Facebook Twitter

საქმე №ას-1404-2024 5 მარტი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ტ.კ–ი“ (აპელანტი, მოსარჩელე)

(სს „თ.ბ–ი“ უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ა.ჯ–ვა, ვ.ჯ–ვი, ს.ჯ–ვი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „თ.ბ–სა“ (შემდეგში: ბანკის უფლებამონაცვლე შპს „ტ.კ–ი“, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, სესხის გამცემი) და ა.ჯ–ვს, ვ.ჯ–ვსა და ს.ჯ–ვს (შემდეგში: სესხის მიმღები, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის 18.08.2022 - წელს გაფორმდა N7442695-12163870 - საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა კრედიტის თანხა 32,500.00 ლარი, წლიური 18.5% დარიცხვით.

2. მხარეთა შორის გაფორმებული N7442695-12163870 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად მსესხებელი ვალდებულია კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში მითითებული ვადით განახორციელოს სადაზღვეო კომპანიაში სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ. მსესხებელი ვალდებულია სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს დაზღვევის პრემია გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი, სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად. დანართი 1/ პოლისი N7442695- 12163870 თანახმად, სიცოცხლის დაზღვევისათვის სადაზღვევო პრემია შეადგენს მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიურ 0.72%-ს, დღეის მდგომარეობით სადაზღვევო თანხა შეადგენს 66.93 ლარს (მათ შორის სიცოცხლის დაზღვევა 66.93 ლარს, ქონების დაზღვევა 0.00 ლარს).

3. ბანკი მიუღებელ შემოსავალს ითხოვს სესხზე დარჩენილი ძირითადი თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს 12 თვის განმავლობაში, კერძაოდ: 7442695-12163870 სესხზე ძირითადი თანხის 28,952.21 ლარის წლიურ 18.5 პროცენტს, სარჩელის აღძვრიდან, 26.10.2023 წლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა (ჯამურად 5,356.16 ლარი).

4. N7442695-12163870 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20.00 ერთეულის ოდენობით და შემდეგ დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5. სესხი ვადაგადაცილებაშია 21.07.2023 წლიდან, შესაბამისად ამავე თარიღიდან სესხს ერიცხება პირგასამტეხლო. დღეის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 654.82 ლარს.

6. N7442695-12163870 ხელშეკრულების შესაბამისად დარიცხულ პირგასამტეხლოს მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობისა ბანკი ამცირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასარიცხ განაკვეთს; გასათვალისწინებელია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე ამცირებს დარიცხვის ვადას და ნაცვლად ვალდებულების სრულად შესრულების თარიღისა შემოიფარგლება ძირითადი თანხის 10%-ით; N7442695-12163870 საკრედიტო ხელშეკრულებებზე დარიცხული პირგასამტეხლო არ აღემატება 10.10.2023წ. თარიღში (ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის) დავალიანებული ძირი თანხის 10 %-ს.

7. საკრედიტო ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებით და საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული წესის თანახმად, რაც მოპასუხე(ებ)ის მიერ არ სრულდება. მოპასუხე(ებ)ს კანონით და ხელშეკრულებით დადგენილი წესით განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, მიუხედავად ამისა ვალდებულება შეუსრულებელია. ბანკმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულებები ცალმხრივად შემდეგ თარიღ(ებ)ში: N7442695-12163870 საკრედიტო ხელშეკრულება 10.10.2023 წელს;

8. საკრედიტო დავალიანების ოდენობა: N7442695-12163870 საკრედიტო ხელშეკრულებაზე 31,317.32 ლარს: მათ შორის ძირი 28,952.21; დარიცხული სარგებელი 1,643.36; პირგასამტეხლო 654.82; დაზღვევა 66.93;

9. 2023 წლის 02 ოქტომბერს ვ.ჯ–ვს და ს.ჯ–ვს შორის დაიდო უძრავი ქონების ს/კ ........ ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ს.ჯ–ვის ზემოაღნიშნული ქონებიდან/წილი, სრულიად აღირიცხა ვ.ჯ–ვას საკუთრებაში. აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მსესხებელს და მის ოჯახის წევრს (ნათესავს) შორის მას შემდეგ რაც მსესხებელმა დაარღვია სს „თ.ბ–ის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულება და ქონების გასხვისების შემდეგ მსესხებელს გადახდა არ განუხორციელებია და ასევე ინფორმირებული იყო სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით.

10. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

10.1. მოპასუხეს - ა.ჯ–ვას და ს.ჯ–ვს სოლიდარულად დააკისროთ სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ N7442695-12163870 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 31,317.32 ლარის გადახდა, საიდანაც: - კრედიტის ძირითადი თანხაა - 28,952.21;- დარიცხული პროცენტი - 1,643.36; კრედიტზე დარიცხული პირგასამტეხლო - 654.82; დაზღვევის თანხა - 66.93;

10.2. მოპასუხეს - ა.ჯ–ვას და ს.ჯ–ვს სოლიდარულად გადასახდელად დააკისროთ სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ N7442695-12163870 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი სესხის ძირითადი თანხის 28,952.21 ლარის წლიური 18.5 პროცენტი, 26.10.2023 წლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 5,356.16 ლარისა.

10.3. მოპასუხეს ა.ჯ–ვას და ს.ჯ–ვს სოლიდარულად გადასახდელად დააკისროთ სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ N7442695-12163870 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სესხის ძირითადი თანხის 28,952.21 ლარის 0.1% ყოველდღიურად, 26.10.2023 წლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2,240.40 ლარისა,

10.4. ბათილად იქნეს ცნობილი ვ.ჯ–ვს და ს.ჯ–ვს შორის 2023 წლის ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონების წილზე, მდებარე, მისამართი: მუნიციპალიტეტი გარდაბანი, სოფელი ......., საკადასტრო კოდით: ........ აღდგეს ს.ჯ–ვის პ/ნ ........საკუთრების უფლება.

10.5. სს „თ.ბ–სა“ და ა.ჯ–ვას და ს.ჯ–ვს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მსესხებელზე გაიცა საბანკო კრედიტი. გადახდა უნდა განხორციელებულიყო საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

10.6. ვინაიდან არ შესრულდა კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ბანკმა შეწყვიტა ხელშეკრულება და მიმართა სასამართლოს მოთხოვნით - განხორციელდეს წარმოშობილი დავალიანების გადახდის ვალდებულების მოპასუხეებზე დაკისრება; ნაკისრი ვალდებულების გადახდის თავიდან ასარიდებლად ს.ჯ–ვმა თვალთმაქცური გარიგებით გაასხვისა უძრავი ქონება ოჯახის წევრზე - ვ.ჯ–ვზე.

11. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხეებმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, თანხის დაკისრების ნაწილში სადავოდ მიიჩნიეს მხოლოდ სესხის მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა, ხოლო რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ამ ნაწილში სარჩელი არ ცნეს, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმდა ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან მოპასუხეებს შეექმნათ ფინანსური პრობლემები და არამარტო ქონება, სხვა მოძრავი ნივთების გაყიდვაც მოუწიათ, რაც მათი უფლება იყო.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სს "თ.ბ–ის" სარჩელი მოპასუხეების: ა.ჯ–ვას, ს.ჯ–ვისა და ვ.ჯ–ვის მიმართ. მოპასუხეებს: ა.ჯ–ვასა და ს.ჯ–ვს მოსარჩელე სს "თ.ბ–ის" სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად დაეკისრათ საბანკო კრედიტის #7442695- 12163870 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 31 317.32 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 28 952.21 ლარი, დარიცხული პროცენტი - 1 643.36 ლარი, პირგასამტეხლო - 654.82 ლარი, დაზღვევის თანხა - 66.93 ლარი. მოპასუხეებს: ა.ჯ–ვასა და ს.ჯ–ვს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე სს "თ.ბ–ის" სასარგებლოდ #7442695-12163870 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის გადახდა სესხის ძირითადი თანხის 28 952.21 ლარის წლიური 18.5 პროცენტი, 26.10.2023 წლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 5 356.16 ლარისა. მოპასუხეებს: ა.ჯ–ვასა და ს.ჯ–ვს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე სს "თ.ბ–ის" სასარგებლოდ #7442695-12163870 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა სესხის ძირითადი თანხის 28 952.21 ლარის 0.1 პროცენტი ყოველდღიურად, 26.10.2023 წლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 240.40 ლარისა.

13. სააპელაციო საჩივარი

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

15. საკასაციო საჩივარი

15.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

15.2. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების ბათილად ცობაზე უარის თქმის, ასევე ვ. და ს.ჯ–ვებს შორის 2023 წლის 02 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილში გასაუქმებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება.

15.3. მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადება წარმოადგენდა ბანკის მოტყუების მცდელობას, კერძოდ, მხარეები ერთმანეთის ნათესავები არიან და ჰქონდათ განზრახვა სახელშეკრულებო ვალდებულებისთვის თავი აერიდებინათ საქმეში მითითებული გზებით. მათ არ ჰქონდათ განზრახვა გარიგების რეალურად დადების შესახებ, შესაბამისად, ხელშეკრულებას არ მოჰყვა იურიდიული შედეგი.

15.4. კასატორისთვის ეჭვგარეშეა, რომ მოპასუხის ნათესავმა ვ.ჯ–ვმა უკვე იცოდა მოვალის დავალიანების შესახებ, შესაბამისად, ამოძრავებდათ მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე მოჩვენებითი, ფორმალურად ქონების გასხვისება და საბანკო ვალდებულებებისგან თავის არიდება. აღნიშნული ქონება მისი ერთადერთი აქტივია, რომლითაც შესაძლებელია მისი ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ცალსახაა, რომ ქონების გადაცემა სწორედ ვალდებულების თავის არიდებას ემსახურებოდა გარიგების დადება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დრო დადგა.

15.5. მსესხებელს ყოველთვის შეეძლო გადაეფორმებინა მისი კუთვნილი წილი უძრავი ქონება ვ.ჯ–ვასთვის თუ მას მართლა ნასყიდობის განზრახვა ჰქონდა, მაგრამ მან აღნიშნული ქმედება განახორციელა მას შემდეგ, რაც მიიღო სს „თ.ბ–ის“ გამაფრთხილებელი ზარი ვალდებულების დროულად შესრულების შესახებ და ქონების გასხვისების შემდეგ ვალდებულება აღარ შეუსრულებია. შესაბამისად ამ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. მოსარჩელის ინფორმაციით ვ.ჯ–ვა წარმოადგენს ს.ჯ–ვას ოჯახის წევრს და მისთვის ნასყიდობის ხელშეკრულები დადებით კიდევ ერთხელ დასტურდება მიზანი, თუ რისთვის მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების/ წილის გადაფორმება.

15.6. შესაბამისად, აუცილებელია, რომ აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდეს, რათა მოსარჩელემ შეძლოს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება. თავის მხრივ, ცალსახაა, რომ სახეზეა მოჩვენებით დადებული გარიგება, რომელიც უნდა გაბათილდეს.

15.7. სააპელაციო პალატამ აღნიშნული არ მიიჩნია გაბათილების საფუძვლად, შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ განჩინება დაუსაბუთებელია და გასაუქმებელი.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

22. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

23. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

24. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

25. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის არსებითი შედავების საკითხია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სახეზე ნამდვილად იყო მოჩვენებითი გარიგება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საკრედიტო ურთიერთობის მიმართ არსებული მათი ვალდებულებებისგან თავის არიდება. შესაბამისად, სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის ის დასაბუთება, რომლითაც მან მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ისეთი ტიპის გარიგება, რომელიც დაექვემდებარებოდა ბათილობას.

27. სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამასთან, სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით, /ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

28. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში, აღნიშნავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით, თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში, მხარეები აცხადებენ, რომ მათი ნების გამოვლენა მიმართულია გარკვეულ სამართლებრივ შედეგის დადგომისკენ, თუმცა ამ შედეგთან შესაბამისობა არ არსებობს იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელზეც მხარეები რეალურად თანხმდებიან. თვალთმაქცური გარიგების მიზანი ისაა, რომ დაიფაროს რეალური გარიგება, რომელიც მხარეებს მართლაც სურთ. შესაბამისად, სახეზეა ორი სხვადასხვა გარიგება: ერთი – თვალთმაქცური, მეორე კი – რეალური. ამიტომ, თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ გამოიყენება რეალური გარიგების დაფარვის მიზნით, რის გამოც მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. ამ მხრივ, გარიგების ბათილობისადმი საკანონმდებლო მიდგომა სპეციალურია და მისი მიზანია მხარეთა რეალური ნების გაცნობიერება. ხშირად, მხარეები არ ასხვავებენ იმგვარი ხელშეკრულების შინაარსს, რომელსაც ისინი სინამდვილეში სურთ, ან არ ერკვევიან, რა ტიპის გარიგების გაფორმება არის საჭირო. სწორედ ამ შემთხვევის დაზღვევის მიზნით, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი უპირატესობას პიროვნების ნებელობას, მის შინაგან სურვილს ანიჭებს უპირატესობას მის ფორმალურ გაცხადებასთან შედარებით, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი არ კრძალავს ისეთ შესაძლებლობას, როდესაც მხარეებს სურთ ჩაასწორონ შეცდომები, რის შედეგადაც თვალთმაქცური გარიგება შეიძლება გაუქმდეს და მხარეთა სურვილს შეესაბამოს ის მოთხოვნები, რომლებიც ახასიათებს გარიგებას, რომელიც რეალურად იყო მხარეთა მიზანი (შდრ. სუსგ-ები № ას-487-461-2015, 17.06.2015; № ას-1382-2018, 25.01.2019; № ას-3-2020, 16 ივნისი, 2020, პ.12).

29. რაც შეეხება თვალთმაქცური გარიგების დადებისას მხარეთა ნების გამოვლენას, თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (სუსგ №ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ.).

30. თვალთმაქცური გარიგების დროს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეების ნების გამოვლენა მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევისაკენ, მათი რეალური შინაგანი ნება და საჯაროდ გამოხატული ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ შემთხვევაში, მხარეები ერთი გარიგებით ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადება რეალურად სურთ. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგის დასადგომად უნდა განისაზღვროს, დგება თუ არა პირობები, რომლებიც ადგენს გამოხატული ნების ბათილობის საფუძველს. თვალთმაქცური გარიგების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს მხარეთა შინაგანი ნებისა და მათი საჯაროდ გამოვლენილი ნების შორის ურთიერთმიმართებაზე, თუ კი არსებობს მათ შორის შეუთავსებლობა (შდრ. სუსგ 23.01.2015, საქმე №ას-1142-1088-2014).

31. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის, ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში გარიგების ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (იხ. სუსგ-ები: N ას-171-159-2015; 29.04.2015წ; N ას-976-908-2017, 22.01.2018წ; N ას-366-2019, 17.05.2019წ; N ას-366-2023, 25.05.2023წ. N ას-198-2023, 23.06.2023წ.).

32. მტკიცების ტვირთი თვალთმაქცური გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს. (სუსგ-ებები: №ას-1029-2019, 30.10.2019წ; №ას-1348-2019, 22.01.2020წ; №ას-3-2020, 16.06.2020წ., ას-167-2021, 28.02.2023 წ.)

33. კასატორის პოზიცია დაფუძნებულია გარემოებაზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები ნათესავები არიან. საკასაციო პალატის მითითებით, მართალია, მხარეს დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ქვედა ინსტანციის სასამართლოებში არ დადგინდა მოპასუხეთა ნათესაური კავშირი, თუმცა აღნიშნული გარემოების დამტკიცების შემთხვევაშიც, თვალთმაქცური გარიგების არსებობის დასადასტურებლად მხოლოდ ნათესაური კავშირის არსებობა არ არის საკმარისი. სავალდებულოა მოსარჩელემ თვალთმაქცური გარიგების ყველა კრიტერიუმი კუმულაციურად დაადასტუროს (მაგ: გარიგების რეალურ და ფორმალურ შინარსს შორის აცდენა, მესამე პირის მოტყუების მიზანი. (იხ. სუსგ-ები: N ას-171-159-2015; 29.04.2015წ; N ას-976-908-2017, 22.01.2018წ; N ას-366-2019, 17.05.2019წ; N ას-366-2023, 25.05.2023წ. N ას-198-2023, 23.06.2023წ.), წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც ერთი-ერთი ნიშანი იყოს სახეზე, ის საკმარისი ვერ იქნება თვალთმაქცურ გარიგებად კვალიფიცირებისთვის. შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გარეშე თუნდაც ოჯახის წევრებს შორის დადებული ნებისმიერი გარიგება ვერ გახდება მისი ბათილად ცნობის ავტომატური საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში კი თავად როგორც ნათესაური კავშირის, ისე სხვა კრიტერიუმების არსებობაც ვერ დადასტურდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში, რაც ვერ ქმნის გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს.

34. საბოლოოდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი. ის გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულების მხარეები ოჯახის წევრები არიან, ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება. სხვა მხრივ კი მოსარჩელე ვერ სთავაზობს სასამართლოს მოვლენათა ჯაჭვის იმგვარ განვითარებას, რაც უთუოდ შექმნიდა საფუძველს გარიგების მონაწილე მხარეთა ნების არანამდვილად მიჩნევისათვის.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ტ.კ–ს“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1731939198, გადახდის თარიღი 18.11.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ე. გასიტაშვილი