საქმე №ას-1101-2024 5 მარტი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ჩ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ფ–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე - ბმა „ო–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. თბილისში, ........ მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში (შემდგომში საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი სახლი) ჩამოყალიბდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ო–ი“ (შემდგომში ამხანაგობა), რომელიც 2006 წლის 11 დეკემბრიდან აღრიცხვაზეა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში. საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში მიღებული იქნა 2013 წლის 2 ოქტომბერს;
2. 2019 წლის 28 ნოემბრიდან 2024 წლის 9 ოქტომბრამდე ამხანაგობის თავმჯდომარე იყო მ.ჩ–ძე;
3. ამხანაგობის 2019 წლის 9 ოქტომბრის №5 კრების ოქმის თანახმად, მრავალბინიან სახლში ირიცხება სულ 34 ერთეული პრივატიზებული ბინა (ს.ფ. 24-27);
4. ლ.ფ–ძე (შემდგომში მოსარჩელე) და მ.ჩ–ძე (შემდგომში მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) არიან ამხანაგობის წევრები;
5. ამხანაგობის 2013 წლის 21 თებერვლის №7 კრების ოქმის მიხედვით, ხმათა 75%-ით გადაწყდა მოპასუხის საცხოვრებელი ფართის რეკონსტრუქცია, კერძოდ კი, სახლის მანსარდის აწევა. ამავე ოქმის შესაბამისად, კრების თავმჯდომარედ აირჩიეს მ.ჩ–ძე, კრებას დაესწრო 19 ბინის მესაკუთრე, რაც შეადგენს წევრთა 75%-ს. ოქმის ჩანაწერის თანახმად, მოისმინეს ამხანაგობის წევრის, მ.შ–ის ინფორმაცია, აზრი გამოთქვეს გ.ჩ–ძემ და ჟ.მ–მა. მ.ჩ–ძის ხელმოწერა დადასტურდა ნოტარიული წესით.
6. 2014 წლის 6 ოქტომბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (შემდგომში არქიტექტურის სამსახური) საცხოვრებელ სახლზე დაშენების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით.
7. არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის №1744745 გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა შესაბამისი წესით დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმის წარდგენა კონსტრუქციასთან დაკავშირებით;
8. მოპასუხემ განმეორებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს საცხოვრებელ სახლზე დაშენების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით;
9. არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 თებერვლის №1750739 გადაწყვეტილებით მოპასუხის კუთვნილ ფართში შეთანხმდა რეკონსტრუქციის დაშენებით არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის და სანებართვო მოწმობები. ამავე გადაწყვეტილებით, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 1 მარტის ჩათვლით;
10. მოპასუხის მოთხოვნით მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა რამდენიმეჯერ გაგრძელდა და, საბოლოოდ, გაიცა 2021 წლის 2 აპრილის ჩათვლით;
11. 2019 წლის 14 ივნისს მოსარჩელემ მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 თებერვლის №1750739 ბრძანების ასლის გადაცემა. მოთხოვნილი დოკუმენტი მოსარჩელეს გადაეცა 2019 წლის 24 ივნისს;
12. 2019 წლის 9 ივლისს მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 თებერვლის №1750739 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
13. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1919 ბრძანებით მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
14. მითითებული ბრძანებების (არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 თებერვლის №1750739 ბრძანება, 2019 წლის 26 მარტის №4428945 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის ბრძანება) ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელეს წარდგენილი აქვს ადმინისტრაციული სარჩელი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მიღებულია წარმოებაში. საქმეში მესამე პირად ჩაბმულია წინამდებარე საქმის მოპასუხე, მ.ჩ–ძე;
15. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანებაზე ადმინისტრაციული საჩივრები წარადგინეს ამხანაგობის სხვა წევრებმაც. ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
16. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 13 დეკემბრის №ბ-19/01222562156-17 ბრძანებით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული მოპასუხის კუთვნილი მშენებლობადამთავრებული ობიექტი.
17. მოსარჩელის მოთხოვნა
17.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხისა და ამხანაგობის მიმართ და მოითხოვა ამხანაგობის 2013 წლის 21 თებერვლის N7 კრების ოქმის ბათილად ცნობა.
17.2. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხემ სადავო ფართზე რეკონსტრუქციის უფლება მოიპოვა ყალბი კრების ოქმის საფუძველზე, ვინაიდან არც აღნიშნული კრება ჩატარებულა და არც ამხანაგობის წევრებს გამოუთქვამთ თანხმობა რეკონსტრუქციაზე. სადავო კრების ჩატარების დროს ამხანაგობა შედგებოდა 34 წევრისგან, რომელთაგან 20 ამჟამადაც სადავოდ ხდის მას იმ საფუძვლით, რომ კრება არ ჩატარებულა და ამხანაგობის თანხმობა ბათილია. ამასთან, კრების ოქმის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვით განსახორციელებელი მშენებლობა სრულად ფარავს მოსარჩელის აივანს და საცხოვრებელი ბინის ფანჯრებს, რაც შეუძლებელს ხდის მის სათანადოდ გამოყენებას.
17.3. მოსარჩელემ მიუთითა მის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ სარჩელზეც და აღნიშნა, რომ მანამ, სანამ წინამდებარე საქმეზე სასამართლო არ დაადგენს კრების ოქმის სიყალბეს, ადმინისტრაციული სასამართლო მოკლებული იქნება შესაძლებლობას ბათილად ცნოს არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის თაობაზე გამოცემული აქტები.
18. მოპასუხის პოზიცია
18.1. მოპასუხე მ.ჩ–ძემ სარჩელი არ ცნო, ამასთან, მიუთითა მის ხანდაზმულობაზე.
19. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
19.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2013 წლის 21 თებერვლის N7 კრების ოქმი.
20. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
20.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
21.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
21.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-16 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში სპეციალური კანონი) მე-101, 27-ე, 28-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კრება არ იყო მოწვეული და ჩატარებული კანონიერად, სადავო საკითხის გადაწყვეტას სჭირდებოდა ამხანაგობის ყველა წევრის მოწვევა და მათგან 23 წევრის (წევრთა 2/3) თანხმობა, შესაბამისად, ოქმში მითითებული კვორუმი (19 წევრი) საკმარისი არ იყო გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლოს მითითებით, იმ პირობებშიც კი, თუ გაზიარებული იქნებოდა მოპასუხის პოზიცია, რომ სადავო კრების ჩატარებისას ამხანაგობას 30 წევრი ჰყავდა, კრების ოქმში მითითებული პირების (მაგ. გ.ჩ–ძე) ამხანაგობის წევრობის სტატუსის დაუდასტურებლობა, საფუძველს აცლიდა სადავო კრების ოქმის მართლზომიერად მიჩნევის შესაძლებლობას.
21.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლზეც და არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხის) პოზიცია წარდგენილი სარჩელის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობასთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამხანაგობის თითოეულ წევრს გააჩნია კანონით აღიარებული ლეგიტიმური უფლება და ინტერესი, რომ ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარებისას, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, დაინტერესებული პირის მიერ ამხანაგობის სხვა წევრთა თანხმობა მოპოვებული იქნეს სათანადო ფორმის დაცვით. ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში კი შესრულებულად ვერ ჩაითვლებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონით დადგენილი სავალდებულო წინაპირობები, რაც გავლენას იქონიებდა ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო კრების ოქმის სიყალბის დადგენა და, შესაბამისად, გაბათილება, წარმოადგენდა მოსარჩელის ლეგიტიმურ იურიდიულ ინტერესს, რომელიც, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევას შესაძლოა დაედოს საფუძვლად.
22. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
22.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
22.2. კასატორის განცხადებით, სასამართლო არასწორად მსჯელობს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე წინამდებარე დავის მიმართ და არასწორად აფასებს ამ საკითხს. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სადავო კრების ოქმით განსაზღვრული მშენებლობით (მოპასუხის კუთვნილი ფართის რეკონსტრუქციის შედეგად მანსარდის აწევით) ირღვევა მოსარჩელის უფლებები (დაიფარება მისი აივანი და ბინის ფანჯრები) და იგი სათანადოდ ვეღარ გამოიყენებს საკუთრებას. ამდენად, როდესაც არ დასტურდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის შელახვის ფაქტი, შესაბამისად, არ იკვეთება სადავო კრების ოქმის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. სასამართლომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა გაუმჯობესდებოდა თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. თუკი მოსარჩელეს ხელი ეშლებოდა საკუთრებით თავისუფლად სარგებლობაში, მას შეეძლო სხვა სახის სარჩელი აღეძრა და მოეთხოვა ხელშეშლის აღკვეთა.
23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
23.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
26. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ არ იმსჯელეს წინამდებარე დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, რაც საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობდა და წარდგენილი სარჩელის უარყოფის წინაპირობებს ქმნიდა.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
28. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
29. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი).
30. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აღიარებითი მოთხოვნის იურიდიულ ინტერესად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო კრების ოქმის საფუძველზე განხორციელებული მშენებლობით (მოპასუხის კუთვნილი ფართის რეკონსტრუქცია, მანსარდის აწევა), მას შეეზღუდება საკუთრების უფლება (ნაგებობა სრულად დაფარავს მოსარჩელის აივანს და ფანჯრებს), ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე საქმის ფარგლებში სასამართლო დაადგენს სადავო კრების ოქმის სიყალბეს, ადმინისტრაციული სასამართლო დააკმაყოფილებს მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტების ბათილობის მოთხოვნით მის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ სარჩელს.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, წინამდებარე დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობა სწორედ აღნიშნული კანონის დებულებების ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს.
32. მითითებული კანონი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს, ერთი მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სამეურნეო სათავსებს (სარდაფები, სხვენები და ა.შ) და, მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. განსხვავებულია მათი განვითარების, განკარგვის პირობებიც და იმის მიხედვით, თუ როგორია საკუთრების უფლების შინაარსი, განსხვავებულია მისი განკარგვისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობებიც (იხ. სუსგ საქმე Nას-17-14-2015, 01 ივლისი, 2015 წელი).
33. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ განსახორციელებელი ქმედებები (მშენებლობა - მანსარდის რეკონსტრუქცია) საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, რაც მოპოვებული იქნა ადმინისტრაციულ ორგანოში სათანადო დოკუმენტის - ამხანაგობის კრების ოქმის - წარდგენის საფუძველზე, ხოლო, თავის მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კრების ოქმის წარდგენის მოთხოვნა ეფუძნებოდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-101 მუხლით დადგენილ წესს, რომლის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით, თუკი მშენებლობის შედეგად ხდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას.
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული რეგულაციის მიზანია, მშენებლობის ნებართვის გაცემისას გათვალისწინებული იქნეს ამხანაგობის წევრთა ინტერესები და მშენებლობის განხორციელება დაშვებული იქნას მხოლოდ იმ პირობებში, თუ დაინტერესებული პირის მიერ სათანადო ფორმითა და წესის დაცვით მოპოვებული იქნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების 2/3-ის თანხმობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობის კრების ოქმის კანონშესაბამისობის დადგენას ის იურიდიული შედეგი გააჩნია, რომ მან უნდა დაადასტუროს ან უარყოს ამხანაგობის წევრთა თანხმობების ნამდვილობა, რაც ადმინისტრაციული აქტის გამოცემას დაედო საფუძვლად.
35. ამხანაგობის თითოეულ წევრს გააჩნია კანონით აღიარებული ლეგიტიმური უფლება და ინტერესი, რომ ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარებისას, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, დაინტერესებული პირის მიერ ამხანაგობის სხვა წევრთა თანხმობა მოპოვებული იქნეს სათანადო ფორმის დაცვით. ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში კი შესრულებულად ვერ ჩაითვლებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონით დადგენილი სავალდებულო წინაპირობები, რაც გავლენას იქონიებდა ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტაზე.
36. ზემოაღნიშნული განმარტებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის შესახებ, რომ სადავო კრების ოქმის სიყალბის დადგენა და, შესაბამისად, გაბათილება, წარმოადგენს მოსარჩელის ლეგიტიმურ იურიდიულ ინტერესს, რომელიც, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევას შესაძლოა დაედოს საფუძვლად.
37. რაც შეეხება, თავად ამხანაგობის კრების ოქმის კანონიერებას, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას სადავო კრების ოქმის ჩატარებისას კრების მოწვევის კანონით განსაზღვრული წესის დარღვევის თაობაზე (სადავო პერიოდში მრავალბინიან სახლს ჰყავდა 34 მესაკუთრე და, შესაბამისად, კრების ოქმით განსაზღვრული საკითხის გადაწყვეტას სჭირდებოდა 23 წევრის თანხმობა (ხმათა 2/3). ამდენად, ოქმში მითითებული კვორუმი (19 წევრი) საკმარისი არ იყო გადაწყვეტილების მისაღებად. დადგენილია, ასევე, რომ ოქმის ერთ-ერთი ხელმომწერი (გ.ჩ–ძე) ამხანაგობის წევრობის სტატუსის არმქონე პირია, ხოლო ამხანაგობის არაერთი სხვა წევრი წერილობით ადასტურებდა, რომ სადავო კრება არ ჩატარებულა და ისინი კრებას არ დასწრებიან, რაც დამატებით საფუძველს აცლის ჩატარებული კრების კანონიერებას) და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს არც ამ მიმართებით წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები, სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, ამასთან, მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
39. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. მ.ჩ–ძეს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი. ჯ–ძის (პ/ნ ........) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №23696525839, გადახდის თარიღი 11.09.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი