Facebook Twitter

საქმე №ას-1325-2024 5 მარტი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.კ–ი (აპელანტი, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ქ–ძე (აპელანტი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

არასრულწლოვანი ბავშვი - ი.ქ–ძე

დაინტერესებული პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - განქორწინება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა,ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის მოთხოვნა, თანხის დაკისრება.

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ.კ–მა (შემდგომში მოსარჩელე, პირველი კასატორი ან პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ქ–ძის (შემდგომში მოპასუხე ან მეორე კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვანი შვილის, ი.ქ–ძის (შემდეგში არასრულწლოვანი ან ბავშვი) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ასევე მოპასუხისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვა არასრულწლოვნის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების და მის სრულწლოვანობამდე საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია

3.1. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ მიღებული თანხის, 7000 აშშ დოლარის ნახევრის, ასევე, მოსარჩელის მიერ გამოყენებული მოპასუხის პირადი დანაზოგის, 600 ლარის ანაზღაურება.

4.შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

4.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ (მოსარჩელემ) შეგებებული სარჩელი არ ცნო.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინება; არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი; მოპასუხეს ნაწილობრივ, არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების და მისი საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ბავშვის სრულწლოვანობამდე. მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეგებებული სარჩელის მოპასუხეს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქორწინების პერიოდში შეძენილი ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის, 2500 აშშ დოლარის ½ ნაწილის, 1250 აშშ დოლარის გადახდა; შეგებებული სარჩელის ავტორს უარი ეთქვა მოსარჩელის (შეგებებული სარჩელის მოპასუხის) სასარგებლოდ 600 ლარის დაკისრებასა და არასრულწლოვნისთვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.

6. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

6.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრი წარადგინა ორივე მხარემ:

6.1.1. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

6.1.2. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის, კუთვნილი თანხის (600 ლარის) დაბრუნებისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.2.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2008 წლის 8 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი: ი.ქ–ძე, (დაბადებული 2008 წლის 14 ნოემბერს, პ/ნ ......);

7.2.2. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ამჟამად დროებით ცხოვრობს დეიდასთან, ქ. ქუთაისში, .......;

7.2.3. არასრულწლოვანი სწავლობს ქ. ქუთაისში N7 საჯარო სკოლაში, იგი არის ასევე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლე. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის განცხადების თანახმად, არასრულწლოვანი განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი წლის სხვადასხვა დროს მიწვეულია და მონაწილეობას იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში. არასრულწლოვანს აქვს შესაბამისი უნარი და ცოდნა, რომ მონაწილეობა მიიღოს განხორციელებულ პროექტებში, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ვერ ახერხებს ქვეყნის დატოვებას მამის თანხმობის არქონის გამო;

7.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განაჩენით მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111-ე, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნენ არასრულწლოვანი და მოსარჩელე;

7.2.5. არასრულწლოვანს აქვს კანის ქრონიკული დაავადება - ატოპიური დერმატიტი, რომლის სამართავად საჭიროა ძვირადღირებული თავის მოვლის საშუალებები. მან გადაიტანა რამდენიმე ინფექციური დაავადება, რომლის სამკურნალოდ დედას დასჭირდა დამატებითი ფინანსები, რისთვისაც გაყიდა ავტომობილი;

7.2.6. მხარეთა შორის მომხდარი ოჯახური კონფლიქტის გამო მოპასუხეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რაშიც ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრები მოსარჩელეს ადანაშაულებდნენ. არასრულწლოვანი ყოველ დღე ისმენდა დედაზე უარყოფით კონტექსტში საუბარს, რის გამოც, 2022 წლის სექტემბრიდან მოსარჩელემ ქუთაისში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო;

7.2.7. ოჯახური პრობლემების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამსახური და ხელი ეშლება შვილისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემაში. არასრულწლოვანს სურვილი აქვს სწავლა გააგრძელოს საზღვარგარეთ, სადაც, მოსარჩელის განმარტებით, ისიც შეძლებს იმუშაოს და მისცეს შვილს შესაბამისი განათლება. მოსარჩელისვე განმარტებით, მას შეუძლია წავიდეს იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს მისი ნათესავი, ნ.ტ–ძე. ოჯახს გააჩნია საკმარისი საცხოვრებელი ფართი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდნენ მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილი (ნ.ტ–ძისა და მისი მეუღლის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილის იტალიაში ჩასვლის შემთხვევაში ოჯახი მზადყოფნას გამოთქვამს დედა-შვილმა იცხოვრონ მათ საცხოვრებელ სახლში), ასევე მოწესრიგებულია იმ სკოლის საკითხიც, სადაც სწავლას გააგრძელებს არასრულწლოვანი, თუმცა მოპასუხე უარს აცხადებს მინდობილობის მიცემაზე;

7.2.8. შვილის ელემენტარულ საჭიროებებზე მხოლოდ მოსარჩელეს უწევს ზრუნვა, შესაბამისად, ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის ერთადერთ შესაძლებლობად საზღვარგარეთ წასვლას მიიჩნევს. დედის ამ პოზიციას, დავის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, იზიარებს თავად არასრულწლოვანიც, გაცნობიერებული აქვს რა ემიგრანტად გამგზავრების ყველა შესაძლო დაბრკოლება, თვლის, რომ იტალიაში მხატვრობის დარგის კარგად განვითარების გამო, საუკეთესო პირობები იქნება მისი სახელოვნებო ნიჭის განვითარებისთვის;

7.2.9. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის - იმერეთის რეგიონული ცენტრის მიერ წარდგენილი დასკვნის თანახმად, სახლში, სადაც ამჟამად არასრულწლოვანი ცხოვრობს, არასრულწლოვნის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ადეკვატური პირობებია შექმნილი. თუმცა, როგორც ბავშვის დედა აღნიშნავს, საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის მის დეიდას, სადაც საცხოვრებლად გადმოვიდა მეუღლესთან განქორწინების შემდეგ. ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად განვითარებულია ასაკის შესაბამისად. დამაკმაყოფილებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ასევე აქვს ხატვის განსაკუთრებული ნიჭი. არასრულწლოვანს სურს, რომ საზღვარგარეთ მიიღოს საფუძვლიანი განათლება და განავითაროს მისი სამხატვრო მონაცემები. ოჯახი ხედავს პერსპექტივას, რომ იქ დედა დასაქმდება და მოახერხებს შეიძინოს საკუთარი საცხოვრებელი. გასაუბრების დროისთვის ბავშვი 14 წლისაა და მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას მშობლებთან მიმართებით, აცხადებს, რომ დედ-მამის განქორწინება ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობის გაწყვეტის საფუძველი ვერ გახდება, თუმცა დღეის მდგომარეობით ის თავს იკავებს მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობისგან, რადგან არის ნაწყენი მათზე რიგი გარემოებების გამო. განსაკუთრებულ თბილ დამოკიდებულებას ამჟღავნებს დედის მიმართ. მოსარჩელის თქმით, მამა-შვილს ძალიან უყვართ ერთმანეთი და არასოდეს შეუშლის ხელს მათ პოზიტიურ ურთიერთობას, თუმცა ამ ეტაპზე ოჯახი არის საკუთარი საცხოვრებლისა და სტაბილური ფინანსური შემოსავლის გარეშე, რისთვისაც გეგმავენ საზღვარგარეთ გამგზავრებას.

7.2.10.სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის - იმერეთის რეგიონულმა ცენტრმა ორჯერ მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტს, სადაც სასჯელს იხდის მოპასუხე, თუმცა სამსახურს თავისი პოზიცია დავასთან მიმართებით წერილობითი ფორმით არ გაუგზავნია.

7.2.11.მოსარჩელემ მოპასუხის მშობლების სახლის დატოვების შემდეგ აიღო მეუღლის დანაზოგი და ისე წავიდა სახლიდან. მოსარჩელე ნაწილობრივ დაეთანხმა წაღებული თანხის ოდენობას და აღნიშნა, რომ მან აიღო არა 600 ლარი (როგორც ამაზე მოპასუხე მიუთითებდა), არამედ დაახლოებით 400 ლარი, რომელიც ინახებოდა მეუღლეთა საძინებლის ტუმბოს ერთ-ერთ უჯრაში, განსაზღვრული იყო ყოველდღიური საჭიროებისთვის, რომელსაც მოპასუხე მეუღლეს აძლევდა საოჯახო მიზნებისთვის, მათ შორის, ბავშვის საჭიროებებისთვის განსაკარგად;

7.2.12.მოპასუხის დაკავების შემდეგ მოსარჩელე ბავშვთან ერთად დაახლოებით ორი თვე ცხოვრობდა მოპასუხის მშობლების სახლში და სადავო თანხა (400 ლარი) მან გამოიყენა ქუთაისში გადასვლამდე საკვები პროდუქტებისა (რომელიც მიჰქონდა ოჯახში და სარგებლობდნენ მოპასუხის მშობლებიც) და ბავშვის ჰიგიენური საშუალებების შესაძენად. აღნიშნული გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულებები საქმეში არ წარდგენილა;

7.2.13.თანაცხოვრების პერიოდში, 2019 წელს, მოპასუხემ და მოსარჩელემ შეიძინეს სატრანსპორტო საშუალება (მარკა, მოდელი: TOYOTA PRIUS, ჰეტჩბეკი, გამოშვების წელი - 2011) რომელიც დარეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრებად. აღნიშნული ავტომობილი მოსარჩელემ გაასხვისა 2022 წლის 22 ივლისს. მისი განმარტებით, მიღებული თანხა სრულად დასჭირდა არასრულწლოვანი შვილის საჭიროებებს;

7.2.14.მხარეები ადასტურებენ რომ ავტომობილი გასხვისდა 2500 აშშ დოლარად, იმ დროინდელი კურსის მიხედვით 7 125 ლარად. მოპასუხის მტკიცებით, ავტომობილის რეალური საბაზრო ღირებულება 7000 აშშ დოლარია და რეალურად იგი 7000 აშშ დოლარად გასხვისდა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ არის;

7.2.15.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 25 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი (2011 წელს დამზადებული ჰეტჩბეკის ტიპის „TOYOTA PRIUS“, სახ. ნომრით ......., საიდენტიფიკაციო ნომერი ........., ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და 1496 სმ3 ჰიბრიდის ძრავის მქონე მახასიათებლების მსგავსი) ავტომანქანის საბაზრო ღირებულება 2024 წლის 22 მარტის მდგომარეობით საორიენტაციოდ 15 000 ლარია. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ფასი განსაზღვრულია მსგავსი ავტომობილის შეფასების მიხედვით და არა სადავო ავტომანქანის უშუალო დათვალიერება-შეფასების შედეგად.

7.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლებით, მიუთითა „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლზე და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში იმსჯელა სარჩელისა და შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის განხილვის დროისთვის არასრულწლოვნის მამა იყო მსჯავრდებული, ხოლო ბავშვი იმყოფებოდა მზრუნველ უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში, შესაბამისად, დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ. მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე არ გამოთქვამდა მზაობას შვილის მატერიალური საჭიროებებით უზრუნველყობის თაობაზე, ამასთან, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ იტალიაში გამგზავრების შემთხვევაში, მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა ემუშავა და დახმარებოდა შვილს სათანადო განათლების მიღებაში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებით, დაუსაბუთებლად აცხადებდა უარს შვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასა და მისი საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის გაცემაზე.

7.4. სასამართლომ იმსჯელა დავის ქონებრივ ნაწილზეც და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც მართებულია. მოსარჩელე ადასტურებდა მეუღლეთა დანაზოგიდან 400 ლარის აღების ფაქტს, თუმცა აცხადებდა, რომ მან აღნიშნული თანხა მოახმარა არასრულწლოვნის ყოველდღიურ საჭიროებებს (საკვები და ჰიგიენური საჭიროებები), როდესაც მეუღლის დაპატიმრების შემდგომ 2 თვის მანძილზე არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრობდა მოპასუხის მშობლების ბინაში. მითითებული განმარტების საწინააღმდეგოდ კი, მოპასუხეს არც რაიმე განმარტება გაუკეთებია და არც შესაბამისი მტკიცებულება წარუდგენია.

7.5. რაც შეეხება მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტომობილის რეალიზაციიდან გამომდინარე თანხის ნაწილის მოსარჩელისთვის დაკისრების საკითხს, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის სადავო არ იყო აღნიშნული ავტომობილის 2500 აშშ დოლარად გაყიდვის ფაქტი, გაზიარებული ვერ იქნებოდა მოპასუხის პრეტენზია მოსარჩელისთვის 7000 აშშ დოლარის (ავტომობილის რეალიზაციიდან გამომდინარე თანხის) ნახევრის დაკისრების თაობაზე.

8.მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები

8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ:

8.1.1. პირველმა კასატორმა (მოსარჩელემ) მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

8.1.2. მეორე კასატორმა (მოპასუხემ) მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხის გაყოფის, კუთვნილი დანაზოგის (600 ლარის) დაბრუნებისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში.

8.2. მოსარჩელის განცხადებით, სასამართლოს მისთვის არ უნდა დაეკისრებინა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის გადახდა, ვინაიდან მეუღლესთან დაშორების შემდეგ მოსარჩელე სრულიად მარტო უზრუნველყოფდა შვილის საჭიროებებს, რის გამოც მოუწია ავტომანქანის გაყიდვა. არასრულწლოვანმა არაერთი ინფექციური დაავადება გადაიტანა, მას ჰქონდა მწვავე ატოპიური დერმატიტიც, რომლის სამკურნალოდ დედას საკმაოდ დიდი თანხები დასჭირდა და სწორედ ავტომანქანის რეალიზაციიდან მიღებული თანხით ახერხებდა ამას.

8.3. მოპასუხის განცხადებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ შეუზღუდა მას მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ბავშვის პასპორტის გაცემისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში. მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში მას ექნება ბავშვის ცხოვრებისა და განვითარებისთვის სათანადო პირობები. შესაბამისად, სასამართლო, ფაქტობრივად, უცხო ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრებისთვის წირავს არასრულწლოვანს.

8.4. მოპასუხე აცხადებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მოსარჩელეს არ დააკისრა მოპასუხის კუთვნილი დანაზოგის, 600 ლარის ანაზღაურება, რომლის აღება/დახარჯვა მოსარჩელეს მხოლოდ მეუღლის თანხმობის შემთხვევაში შეეძლო. ამასთან, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა წარდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა ავტომანქანის ღირებულების შეფასების შესახებ და მოსარჩელეს ნაცვლად ავტომანქანის რეალური საბაზრო ღირებულების, 7000 ლარის ნახევრისა, დააკისრა 2500 ლარის ნახევარი.

9.საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ.

14. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მშობლის (მამის) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის მართლზომიერება, არასრულწლოვანი შვილის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში; ასევე, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ავტომანქანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნახევრის შეგებებული სარჩელის მოპასუხისთვის (მოსარჩელისთვის) დაკისრებისა და მოსარჩელის მიერ დახარჯული მოპასუხის კუთვნილი თანხის მოსარჩელისთვის დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

15. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განიხილება ბავშვის საუკეთესო ინტერესების მხედველობაში მიღებით.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა“ და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

17. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.

18. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

19. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

20. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე Nას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).

21. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).

22. აღნიშნულმა პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

23. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე Nას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი; ამასთან, სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

25. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის წაყენებისას მოსარჩელეს ეკისრება შეზღუდვის აუცილებლობის დამტკიცების ვალდებულება (იხ. სუსგ საქმე Nას-857-2019, 18 დეკემბერი, 2020 წელი).

26. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, იმერეთის რეგიონული ცენტრის დასკვნების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და ბავშვის ადვოკატის პოზიციის, ასევე, თავად არასრულწლოვნის ასაკის გათვალისწინებით (იგი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 15 წლის იყო, ხოლო წინამდებარე საქმის განხილვისას 16 წლისაა) და მასთან გასაუბრების შედეგების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ/დედამ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაადასტურა არასრულწლოვნისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და მისი საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მამისათვის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის აუცილებლობა. მოპასუხემ კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარუდგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გაამართლებდა თანხმობის გაცემაზე უარის თქმას. კასატორის ჰიპოთეტური მსჯელობა, რომ არასრულწლოვანი უცხოეთში არალეგალურად ცხოვრებისთვისაა განწირული, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც მითითებულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. როგორც თავად კასატორი აცხადებს, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მიუხედავად, ის ინარჩუნებს შვილთან ახლო ურთიერთობას, შესაბამისად, ამგავრი ურთიერთობის მომავალში გაგრძელების საფრთხეს ვერ შექმნის ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დედას არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია მამა-შვილის ახლო ურთიერთობაზე. მეტიც, საქმეში წარდგენილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან ჩანს, რომ მოსარჩელე ყოველთვის მზად იყო ხელი შეეწყო მამა-შვილის პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუენება/გაგრძელებისთვის.

27. რაც შეეხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ავტომანქანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნახევრის მოსარჩელისთვის დაკისრების მართლზომიერებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილშიც კანონიერია და კასატორებს არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის (მოსარჩელის) მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მეუღლესთან დაშორების შემდეგ იგი დამოუკიდებლად არჩენდა არასრულწლოვანს და ზრუნავდა მის ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ საჭიროებებზე, სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ავტომანქანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნახევრის გადახდისაგან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია კანონმდებლობა ორივე მშობელს თანაბრად აკისრებს შვილის რჩენის ვალდებულებას (მიუხედავად იმისა, დაქორწინებულები არიან თუ არა ისინი) თუმცა ამავე დროს, იმ მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, შესაძლებლობას აძლევს მოითხოვოს ალიმენტი ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნის უზრუნველსაყოფად (სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლში ასახულია მშობელთა სოციალური ვალდებულების საკანონმდებლო დეკლარირება და დადგენილია, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. უნდა განიმარტოს, რომ ალიმენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს მინიმალურ მატერიალურ დაცვას იმ პირისა, რომელიც საჭიროებს ზრუნვას. სამოქალაქო კოდექსი შვილის საჭიროებიდან გამომდინარე სარჩოს ოდენობის განსაზღვრას მშობლების ურთიერთშეთანხმებას მიანდობს (სკ-ის 1213-ე მუხლი). სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირს არ შეუძლია დამოუკიდებლად მიაღწიოს იმ საარსებო აუცილებლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომელიც მისი განვითარების ინტერესს ემსახურება, კანონი აღჭურავს ფართო უფლებამოსილებით, ვალდებულ პირს, მოსთხოვოს სარჩოს გადახდა, რომლის ნებაყოფლობით განუხორციელებლობის შემთხვევაში, მას სრული რესურსი გააჩნია, მიმართოს სამართლებრივი იძულების მექანიზმებს (სკ-ის 1214-ე მუხლი). ამდენად, ერთ-ერთი მშობლის მიერ შვილის რჩენის მოვალეობისაგან თავის არიდება ვერ მიიჩნევა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის მისთვის მიკუთვნებაზე უარის თქმის საფუძვლად.

28. საკასაციო სასამართლო შეაფასებს ავტომანქანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ოდენობის შესახებ მეორე კასატორის (მოპასუხის) პრეტენზიას და ვერ გაიზიარებს მოპასუხის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან საქმეზე წარდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გასხვისებული ავტომობილის მსგავსი მონაცემების სატრანსპორტო საშუალების რეალური საბაზრო ღირებულება გაცილებით მაღალი იყო (და იგი განისაზღვრებოდა 15 000 ლარით), სასამართლოს მოსარჩელისთვის დასაკისრებელი თანხა არ უნდა გამოეთვალა არარეალურად დაბალი ფასიდან (2500 აშშ დოლარიდან). აღნიშნული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ იმ გარემოებას, რომ სადავო ავტომანქანა მოსარჩელემ გაყიდა 2500 აშშ დოლარად, შესაბამისად, საექსპერტო დასკვნაში ასახული მსჯელობა მსგავსი ავტომობილისთვის ბაზარზე არსებული ფასების შესახებ ვერ გაამართლებს რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობის სხვაგვარად განსაზღვრას.

29. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მეორე კასატორის (მოპასუხის) იმ პრეტენზიასაც, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მისი ნების საწინააღმდეგოდ დახარჯა მეუღლის პირადი დანაზოგი, 600 ლარი, უნდა დაკისრებოდა აღნიშნული თანხის გადახდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ უდავო გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელე არ უარყოფს მეუღლის დაპატიმრების შემდეგ საოჯახო დანაზოგიდან გარკვეული რაოდენობის თანხის (400 ლარის) აღებას, თუმცა მისივე განმარტებით, აღნიშნული თანხა მან სრულად მოახმარა ბავშვის პირადი ჰიგიენისა და ყოველდღიური საჭიროებებით (საკვები პროდუქტებით) უზრუნველყოფას. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ავალდებულებს ორივე მშობელს არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ხოლო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე არის ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი, ხოლო სადავო თანხა მოსარჩელემ მისი დაპატიმრების შემდგომ აიღო და მოახმარა არასრულწლოვნის პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას, ამავე დროს, მოპასუხე ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო პერიოდში მისი მხრიდან ბავშვის რჩენა-აღზრდაში მონაწილეობის მიღების ფაქტი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მართებულად არ დაკმაყოფილდა მამის მოთხოვნა აღნიშნული თანხის დედისთვის გადახდის დაკისრების შესახებ.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასევე არაა წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–ის, ასევე ნ.ქ–ძის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ.კ–ს, (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №24510247197, გადახდის თარიღი 07.11.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. ნ.ქ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.მ–ძის (პნ. .......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №24581444165, გადახდის თარიღი 12.11.2024) 345 ლარის 70% - 241.5 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ე. გასიტაშვილი