საქმე №ას-1043-2024 5 მარტი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ჩ–ი (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ფ.ი. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა და 40 320 აშშ დოლარის ფარგლებში მასზე იპოთეკის უფლების გავრცელება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 30.07.2019 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ბათუმი, ..........., ს/კ №.........., 102,2 კვ.მ., 23.12.2019წ., აღირიცხა მ.უ–ძის საკუთრებაში.
2. 24.12.2019 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ბათუმი, ........., ს/კ №........., 102,2 კვ.მ., 30.12.2019წ., აღირიცხა ფ.ი–ის საკუთრებაში
3. 2021 წლის 02 მარტს, ნ.ჩ–სა (შემდეგში: გამყიდველი, მოპასუხე, აპელატი, კასატორი) და ფ.ი.ს (შემდეგში: მყიდველი, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის დაიდო გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ბათუმი, ........, ს/კ №........., აღირიცხა მოპასუხე ნ.ჩ–ის საკუთრებაში. გამოსყიდვის თანხად განისაზღვრა 40 320 აშშ დოლარი, გამოსყიდვის ვადად კი 5 თვე, 2021 წლის 02 მარტიდან 2021 წლის 02 აგვისტომდე, ნებისმიერ დროს. აღნიშნული ვადის გასვლამდე, მყიდველს, გამყიდველის თანხმობის გარეშე, უფლება არ ჰქონდა უძრავი ქონების გაყიდვისა, აღნიშნული გამოიწვევდა ხელშეკრულების ბათილობას.
4. შედეგად, 02.03.2021 წლის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 04.03.2021წ., ნ.ჩ–ი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ, ხოლო ფ.ი.ს გადაეცა შეთანხმებული 40 320 აშშ დოლარი. ამასთან, 04.03.2021წ., უძრავ ქონებაზე აღირიცხა ფ.ი–ის გამოსყიდვის უფლება, რომლის საბოლოო ვადა იყო 02.08.2021 წელი.
5. აღნიშნულ ვადაში გამოსყიდვა არ განხორციელებულა, რის გამოც მოპასუხე ნ.ჩ–ის 09.08.2021წ. მოთხოვნის საფუძველზე, იმავე დღეს ჩანაწერი უძრავ ქონებაზე გამოსყიდვის უფლების შესახებ საჯარო რეესტრში გაუქმდა.
6. 17.06.2023 წლის ე.კ–ძის შეფასების დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონების (ფართით 102,2 კვ.მ.) საბაზრო ღირებულება შეადგენს 145 000 აშშ დოლარს - 377 000 ლარს.
7. სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.10.2022 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით და ამავე სასამართლოს 17.11.2022წ. უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით, დგინდება, რომ - მოსარჩელე ნ.ჩ–ის წარმომადგენლის გ.შ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხეების - მ.უ–ნის, ა.უ–ის და ნ.ქ–ას მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით, გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ბათუმი, ........, ს/კ №......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - მოსარჩელე ნ.ჩ–ს.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, 2023 წელს, დაიწყო სააღსრულებო წარმოება NA23017556- 004/001, მოვალეების - მ.უ–ნის, ნ.ქ–ასა და ა.უ–ის მიმართ.
9. უძრავ ქონებას სადავო ხელშეკრულების დადების შემდგომ და გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდგომაც ფლობდნენ მ.უ–ნი, ნ.ქ–ა და ა.უ–ი. მათი გამოსახლების მოთხოვნით ნ.ჩ–მა სასამართლოს სარჩელით მიმართა.
10. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
10.1. მოსარჩელე ფ.ი–მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე ნ.ჩ–ის მიმართ, გარიგების ბათილად ცნობის, უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენისა და მასზე იპოთეკის უფლების გავრცელების მოთხოვნით, კერძოდ: ბათილად იქნეს ცნობილი ფ.ი.სა და ნ.ჩ–ს შორის დადებული (საჯარო რეესტრში 2021 წლის 02 მარტს რეგისტრირებული) ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, როგორც თვალთმაქცური გარიგება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.ბათუმი, ........., ს/კ №........., საჯარო რეესტრში აღდგეს ფ.ი–ის საკუთრების უფლება უძრავი ქონებაზე და მასზე გავრცელდეს იპოთეკა 40 320 აშშ დოლარის ნაწილში.
10.2. 2021 წლის 02 მარტს, მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მას ესაჭიროებოდა თანხა 32000 აშშ დოლარის ოდენობით და ვინაიდან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, საფინანსო ორგანიზაციებმა უარი უთხრეს იპოთეკური სესხის გაცემაზე, რის გამოც იძულებული გახდა სესხი აეღო კერძო გამსესხებლისგან და ენდო შუამავალთა (მაკლერების) განმარტებას და გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, 5 თვის ვადით (2021 წლის 02 მარტიდან 2021 წლის 02 აგვისტომდე) უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.ბათუმი, ........, ს/კ №.......... უძრავი ქონება შეადგენს 102,2 კვ.მ. ფართს და მისი ფასი მხარეთა მიერ განისაზღვრა 40 320 აშშ დოლარით, საიდანაც 32 000 აშშ დოლარი რეალურად სესხის თანხა იყო, 8 320 აშშ დოლარი საშუამავლო, ხუთი თვის სარგებელი და გაფორმების ხარჯები, სესხი იყო 3%-იანი.
10.3. 2021 წლის ივლისის ბოლოს, დაუკავშირდა მოპასუხეს, რათა მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ თანხა მზად ჰქონდა და სურდა უძრავი ქონების გამოსყიდვა. ვინაიდან მან არ იცის ქართული ენა, იგი ნ.ჩ–ს ესაუბრა მ.უ–ძის მეშვეობით.
10.4. 2021 წლის 09 აგვისტოს, მოპასუხემ მიმართა საჯარო რეესტრს გამოსყიდვის უფლების გაუქმების მოთხოვნით და ქონება გაათავისუფლა ვალდებულებისაგან. მოპასუხემ უარი განუცხადა ქონების დაბრუნებაზე, განუცხადა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსყიდვის ვადა გასული იყო.
10.5. მოპასუხეს არაერთი ქონება აქვს საკუთრებაში აღრიცხული აღნიშნული ფორმით. მოპასუხეს ამ ფორმით, თანხების გასესხებითა და სარგებლის მიღებით, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის გარიგების მეთოდის გამოყენებით, საკუთრებაში ერიცხება არაერთი ქონება, ახდენს მის რეალიზაცია-გაქირავებას და იღებს სარგებელს.
10.6. სადავო ქონებას ამჟამადაც მ.უ–ძე ფლობს, ცხოვრობს ოჯახით მასში მისი ნების საფუძველზე, ეს მოპასუხისთვის ცნობილი იყო. ნ.ჩ–ს აღძრული აქვს სარჩელი მ.უ–ძის მიმართ გამოსახლების მოთხოვნით. სადავო ხელშეკრულებით, მისი დადების შემდგომ ქონება არ გადასულა მოპასუხის მფლობელობაში.
10.7. ფარული გარიგება მხარეებს შორის იმიტომ დაიდო, რომ ფიზიკურ პირებს შორის სესხისა და იპოთეკის გარიგების დადება კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო აღარ დაიშვებოდა. სესხის უზრუნველყოფის გარანტიის მიზნით კი გაფორმდა ფარული გარიგება, სესხისა და იპოთეკის ნაცვლად, რაც იყო რეალურად მხარეთა ნება, გაფორმდა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით.
11. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2021 წლის 02 მარტს, მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.ბათუმი, .........., ს/კ. №.......... გამოსყიდვის უფლება განისაზღვრა 5 თვის ვადით, 2021 წლის 02 მარტიდან 2021 წლის 02 აგვისტომდე. მოპასუხეს ფული არ გაუსესხებია, მისი ამაზე მითითება სიცრუეა. მოსარჩელს 5 თვის განმავლობაში რაიმე ფორმით პროტესტი არ გამოუხატავს სადავო ხელშეკრულების მიმართ. ვადის გასვლის გამო, გამოსყიდვის უფლების დაკარგვის შემდეგ „გაახსენდა“, რომ თურმე თანხა სესხად მიუღია. ამასთან, მოსარჩელის მითითება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საფინანსო ინსტიტუტები სესხის გაცემზე უარს ეუბნებიან, უსაფუძვლოა, ამასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით რაიმე შეზღუდვა არ არსებობს. მას არც მოსარჩელე და არც სხვა ვინმე ბინის გამოსყიდვის თაობაზე არ დაკავშირებია. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, არ გამოისყიდა უძრავი ქონება, რის გამოც მან დაკარგა გამოსყიდვის უფლება. მის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებების მხოლოდ არსებობის ფაქტი ვერ გახდება სადავო ხელშეკრულების სესხის ხელშეკრულებით ჩანაცვლების საფუძველი. თავად ფ.ი.ს გააჩნია გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებებით შეძენილი უძრავი ქონებები, მათ შორის, სადავო ქონებაც მისი მოპასუხეზე გაყიდვამდე, ამ გზით გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ჰქონდა შეძენილი.
12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით: 1. ფ.ი–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. ბათილად იქნა ცნობილი ფ.ი–სა და ნ.ჩ–ს შორის დადებული (საჯარო რეესტრში 2021 წლის 02 მარტს რეგისტრირებული) ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უძრავ ქონებაზე (როგორც თვალთმაქცური გარიგება), მდებარე: ქ.ბათუმი, .........., ს/კ №........., და უძრავი ქონება აღირიცხოს ფ.ი.ის საკუთრებად; 3. დადგინდა ფ.ი–სა და ნ.ჩ–ს შორის 2021 წლის 02 მარტს სესხის ხელშეკრულების დადება 40320 აშშ დოლარზე (მსესხებელი - ფ.ი–ი, გამსესხებელი - ნ.ჩ–ი); 4. ფ.ი–ის სარჩელი მოთხოვნის სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
13. სააპელაციო საჩივარი
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 მასის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
15. საკასაციო საჩივარი
15.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
15.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და უძრავ ქონებაში უნგიაძის ცხოვრების ფაქტს მიანიჭა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომლითაც დადგენილად მიიჩნია გარიგების მოჩვენებითად დადება. თუმცა, სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ როდესაც ნ.ჩ–ისთვის ცნობილი გახდა აღნიშნულის შესახებ, სწორედ ამის შემდეგ მიმართა სასამართლოს გამოსახლების მოთხოვნით.
15.3. სასამართლომ არასწორად ჩათვალა გარიგებები თვალთმაქცურად, არასწორად გამოიყენა რა სსკ-ის 56- მუხლი. თავად მოსარჩელე იყო ვალდებული დაემტკიცებინა მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა. სინამდვილეში კი, მოსარჩელე მხოლოდ უთითებდა, რომ 32 000 აშშ დოლარი ისესხა 5 თვით, 8 320 აშშ დოლარი იყო 5 თვის საპროცენტო სარგებელი თვეში 3% იანი სარგებლით, საშუამავლო გაფორმების ხარჯებით. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება და უსაფუძვლოდ ითხოვს სესხის ოდენობად 40 320 აშშ დოლარს.
15.4. საქმეზე არ დასტურდება, რომ სახეზე იყო თვალთმაქცური გარიგება მოსარჩელე უთითებს, რომ იძულებული გახდა სესხი აეღო კერძო გამსესხებლისგან და ენდო შუამავლის განმარტებას, რის გამოც გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით 5 თვის ვადით. დასტურდება, რომ ნინო ჩექრეზიშვილმა გამოავლინა ინფორმირებული ნება გარიგების დადების შესახებ, რაც გამორიცხავს გარიგების თვალთმაქცურობას.
15.5. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა 514-ე მუხლი და მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენება საფუძვლიანი იყო. იმ დროს, როდესაც მოსარჩელეს არც მიუთითებია მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ორივე ინსტანციის სასამართლომ სარჩელის ფარგლების გარეთ იმსჯელა მის საცხოვრებელ ადგილზე.
15.6. სარჩელში არ არის მითითებული რამე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასესხო ურთიერთობას, ასევე, სარჩელში მითითებულია, რომ ნინო ჩერქეზშვილმა ფ.ი.ს გადასცა 5 თვის ვადით სესხად 32 000 აშშ დოლარი 5 თვით 3%-იანი თვიური სარგებლით, თუმცა მოსარჩელემ მოითხოვა 40 320 აშშ დოლარის გადაცმა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა ისე, რომ ამის არც ფაქტობრივი და არც იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა. აღნიშნულ უზუსტობაზე კი სასამართლო არც დაინტერესებულა.
15.7. ასევე, სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილად, რომ დასკვნის თანახმად სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 145 000 აშშ დოლარს შეადგენს. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული შეფასების მტკიცებულება, შესაბამისად, მასზე სასამართლოს პოზიციის დაფუძნება უსაფუძვლოა.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
23. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
24. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
25. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის განხილვის საგანია გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურად დადების, ასევე, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვისა და 40 320 აშშ დოლარის ფარგლებში იპოთეკის უფლების გავრცელების საკითხის ნაწილებში სააპელაციო პალატის მსჯელობისა და შედეგის შეფასება.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება რეგულირდება ნასყიდობისა და გამოსყიდვის ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული კუმულაციური სსკ-ის მუხლებით. ნასყიდობის შემთხვევაში, უზოგადესი ნორმა მიუთითებს კოდექსის 477-ე მუხლის გამოყენებაზე. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება პირობითი გარიგების სახეს იძენს, პირობა და კი დამოკიდებულია ქონების სანაცვლოდ და საკომპენსაციოდ შემძენმა გადაიხადოს ნასყიდობის ფასი.
28. სამოქალაქო კოდექსის 511-ე და 512-ე მუხლების თანახმად, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ნივთი გადადის მყიდველის მფლობელობაში, ე.ი. ამ გარიგების დადებისას შემძენის ინტერესი სწორედ ქონების დაუფლება და, გარიგების პერიოდში, ქონებით სარგებლობაა ამიტომ, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ჩვეულებრივ, ხანგრძლივი დროით იდება. სამოქალაქო კოდექსის 514-ე მუხლით, გამოსყიდვის უფლების განხორციელების მაქსიმალური ვადად 10 წელი არის დაწესებული.
29. ის რომ გამოსყიდვის უფლებით ნივთის შეძენისას მხარეთა ინტერესი სწორედ განკარგული ქონებისკენ არის მიმართული, ჩანს სამოქალაქო კოდექსის 510-ე მუხლიდანაც, რომლის თანახმად, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით.
30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით, სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
31. სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამასთან, სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით, /ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
32. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში, აღნიშნავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით, თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში, მხარეები აცხადებენ, რომ მათი ნების გამოვლენა მიმართულია გარკვეულ სამართლებრივ შედეგის დადგომისკენ, თუმცა ამ შედეგთან შესაბამისობა არ არსებობს იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელზეც მხარეები რეალურად თანხმდებიან. თვალთმაქცური გარიგების მიზანი ისაა, რომ დაიფაროს რეალური გარიგება, რომელიც მხარეებს მართლაც სურთ. შესაბამისად, სახეზეა ორი სხვადასხვა გარიგება: ერთი – თვალთმაქცური, მეორე კი – რეალური. ამიტომ, თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ გამოიყენება რეალური გარიგების დაფარვის მიზნით, რის გამოც მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. ამ მხრივ, გარიგების ბათილობისადმი საკანონმდებლო მიდგომა სპეციალურია და მისი მიზანია მხარეთა რეალური ნების გაცნობიერება. ხშირად, მხარეები არ ასხვავებენ იმგვარი ხელშეკრულების შინაარსს, რომელსაც ისინი სინამდვილეში სურთ, ან არ ერკვევიან, რა ტიპის გარიგების გაფორმება არის საჭირო. სწორედ ამ შემთხვევის დაზღვევის მიზნით, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი უპირატესობას პიროვნების ნებელობას, მის შინაგან სურვილს ანიჭებს უპირატესობას მის ფორმალურ გაცხადებასთან შედარებით, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი არ კრძალავს ისეთ შესაძლებლობას, როდესაც მხარეებს სურთ ჩაასწორონ შეცდომები, რის შედეგადაც თვალთმაქცური გარიგება შეიძლება გაუქმდეს და მხარეთა სურვილს შეესაბამოს ის მოთხოვნები, რომლებიც ახასიათებს გარიგებას, რომელიც რეალურად იყო მხარეთა მიზანი (შდრ. სუსგ-ები № ას-487-461-2015, 17.06.2015; № ას-1382-2018, 25.01.2019; № ას-3-2020, 16 ივნისი, 2020, პ.12).
33. რაც შეეხება თვალთმაქცური გარიგების დადებისას მხარეთა ნების გამოვლენას, თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (სუსგ №ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ.).
34. თვალთმაქცური გარიგების დროს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეების ნების გამოვლენა მიმართულია გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევისაკენ, მათი რეალური შინაგანი ნება და საჯაროდ გამოხატული ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ შემთხვევაში, მხარეები ერთი გარიგებით ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადება რეალურად სურთ. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგის დასადგომად უნდა განისაზღვროს, დგება თუ არა პირობები, რომლებიც ადგენს გამოხატული ნების ბათილობის საფუძველს. თვალთმაქცური გარიგების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს მხარეთა შინაგანი ნებისა და მათი საჯაროდ გამოვლენილი ნების შორის ურთიერთმიმართებაზე, თუ კი არსებობს მათ შორის შეუთავსებლობა (შდრ. სუსგ 23.01.2015, საქმე №ას-1142-1088-2014).
35. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის, ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში გარიგების ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (იხ. სუსგ-ები: N ას-171-159-2015; 29.04.2015წ; N ას-976-908-2017, 22.01.2018წ; N ას-366-2019, 17.05.2019წ; N ას-366-2023, 25.05.2023წ. N ას-198-2023, 23.06.2023წ.).
36. მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება.
37. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან ოჯახის სხვა წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (სუსგ-ებები: №ას-1029-2019, 30.10.2019წ; №ას-1348-2019, 22.01.2020წ; №ას-3-2020, 16.06.2020წ., ას-167-2021, 28.02.2023 წ.)
38. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 2 მარტის ხელშეკრულების ნამდვილი ნება და გარიგების საგანი არ იყო უძრავი ქონება, არამედ იყო ფული, კერძოდ, ხელშეკრულება 5 თვით დაიდო. 145 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონების გამოსყიდვა მოხდა 40 320 აშშ დოლარად. მაშინ, როდესაც ფ.ნ–ს, როგორც გამსხვისებელს არ ჰქონდა გაყიდვის სურვილი, მას უნდოდა უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის მიღება და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. ხელშეკრულების დადების მიზანი არ ყოფილა საცხოვრებელი ადგილის ცვლილება. თავად მყიდველიც არ დაუფლებია ფაქტობრივად აღნიშნულ ქონებას.
39. ქვედა ინსტანციის სასამართლოში არ დადგინდა, რომ მხარეთა მიერ გარიგებით გამოვლენილი ნება მიმართული იყო, ერთის მხრივ, ფ.ი–ის მიერ ქონებაზე საკუთრების დაკარგვისაკენ და მეორე მხრივ, ამ ქონებაზე ნ.ჩ–ის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, გონივრულია ფ.ი.ის პოზიცია, რომ სინამდვილეში, მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და, რომ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა-40 320 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხად აღებულ თანხას და გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
40. ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 02 მარტს მხარეები შეთანხმდნენ სესხის ხელშეკრულების თაობაზე, რომლის უზრუნველყოფაც მოხდა, იმ დროისათვის ფ.ი–ის საკუთრებაში რიცხული, ქ.ბათუმი, ......, ს/კ №........., 102,2 კვ.მ., ფართით, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გაგირებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ვალდებულებები, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია.
41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რადგან დადგენილია, 2021 წლის 2 მარტის ხელშეკრულების შინაარსი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად, მის საფუძველზე ნ.ჩ–ს არ ჰქონდა საკუთრების უფლების დარეგისტრირების უფლება საჯარო რეესტრში, რადგან ამ ქონებაზე ვრცელდებოდა საკუთრების და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის რეგულირება.
42. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით დაფარული იქნა ნამდვილი გარიგება-სესხისა და იპოთეკის თაობაზე, შესაბამისად თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სწორედ ზ/აღნიშნული დაფარული გარიგება და აღნიშნული გარიგების ძალაში შესვლისათვის, სსკ-ის 289-ე მუხლის საფუძველზე უნდა მოხდეს მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. თუმცა, ვინაიდან, სსკ-ის 286.4 მუხლით, ხელშეკრულების დადების დროისათვის, უკვე აკრძალული იყო ფიზიკურ პირთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უძრავი ქონების უზრუნველყოფა, ამ ნაწილში მხარეთა შორის დადებული შეთანხმება იმ თავითვე ბათილი იყო და არ წარმოშობდა არანაირ ვალდებულებას იპოთეკის ნაწილში, სსკ-ის 61.1 მუხლის თანახმად.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ჩ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №24670089621, გადახდის თარიღი 18.11.2024) 3 853,58 ლარის 70% - 2 697.5 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი