საქმე №ას-1338-2024 5 მარტი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ა.კ–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – იპოთეკის გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2020 2015 წლის 08 იანვარს გ.ბ–ძესა (გამსესხებელი, იპოთეკარი) და ე.ტ–ძეს (მსესხებელი) შორის, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს ასესხა 15 000 აშშ დოლარი, სესხის ძირითად თანხაზე ყოველთვიურად ფიქსირებული სარგებლის 400 აშშ დოლარის გადახდის პირობით, თვრამეტი თვის ვადით.
2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.01%-ის ოდენობით ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა ნ.ტ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე: თბილისი, ........., საკადასტრო კოდით ........., მე-2 სართული, 55.88 კვ.მ, ფართი.
4. ხელშეკრულების მე-8 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლებოდა გადასულიყო კრედიტორის საკუთრებაში, თუკი კრედიტორი და უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავდნენ მარეგისტრირებელ ორგანოს.
5. ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად კი, თუ მოვალე არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც იყო იპოთეკა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება არ გადავიდოდა კრედიტორის საკუთრებაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოეხდინა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
6. მსესხებელმა ე.ტ–ძემ ვერ შეასრულა 08.01.2015წ. ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც 04.08.2016წ. კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად ნოტარიუსის მიერ გაიცა N160866380 სააღსრულებო ფურცელი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ვალის ძირი თანხა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 1 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%. თანხის ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ნ.ტ–ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
7. იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე გაიმართა ორი აუქციონი. აუქციონზე ქონების რეალიზაცია ვერ განხორციელდა. 2016 წლის 18 ნოემბერს დაინიშნა პირველი იძულებითი აუქციონი, 18.11.2016წ. დაინიშნა პირველი განმეორებითი აუქციონი, რომელიც 2016 წლის 6 დეკემბერს დასრულდა უშედეგოდ და იმავე დღეს დაინიშნა მეორე განმეორებითი აუქციონი 2016 წლის 14 დეკემბერს. იპოთეკის საგანი იძულებით აუქციონზე გაიყიდა, თუმცა 2017 წლის 03 იანვარს A16078226-018/001 განკარგულებით აუქციონის შედეგები გაუქმდა, რადგან შემძენმა არ გადაიხადა აუქციონზე დადგენილი უძრავი ქონების ღირებულება. 2017 წლის 3 იანვარს უძრავ ქონებაზე დაინიშნა ხელახალი აუქციონი, რომელზეც ქონება გაიყიდა, თუმცა 2017 წლის A16078226-018/002 განკარგულებით აუქციონის შედეგები კვლავ გაუქმდა, ვინაიდან შემძენმა კანონით განსაზღვრულ ვადაში კვლავ არ გადაიხადა აუქციონზე დადგენილი უძრავი ქონების ღირებულება. ამავე დღეს დაინიშნა ახალი აუქციონის თარიღი. 2017 წლის პირველ თებერვალს იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ აუქციონი დასრულდა უშედეგოდ, უძრავ ქონებას მოეხსნა ყადაღა და დაუბრუნდა მოვალეს.
8. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისში, ........, საკადასტრო კოდით ......, მე-2 სართულზე რეგისტრირებული ფართი 55.88 კვ.მ, ფართი გასხვისდა რამდენჯერმე და ამჟამად იგი ირიცხება ა.კ–ძის საკუთრებად.
9. ა.კ–ძის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია 2021 წლის 30 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
10. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება დაინომრა და საკადასტრო კოდი ....... შეიცვალა - ........ საკადასტრო კოდით.
11. 2015 წლის 08 იანვარს გ.ბ–ძესა და ე.ტ–ძეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მსესხებლის მიერ ამ დრომდე შესრულებული არ არის.
12. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
12.1. ა.კ–ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე გ.ბ–ძის მიმართ და მოითხოვა გაუქმდეს ა.კ–ძის (პ/ნ:......) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, .........., საკადასტრო კოდი: #.........., გ.ბ–ძის (პ/ნ: ........) სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა (განცხადების რეგისტრაციის N882015005322, რეგისტრაციის თარიღი: 13.012015წ. საფუძველი: ხელშეკრულება სესხისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის (იპოთეკის) შესახებ, რეესტრის N150009047, დამოწმების თარიღი 08.01.2015 წ., ნოტარიუსი ლ. ბ–ნი).
12.2. სარჩელის თანახმად, უძრავი ქონება, რომელიც დატვირთულია იპოთეკით გ.ბ–ძის სასარგებლოდ, არაერთხელ გასხვისდა: თავდაპირველად ა.ჭ–ძის სახელზე - 06.02.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. შემდეგ ბ.ჭ–ძის სახელზე - 28.06.2021წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე და ბოლოს 30.11.2021წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
13. იპოთეკის საგანი დავის გადაწყვეტის დროისთვის ეკუთვნის მოსარჩელე ა.კ–ძეს და ქონებას კვლავ ადევს რეგისტრირებული იპოთეკა.
14. მოპასუხის შესაგებელი
სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით გ.ბ–ძემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მსესხებელს არ შეუსრულებია ვალდებულება და კვლავ გააჩნია ის დავალიანება, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა იპოთეკის რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ა.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
16. სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
18. საკასაციო საჩივარი
18.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
18.2. საკასაციო საჩივარში კაასტორი უთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომელშიც არ არის მითითება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილში ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, რის გამოც, სააპელაციო პალატამ ვერ დაასაბუთა თუ რატომ მიიჩნია მათ შორის წინამდებარე საქმის სადავო გარემოება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეულ მოსაწესრიგებელ სფეროდ.
18.3. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ დასახელებული ნორმა ვერ დაიცავს მოსარჩელეს, რაც დაუსაბუთებელია. სააღსრულებო ბიურომ 2017 წლის 3 თებერვალს გასცა ცნობა სააღსრულებო წარმოების დასრულების შესახებ. აღნიშნული დროის შემდგომ 2021 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელემ შეისყიდა ქონება იმ მოლოდინით, რომ კრედიტორს ამოწურული ქონდა მოთხოვნის ამ ქონებით დაკმაყოფილების კანონიერი საშუალება. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმაზე იმსჯელა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოწერილ სააღსრულებო ფურცელზე, კანონის 75.8-ე მუხლის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რაზეც საერთო სასამართლოებს ჯერ-ჯერობით არ ჰქონიათ პრაქტიკა.
18.4. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ არ არსებობს განსხვავება თუ ვინ ამოწერს. სააღსრულებო ფურცლის არსებობა უკვე განსაზღვრავს ამ ინსტიტუტის ბედს მიუხედავად იმისა, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება. ამ კუთხით მოსარჩელე უთითებს რომ ნოტარიუსის მიერ გამოწერილ სააღსრულებო ფურცელს კავშირი არ აქვს სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებასთან. საკონსტიტუციო სასამართლომ ის არაკონსტიტუციურად ცნო კონსტიტუციის მხოლოდ 31-ე მუხლთან - სამართლიანი სასამართლოს პრინციპთან.
18.5.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
20. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
23. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოსთვის დასაშვებობის ფარგლებში განსახილველი საკითხი შეეხება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უზრუნველყოფის საშუალებით დატვირთული უძრავი ქონების უფლებრივი ნაკლისგან გათავისუფლებას, როდესაც მთავარი სახელშეკრულებო ვალდებულების აღსრულების შესაძლებლობა ქონების რეალიზაციის გზით ვერ განხორციელდა, ხოლო სააღსრულებო ფურცელი შედგენილია ნოტარიუსის მიერ.
26. სარჩელის მთავარი დასაბუთება დაფუძნებულია არგუმენტს, რომლის თანახმად, სააღსრულებო ბიურომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განახორციელა/ამოწურა კანონით გათვალისწინებული ყველა სააღსრულებო მოქმედება და ვინაიდან იგივე სააღსრულებო ფურცლის ფარგლებში სხვა მოქმედების განხორციელება ან იგივე მოქმედების განმეორებით განხორციელება კანონით აკრძალულია, უძრავი ქონება უნდა გათავისუფლდეს იპოთეკისაგან. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 75.8-ე მუხლის დანაწესზე.
27. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც ძირითად მოსარჩელეს სურს, პირველ რიგში, უნდა აღმოიფხვრას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის განკუთვნილი სამოქალაქო-სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავდროულად, სსკ-ის 153.1 (აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს) მუხლიდან გამომდინარე, იპოთეკა, როგორც უზრუნველყოფის საშუალება მეორეული, აქცესორული მოთხოვნის ბუნებით ხასიათდება და მისი არსებობა დამოკიდებულია მთავარი ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, თუ კი აღარ იარსებებს მთავარი სახელშეკრულებო ვალდებულება, ავტომატურად გაუქმდება მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული აქცესორული მოთხოვნები.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იპოთეკა სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე (იხ. სუსგ: 14 ნოემბერი, 2024 წელი, საქმე №ას-720 -2024).
29. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც.
30. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ის ძირითადი ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულება, რომლის საფუძველზეც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებადაც გამოყენებულია იპოთეკა, არ არის შესრულებული, შესაბამისად, ძირითადი სახელშეკრულებო ურთიერთობა სახეზეა, რომლის არსებობაც ავტომატურად განაპირობებს იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების არსებობასაც. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მოსაზრებით, ის ვითარება, როდესაც ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ მოხდა კრედიტორის დაკმაყოფილება, იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს ქმნის „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 75.8-ე მუხლის საფუძველზე. ნორმის თანახმად, თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.
31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის №2/5/879 გადაწყვეტილებაზე, სადაც სწორედ ზემოაღნიშნული ნორმის („სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 75.8-ე პუნქტი) კონსტიტუციურობის შესახებ განავითარა მსჯელობა. გადაწყვეტილების თანახმად, სამართლიანი სასამართლოს პრინციპი მოიცავს კრედიტორის ინტერესების დაცვას, მათ შორის, აღსრულების სავალდებულოობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუშვებელია უზრუნველყოფილი კრედიტორი დარჩეს დაკმაყოფილების გარეშე, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ვერ ხერხდება და კანონმდებლობა ალტერნატიულ გზას არ სთავაზობს. ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრედიტორს შესაძლებლობას უზღუდავდა ქონების იძულებით რეალიზაციაზე, არ შეესაბამებოდა თანაზომიერების პრინციპს და არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
32. მოცემული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ აღსრულებას ექვემდებარება არა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებები, არამედ სხვა ტიპის სამართლებრივი აქტებიც, მათ შორის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლები. დასახელებულ გადაწყვეტილებაში განხილული იყო მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი, თუმცა სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი იურიდიულად ერთნაირი ძალის მატარებელია.
33. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ასკვნის, რომ ა.კ–ძის მიერ იპოთეკით დატვირთული ქონების შეძენის მომენტისათვის (30 ნოემბერი, 2021), „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრედიტორის მიერ იძულებითი რეალიზაციის შეზღუდვას გულისხმობდა, უკვე ძალადაკარგული იყო. შესაბამისად, ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელე ვეღარ შეძლებს დაიკმაყოფილოს სასარჩელო მოთხოვნა.
34. საკასაციო პალატა დამატებით ხაზს უსვამს სააღსრულებო ფურცლის წარმომავლობის საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია სახეზეა არა სასამართლოს, არამედ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, თუმცა, ეს ფაქტი არანაირად გამორიცხავს ამ ორი დოკუმენტის თანაბარ ძალას. გამომცემი ინსტიტუტების მიუხედავად, სახეზეა ერთიდაიმავე მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი, რომლის მიღების წარმომავლობას სააღსრულებო წარმოების ფარგლებში არ აქვს არსებითი დატვირთვა.
35. რადგან უკვე განიმარტა, რომ აქცესორული უფლება დამოკიდებულია მთავარი მოთხოვნის არსებობაზე, ხოლო, როგორც საქმიდან ჩანს, მთავარი მოთხოვნა არ შეწყვეტილა, შეუწყვეტელობის მიზეზს აქცესორული ბუნებისთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ამ უკანასკნელისთვის მთავარია, რომ ის ისევ არსებობდეს. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მანამ, სანამ იასებებს მთავარი მოთხოვნა, ავტომატურად გააგრძელებს არსებობას უზრუნველყოფის ღონისძიებაც, თუ, რა თქმა უნდა, მხარეები თავად არ შეთანხმდებიან უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ა.კ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.მ–ძის (პ/ნ ........) საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №5066, გადახდის თარიღი 01.10.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი