Facebook Twitter

№ას-570-2024

13 თებერვალი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.შ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ.შ–მა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ, 4038.20 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 2-16).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ.შ–ის სარჩელი მოპასუხე შპს „ბ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4038.20 ლარის დაკისრება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს „ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. შპს „ბ–ი“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი - 404983238. ამ უკანასკნელს, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებული აქვს ნებართვა, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული რეგლამენტის მეშვეობით თავისი ვებგვერდის - www.b.com-ს მეშვეობით ახორციელებს აზარტული ან/და მომგებიანი (ინტერნეტ-ტოტალიზატორის) თამაშების ორგანიზებას.

5.2. მოპასუხის მიერ ორგანიზებული ინტერნეტ-ტოტალიზატორის ორგანიზებისთვის დადგენილი რეგლამენტის (გათამაშების წესები) თანახმად, ტოტალიზატორი ფსონებს მიიღებს კერძო პირებისაგან სპორტული შეჯიბრების ან/და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო მოვლენათა შედეგის გამოცნობაზე. ყველა ფსონი მიიღება წინამდებარე წესების სრული დაცვით. ვებგვერდზე - www.b.com რეგისტრაციისა და თამაშის დაწყების წინ მოთამაშეები ვალდებულნი არიან გაეცნონ წესებს, რომლებიც მოთამაშეთა უფლებების დაცვის მიზნით განთავსებულია აღნიშნულ ვებგვერდზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხებზე, რომლებიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე და შესაბამისად უზრუნველყოფილია მათი საჯაროობა, პრეტენზიები არ მიიღება. ინტერნეტ ტოტალიზატორში რეგისტრაციის გავლისა და ფსონის დადების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც ამ პერიოდისთვის უკვე შეუსრულდა 18 წელი და ეთანხმება ტოტალიზატორის გათამაშების წესებს. აღნიშნული რეგლამენტის „მოგებათა გაცემის“ თავის თანახმად, მოგებათა გაცემა ხდება მოგებიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში, მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის ვირტუალურ ანგარიშზე მოგებული თანხის ასახვით. მოგებული თანხის განკარგვა/განაღდება მოთამაშეს შეუძლია განუსაზღვრელ ვადაში, ნებისმიერ დროს. თუ აღმოჩნდება, რომ კლიენტი არის ვერიფიცირებული, ტოტალიზატორი უფლებამოსილია მოითხოვოს კლიენტისგან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტის წარუდგენლობის ან პირის არაიდენტიფიცირების შემთხვევაში, ტოტალიზატორი უფლებამოსილია არ გასცეს მოგება.

5.3. სადავო საკითხის წარმოშობის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია 10 დღის ვადაში მიმართოს ტოტალიზატორის ადმინისტრაციას შესაბამისი განცხადებით, სადაც დეტალურად უნდა იყოს აღნიშნული პრეტენზიის არსი ყველა სადავო საკითხის, მათ შორის, მოვლენისა და ფსონის ოდენობის მითითებით. ტოტალიზატორის ადმინისტრაცია პრეტენზიას განიხილავს განცხადების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. სადაო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული საკითხის წარმოშობის მომენტიდან 10 დღის ვადაში ტოტალიზატორისთვის პრეტენზიების წერილობით წარუდგენლობის შემთხვევაში, დავის საფუძვლის მიუხედავად პრეტენზიები არ განიხილება. აღნიშნული რეგლამენტის „ფსონის განთავსების“ თავში მითითებულია, რომ ტოტალიზატორი მომდინარე ფსონებს იღებს სხვადასხვა სპორტულ მოვლენებზე, მის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის საფუძველზე. ფსონები მიიღება ეროვნულ ვალუტაში და მინიმალური ფსონი შეადგენს 10 თეთრს.

5.4. რეგლამენტის „ფეხბურთის და ზოგადად სპორტის თამაშის წესების“ თავის თანახმად, მატჩის ნებისმიერი მოვლენა (გოლები, აუტები, ბარათები, კუთხურები და ა.შ) იანგარიშება მატჩის მსვლელობისას და არა მისი დასრულების ან შესვენების დროს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ ეთანხმება კონკრეტული პოზიციის შედეგის სისწორეს, უნდა წარმოადგინოს ვიდეოჩანაწერი, ოფიციალური საიტის ლინკი ან სხვა დამამტკიცებელი საბუთი, რომ შედეგი არასწორად იქნა ასახული. მაგალითად, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ბილეთში დაფიქსირებული კუთხურების რაოდენობას, უნდა მოგვაწოდოს კუთხურების მოწოდების დროები, ან ვიდეოჩანაწერი, ან ლაივ კომენტარის ლინკი, რითიც შევძლებთ დეტალურად გადავამოწმოთ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აღნიშნულ რეგლამენტში „ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის ტერმინების განმარტებების“ თავში ყვითელი ბარათი განმარტებულია შემდეგნაირად -თამაშის წესების დარღვევისას, სიმულაციისას და ა.შ მსაჯი უფლებამოსილია გააფრთხილოს ფეხბურთელი ყვითელი ბარათის მეშვეობით, ხოლო განმეორებითი ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ დაატოვებინოს მოედანი, ყვითელი ბარათების რაოდენობა იანგარიშება მოედანზე, მატჩის მიმდინარეობისას, ნაჩვენები ყვითელი ბარათების მიხედვით. მატჩის დასრულების შემდებ, მოედნის ფარგლებს გარეთ ნაჩვენები ყვითელი ბარათი არ ჩაითვლება ყვითელი ბარათების საერთო რაოდენობაში. ხოლო პირველი ტაიმის შესვენებაზე ნაჩვენები ბარათი, რომელიც ნაჩვენები იქნება თამაშში მონაწილე ფეხბურთელის მისამართით, დაანგარიშებული იქნება ბარათების რაოდენობაში და ჩაითვლება მეორე ტაიმში ნაჩვენებ ბარათად.

5.5. რეგლამენტის „ოფიციალური და საინფორმაციო საიტების“ თავის თანახმად, შედეგების განსაზღვრა ხდება ტოტალიზატორის მიერ, წესებში მითითებულ ინტერნეტ საიტების ინფორმაციაზე დაყრდნობით. სადაო სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში ტოტალიზატორი უპირატესობას ანიჭებს მატჩის ვიდეო ჩანაწერს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ ეთანხმება დაფიქსირებულ შედეგს, ვალდებულია წარმოადგინოს ვიდეო ჩანაწერი სადავო მომენტების მითითებით. ნებისმიერი მატჩის შედეგი ანგარიშდება ოფიციალური საიტების ინფორმაციაზე დაყრდნობით ან/და სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში ვიდეოჩანაწერის მიხედვით. აღნიშნული წესების თანახმად, მატჩების (ორთაბრძოლების, რბოლის, შეჯიბრების) შედეგების და სტატისტიკის განსაზღვრა და შედეგების ოფიციალურად დაფიქსირება ხდება შემდეგი საიტებით: ფეხბურთი - ბელგიის საფებხურთო ჩემპიონატი - www.sport.be.

5.6. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.betlive.com რეგისტრირებულია ინტერნეტ-ტოტალიზატორის მომხმარებლად სახელით „bacho1983“.

5.7. მოსარჩელის მიერ მოპასუხის ოფიციალურ ვებგვერდზე 2020 წლის 06 დეკემბერს შედგენილი იქნა ინტერნეტ-ტოტალიზატორის ბილეთი №57155698. აღნიშნული ბილეთი შედგებოდა ოთხი ფეხბურთის მატჩის შედეგების პოზიციისაგან. დადებული ფსონის ოდენობა შეადგენდა 10 ლარს, ხოლო მოგების კოეფიციენტი განსაზღვრული იყო 403.82 ლარით, შესაბამისად, მოგება ბილეთზე - 4 038.2 ლარი, რომელიც გაიცემოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გამოიცნობდა ბილეთში დაფიქსირებულ ყველა პოზიციას სწორად. ზემოაღნიშნულ ბილეთში მოსარჩელის მიერ მითითებული ოთხი პოზიციიდან ერთ-ერთ პოზიციად განისაზღვრა 2020 წლის 06 დეკემბრის 23:45 საათზე ფეხბურთის გუნდებს - „ოსტენდე-გენტი“ (ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი) შორის გასამართ მატჩში მთავარი არბიტრის მიერ ჯამში 5.5-ზე მეტი რაოდენობის ყვითელი ბარათის ჩვენება (დაფიქსირება).

5.8. მოსარჩელის მიერ 2020 წლის 06 დეკემბრის საფეხბურთო მატჩების შედეგებზე შედგენილი ბილეთიდან №57155698 მოპასუხემ გამოცნობილად მიიჩნია მითითებული 4 პოზიციიდან სამი მატჩის შედეგი, ხოლო წაგებულად მიიჩნია ბილეთის ის პოზიცია, რომლის შესაბამისადაც 2020 წლის 06 დეკემბრის 23:45 საათზე ფეხბურთის გუნდებს - „ოსტენდე-გენტი“ (ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი) შორის გასამართ მატჩში მთავარი არბიტრის მიერ ჯამში უნდა ყოფილიყო ნაჩვენები 5.5-ზე მეტი რაოდენობის ყვითელი ბარათი.

5.9. მოსარჩელეს და მოპასუხის ოპერატორებს შორის შემდგარი კომუნიკაციის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელის მიერ შედგენილი №57155698 ბილეთის პოზიცია - „ოსტენდე-გენტის“ (ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი) საფეხბურთო გუნდების მატჩში ჯამში 5.5-ზე მეტი ყვითელი ბარათის დაფიქსირების შესახებ წაგებულად ჩათვალა იმ დასაბუთებით, რომ მატჩის მთავარ არბიტრს თამაშისათვის განსაზღვრულ დროში არ უჩვენებია მეექვსე ყვითელი ბარათი და თამაში დასრულდა მხოლოდ 5 ყვითელი ბარათის ჩვენებით.

5.10. 2020 წლის 06 დეკემბერს „ოსტენდე-გენტის“ საფეხბურთო გუნდებს შორის გამართული მატჩის შესახებ სხვადასხვა სპორტის სახეობის შედეგების ამსახველ სხვადასხვა საერთაშორისო ვებგვერდებზე - www.flashscore.com, www.readfootball.com, www.sahaden.com, www.eurosport.com, www.telefootball.com, www.777score.com, www.livescores.com, www.mackolik.com, www.whoscored.com გამოქვეყნებული შედგების თანახმად, ამ მატჩში დაფიქსირებული ყვითელი ბარათების ჯამური ოდენობად მითითებულია 6 ყვითელი ბარათი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.11. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატა გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა და მიიჩნია რომ მოსარჩელემ სწორად გამოიცნო ინტერნეტ-ტოტალიზატორის №57155698 ბილეთში მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი პოზიციის - 2020 წლის 06 დეკემბრის 23:45 საათზე ფეხბურთის გუნდებს - „ოსტენდე-გენტი“ (ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი) შორის გასამართ მატჩში მთავარი არბიტრის მიერ ჯამში 5.5-ზე მეტი რაოდენობის ყვითელი ბარათის ჩვენების შედეგი.

5.12. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სპორტის შედეგების ამსახველი სხვადასხვა საერთაშორისო ვებგვერდების მონაცემები ადასტურებდა მატჩში დაფიქსირებული 6 ყვითელი ბარათის რაოდენობას. მოპასუხე კი აპელირებდა მხოლოდ მატჩის სადავო მონაკვეთის ვიდეოჩანაწერზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო მონაკვეთის ვიდეოჩანაწერი არ წარმოადგენდა რელევანტურ მტკიცებულებას, რომელიც გააქარწყლებდა სარჩელზე დართულ მტკიცებულებებს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოთხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუშალა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას.

8.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა სადავო მომენტის შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ ნათლად და მკაფიოდ მიუთითა ყვითელი ბარათის ჩვენების წესზე და სასამართლოს წარუდგინა შესადარებელი მტკიცებულებები ვიდეოჩანაწერის სახით, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა კომპლექსურად და ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ინტერნეტ წყაროებზე.

8.3. კასატორი აღნიშნავს, რომ განხილვის საგანია მხოლოდ მთავარი არბიტრის ჟესტიკულაცია რამდენად წარმოადგენს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი წესების მიხედვით ყვითელი ბარათის ჩვენებისათვის საჭირო მოქმედებას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა კი, სასამართლოს დაარწმუნებს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად არის შეფასებული სადავო საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ის დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) და 952-ე (ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი (გათამაშება, წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული) მუხლების საფუძველზე.

15. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების, აგრეთვე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სამართლებრივ საფუძვლებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ო.გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ტოტალიზატორი არის თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე და შედეგზე. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა ისეთ შემთხვევებში, როცა შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და მათი ბილეთების გავრცელება.

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების წინაპირობების არსებობა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

17. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე იმსჯელებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადასტურების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

20. შპს „ბ–ის“ მიერ ორგანიზებული ინტერნეტ-ტოტალიზატორის ორგანიზებისათვის დადგენილი რეგლამენტის (თამაშის წესების) „ფეხბურთის და ზოგადად სპორტის თამაშის წესების“ თავის თანახმად, მატჩის ნებისმიერი მოვლენა (გოლები, აუტები, ბარათები, კუთხურები და ა.შ) იანგარიშება მატჩის მსვლელობისას და არა მისი დასრულების ან შესვენების დროს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ ეთანხმება კონკრეტული პოზიციის შედეგის სისწორეს, უნდა წარმოადგინოს ვიდეოჩანაწერი, ოფიციალური საიტის ლინკი ან სხვა დამამტკიცებელი საბუთი, რომ შედეგი არასწორად იქნა ასახული. მაგალითად, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ბილეთში დაფიქსირებული კუთხურების რაოდენობას, უნდა მოგვაწოდოს კუთხურების მოწოდების დროები, ან ვიდეოჩანაწერი, ან ლაივ კომენტარის ლინკი, რითიც შევძლებთ დეტალურად გადავამოწმოთ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აღნიშნულ რეგლამენტში „ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის ტერმინების განმარტებების“ თავში ყვითელი ბარათი განმარტებულია შემდეგნაირად - თამაშის წესების დარღვევისას, სიმულაციისას და ა.შ მსაჯი უფლებამოსილია გააფრთხილოს ფეხბურთელი ყვითელი ბარათის მეშვეობით, ხოლო განმეორებითი ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ დაატოვებინოს მოედანი. ყვითელი ბარათების რაოდენობა იანგარიშება მოედანზე, მატჩის მიმდინარეობისას ნაჩვენები ყვითელი ბარათების მიხედვით. მატჩის დასრულების შემდებ, მოედნის ფარგლებს გარეთ ნაჩვენები ყვითელი ბარათი არ ჩაითვლება ყვითელი ბარათების საერთო რაოდენობაში. ხოლო პირველი ტაიმის შესვენებაზე ნაჩვენები ბარათი, რომელიც ნაჩვენები იქნება თამაშში მონაწილე ფეხბურთელის მისამართით, დაანგარიშებული იქნება ბარათების რაოდენობაში და ჩაითვლება მეორე ტაიმში ნაჩვენებ ბარათად.

21. რეგლამენტის „ოფიციალური და საინფორმაციო საიტების“ თავის თანახმად, შედეგების განსაზღვრა ხდება ტოტალიზატორის მიერ, წესებში მითითებულ ინტერნეტ საიტების ინფორმაციაზე დაყრდნობით. სადაო სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში ტოტალიზატორი უპირატესობას ანიჭებს მატჩის ვიდეო ჩანაწერს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ ეთანხმება დაფიქსირებულ შედეგს, ვალდებულია წარმოადგინოს ვიდეო ჩანაწერი, ოფიციალური საიტის ლინკი ან სხვა დამამტკიცებელი საბუთი, რომ შედეგი არასწორად იქნა ასახული. დაფიქსირებული შედეგის სადავოობისას, მომხმარებლის ვალდებულებას, წარადგინოს ვიდეოჩანაწერი, ოფიციალური საიტის ლინკი ან სხვა დამამტკიცებელი საბუთი, რომ შედეგი არასწორად იქნა ასახული, ითვალისწინებს ასევე ინტერნეტ-ტოტალიზატორის ორგანიზებისათვის დადგენილი რეგლამენტის (თამაშის წესების) „ფეხბურთის და ზოგადად სპორტის თამაშის წესების“ თავიც. ნებისმიერი მატჩის შედეგი ანგარიშდება ოფიციალური საიტების ინფორმაციაზე დაყრდნობით ან/და სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში ვიდეოჩანაწერის მიხედვით. აღნიშნული წესების თანახმად, მატჩების (ორთაბრძოლების, რბოლის, შეჯიბრების) შედეგების და სტატისტიკის განსაზღვრა და შედეგების ოფიციალურად დაფიქსირება ხდება შემდეგი საიტებით: ფეხბურთი - ბელგიის საფებხურთო ჩემპიონატი - www.sport.be.

22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო მატჩში ჯამში 6 ყვითელი ბარათის ჩვენების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებდა სპორტის შედეგების ამსახველი სხვადასხვა საერთაშორისო ვებგვერდების მონაცემებზე. ვებგვერდებზე - www.flashscore.com, www.readfootball.com, www.sahaden.com, www.eurosport.com, www.telefootball.com, www.777score.com, www.livescores.com, www.mackolik.com, www.whoscored.com გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ამ მატჩში დაფიქსირებული ყვითელი ბარათების ჯამური ოდენობად მითითებულია 6 ყვითელი ბარათი. მოპასუხის მიერ აღნიშნული მტკიცებულებების გასაქარწყლებლად საქმეში წარმოდგენილია სადავო თამაშის ვიდეო ჩანაწერი და სხვა თამაშების ჩანაწერები. სადავო თანაშის ჩანაწერზე დაყრდნობით მოპასუხე მიუთითებდა, რომ სადავო თამაშისას მსაჯს თამაშისათვის განკუთვნილ დროში არ უჩვენებია მეექვსე ყვითელი ბარათი და მოცემულ შემთხვევაში მსაჯის ჟესტიკულაცია არ შეესაბამებოდა იმ მოქმედებას, რომლის დროსაც ის აჩვენებს მოთამაშეს ყვითელ ბარათს და რომელიც შეესაბამება ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილ ჟესტიკულაციას.

23. პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ინტერნეტ-ტოტალიზატორის გათამაშების წესებზე. მართალია მოპასუხე მიუთითებს გათამაშების წესებსის იმ დანაწესზე, რომლის თანახმად, სადავო სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მატჩის ვიდეო ჩანაწერს, თუმცა, ამავე წესების თანახმად, შედეგების განსაზღვრა ხდება ტოტალიზატორის მიერ, წესებში მითითებულ ინტერნეტ საიტების ინფორმაციაზე დაყრდნობით. მომხმარებელს, რომელიც არ ეთანხმება კონკრეტული პოზიიის სისწორეს, შეუძლია წარადგინოს ვიდეოჩანაწერი, ოფიციალური საიტის ლინკი ან სხვა დამამტკიცებელი საბუთი, რომ შედეგი არასწორად იქნა ასახული. საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არაერთ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით დასტურდება სადავო მატჩში 6 ყვითელი ბარათის ჩვენება, ხოლო მოპასუხეს მისი პოზიციის სისწორის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მოპასუხეს მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგოდ და თავისი პოზიციის დასადასტურებლად ასევე არ წარმოუდგენია გათამაშების წესების მიხედვით, ბელგიის ჩემპიონატის მატჩის შედეგების და სტატისტიკის განმსაზღვრელი საიტიდან - www.sport.be ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნებოდა ყვითელი ბარათების იმ რაოდენობის ჩვენება, რაზეც აპელირებს მოპასუხე. მხოლოდ მითითება კი, იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელემ რეგლამენტის თანახმად არ წარუდგინა სადავო შემთხვევის ლაივ ჩანაწერი, რომელიც 6 ყვითელი ბარათის ჩვენებას დაადასტურებდა, ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის (მოპასუხის) მოთხოვნის საფუძვლიანობას. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც სარჩელის საფუძვლიანობას გამორიცხავდა.

25. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ბ–ს“ (..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N1706691790, გადახდის თარიღი 31.01.2024წ.) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე