საქმე N ა-4624-შ-120-2024
01 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის განათლების დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე – ო.შ–ო
გადაწყვეტილებები, რომლების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
პალატამ გამოარკვია :
ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ო.ს. ასულ შ–ოს, დაბადებულს 1989 წლის 07 აგვისტოს (პირადი ნომერი ........) მინსკის ოლქის ქ. ბორისოვში, უმუშევარს, რეგისტრირებულს მისამართზე: ქ. ბორისოვი, ........, ბორისოვის რაიაღმასკომის განათლების სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა ხარჯების ანაზღაურება, რომელიც გაწეული იქნა სახელმწიფოს მიერ 2013 წლის 11 აგვისტოს დაბადებული არასრულწლოვანი მ.ს. ასული შ–ოს მოვლა-პატრონობისთვის ყოველთვიურად, დაწყებული 2022 წლის 05 ივლისიდან ვიდრე არ შეწყდება სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი ბავშვების მოვლა-პატრონობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, იმ შემადგენლობით და ოდენობით, რომელიც გათვალისწინებულია ბელარუსის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2009 წლის 26 იანვრის № 94 დადგენილებით „სახელმწიფოს უზრუნველყოფაზე მყოფი ბავშვების მოვლა - პატრონობაზე სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას ბიუჯეტში“ (შემდგომი ცვლილებებით და დამატებებით). ო.ს. ასულ შ–ოს დაეკისრა სახელმწიფო საზღაურის გადახდა სახელმწიფოს შემოსავალში 64 რუბლის ოდენობით. ო.ს. შ–ოს დაეკისრა ვალდებულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 დღის ვადაში დადგეს აღრიცხვაზე დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ორგანოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შემდგომი დასაქმების მიზნით. ბორისოვის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს დაეკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს უმუშევარი ო.ს. შ–ოს გამოცხადება ბორისოვის რაიაღმასკომის შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სამმართველოში (მოსახლეობის დასაქმების ცენტრი) მისი შემდგომი დასაქმების მიზნით, თუკი იგი უარს იტყვის აღნიშნულის შესრულებაზე ნებაყოფლობითი წესით. გადაწყვეტილება ბავშვის მოვლა-პატრონობაზე გაწეული ხარჯის დაკისრების ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, ო. ს. ასულ შ–ოს, დაბადებულს 1989 წლის 07 აგვისტოს (პირადი ნომერი .........) მინსკის ოლქის ქ. ბორისოვში, რეგისტრირებულს მისამართზე: ქ. ბორისოვი, ........, მცხოვრებს მისამართზე: საქართველოს რესპუბლიკა, ქ. თბილისი, ....... ქუჩა, სახლი 16, ბორისოვის რაიაღმასკომის განათლების სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო უზრუნველყოფაზე მყოფი 2013 წლის 11 აგვისტოს დაბადებული მ. ს. ასული შ–ოს მოვლა-პატრონობაზე გაწეული ხარჯის დავალიანების ერთდროულად გადახდა 2739 რუბლი 87 კაპიკის ოდენობით. ო.ს. ასულ შ–ოს დაეკისრა სახელმწიფო საზღაურის გადახდა სახელმწიფოს შემოსავალში 37 რუბლის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2024 წლის 29 აგვისტოს მომართა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის განათლების დეპარტამენტის შუამდგომლობის, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
შუამდგომლობაზე დართული ცნობით დასტურდება, რომ ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 6 სექტემბერს, ხოლო ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 7 აპრილს. მოპასუხე, სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმირებული იყო დადგენილი წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინებით, ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის განათლების დეპარტამენტის შუამდგომლობა, ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების და ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის განათლების დეპარტამენტის შუამდგომლობა, ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში "კონვენცია") მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
სსსკ-ის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (სსსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლები). სსსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,სარჩელში/განცხადებაში/შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს მოპასუხის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართლი, სამუშაო ადგილის მისამართი. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამეთუ სწორედ ამ მისამართზე გზავნილის ადრესატისათვის გაგზავნა/ჩაბარებით ხდება მისი ინფორმირება კონკრეტული საპროცესო მოქმედებების, საქმის განხილვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ დანაწესებსა და მათ საფუძველზე სასამართლოს მიერ განხორციელებულ საპროცესო ქმედებებზე, რაც საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების თაობაზე, მასში მითითებული მოპასუხის (მოვალის) ინფორმირებას და ამ უკანასკნელის უფლებას, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, უკავშირდება [იხ. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.09.2024 წლის განჩინება შუამდგომლობის წარმოებაში მიღების თაობაზე, თავად შუამდგომლობა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს ოთხჯერ გაეგზავნა სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ შეტყობინების ბარათებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად პირველ მეორე შემთხვევაში მითითებულია, რომ არასწორია ქუჩის აღნიშნული ნომერი, მესამე შემთხვევაში - რომ არასრული მისამართია, ხოლო მეოთხე შემთხვევაში მითითებულია, რომ არის მრავალ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ბინის ნომრის გარეშე ადრესატის მოძიება ვერ მოხდება. გზავნილის შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე ადრესატისათვის ჩაბარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2025 წლის განჩინებით დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, რაც ასევე ვერ განხორციელდა. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს მომართვით ირკვევა, რომ ...... ადრესატის - ო.შ–ოს მოძიება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი არასწორია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 278-ე (იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს,კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით) მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს (საცნობ გადაწყვეტილებაში დაზუსტდება მოპასუხის პირადი მონაცემები), მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 187-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის განათლების დეპარტამენტის შუამდგომლობა, ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ბელორუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ბორისოვის რაიონის სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე