Facebook Twitter

საქმე №ას-222-2025 14 მარტი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ლ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (განმცხადებელი)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:

1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომ - განმცხადებელი, საარბიტრაჟო მოსარჩელე) განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა სს „თ.ბ–ისა“, ყადაღა დაედოს ლ.მ–ძის (შემდგომ - საარბიტრაჟო მოპასუხე, საჩივრის ავტორი, მსესხებელი) კუთვნილი/არსებული სახსრების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 44,879.16 ლარის ოდენობისა. პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, თუ ანგარიშზე არსებული თანხის 50% ვერ უზრუნველყოფს დაყადაღებული თანხის სრულად შევსებას, საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალოს კუთვნილ ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდგომ ყოველთვიურად ჩარიცხული თანხიდან 1,195.78 ლარის (გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი თანხის) განკარგვა, მაგრამ არაუმეტეს ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის 50%, ჯამურად 44,879.16 ლარის (სარჩელის ფასის) მეშვეობით.

2. განმცხადებლის განმარტებით, 2024 წლის 22 მაისს მსესხებელთან გააფორმა №6473947-13356128 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც გაიცა კრედიტის თანხა 32,550.00 ლარი, წლიური 19%-ის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ერთეულის ოდენობით და შემდეგ, დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხი ვადაგადაცილებაშია 2024 წლის 25 ივნისიდან. მოცემული ეტაპისთვის დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 2196.68 ლარი. განმცხადებელმა შეამცირა პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასარიცხი განაკვეთი, საკრედიტო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილ დავალიანებაზე - დარიცხვის ვადა და ვალდებულების სრულად შესრულების თარიღის ნაცვლად, შემოიფარგლა ძირითადი თანხის 10%-ით. მხარეთა შორის გაფორმებული №6473947-13356128 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია, კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში მითითებული ვადით განახორციელოს სადაზღვეო კომპანიაში სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ.

3. მსესხებელმა, ასევე, ვალდებულება იკისრა, სესხის მოქმედების განმავლობაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, გადაეხადა დაზღვევის პრემია გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად. ͏პოლისის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევისათვის სადაზღვევო პრემია შეადგენს მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიურ 0.72%-ს, დღეის მდგომარეობით სადაზღვევო თანხა 78.05 ლარია (მათ შორის, სიცოცხლის დაზღვევა - 78.05 ლარი, ქონების დაზღვევა - 0.00 ლარი).

4. საკრედიტო ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებითა და საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული წესის თანახმად, რაც მოპასუხის მიერ არ სრულდება. მოპასუხეს კანონით და ხელშეკრულებით დადგენილი წესით განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, მიუხედავად ამისა, ვალდებულება შეუსრულებელია.

5. 2024 წლის 4 ნოემბრის განმცხადებელმა საკრედიტო ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა. საკრედიტო დავალიანებამ შეადგინა 37,636.34 ლარი, მათ შორის: ძირი - 32,550.00 ლარი, დარიცხული სარგებელი - 2,811,61 ლარი, პირგასამტეხლო - 2,196.68 ლარი, დაზღვევა - 78.05 ლარი, საკომისიო - 0.00.

6. ამდენად, განმცხადებელმა მიმართა არბიტრაჟს მოვალისათვის საკრედიტო დავალიანების დაკისრების შესახებ და მოითხოვა: მსესხებელს გადასახდელად დაეკისროს, №6473947-13356128 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი სესხის ძირითადი თანხის - 32,550.00 ლარის წლიური 19%, 2024 წლის 5 ნოემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 6,184.50 ლარისა; პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის - 32,5550.00 ლარის 0.1% ყოველდღიურად, 2024 წლის 5 ნოემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1,058.32 ლარისა; საარბიტრაჟო მოსაკრებელი, ჯამურად - 1,059.15 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი - 50 ლარი და მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის რეგისტრაციის საფასური - 80 ლარი.

7. განმცხადებლის განმარტებით, მან მოითხოვა უზრუნველყოფის გამოყენება ყოველთვიურად იმ თანხაზე, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გრაფიკით. შესაბამისად, აღნიშნული თანხის განკარგვის აკრძალვა ვერ მიაყენებს ზიანს მსესხებლის ინტერესებს. იმ შეთხვევაში, თუ აღნიშნული თანხა აღემატება ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის 50%-ს, აეკრძალოს ყოველთვიური შემოსავლის მხოლოდ 50%-ის განკარგვა, რაც ვერ მიაყენებს არათანაზომიერ ზიანს მოვალის ინტერესებს და არ აღემატება საქმის იძულებითი აღსრულების შემთხვევაში ყოველთვიურად დასაკავებელი თანხის ოდენობას.

8. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იძულებითი აღსრულების დაწყებისას მოპასუხისთვის ერთიანად გადასახდელი თანხა წარმოადგენს მძიმე ტვირთს. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში კი მოხდება მოვალის ანგარიშებზე გარკვეული თანხის აკუმულირება, რაც მოვალეს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას გაუმარტივებს, ხოლო კრედიტორისთვის იქნება ერთადერთი საშუალება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

9. განმცხადებელ საკრედიტო დაწესებულებაში მოპასუხის კუთვნილ ანგარიშებზე ბრუნვა არ ხორციელდება, ის სარგებლობს სხვა საბანკო დაწესებულებების ანგარიშებით, რაც წარმოდგენს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, შესაბამისად, განმცხადებლისათვის უცნობია, რომელ აკრედიტებულ საბანკო დაწესებულებაშია განთავსებული მისი ფულადი სახსრები და რა რაოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნას წარმოადგენს ყადაღის დადება მოპასუხის ფულად სახსრებზე საქართველოში აკრედიტირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მოპასუხეს გააჩნია სხვა ქონება, მას რჩება უფლება, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა და რეალურად სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის დადებით მისი ინტერესი არ დაზარალდება. მოპასუხეს დავის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად განკარგოს მის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა და, ვინაიდან დავის გადაწყვეტა ხანგრძლივ ვადებთან არის დაკავშირებული, შესაძლოა გაუარესდეს ის მდგომარეობაც, რაც სარჩელის აღძვრის მომენტისათვის არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებით განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 35612 მუხლის პირველი ნაწილით, 35618 მუხლით და აღნიშნა, რომ 2024 წლის 22 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №6473947-13356128 ხელშეკრულების 3.10 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ დავის არსებობის შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის - შპს „არბიტრაჟის სახლის“ მიერ განხილვაზე. ამასთან, საარბიტრაჟო დავის განხილვის ადგილი იქნება ქ. ქუთაისი.

12. სსსკ-ის 2.1. მუხლის, 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრება, საიდანაც მისი პასუხისმგებლობა განსაზღვრულია 32,550.00 ლარით. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 623-ე, 625-ე, 418-ე მუხლები) და, სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივა.

13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე, განახორციელოს გარკვეული მოქმედება-დაკისრებული თანხა გადასცეს მოსარჩელეს. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა მოპასუხის ქონებაზე იძულებითი აღსრულება.

14. შესაბამისად, თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, შესაძლოა მოპასუხეს აღარ აღმოაჩნდეს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ქონება ან ფულადი თანხა, რაც გაართულებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მის აღსრულებას. აღნიშნული კი, ადასტურებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას. ამდენად, განმცხადებლის მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა აუცილებელია, სამართლებრივად დასაბუთებულია.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

16. საჩივრის ავტორის განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიებით, კერძოდ, მის საბანკო ანგარიშებზე არსებული სახსრების 50%-ის დაყადაღებით მისი მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა, ვინაიდან შშმ პირია, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ხოლო გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული თანხა, რომლის განკარგვაც ეკრძალება, ბევრად აღემატება მის შემოსავალს. სადავო ყადაღა გავრცელდა მის საპენსიო თანხაზეც.

17. საჩივარს დაერთო საპენსიო ბარათის ქსეროასლი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

18. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებით საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, გადაწყვეტილება აღუსრულებელი არ დარჩეს ან მისი აღსრულება მნიშვნელოვნად არ გართულდეს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.

20. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზანშეუწონელია, ხოლო აღნიშნულის თაობაზე მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება - დაუსაბუთებელი.

21. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ ყადაღა გავრცელდა მის საპენსიო ანგარიშზეც, რაც გაუმართლებელია. გასაჩივრებული განჩინებით ყადაღა დაედო საჩივრის ავტორის შემოსავლების მხოლოდ 50%-ს და არა მთელ შემოსავალს, რაც მომჩივნის მსჯელობას დაუსაბუთებელს ხდის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეებს იხილავენ სააპელაციო სასამართლოები. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის საგანია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების კანონიერება.

25. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.

26. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ-ები: №ას-923-2023, 20 ივლისი, 2023 წ; №ას-970-2019, 19 ივლისი, 2019წ.).

27. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

28. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ: სუსგ №ას-587-2019, 20 თებერვალი, 2020წ.).

29. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (შდრ: სუსგ №ას-1586-2018, 26 ოქტომბერი, 2018წ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

30. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (იხ: გ.კაჟაშვილი საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, თბილისი, 2018წ., გვ. 60).

31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30) (იხ. სუსგ №ას-406-2024, 12 აპრილი, 2024 წელი).

33. მოცემულ შემთხვევაში, აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნით - თანხის დაკისრება. შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის განხილვამდე, სადავო ზღვრული თანხის ნაწილში, მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის დადება სრულად უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებებს, ანუ საარბიტრაჟო სარჩელთან მიმართებით ადეკვატური და თანაზომიერია.

34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის დადგენილი ღონისძიებით მოპასუხეს საპენსიო თანხის მიღების უფლება არ ერთმევა, რადგან შეზღუდვა გავრცელდა მოპასუხის ფინანსური სახსრების მხოლოდ ნაწილზე. შესაბამისად, მხარის მითითებული პრეტენზია დაუსაბუთებელია. მოპასუხის მიერ წარდგენილი საპენსიო ბარათის ასლი ზემოაღნიშნული არგუმენტის დასადასტურებლად სარწმუნო მტკიცებულებად ვერ შეფასდება, სხვა რაიმე გარემოებაზე კი საჩივრის ავტორს არ მიუთითებია.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ საჩივარს უარი უნდა ეთქვას, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.მ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრისა და 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი