Facebook Twitter

საქმე №ას-1454-2024 5 მარტი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „კ.ბ–ი“ (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.ხ–ძე, ბ.ბ–ძე, თ.ბ–ძე, ლ.ხ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით

სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 20 ივლისს სს "კ.ბ–ს" (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, ბანკი) და მოპასუხეებს ნ.ხ–ძეს და ბ.ბ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტის მიმღები) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N202025320975IBF, რომლის საფუძველზეც მათ სესხის სახით მიიღეს 15000 ლარი 48 თვით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18 %-ის ოდენობით.

2. 2020 წლის 20 ივლისს სს "კ.ბ–ს" და მოპასუხეს ნ.ხ–ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N202025345486ZVK, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღეს 60 ლარი 12 თვით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0 %-ის ოდენობით.

3. 2020 წლის 2 სექტემბერს სს "კ.ბ–ს" და მოპასუხეს ნ.ხ–ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N202025345486YIK, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღეს 2279 ლარი 12 თვით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8%-ის ოდენობით.

4. მოპასუხემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

5. მოპასუხე ნ.ხ–ძის და ბ.ბ–ძის დავალიანება სს,,კ.ბ–ის" წინაშე 20.07.2020წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 26923.58 ლარს.

6. მოპასუხე ნ.ხ–ძის დავალიანება სს,,კ.ბ–ის" წინაშე 20.07.2020წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 95.78 ლარს.

7. მოპასუხე ნ.ხ–ძის დავალიანება სს,,კ.ბ–ის" წინაშე 02.09.2020წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3210.4 ლარს.

8. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

მოსარჩელე ითხოვს ბ.ბ–ძესა და თ.ბ–ძეს შორის 2020 წლის 17 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ........ და N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას (განცხადების რეგისტრაციის N882020550837, N882020550910, უფლების რეგისტრაციის თარიღი 19.08.2020 წ.) როგორც მოჩვენებითი გარიგება და უძრავი ქონებების ს.კ. N........, N.......ყოფილი მესაკუთრის ბ.ბ–ძის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხვას. (2). ნ.ხ–ძესა და ლ.ხ–ძეს შორის 2020 წლის 21 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (განცხადების რეგისტრაციის N882020569449, უფლების რეგისტრაციის თარიღი 26.08.2020წ), ასევე ამავე ქონებაზე 2020 წლის 28 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ.ხ–ძეს და თ.ბ–ძეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობას და უძრავი ქონების ს.კ. N....... საჯარო რეესტრის სააგენტოში ყოფილი მესაკუთრის ნ.ხ–ძის საკუთრებად აღრიცხვას. (3). ნ.ხ–ძეს და ლ.ხ–ძეს შორის 2020 წლის 21 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას (განცხადების რეგისტრაციის N882020569512, უფლების რეგისტრაციის თარიღი 27.08.2020წ), ასევე ამავე ქონებაზე 2020 წლის 28 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ.ხ–სა და თ.ბ–ძეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, როგორც მოჩვენებითი გარიგების და უძრავი ქონების ს.კ. N....... საჯარო რეესტრის სააგენტოში ყოფილი მესაკუთრის ნ.ხ–ძის საკუთრებად აღრიცხვას.

9. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხე ნ.ხ–ძემ და ბ.ბ–ძეს სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. დაეთანხმნენ მოსარჩელის მოთხოვნას მხოლოდ სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში. განმარტეს, რომ სარგებელი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. მოპასუხეებმა: ბ.ბ–ძემ, ნ.ხ–ძემ, ლ.ხ–ძემ და თ.ბ–ძემ წარდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე, ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ ცნეს.

10. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, (1). სს ,,კ.ბ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; (1.1). მოპასუხეებს ნ.ხ–ძეს და ბ.ბ–ძეს სს ,,კ.ბ–ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 22545.34 ლარის გადახდა, საიდანაც 14809.96 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 5942.52 ლარი არის პროცენტი, 1000 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო/ჯარიმა, ხოლო 792.86 ლარი სიცოცხლის დაზღვევის თანხა. (1.2). მოპასუხე ნ.ხ–ძეს სს ,,კ.ბ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 95.78 ლარის გადახდა, საიდანაც 55 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 0.88 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 39.9 ლარი დარიცხული პირგასამტეხლო/ჯარიმა. (1.3). მოპასუხე ნ.ხ–ძეს სს ,,კ.ბ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 2588.92 ლარის გადახდა, საიდანაც 2279 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 185.92 ლარი არის საკომისიო, 24 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო 100 ლარი დარიცხული პირგასამტეხლო/ჯარიმა. (1.4). გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. (1.5). სს ,,კ.ბ–ის’’ სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

11. სააპელაციო საჩივარი

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (სასარჩელო მოთხოვნის - ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

13. საკასაციო საჩივარი

13.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

13.2. კასატორის მითითებით, საქმეში არსებული სადავოდ გამხდარი ხელშეკრულებები მოჩვენებით დადებული გარიგებებია, რაც მათი ბათილობის საფუძველია, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოპასუხეებმა მოჩვენებითობა უარყვეს, არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოთხოვნები ამ ნაწილში.

13.3. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა გარიგებათა მოჩვენებითობა. სოლიდარულმა მოვალეებმა, ნ.ხ–ძემ და ბ.ბ–ძემ თავიანთ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები ახლო ნათესავზე გადაასხვისეს. კერძოდ, ბ.ბ–ძემ ქონება გაასხვისა შვილზე - თ.ბ–ძეზე, ხოლო ნ.ხ–ძემ - დედამისზე, ლ.ხ–ძეზე, რის შემდგომაც, ლ.ხ–ძემ ჩუქების გზით თ.ბ–ძეს გადაუფორმა აღნიშნული ქონება. ხაზგასასმელია ისიც, რომ ნ.ხ–ძე და თ.ბ–ძე არიან რძალი და მული.

13.4. კასატორი უთითებს, რომ ქონება პირველად გადაფორმდა 2020 წლის 20 ივლისს, 15 000 ლარიანი კრედიტის აღებიდან მეორე თვეზე, რაც ქმნის გონივრული ეჭვის საფუძველს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ნ.ხ–ძე ქონების გადაფორმების შემდეგ მაინც სარგებლობდა აღნიშნული ქონებით. ამავდროულად, ბანკის გაფრთხილების წერილები ბარდება ნ.ხ–ძის ოჯახის წევრს, ასევე, საცხოვრებელი ადგილის ცვლილების შესახებ მოსარჩელისთვის არ მიუმართავს. ასევე, მოჩვენებითობაზე მიუთითებს ქონების პირველ ეტაპზე დედისთვის, ლ.ხ–ძისთვის გადაფორმება, რა დროსაც ხელშეკრულების ფასი 100 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ქონება კი ლ.ხ–ძემ გადაუფორმა თ.ბ–ძეს, ასევე, ბ.ბ–ძემაც მასზე გადააფორმა საკუთარი ქონება.

13.5. რაც შეეხება ბ.ბ–ძეს, მანაც, საკუთარი ქონების გადაფორმებისა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლის შემდეგ არ მიმართა ბანკს ცვლილებების შეტყობინების მიზნით. თუმცა, ბანკის კორესპოდენცია ისევ ბ.ბ–ძეს ბარდებოდა იმავე მისამართზე.

13.6. ზემოაღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა, რომლის თანახმად, ქონებათა გადანაწილება გამოიწვია მხარეთა საკუთრების გაყოფამ. თუმცა, კასატორის მითითებით, წარმოუდგენელია გაყოფის შემთხვევაში ყველა ქონება ერთი პიროვნების ხელშეკრულებაში აღმოჩენილიყო.

13.7. სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლად მიუთითებს, რომ ბანკმა მსესხებლის აქტივების შეფასების გარეშე გასცა სესხი, რაც არასწორია, რადგან გაიცა სადაზღვევო პოლისი, რომლის გაცემაც შეუძლებელი იქნებოდა თუ კი მოსარჩელე არ შეისწავლიდა მხარეთა კრედიტუნარიანობას.

13.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად ადასტურებს, რომ სახეზეა მოჩვენებითი გარიგებები, რომელთა გაბათილებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლობის გამო, სააპელაციო პალატის მიერ არასწორად გამოკვეული ფაქტობრივი გარემოებების შედეგია, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს და დაკმაყოფილდეს სარჩელი სრულად.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

21. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

22. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

23. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის არსებითი შედავების საკითხია ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სახეზე ნამდვილად იყო მოჩვენებითი გარიგება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საკრედიტო ურთიერთობის მიმართ არსებული მათი ვალდებულებებისგან თავის არიდება. შესაბამისად, სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის ის დასაბუთება, რომლითაც მან მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ბათილი გარიგება.

25. სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამასთან, სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით, /ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

26. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში, აღნიშნავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით, თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში, მხარეები აცხადებენ, რომ მათი ნების გამოვლენა მიმართულია გარკვეულ სამართლებრივ შედეგის დადგომისკენ, თუმცა ამ შედეგთან შესაბამისობა არ არსებობს იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელზეც მხარეები რეალურად თანხმდებიან. თვალთმაქცური გარიგების მიზანი ისაა, რომ დაიფაროს რეალური გარიგება, რომელიც მხარეებს მართლაც სურთ. შესაბამისად, სახეზეა ორი სხვადასხვა გარიგება: ერთი – თვალთმაქცური, მეორე კი – რეალური. ამიტომ, თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ გამოიყენება რეალური გარიგების დაფარვის მიზნით, რის გამოც მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. ამ მხრივ, გარიგების ბათილობისადმი საკანონმდებლო მიდგომა სპეციალურია და მისი მიზანია მხარეთა რეალური ნების გაცნობიერება. ხშირად, მხარეები არ ასხვავებენ იმგვარი ხელშეკრულების შინაარსს, რომელსაც ისინი სინამდვილეში სურთ, ან არ ერკვევიან, რა ტიპის გარიგების გაფორმება არის საჭირო. სწორედ ამ შემთხვევის დაზღვევის მიზნით, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი უპირატესობას პიროვნების ნებელობას, მის შინაგან სურვილს ანიჭებს უპირატესობას მის ფორმალურ გაცხადებასთან შედარებით, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი არ კრძალავს ისეთ შესაძლებლობას, როდესაც მხარეებს სურთ ჩაასწორონ შეცდომები, რის შედეგადაც თვალთმაქცური გარიგება შეიძლება გაუქმდეს და მხარეთა სურვილს შეესაბამოს ის მოთხოვნები, რომლებიც ახასიათებს გარიგებას, რომელიც რეალურად იყო მხარეთა მიზანი (შდრ. სუსგ-ები № ას-487-461-2015, 17.06.2015; № ას-1382-2018, 25.01.2019; № ას-3-2020, 16 ივნისი, 2020, პ.12).

27. რაც შეეხება თვალთმაქცური გარიგების დადებისას მხარეთა ნების გამოვლენას, თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (სუსგ №ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ.).

28. თვალთმაქცური გარიგების დროს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეების ნების გამოვლენა მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევისაკენ, მათი რეალური შინაგანი ნება და საჯაროდ გამოხატული ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ შემთხვევაში, მხარეები ერთი გარიგებით ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადება რეალურად სურთ. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგის დასადგომად უნდა განისაზღვროს, დგება თუ არა პირობები, რომლებიც ადგენს გამოხატული ნების ბათილობის საფუძველს. თვალთმაქცური გარიგების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს მხარეთა შინაგანი ნებისა და მათი საჯაროდ გამოვლენილი ნების შორის ურთიერთმიმართებაზე, თუ კი არსებობს მათ შორის შეუთავსებლობა (შდრ. სუსგ 23.01.2015, საქმე №ას-1142-1088-2014).

29. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის, ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში გარიგების ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (იხ. სუსგ-ები: N ას-171-159-2015; 29.04.2015წ; N ას-976-908-2017, 22.01.2018წ; N ას-366-2019, 17.05.2019წ; N ას-366-2023, 25.05.2023წ. N ას-198-2023, 23.06.2023წ.).

30. მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება.

31. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც გამოვლინდა პირთა ნათესაური კავშირი, საკასაციო სასამართლომ სწორედ სსკ-ის 56.1-ე მუხლის საფუძველზე პრეზუმირებულად მიიჩნია მხარეთა (პაპისა და შვილიშვილის) საერთო მიზნით მოქმედება, რადგან ასეთ დროს ივარაუდება, რომ ერთი ოჯახის წევრებს ერთმანეთის განზრახვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, ამ შემთხვევაში ნათესაური კავშირი მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია, რადგან ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობაა გადამწყვეტი, რომ ფიქტიურად გაფორმებული ხელშეკრულებას არ მოჰყოლია ის სამართლებრივი შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო (იხ. სუსგ-ები: N ას-1257-2022, 23.06.2023წ; N ას-136-2021, 05.04.2022წ; N ას-1314-2020, 22.02.2022წ; N ას-976-908-2017, 22.01.2018წ; შეად. სუსგ-ებს: N ას-1212-1138-2015, 06.06.2016წ; N ას 871-821-2015, 05.02.2016წ; N ას-487-461-2015, 17.06.2015წ; წN ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წ.).

32. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან ოჯახის სხვა წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (სუსგ-ებები: №ას-1029-2019, 30.10.2019წ; №ას-1348-2019, 22.01.2020წ; №ას-3-2020, 16.06.2020წ., ას-167-2021, 28.02.2023 წ.)

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. ამრიგად, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც მოჩვენებითი გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიცავს გარიგების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს, ანუ ნორმის შემადგენელ ელემენტებს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დადგინდა რომ სადავო გარიგებების მხარეები უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის დროისათვის მოქმედებდნენ შეთანხმებულად და მათ მიზანს არ წარმოადგენდა გარიგებების დადება.

34. მართალია, დადგენილია, რომ მოპასუხეები ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები არიან, თუმცა მხოლოდ ნათესაური კავშირი არ არის საკმარისი ზემოხსენებული პრეზუმფციის გასავრცელებლად. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმად, მსესხებლებზე გაიცა სარგებლიანი კრედიტები. დადგენილია, რომ (1). 2020 წლის 20 ივლისს სს "კ.ბ–ს" და მოპასუხეებს ნ.ხ–ძეს და ბ.ბ–ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N202025320975IBF, რომლის საფუძველზეც მათ სესხის სახით მიიღეს 15000 ლარი 48 თვით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18 %-ის ოდენობით. (2). 2020 წლის 20 ივლისს სს "კ.ბ–ს" და მოპასუხეს ნ.ხ–ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N202025345486ZVK, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღეს 60 ლარი 12 თვით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0 %-ის ოდენობით. (3). 2020 წლის 2 სექტემბერს სს "კ.ბ–ს" და მოპასუხეს ნ.ხ–ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N202025345486YIK, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღეს 2279 ლარი 12 თვით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8%-ის ოდენობით.

35. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან არ ჩანს, რომ ბანკმა სესხის გაცემამდე რაიმე სახით შეისწავლა მსესხებლ(ებ)ის ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობა და ამის შემდეგ გადაწყვიტა მათზე სესხის გაცემა. საყურადღებოა, რომ ბანკს ჰქონდა შესაძლებლობა მსესხებლისთვის მოეთხოვა სახელშეკრულებო უზრუნველყოფა, რაც მან არ გამოიყენა და ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გასცა სესხები მოპასუხე(ებ)ზე. მსესხებლის საკუთრებაში არსებული ქონება წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე წარმოშობილი დავალიანების ამოღების საშუალებას.

36. საკასაციო პალატის მოსაზრებით,, მოსარჩელეს ხელშეკრულებების გაფორმების დროისთვის, ჰქონდა შესაძლებლობა დაეცვა საკუთარი პოზიციები და მოეთხოვა სესხთან ერთად იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაც, თუკი თვლიდა, რომ დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში სხვაგვარად მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნებოდა, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, მოპასუხეების მიერ საკუთრების უფლების რეალიზაციის შედეგად დამდგარი ვითარების რისკის მატარებელიც თავად საკრედიტო დაწესებულებაა. ამვდროულად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ისეთი პოზიცია, ან მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც ნ.ხ–ძეს და ბ.ბ–ძეს კერძო სამართლის სუბიექტთა კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, არ შეეძლოთ გაესხვისებინათ უძრავი ქონება შვილებზე თუ სხვა ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „კ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „კ.ბ–ს“ (ს/კ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №13055134, გადახდის თარიღი 31.10.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ე. გასიტაშვილი