საქმე №ა-2120-შ-51-2024 14 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.კ–ო
მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ–ო
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის ქ. კიევის დესნინასკის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. უკრაინის ქ. კიევის დესნინასკის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ვ. ასული კ–ოს სარჩელი ი.ნ. ძე კ–ოს წინააღმდეგ ბავშვების სარჩენი ალიმენტის გადახდევინების თაობაზე დაკმაყოფილდა, ი.ნ. ძე კ–ოს (დაბადების თარიღი - 05.08.1981წ.) დაეკისრა ალიმენტის გადახდა მ.უ. ასული კ–ოს (დაბადების თარიღი - 26.12.1982წ.) სასარგებლოდ მყარი ფულადი თანხის - 10000,00 გრივნის ოდენობით არასრულწლოვანი შვილების: 07.08.2006 წელს დაბადებული კ.ი. ასული კ–ოს (ქალიშვილის) და 29.09.2015 წელს დაბადებული ს.ი.ძე კ–ოს (ვაჟის) სარჩენად 05.08.2019 წლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
2. ზემოხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 23 იანვარს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ამავე სასამართლოს 2023 წლის პირველი მაისის დადგენილებით მოპასუხეს უარი ეთქვა საქმის წარმოების განახლებაზე, მათ შორის, იმ მოტივით, რომ მან, საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა, რაიმე მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება, რომ სასამართლო უწყება, ალიმენტის დაკისრების გამო, მიმდინარე საქმის განხილვაზე მოპასუხის მიწვევის შესახებ ჩაიბარა და ხელი მოაწერა არა უშუალოდ ადრესატმა ი.კ–ომ, არამედ სხვა პირმა. ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხე სათანადოდ გაფრთხილებული იყო მიმდინარე სასამართლო პროცესის თაობაზე.
3. უკრაინის ქ. კიევის დესნინასკის რაიონის სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის დადგენილებით 2019 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა - „07.08.2006 წელს დაბადებული კ.ი. ასული კ–ო“ გასწორდა შემდეგი სახით - „17.07.2006 წელს დაბადებული კ.ი. ასული კ–ო“, ხოლო „29.09.2015 წელს დაბადებული ს.ი.ძე კ–ო“ გასწორდა შემდეგნაირად - „24.09.2015 წელს დაბადებული ს.ი.ძე კ–ო“.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა მ.კ–ოს შუამდგომლობა, უკრაინის ქ. კიევის დესნინასკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებისა და მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინა შუამდგომლობისა და მასზე დართული დოკუმენტების ქართული თარგმანი, სათანადო წესით (აკინძული (შეკერილი) ნოტარიულად ან/და ოფიციალური თარჯიმნის მიერ დამოწმებული ბეჭდით, ასევე, დაზუსტებული ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის - ი.კ–ოს ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) და სამუშაო ადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისამართის თაობაზე.
6. აღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტით და 2024 წლის 2 მაისს ადრესატმა დაადასტურა, რომ მას საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განჩინება ჩაბარდა 2024 წლის პირველ მაისს. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის 2024 წლის 15 მაისის ელექტრონული წერილით მოსამართლის თანაშემწეს გამოეგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ ფოსტით გამოგზავნილი გზავნილის კოდი. გზავნილი მატერიალური სახით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოს გამოეგზავნა 2024 წლის 28 მაისს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინება და შუამდგომლობა თანდართული მასალებით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს.
8. ი.კ–ო, საკასაციო სასამართლოსადმი წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებაში, შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მხარის მითითებით, იგი ალიმენტის დაკისრების გამო, საქმის არსებით განხილვაში სათანადოდ მიწვეული არ ყოფილა. ასევე, უსაფუძვლოა შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა 2019 წლის 5 აგვისტოდან ალიმენტის დაკისრების შესახებ, ვინაიდან მოპასუხე ნებაყოფლობით ასრულებდა ალიმენტის გადახდის ვალდებულებას, რის დასტურადაც მოსაზრებას დაერთო სს „თ.ბ–ის“ მიერ გაცემული, მოპასუხის მხრიდან შუამდგომლობის ავტორისათვის პერიოდულად სხვადასხვა ოდენობის თანხის ჩარიცხვის თაობაზე ამონაწერების ასლები. ამავდროულად, მოწინააღმდეგე მხარემ მიიჩნია, რომ შუამდგომლობის ავტორმა საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ უკრაინის ქ. კიევის დესნინასკის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.უ. ასული კ–ოს სარჩელი ი.ნ. ძე კ–ოს წინააღმდეგ ბავშვების სარჩენი ალიმენტის გადახდევინების თაობაზე დაკმაყოფილდა, ი.ნ. ძე კ–ოს (დაბადების თარიღი - 05.08.1981წ.) დაეკისრა ალიმენტის გადახდა მ.უ. ასული კ–ოს (დაბადების თარიღი - 26.12.1982წ.) სასარგებლოდ მყარი ფულადი თანხის - 10000,00 გრივნის ოდენობით არასრულწლოვანი შვილების: 17.07.2006 წელს დაბადებული კ.ი. ასული კ–ოსა (ქალიშვილის) და 24.09.2015 წელს დაბადებული ს.ი.ძე კ–ოს (ვაჟის) სარჩენად 05.08.2019 წლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 23 იანვარს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ი.კ–ოს მოსაზრებას, რომ იგი უკრაინაში მიმდინარე საქმის წარმოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა. აღნიშნული გარემოება მას სარწმუნოდ არ დაუდასტურებია. ამასთან, წინამდებარე მასალებიდან ირკვევა, რომ მან ანალოგიური პრეტენზიით უკრაინის სასამართლოს უკვე მიმართა და 2023 წლის პირველი მაისის დადგენილებით უარი ეთქვა დასახელებული მიზეზით საქმის წარმოების განახლებაზე.
14. ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხე სათანადოდ გაფრთხილებული იყო მიმდინარე სასამართლო პროცესის თაობაზე.
15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ - კანონი) 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, ხოლო 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
16. საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომ - საერთაშორისო ხელშეკრულება) პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და ნოტარიუსებს (შემდგომ - იუსტიციის დაწესებულებებს) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა.
17. საერთაშორისო ხელშეკრულების 40-45-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
18. საერთაშორისო ხელშეკრულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ძალით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე. ამავე ხელშეკრულების 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
19. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
20. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას), ისე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში. პალატა მიუთითებს „revision au fond-ის“ აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპზე, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას არ ახორციელებს (შდრ. სუსგ. №ა-4097-შ-109-2019, 04.12.2019წ., საქმე №ა-1060-შ-27-2020, 30.03.2021წ.).
22. საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს ი.კ–ოს მიერ წარმოდგენილი გადარიცხვების ასლებს, რომელთა საფუძველზეც მხარე ცდილობდა შუამდგომლობის ავტორისათვის ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის ფაქტის დადასტურებას. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის დარღვევით, ასლების სახით. ამასთან, სადავო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები სააღსრულებო წარმოების კომპეტენციას განეკუთვნება.
23. წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ შუამდგომლობის ავტორმა საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი დროულად არ გამოასწორა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხსენებული ხარვეზის განჩინება შუამდგომლობის ავტორს ჩაბარდა 2024 წლის პირველ მაისს, ხოლო ამავე წლის 15 მაისს მხარემ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობა სასამართლოს ხარვეზის გამოსასწორებლად საჭირო მასალების მატერიალური სახით გამოგზავნის თაობაზე, რის დასტურადაც მიუთითა შესაბამისი კოდით დანომრილ საფოსტო ცნობაზე. შესაბამისად, ხარვეზი გამოსწორდა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით.
24. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საერთაშორისო ხელშეკრულების და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.უ. ასული კ–ოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ. კიევის დესნინასკის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.უ. ასული კ–ოს სარჩელი ი.ნ. ძე კ–ოს წინააღმდეგ ბავშვების სარჩენი ალიმენტის გადახდევინების თაობაზე დაკმაყოფილდა, ი.ნ. ძე კ–ოს (დაბადების თარიღი - 05.08.1981წ.) დაეკისრა ალიმენტის გადახდა მ.უ. ასული კ–ოს (დაბადების თარიღი - 26.12.1982წ.) სასარგებლოდ მყარი ფულადი თანხის - 10000,00 გრივნის ოდენობით არასრულწლოვანი შვილების: 17.07.2006 წელს დაბადებული კ.ი. ასული კ–ოსა (ქალიშვილის) და 24.09.2015 წელს დაბადებული ს.ი.ძე კ–ოს (ვაჟის) სარჩენად 05.08.2019 წლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი