „ნ.ვ.დ–ვას“ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს 1289,03 ლარის გადახდა.

6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი