Facebook Twitter

საქმე №ას-1363-2024 5 მარტი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ბ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ო.დ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის გამო გადაცემული თანხის დაბრუნება,

პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ბ.ჯ–იას“ (შემდეგში მოსარჩელე, დამკვეთი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება (რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ შპს „ო.დ–ის“ (შემდეგში მოპასუხე ან შემსრულებელი) მიმართ წარდგენილი სარჩელი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 120 000 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა) და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დამკვეთის სარჩელი ხანდაზმულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა.

2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი და სადავო ურთიერთობაზე ნაცვლად 10-წლიანი ვადისა, არასწორად გაავრცელა სამ-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში ორმხრივ რესტიტუციას, რომელზეც სსკ-ის 128.3-ე მუხლის მიხედვით ვრცელდება ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა, ხოლო ვინაიდან წინამდებარე სარჩელის წარდგენით მოსარჩელემ დაადასტურა ხელშეკრულებიდან გასვლის ნება, სწორედ სარჩელის წარდგენიდან უნდა ათვლილიყო ხანდაზმულობის ვადაც.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2018 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება ან ნარდობის ხელშეკრულება), რომლის ფარგლებში შემსრულებელს (მოპასუხეს) ევალებოდა დამკვეთის (მოსარჩელის) საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული დანადგარების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება(კერძოდ, ქვის სამსხვრევი აგრეგატების მონტაჟი და სამუშაო პროცესის გამართვა);

7.2. შემსრულებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 სამუშაო დღის ვადაში;

7.3. ხელშეკრულებით გაწეული მომსახურების სრული ღირებულება შეადგენდა 120 000 ლარს (მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელსაც დამკვეთი იხდიდა ხელშეკრულების მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში.

7.4. დამკვეთმა მომსახურების საფასური, 120 000 ლარი შემსრულებელს გადაუხადა 2018 წლის 4 სექტემბერს;

7.5. 2019 წლის 17 აპრილს დამკვეთმა მიმართა შემსრულებელს, ხელშეკრულებიდან გასვლა და გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვა. წერილში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები დროებით ვერ შესრულდებოდა ფორს-მაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე. გზავნილი ადრესატს (შემსრულებელს) არ ჩაბარებია;

7.6. 2022 წლის 11 მაისს დამკვეთმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსრულებლის მიმართ, მოითხოვა 2018 წლის 1 აგვისტოს დადებული ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტა და მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის, 120 000 ლარის დაბრუნება, ასევე მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს (სახელშეკრულებო ვალდებულების 0.5%-ის) გადახდის დაკისრება.

8. საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. კასატორი (მოსარჩელე) აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე მუხლები და სადავო ურთიერთობაზე ნაცვლად 10-წლიანი ვადისა, არასწორად გაავრცელა სამ-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, მისი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული,

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს შემდეგს: სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომლებიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).

10. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. დასახელებული ნორმა სპეციალური ხასიათის ნორმას წარმოადგენს სწორედ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისთვის. „კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად“ (იხ. სუსგ საქმე №ას-868-830-2014, 19.03.2015წ.).

11. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ მომენტის ზუსტად განსაზღვრა, რომელიც უკავშირდება ხანდაზმულობის ვადის დადგენას. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ ხანდაზმულობის თაობაზე განმარტა შემდეგი: „ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა“ (იხ. სუსგ საქმე №ას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012 წელი).

12. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მხარეთა შორის არსებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა და სწორად იმსჯელა ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ დამამტკიცებელ ან გამაქარწყლებელ მტკიცებულებებზე მითითებას სწორედ მხარეთა მიერ. სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ მოწინააღმდეგის პოზიციის გამაბათილებელი მტკიცებულებები და გაამყარონ საკუთარი მტკიცება. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ (შემსრულებელმა) მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, მოსარჩელეს (დამკვეთს), თავის მხრივ, უფლება ჰქონდა დაეცვა თავი და მიეთითებინა მისი მოთხოვნის განხორციელების ხანდაზმულობის გამომრიცხავ მტკიცებულებებზე, რაც მას არ გაუკეთებია.

13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ სარჩელის შეტანით გამოავლინა ხელშეკრულებიდან გასვლის ნება (სსკ-ის 355-ე მუხლი), რამაც წარმოშვა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება და მასზე უნდა გავრცელებულიყო სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო, 10-წლიანი ვადა.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ უდავოდ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ (სსკ-ის 629.1 მუხლი). ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნას - აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში შემსრულებლისთვის გადაცემული თანხის დაბრუნების შესახებ, სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი აქვს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაავრცელა მასზე სპეციალური სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ვადად მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 სამუშაო დღე, ხელშეკრულება შედგენილია 2018 წლის 1 აგვისტოს, შესაბამისად, დამკვეთს შესრულება უნდა მიეღო იმავე წლის 1 ოქტომბერს. დადგენილია ასევე, რომ დამკვეთს ამ ვადაში შესრულება არ მიუღია, ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ამ დროიდან (2018 წლის 1 ოქტობრიდან) მოსარჩელეს (დამკვეთს) უკვე წარმოეშვა მოთხოვნის საფუძველი, თუმცა ვინაიდან სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2022 წლის მაისში (ანუ 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით (ხანდაზულობის 3-წლიანი ვადა ამოიწურა 2021 წლის ოქტომბერში)), არსებობდა აღნიშნული საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

16. შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 128-ე-130-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის გადახდა კასატორის გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის) 30% - 1800 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ბ.ჯ–იას“ (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაევალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის 30% - 1800 ლარის გადახდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ე. გასიტაშვილი