Facebook Twitter

21 ნოემბერი, 2024 წელი,

#ას-493-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „თ.ე.კ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ს.ე–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „თ.ე.კ–ია“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით, სს „ს.ს.ე–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გადაცემის ლიცენზიანტი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 3219.55 ლარის გადახდა დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

- კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა მათი მითითება, რომ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოზე მხარეთა წერილობითი შეთანხმება სსკ-ის 418.2. მუხლის შესაბამისად არ გაფორმებულა, მხარეებს პირგასამტეხლოს დადგენის თაობაზე ნამდვილი ნება არ გამოუვლენიათ, არამედ ცალმხრივად მიუერთდნენ სტანდარტულ ხელშეკრულებას. მსჯელობის მიღმა დარჩა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე ერთადერთი კონტრაჰენტია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 16 აპრილის #236 დადგენილებით, მათთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულების ფარგლებში, მხარე სტანდარტულ ხელშეკრულებას უცილობლად უნდა მიერთებოდა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. სემეკის 2014 წლის 22 აგვისტოს #31/5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით“, მოსარჩელე მოპასუხეს უწევს ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებას.

4.3.1. მხარეები ხელშეკრულების ინდივიდუალურ პირობებზე არ შეთანხმებულან, შესაბამისად, არც განსაზღვრული (ინდივიდუალური პირობების გარდა) სტანდარტული პირობები არ გამხდარა შეთანხმების ნაწილი.

4.4. მიმღები გადაცემის ლიცენზიანტისგან შესაბამისი ანგარიშფაქტურის მიღებიდან ათ სამუშაო დღეში, ანგარიშფაქტურაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით, უშუალოდ უნაზღაურებს გადაცემის ლიცენზიანტს საანგარიშსწორებო თვის შესატყვისი მომსახურების სრულ ღირებულებას (საანგარიშო თვის განმავლობაში წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების - ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების სრული ღირებულება) (იხ. შეთანხმების 7.9 პუნქტი).

4.5. მიმღების მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის ვადის გადაცილების ან არასრულად გადახდის შემთხვევაში, მიმღებს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის - 0,06%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულად დაფარვამდე, რომლის დარიცხვაც შეწყდება იმ დღის მომდევნო დღეს, როდესაც გადაცემის ლიცენზიანტის ანგარიშზე ჩაირიცხება გადაუხდელი თანხა. ამასთან, პირგასამტეხლო მიმღებმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი მოთხოვნის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 10 კალენდარული დღეში.

4.6. 2022 წლის მაისში მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება (დღგ-სა და აქციზის ჩათვლით) - 2 119 433. 50 ლარია (იხ. 2022 წლის 9 ივნისის ვა-75 2337825 ანგარიშ-ფაქტურა); იმავე თარიღით გამოწერილი ეა-75 23378921 საგადასახადო ანგარიშფაქტურით კი, მაისის თვეში მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება - 3 246 482,68 ლარია.

4.7. 2022 წლის 8 ივლისის N3872/05 წერილით, შპს „თ–ოს“ 2022 წლის მაისის ელექტროენერგიის მომსახურების ღირებულების გადახდის ვადის დარღვევის გამო მოსარჩელემ დარიცხული საურავის - 3219,55 ლარის მოთხოვნით, გამარტივებული #193 ანგარიშფაქტურა გაუგზავნა.

4.8. 2023 წლის 6 მარტს მოპასუხეს იმავე შინაარსის შეტყობინება განმეორებით გაეგზავნა.

4.9. საპასუხო წერილით შპს „თ–ომ“ მიმწოდებელს აცნობა, რომ სანქციის კანონიერებას არ ეთანხმებოდა.

4.10. პირგასამტეხლო 2023 წლის 10 მარტის 17:00 საათამდე უნდა გადახდილიყო.

4.11. მყიდველმა ანგარიშფაქტურებში მითითებული თანხები - 2022 წლის 24 ივნისს (დაგვიანება 1 დღე) აანაზღაურა.

5. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ჩამოყალიბებულია ნასყიდობის სამართალურთიერთობა (სსკ-ის 477-ე მუხლი), კერძოდ, მოსარჩელე ვალდებული იყო, მოპასუხისთვის ელექტროენერგია მიეწოდებინა, ხოლო ამ უკანასკნელს კი შეთანხმებული ვადის დაცვით გადაეხადა ნასყიდობის ფასი.

6. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების საფასურის შეთანხმებით გათვალისწინებული ვადის მიხედვით გადაუხდელობის მოტივით, პირგასამტეხლოს - 3219.55 ლარის დაკისრებაა.

7. მოპასუხის/კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს შესახებ სსკ-ის 418.2. მუხლით დადგენილი წესით, წერილობითი შეთანხმების არარსებობას ეფუძნება.

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...",

“პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

სსკ-ის 417-, 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს, ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფის პრევენციაა ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული სანქცია ეკისრება.

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

10. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, სამართლიანი, გონივრული და დასაბუთებულია. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რამდენიმე გარემოებას, სახელდობრ:

ა). სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობის სუბიექტები მეწარმეები არიან;

ბ). ვალდებულების დარღვევის შინაარსი კი, შემდეგი ხასიათისაა:

სემეკის 2014 წლის 22 აგვისტოს #31/5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით“ მოსარჩელე მოპასუხეს ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურებას უწევს.

გადაცემის ლიცენზიატისგან შესაბამისი ანგარიშფაქტურის მიღებიდან ათ სამუშაო დღეში, ანგარიშფაქტურაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით, მიმღები უშუალოდ უნაზღაურებს გადაცემის ლიცენზიანტს საანგარიშსწორებო თვის შესატყვისი მომსახურების სრულ ღირებულებას.

გ). 022 წლის მაისში მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება (დღგ-სა და აქციზის ჩათვლით) - 2 119 433. 50 ლარია (იხ. 2022 წლის 9 ივნისის ვა-75 2337825 ანგარიშ-ფაქტურა); იმავე თარიღით გამოწერილი ეა-75 23378921 საგადასახადო ანგარიშფაქტურით კი, მაისის თვეში მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება - 3 246 482,68 ლარია.

დ). პირგასამტეხლო 2023 წლის 10 მარტის 17:00 საათამდე უნდა გადახდილიყო.

ე). მოპასუხემ/მყიდველმა ანგარიშფაქტურებში მითითებული თანხები - 2022 წლის 24 ივნისს (დაგვიანება 1 დღე) აანაზღაურა.

10.1. დასახელებული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ პირგასამტეხლოს ანგარიშში მოთხოვნილი თანხა, ვალდებულების დარღვევის გონივრულ საპირწონეს წარმოადგენს, იგი არსებითი სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებს და იმ მიზანს ემსახურება, რომ თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები, შესაბამისად, მისი გადახდაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა.

11. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია სსკ-ის 418.2. მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოზე მხარეთა წერილობითი შეთანხმების არარსებობაში მდგომარეობს, კერძოდ, მისი მითითებით, პირგასამტეხლოს თაობაზე ნამდვილი ნება არ გამოუვლენია და მხარეები ცალმხრივად მიუერთდნენ სტანდარტულ ხელშეკრულებას.

11.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 343.2 (თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე, ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა მაშინ, როდესაც მას საქმიან ურთიერთობებში აუცილებელი გულისხმიერების გამოჩენისას ეს უნდა გაეთვალისწინებინა) მუხლზე, რომელიც მეწარმის ჩართულობას გულისხმობს ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისას, კერძოდ, ჩვეულებრივი მომხმარებლისგან განსხვავებით, მეწარმეებს უფრო მეტი წინდახედულობა მართებთ გარიგების დადებისას, ამიტომ კანონი მათგან უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს სტანდარტული პირობების გამოყენებით ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

ამგვარად, სტანდარტული პირობების მეწარმის წინაშე გამოყენების შემთხვევაში, მისი ხელშეკრულების ნაწილად ქცევისათვის არ არის აუცილებელი 343.1 მუხლის „ა“ და „ბ„ პუნქტების წინაპირობების დაკმაყოფილება. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა შორის ვაჭრობისას სტანდარტული პირობის ხელშეკრულების ნაწილად ქცევისთვის მაინც საჭიროა გარიგებისმიერი შეთანხმება მათი ხელშეკრულებაში ჩართვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს შეთანხმება ამ დროს გაცილებით მარტივად შეიძლება შედგეს. მაგალითად, სტანდარტული პირობების ჩართვისათვის საკმარისია დუმილით მიღწეული კონსენსუსი ხელშეკრულების მხარეებს შორის ან კონკლუდენტური ქცევა, ანუ კანონი იცნობს ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მეწარმე შეიძლება იყოს სტანდარტული პირობების მონაწილე. მეტიც, კანონი არათუ კრძალავს ასეთ შესაძლებლობას, ცალკეულ პირობას უდგენს პირს ასეთი ქმედების განხორციელებისთვის, რაც იმ ფაქტორიდან გამომდინარეობს, რომ მეწარმეებს სახელშეკრულებო ურთიერთობებისას ზოგადად მეტი წინდახედულობა მართებთ.

11.2. ამდენად, სახელშეკრულებო ურთიერთობებში ე.წ. „ჩართვის შეთანხმების“ გაფორმებისას არასავალდებულო და ზედმეტია ყველა კონტრაჰენტთან ინდივიდუალურად ცალკეული გარიგების პირობების შეთანხმება 􀋈􀊬􀊴􀊺􀊯􀊨􀊴􀀃 􀊰􀊴􀊫􀊰􀀐􀊭􀊰􀊫􀊻􀊨􀊲􀊻􀊸􀊨􀊫􀀃 (სწორედ ამ შემთხვევას ეხება 343.2 მუხლი), თუ კონკრეტულ მეწარმეებს შორის არსებობს საქმიანი ჩვეულება სტანდარტული პირობების გათვალისწინებასთან დაკავშირებით.

11.3. განსახლველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულების ინდივიდუალურ პირობებზე არ შეთანხმებულან და მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მოწესრიგებისთვის სახეზეა მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული ხელშეკრულების სტანდარტული პირობები.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენება თანამედროვე ბაზრის განვითარების ერთ-ერთ სამართლებრივი შედეგია. იგი გამოიყენება უამრავ სამართლებრივ ურთიერთობებში: მაგალითად, დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობებისას (იხ. Winter, Kommentar zum Versicherungsvertragsgesetz und zu den Allgemeinen Versicherungsbedingungen unter Einschluß des Versicherungsvermittlerrechtes, Lebenversicherung (§§ 159-178 VVG), Möller/Sieg/Johannsen (Hrsg.), 8. Auflage, Verlag Walter de Gruyter & Co., Berlin, 1988, 135 და შემდგომნი). ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ხელშეკრულების თავისუფლების ბუნებაში ჩარევის ერთ-ერთი გავრცელებული მაგალითია (იხ: Schmidt H., Einbeziehung von AGB im unternehmerischen Geschäftsverkehr, NJW, Heft 46, Verlag C.H. Beck, München, 2011, 3330. Lakies T., AGB im Arbeitsrecht, Kontrolle vorformulierter Arbeitsvertragsinhalte: Reichweite und Grenzen, Tipps und Taktit, Verlag C.F. Müller, Heidelber, 2006, Rn. 2.).

12. საკასაციო პალატის დასკვნით, ისევე, როგორც ყველა სხვა სახის ხელშეკრულებაზე სტანდარტული პირობების შემცველ ხელშეკრულებაზეც მოქმედებს ხელშეკრულების ან მისი ნაწილის ბათილობის ინსტიტუტი. კანონი ადგენს, რომ თუკი სტანდარტული პირობა ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და ამით ხელშეკრულების მეორე მხარეს ადგება ზიანი, იგი ბათილად უნდა ჩაითვალოს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილად მიჩნევისათვის აუცილებელია ორი პირობის კუმულატიურად არსებობა. პირველი-სტანდარტული პირობები უნდა ეწინააღმდეგებოდეს ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და მეორე - არსებითად საზიანო უნდა იყოს მეორე მხარისათვის.

განსახილველ შემთხვევაში კასატორის ძირითადი პრეტენზია შეეხება სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის დარღვევას, რომელიც აყალიბებს პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმებისთვის წერილობითი ფორმის აუცილებლობას.

13. გარიგების ფორმა ნების გამოვლენის ფორმაა. სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ფორმის არჩევის თავისუფლებას. თვითონ მხარეები თანხმდებიან გარიგების ფორმაზე, თუ კანონით არაა იგი განსაზღვრული. ესა თუ ის ფორმა ყველა შემთხვევაშია აუცილებელი, თუმცა ზოგჯერ კანონითა თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული კონკრეტული ფორმა წარმოადგენს გარიგების აუცილებელ ელემენტს.

ნების გამოვლენის ფართოდ გავრცელებული საშუალება ზეპირი გარიგებაა. ზეპირად ნების გამოვლენა გულისხმობს სიტყვიერად მის გამოვლენას და ზეპირად შეიძლება დაიდოს ყველა ის გარიგება, რომელთათვისაც არაა აუცილებელი წერილობითი ფორმა. ამასთან, ნებისმიერი ზეპირი გარიგება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება მოექცეს ფორმაში.

წერილობითი გარიგებისას ნების გამოვლენის გამოხატვის ფორმაა წერილობითი დოკუმენტი. სულერთია სახეზეა მარტივი წერილობითი ფორმა, თუ რთული წერილობითი ფორმა. დოკუმენტებში აუცილებელია ჩანდეს გარიგების შინაარსი და იკვეთებოდეს მხარეთა ნება იმოქმედონ შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში წერილობითი დოკუმენტი ხელშეკრულების სახით სახეზეა, რომელიც პირგასამტეხლოზე შეთანხმებასაც მოიცავს და საკასაციო პალატის მოსაზრებით სსკ-ის 418-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესით გათვალისწინებული პირობა შესრულებულია; ამასთან მხარეები ხელშეკრულების სხვა პირობებს ასრულებდნენ რაც გარიგებასთან მიმართებით მხარეთა ნების ავთენტურობაზე მეტყველებს და კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სათანადო ფორმით შეთანხმების არარსებობის ნაწილში ყოველგვარ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებსაა მოკლებული.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 160 ლარიდან (საგადახდო დავალება #19478, გადახდის თარიღი 01.05.2024წ), 150 ლარის 70% - 105 ლარი და ზედმეტად გადახდილი - 10 ლარი, ჯამურად - 115 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.შპს „თ.ე.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „თ.ე. კ–ას“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 160 ლარიდან (საგადახდო დავალება #19478, გადახდის თარიღი 01.05.2024წ), 150 ლარის 70% - 105 ლარი და ზედმეტად გადახდილი - 10 ლარი, ჯამურად - 115 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა