საქმე №ას-158-2025 5 მარტი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (საარბიტრაჟო მოპასუხე) - ტ.ა–ვი
მოწინააღმდეგე მხარე (საარბიტრაჟო მოსარჩელე) - შპს „ე.კ.“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ს.ს.ლ–ას“ 2024 წლის 8 თებერვლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ე.კ“-ის (შემდგომში საარბიტრაჟო მოსარჩელე) სარჩელი და საარბიტრაჟო მოპასუხეებს - მ.ა– და ტ.ა–ვს (შემდგომში საარბიტრაჟო მოპასუხე ან საჩივრის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხისა (4320 ლარის) და სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (3085.86 ლარის) გადახდა.
2. 2024 წლის 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, შპს „ს.ს.ლ–ას“ 2024 წლის 8 თებერვლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ერთ-ერთი საარბიტრაჟო მოპასუხის, ტ.ა–ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ....... (ს/კ #........) რაიმე სახით განკარგვის (გასხვისება ან/და იპოთეკით დატვირთვა) აკრძალვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ....... (ს/კ #.......) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 35618-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების სახეს - იმ მნიშვნელოვან მექანიზმს, რაც საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება ან მისი აღუსრულებლობა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, საბოლოოდ, ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შესაძლოა არაკეთილსინდისიერი გამოდგეს.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა საარბიტრაჟო მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
6. საჩივრის ავტორის განცხადებით, იგი დაახლოებით 6 წელია იმყოფება პოლონეთში სამუშაოდ და გაუგებარია, რატომ უნდა დაყადაღდეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მაშინ, როდესაც კომპანიის წინაშე სასესხო დავალიანება აქვს არა მას, არამედ მის მეუღლეს და საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია მეუღლის ქონებიდან დაფაროს დავალიანება. ამასთან, უძრავ ქონებას ჰყავს სხვა თანამესაკუთრეებიც და ყადაღის დადებით ირღვევა არა მარტო საარბიტრაჟო მოპასუხის, არამედ ქონების სხვა თანამესაკუთრეების უფლებებიც.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ერთ-ერთი საარბიტრაჟო მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის კანონიერება.
11. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის) შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ Nას-970-2019, 19.07.2019წ.; Nას-1215-2019, 31.01.2020წ.).
12. სსსკ-ის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
13. სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფა წარმოადგენს მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თუმცა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოთხოვნის წარმატებულობის ვარაუდს, ბუნებრივია, არსებობს მისი გაუქმებისა თუ შეცვლის დიდი შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში კი, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია შეაფასოს უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბებიც და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის (სუსგ Nას-1215-2019, 31.01.2020წ.). შესაბამისად, სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ Nას-587-2019, 20.02.2020წ.).
14. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ Nას-1586-2018, 26.10.2018წ.). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია, არათანაზომიერად არ უნდა შეიზღუდოს მოპასუხის უფლებები, არამედ მხოლოდ იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის უფლების რეალიზაციისათვის. უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
15. მოცემულ შემთხვევაში, აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილებულია მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „ს.ს.ლ–ას“ 024 წლის 8 თებერვლის №001/135-23 გადაწყვეტილებით. სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა მისი ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ საარბიტრაჟო მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა სრულად უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებებს, ანუ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადეკვატური, თანაზომიერია და თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინებით განჩინებით მართებულად არ დააკმაყოფილა საჩივარი.
16. უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მას არ გააჩნდა სასესხო დავალიანება კომპანიის მიმართ. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საჩივრის ავტორს მეუღლესთან, მ.ა–თან ერთად სოლიდარულად დაკისრებული აქვს სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის გადახდა (იხ. ს.ფ 75-81), და, შესაბამისად, იგი სოლიდარული მოპასუხეა.
17. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასაც, რომ დაყადაღებული უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის სხვა პირებს (8 პირს) და დარღვეულია აღნიშნული მესაკუთრეების უფლებებიც. მითითებული პრეტენზიის საპირისპიროდ, საქმეში წარდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (სსკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა), რომლის მიხედვით, დადასტურებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაყადაღებული უძრავი ქონების (მდებარე, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ....... (ს/კ #.......) ერთპიროვნული მესაკუთრეა საჩივრის ავტორი. საარბიტრაჟო მოპასუხეს კი საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია ამ გარემოების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება.
18. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე და ამავე სასამართლოს 2025 წლის 31 იანვრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ დასაბუთებულია, კანონიერია და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან მათი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ.ა–ვის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი